ეს ღალატია!
მან მოგატყუა, შენი წილი ალერსი სხვა ქალს გაუყო. ცდუნებას ვერ გაუძლო, ვნებას აჰყვა და გიღალატა. რით განსხვავდება მამაკაცის ღალატი ქალის ღალატისგან, ან აქვს კი ღალატს სქესი?! რა თქმა უნდა, აღარავის სჯერა, რომ მამაკაცს, რომელსაც ცოლი უღალატებს, თავზე პატარა რქები ამოსდის. ქალს კი ეს საფრთხე არ ემუქრება. სამაგიეროდ, გულისტკენა ორივე შემთხვევაში ზუსტად ერთნაირია.
ტყუილია იმის მტკიცებაც, რომ მამაკაცებს ღალატი „შემთხვევით“ გამოსდით, ქალები კი დიდხანს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან ამისკენ. როცა მამაკაცები ღალატობენ, მერე თავს იმართლებენ – რა ვქნა, იმან შემომთავაზა და უარს ხომ არ ვეტყოდი, რას იფიქრებდა ჩემზეო?! რა უნდა ქნას ამ დროს ცოლმა ქმარს „მამაკაცურ აღმაფრენაში“ აჰყვეს თუ სკანდალი მოუწყოს ორგულობისთვის? არჩევანი მწირია და საკმაოდ რთულიც, ორი უბედურებიდან ნაკლები უბედურება არჩიო. მით უმეტეს, როცა იმაშიც არ ხარ დარწმუნებული, რომელია მათ შორის ნაკლები უბედურება.
ღირსეულ ქალს ქმრის ღალატზე უჩნდება პროტესტის სამართლიანი გრძნობა და ამბობს: „შენ ჩემი ღირსი არ ხარ“. ანუ არ ღირხარ იმად, რომ შენ გამო ვინერვიულო, სკანდალი მოგიწყო და თავი დავიმციროო, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. მხოლოდ სათქმელად არის ადვილი, შეინარჩუნო სიმშვიდე. ერთეულებს შეუძლიათ ამის გაკეთება. ბუნებრივია, ეს ქალები არ იტყუებენ თავს და არ ცდილობენ, შეალამაზონ რეალობა. როცა ღალატი სახეზეა, ანუ როცა ფაქტი ჯიუტია, მას „შემთხვევითი გაუგებრობა“ არ უნდა ვუწოდოთ. ჩვეულებრივ, ყურის მოყრუება, თვალის დახუჭვა და სირაქლემის პოზაში ყოფნა ისევ მოტყუებულთა მხარისთვის არის წამგებიანი. შედეგად ვიღებთ დანგრეულ ოჯახს ან ორ ოჯახზე „გადანაწილებულ“ ქმარს. ამიტომ, თუ არ გინდათ, ვინმესთან საზიარო მეორე ნახევარი გყავდეთ, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი.