ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გარდაიცვალა მოპასუხე. სასამართლოში საქმე შეჩერებულია. თუმცა, მოპასუხე მხარის მემკვიდრეობას არ იღებს მოპასუხის ოჯახი. რა დრომდე შეიძლება გაგრძელდეს საქმის შეჩერება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმე შეიძლება შეჩერდეს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ, საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველი დარჩება. ასევე, განუხილველად დარჩება მოსამართლის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია, ერთწლიანი ვადის გასვლამდე, მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო. უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია, გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არაუმეტეს 6 თვით.
კითხვა: სავალდებულოა თუ არა სასამართლომ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით, საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში, მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას.
კითხვა: სასამართლომ სარჩელის შეტანის დროს დამიკმაყოფილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, თუმცა არ დამიკმაყოფილა სარჩელი. ჰქონდა თუ არა სასამართლოს ამის უფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსამართლეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
კითხვა: სასამართლოს გადაწყვეტილებით დამეკისრა თანხის გადახდა. აღმასრულებელმა განმიმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნებაყოფლობით არ გადავიხდი თანხას, ყადაღა დაედება ჩემს ქონებას. რას მიკრძალავს ქონებაზე ყადაღის დადება და შეიძლება თუ არა, ყადაღა დაედოს იმ ქონებასაც, რომელიც ჩემი არ არის, მაგრამ განთავსებულია ჩემს საცხოვრებელ ბინაში?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნებაყოფლობით არ ასრულებთ ვალდებულებას, იძულებითი სააღმსრულებლო წარმოებისას, ყადაღა შეიძლება დაედოს მოვალის როგორც უძრავ-მოძრავ ქონებას, ისე მოთხოვნებსაც. ყადაღის საფუძველზე, თქვენ გეკრძალებათ, ქონების განკარგვა – ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ჩაითვლება ბათილად. ყადაღის დადებისას, აღმასრულებელი ადგენს ყადაღის აქტს, სადაც უთითებს ქონების დასახელებას და მის ზუსტ აღწერილობას, აგრეთვე, ყადაღის აქტის შედგენის დროსა და ადგილს. ყადაღის აქტს ხელს აწერს აღმასრულებელი, კრედიტორი, მოვალე, ქონების შემნახველი და ის პირები, რომლებიც ესწრებიან ყადაღის დადებას.
აღმასრულებელს შეუძლია, დააყადაღოს ყველა ის მოძრავი ნივთი, რომელიც თქვენთანაა, მიუხედავად მესამე პირების პრეტენზიისა. ამასთან დაკავშირებით კი, აკეთებს სპეციალურ ჩანაწერს ყადაღის აქტში. ამ შემთხვევაში ნივთების მესაკუთრეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ. მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნულ ნივთებს მოეხსნება ყადაღა.
კითხვა: მაინტერესებს, არსებობს თუ არა ისეთი ნივთები, რომლის დაყადაღების უფლებაც აღმასრულებელს არ აქვს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ქონება, გარდა ჩამოთვლილისა:
ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის.
ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისთვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები; ან თუ დროის ამ მონაკვეთისთვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა.
გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევნით – ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ეს აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე, სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვებისა და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისთვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მის შესაძენად საჭირო ფულადი თანხა.
დ) პირებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახისა და დაქირავებული მუშების შესანახად. ანდა, მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ან მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისთვის.
ე) პირებისთვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისთვის საჭირო ნივთები.