ჰოლივუდის ვარსკვლავი, 94 წლის ზა ზა გაბორი, შესაძლოა დედა გახდეს
ჰოლივუდის ვარსკვლავს, ზა ზა გაბორს, რომელიც 94 წლის გახდა, სურს, იყოლიოს შვილი და ამ მიზნით მეუღლეები უკვე ეძებენ სუროგატ დედას, – ასეთი განცხადება გააკეთა მსახიობის ქმარმა, 67 წლის პრინცმა ფრედერიკ ჟონ ანხალტმა. მას სურს, შეუნარჩუნოს მორალური სიმტკიცე გაბორს, რომელსაც იანვარში მოჰკვეთეს ერთი ფეხი სისხლის მიმოქცევაში პრობლემების გამო. ადრე მან გადაიტანა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტრანსპლანტაცია და თითქმის 9 წელია, სიარული არ შეუძლია.
„ადამიანისთვის აუცილებელია რაღაც, რისთვისაც ღირს სიცოცხლე”, – ამბობს სახელგანთქმული მსახიობის რიგით მეცხრე ქმარი. პრინც ფრედერიკის აზრით, ბავშვი ცოლ-ქმარს 100 ათასი დოლარი დაუჯდებათ. გაბორს ერთ-ერთი წინა ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი, რომელიც უკვე 60 წლისაა.
მედიკოსები სკეპტიკურად უყურებენ მსახიობის შესაძლო დედობას 94 წლის ასაკში. ისინი ფიქრობენ, რომ პოტენციურ მშობლებს ჯერ სამედიცინო ექსპერტიზის გავლა მოუწევთ, მათ შორის, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. თუკი, ერთ-ერთი მათგანი ვერ გაივლის ტესტირებას, წყვილს არ მისცემენ კანონიერ უფლებას, იშვილონ ბავშვი.
ზა ზა გაბორი 1936 წელს გახდა „მის უნგრეთი”, 1941 წელს იგი ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სახელი გაითქვა ფილმებით: „მულენ რუჟი”, „სიყვარულის სამი ისტორია”, „ქალიშვილი კრემლში”, „ბოროტებასთან შეხება”.