კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლის მონატრება 32 წლის მამაკაცს 15 წლის თავისუფლების აღკვეთად დაუჯდა

საცოლის გამო დაწყებული დანაშაული მკვლელობით დასრულდა

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტს, 32 წლის თემურ მ-ს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა. მისი მრავალეპიზოდიანი საქმე მძაფრსიუჟეტიან ფილმს უფრო ჰგავს, რადგან, გაუპატიურების გარდა, ფაქტობრივად, ყველანაირი დანაშაული აქვს ჩადენილი: ხულიგნობა, იარაღის უკანონოდ ტარება-შენახვა, განზრახ მკვლელობა, ადამიანის გატაცების მცდელობა, ციხიდან გაქცევა, ავტომანქანის არაერთგზის გატაცება თუ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. პატიმარმა ყველა ეს დანაშაული გულწრფელად აღიარა, რამაც სასამართლოზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილ 22 წელს 7 წელი ჩამოაკლო.

განსასჯელმა თემურ მ-მ პირველი დანაშაული 23 წლის ასაკში იმ გოგონას გამო ჩაიდინა, რომელიც შემდგომში მისი მეუღლე გახდა. მან 8 წლით უმცროსი, მცირეწლოვანი ნანა კ-ს ცოლად მოყვანა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ბავშვი 15 წლის იყო. მისი სიყვარულის ამბავი მთელმა სოფელმა იცოდა და, ცხადია, გოგონას მშობლებმაც იცოდნენ, რომლებიც არასრულწლოვანი შვილის გათხოვების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ. ვინაიდან თემურ მ-ს მიმართ გულგრილი არც გოგონა იყო, რომელიც სკოლაში სწავლობდა, მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, შვილისთვის ამის საშუალება არ მიეცათ.

სწორედ ამ პერიოდში მოხვდა თემურ მ. ქუჩის ბიჭების გარემოცვაში, მაგრამ, როგორც ჩანს, გამუდმებით შეყვარებულზე ფიქრობდა. ამიტომ, მისი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მიზნისთვის მიღწევა სხვა გზით გადაწყვიტა: ჯერ ავტომანქანა გაიტაცა, შემდეგ კი მეგობრებს ამ მანქანით საცოლის მოტაცებაში დახმარება სთხოვა. ამ მიზნით, ოთხ შეიარაღებულ პირთან ერთად, ის სოფელში ჩავიდა და იარაღის მუქარით 15 წლის გოგონას სახლიდან წამოყვანა სცადა, მაგრამ გოგონას დედამ და ბებიამ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ მეზობლებიც დაეხმარნენ და გოგონა გადარჩა (დაახლოებით ორი კვირით). მომავალმა სასიძომ ბინის დატოვებამდე იარაღი ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა და თანმხლებებთან ერთად გაუჩინარდა...

მომხდარის შესახებ ოჯახს პოლიციაში არ განუცხადებია. ამის ნაცვლად, იმავე ღამეს ოჯახმა ნანა კ. თბილისში ჩამოიყვანა – ეგონათ, ამით დაიცავდნენ გოგონას, მაგრამ, რამდენიმე დღეში თემურ მ-მ, რომელმაც გაიგო, რომ მის გამო ნანა გადამალეს, მათი ადგილსამყოფელი დაადგინა და ოჯახს თბილისში მიადგა, თუმცა, აყალმაყალის გამო ის მეზობლის მიერ გამოძახებულმა პოლიციამ დააკავა. საქმე ადამიანის გატაცების მცდელობის, იარაღის უკანონო ტარება-შენახვისა და შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით აღიძრა, თუმცა, სასამართლომ მხოლოდ 3 წელი მიუსაჯა. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ პირველად მოხვდა განსასჯელის სკამზე, თუმურ მ-ს ამნისტია შეეხო და ციხე ერთ წელიწადში დატოვა.

დაუჯერებელია, მაგრამ, გათავისუფლებიდან დაახლოებით ათ დღეში მან არასრულწლოვანი ნანა კ. მოიტაცა (რეალურად, გოგონა მას თავად გაჰყვა). საქმის მასალებით, გოგონას მშობლები ქალიშვილის დაბრუნებასა და თემურ მ-ს დაკავებას ითხოვდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ბოლოს კი, როცა დარწმუნდნენ, რომ მათი შვილი თუმურს ნამდვილად უყვარდა, მდგომარეობას შეეგუვნენ.

