როგორ მოათვინიერა საზრიანმა სტუდენტმა სისხლისმსმელი ლექტორი
თბილისის უნივერსიტეტში პოლიტეკონომიას ერთი ლექტორი კითხულობდა, რომელსაც სტუდენტებმა „სისხლისმსმელი“ შეარქვეს. მის გვარს არ დავასახელებ, რადგან ის ცოცხალი აღარაა, თან, ისედაც კარგად მიხვდებიან ჩემი თაობის სტუდენტები.
მე და ჩემი მეგობარი ვანო კოდუა იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდით და ის ლექტორი სწორედ ვანოს გადაეკიდა: არც ნიშანს უწერდა, არც ფულს იღებდა და გარიცხვით ემუქრებოდა. ერთი სიტყვით, ეს ჩვენი ვანო კოდუა თვალში არ მოსდიოდა და, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრმა ახლობელმა სთხოვა ვანო დაენდო და არ გაერიცხა, მან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
იმ პერიოდში მამაჩემი საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივნის – ვასილ მჟავანაძის ერთ-ერთი რეფერენტი იყო, მასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და ვაპირებდი, რომ მამასთვის მეთხოვა, ვასილ პავლოვიჩს „ჩაეწყო“ საბრალო ვანოსთვის საქმე. მართალია, ძალიან უხერხული თხოვნა კი იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მჟავანაძე კარგი კაცი იყო და, დარწმუნებული ვიყავი, მამას უარს ვერ ეტყოდა, მაგრამ, მთავარი მამას დაყოლიება იყო, ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს, მამას ცეკაში მივაკითხე, რომ ვანო კოდუას გასაჭირი მომეყოლა.
შევედი თუ არა პირველი მდივნის მისაღებში, მჟავანაძის კაბინეტიდან მამაჩემი და ვასილ პავლოვიჩი გამოვიდნენ. მჟავანაძე მიცნობდა, ხელი ჩამომართვა, მომიკითხა და მამაჩემთან ერთად სხდომათა დარბაზისკენ გაემართა, სადაც პარტიულ აქტივთან იმართებოდა შეხვედრა. მე მამას მაგიდას მივუჯექი, სადაც უამრავი ტელეფონი, მათ შორის „ვეჩეც“ იდგა, იქვე იდო „ვეჩეს“ მფლობელთა სიაც, რომელთა შორის უნივერსიტეტის რექტორის გვარიც ეწერა. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში და წამით გავყუჩდი. შემდეგ „ვეჩეს“ ყურმილი ავიღე, უნივერსიტეტის რექტორის კოდი ავკრიფე და, როდესაც მან მიპასუხა, ნიკიტა ხრუშჩოვის ხმით, რუსულად მივაყარე:
– ხრუშჩოვი გელაპარაკებათ. თქვენთან ჩემი შვილი, ვანო კოდუა სწავლობს და ვიღაც პოლიტეკონომიის ლექტორი უპირებს თურმე გარიცხვას. იმ ხალხის მტერს გადაეცით, ჭკვიანად იყოს, თორემ დედას ვუტირებ, გასაგებია? – ვთქვი და ტელეფონი გავთიშე...
მე პაროდიებს ვასრულებდი სტუდენტური თვითშემოქმედების საღამოებზე და ხრუშჩოვის იმიტაცია არ გამჭირვებია. იმავე საღამოს კი ვანო კოდუას სახლში მივაკითხე, ყველაფერი მოვუყევი და გავაფრთხილე, რომ არ გაშიფრულიყო.
23 წლის ვანო რუსული „კურნოსა“ ცხვირით, აღნაგობითა და მრგვალი პირისახით მართლაც წააგავდა ხრუშჩოვს, მაგრამ, სულაც ზანგი ან წვრილთვალებაც რომ ყოფილიყო, ვინ გაბედავდა ხრუშჩოვის სურვილის უგულებელყოფას.
მეორე დღეს უნდა გენახათ რა ხდებოდა: მე და ვანო რომ უნივერსიტეტში შევედით, რექტორი და პოლიტეკონომიის ის საზიზღარი ლექტორი შემოგვეგებნენ. მე ბოდიში მომიხადეს, ვანო კი თან წაიყვანეს. ერთი საათის შემდეგ კი რექტორის კაბინეტიდან გამოსული ვანო მომიყვა, თუ როგორ დაუჩოქა მას ლექტორმა და პატიება სთხოვა...
ვანომ მოწყალება გაიღო, ლექტორი დაინდო და სამაგიეროდ, ისე დაამთავრა უნივერსიტეტი, რომ არანაირი პრობლემა აღარ შეჰქმნია – აბა, ვინ აწყენინებდა ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟს!..