მანქანების გატაცებები და უნებლიე მკვლელობა

იმის მიუხედავად, რომ თემურ მ. საყვარელ გოგონაზე დაქორწინდა, რამდენიმე თვეში კრიმინალური გზით განაგრძო ცხოვრება. ავტომანქანების გატაცება მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, თუმცა, ამ გატაცებულ ავტომანქანებს, რეალურად, ძირითადად გადასაადგილებლად იყენებდა. ამის გამო არა მხოლოდ მძღოლებს სვამდა მანქანიდან, ქუჩაში მდგარი მანქანის კარს ტეხდა, მანქანით დადიოდა და მერე ამ მანქანას ხან ქუჩაში ტოვებდა, ხანაც პატრონთან ისევ თავად მიჰყავდა. ამიტომაც, დაზარალებულებს დაკარგულ-გატაცებული მანქანები გაუძარცვავად უბრუნდებოდათ, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიციას საქმის კურსში აყენებდნენ, თემურ მ-ზე, როგორც გამტაცებელზე, არაერთი საქმე იყო აღძრული.

ერთ-ერთი გატაცება კი, მკვლელობით დასრულდა და თემურ მ. ადგილზე დააკავეს, მაგრამ მან საპატიმროდან გაქცევა მოახერხა. უფრო ზუსტად, დაკავების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა – მინის ნამსხვრევების ჭამა დაიწყო. ამის გამო ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გაქცევა კი სწორედ საავადმყოფოდან მოახერხა, რის შემდეგაც საქართველოს ფარგლებს გარეთ რამდენიმე წელი იმალებოდა. რომ არა ცოლ-შვილის სანახავად ჩამოსვლა, ის ახლაც ძებნილი იქნებოდა. უკანასკნელი დაკავებისას ძალოვნებისთვის მას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია – ხელში ბავშვი ეჭირა. გარდაცვლილის მეუღლის ჩვენებიდან: „ფანჯრიდან ვიყურებდი. დავინახე, ჩემმა ქმარმა მანქანა ავტოფარეხის კარებს მიაყენა და უცებ ქალის კივილიც გაისმა. ქვევით ჩავედი, მაგრამ აღარავინ დამხვდა და სახლში ამოვბრუნდი. ფანჯარაში რომ გავიხედე, აღარც ჩემი ქმრის მანქანა იდგა. სად არ დავრეკე, მაგრამ არავისთან არ დამხვდა. დაახლოებით ერთ საათში ჩემს მულს მეზობელმა დაუძახა. მასაც რომ დააგვიანდა, მოსაძებნად გავედი. გზაში გავიგე, რომ ჩემი ქმარი ცოცხალი აღარ იყო... შევიტყვე, რომ თემურმა ჩვენს უბნელს მანქანა გასტაცა. სწორედ ამ დროს სახლთან ჩემი ქმარი მოვიდა, რომელსაც ამ მეზობელმა სთხოვა, დახმარებოდა და გამტაცებელს გაჰკიდებოდნენ. როგორც შემდეგ გავიგე, კარგა ხანს სდიეს და ბოლოს მანქანა ქუჩაში გაჩერებული იპოვეს. ჩემმა მეუღლემ მანქანის კარი გამოაღო, მაგრამ ავტომანქანის სალონში ჩაწოლილმა გამტაცებელმა ესროლა... ჩემს ქმარს ტყვია გულში მოხვდა და ის ადგილზე გარდაიცვალა”, – განაცხადა დაზარალებულმა, რომელიც მკვლელისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდა.

ბრალდებულის საქმეში ათამდე ადამიანი ძირითადად ავტომანქანების გატაცების გამო იყო დაზარალებული – განსასჯელს ერთ დღეში ორი გატაცებაც კი ჰქონდა ჩადენილი. სხვათა შორის, დაზარალებულები მას გატაცებაში კი ამხელდნენ, მაგრამ, აცხადებდნენ, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ. მიზეზი: მათ მანქანები დაუზიანებლად ჩაიბარეს. შესაბამისად, ისინი ზიანის ანაზღაურებას არ ითხოვდნენ. მით უმეტეს, მისი კარის მეზობელი, რომლის მანქანის ძრავა კი დააზიანა, მაგრამ დასჯას არც ის ითხოვდა. როგორც გაირკვა, თემურ მ-მ მას ფული სთხოვა და, რადგან ვერ მიიღო, ამის გამო მან მანქანა გასტაცა, თუმცა, ერთ საათში გამტაცებლის მამამ შეატყობინა, რომ მისი ავტომანქანა კორპუსთან იდგა. დაზარალებულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ავტომანქანა ვიღაც სხვამ გასტაცათ და სიბნელის გამო არ შეეძლოთ მათი ამოცნობა.

საინტერესო დეტალი: განსასჯელს, რომელსაც ამ ჩვენებებით შეეძლო, თავი ემართლებინა ანუ, სათავისოდ გამოეყენებინა, პირიქით მოიქცა – აცხადებდა, რომ მანქანები მან გაიტაცა და დამნაშავე იყო...

ასევე, ძალიან უცნაურია, რომ სასამართლოზე ბრალდებულს სიმამრი დაუპირისპირდა, რომელმაც სიძის დამნაშავეობაზე ლაპარაკი თავისი შვილის გათხოვებამდე დაიწყო. როგორც ჩანს, ის გამოძიებამ აიძულა, სიძეს დაპირისპირებოდა, რადგან დანაშაულის დაფარვისთვის პატიმრობა მის შვილსაც ემუქრებოდა. საქმე ისაა, რომ მის შვილს ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ, თუ მისი მეუღლე გამოჩნდებოდა, მაშინვე პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა, მაგრამ ასე არ მოიქცა. თემურ მ-ს საქართველოში ყოფნა პოლიციამ შემთხვევით შეიტყო.

სიმამრის ჩვენებიდან: „როდესაც შეიარაღებულებთან ერთად სახლში მოვიდა, მთელმა სოფელმა დაგვიცვა და ჩემი შვილი არ გაატანეს. სახლის კედლები დაცხრილული იყო. ყველას დაემუქრა რომ პოლიციაში არ განეცხადებინათ. ვიცოდი, იქაური პოლიცია ვერ დააკავებდა და არც განმიცხადებია. თბილისში წამოვედით. პოლიციამ ის ჩვენს სახლთან დააკავა. ამის შემდეგ ჩემი ქალიშვილი მაინც წაიყვანა. ჩემმა შვილმა დარეკა, ჩემი ნებით წავყევიო. შეიძლება, ეს სიტყვები მუქარით ათქმევინა. იმ დღის შემდეგ მას ახლოს არ ვიკარებდი. სახლში მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ შემოვიდა. ჩემი სიძე ეზოში მუდამ ისროდა, მეზობლები შიშის ქვეშ იყვნენ. მეც რამდენჯერმე დამემუქრა იარაღით...”

თავად განსასჯელმა ყველა ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო: „ნანას მოსატაცებლად რომ წავედით, ბებიამისს სკამი ვესროლე და ნანას წამოყვანა დავაპირე, მაგრამ, არ გამომყვა და ძალა აღარ დამიტანებია. დამაკავეს. თუმცა ციხიდან რომ გამოვედი, ცოლად თავისი ნებით გამომყვა... მერე იყო ავტომანქანის გატაცება და მკვლელობა, ამ ნაწილშიც თავს დამნაშავედ ვცნობ. ფსიქიატრიულში მოვხვდი, მაგრამ საავადმყოფოდან გაქცევა მოვახერხე. იმ პერიოდში ძალიან მინდოდა ჩემი მეუღლის გვერდით ვყოფილიყავი – შვიდთვიანი ბავშვი შეგვეძინა და ძალიან ცუდად იყო...

დანაშაულებს მთვრალი ჩავდიოდი. ჩემს მეზობელს მანქანა რომ წავართვი, მაშინაც მთვრალი ვიყავი. იარაღი ყოველთვის თან მქონდა, მაგრამ, სულ ვერიდებოდი, რომ პირველს გამესროლა. სროლას ყოველთვის პოლიციელები იწყებდნენ. მკვლელობის დღესაც, მეგონა, პოლიცია მომდევდა. მცხეთის გზაზე საწვავი გამითავდა და მანქანაში ჩავწექი. მანქანის კარი რომ გაიღო იარაღმომარჯვებული ვიყავი. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ პოლიცია მომადგა და პირდაპირ გავისროლე. არ ვიცოდი, რომ მანქანის პატრონი მეზობლის მანქანით გამომეკიდა...

საქართველოდან რომ წავედი, საზღვრის გადაკვეთა არ გამჭირვებია, მაგრამ, ცოლ-შვილის წასაყვანად დავბრუნდი. შვილი მეჭირა ხელში, როცა სახლში პოლიცია დამადგა. ხომ ვერ გავწირავდი? რომ დამაკავეს, დამემუქრნენ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით შენს ცოლს დავიჭერთო. ამიტომ, არაფერი დამიმალავს, ყველა დანაშაული გულწრფელად ვაღიარე”.

განსასჯელის ადვოკატი მიიჩნევდა, რომ მისი დასაცავი ფსიქიკურად შეურაცხადი იყო, რასაც ექსპერტიზა ადასტურებდა და სასამართლო კომპლექსური ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა. ამის საფუძვლად მის ქცევებს ასახელებდა, რომ, განსასჯელი არა მხოლოდ მინებს, ლურსმნებსაც ჭამდა. თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ჩათვალა, რომ დამატებითი ექსპერტიზა საჭირო არ იყო, რადგან არსებობდა გამოძიების ეტაპზე გაკეთებული კომისიური ექსპერტიზის დასკვნა, რომ განსასჯელი შერაცხადი იყო.

თუმცა, ფაქტია, ემოციურმა და გულწრფელმა აღიარებამ სასამართლოზე უდავოდ ძალიან იმოქმედა: იმ 22 წლიდან, რომელსაც პროკურატურა, ითხოვდა, სასამართლომ 7 წელი ჩამოუკლო და თემურ მ-ს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბოლო ინსტანციამ კიდევ ორი წელი დაუკლო.


скачать dle 11.3