ვინ ეძებს მამის ნათესავებს რუსეთიდან საქართველოში და რატომ ახსოვს საქართველოში გატარებული აღდგომის დღეები რუსეთში მცხოვრებ ქალს
38 წლის ვიქტორია ვალერის ასული სუროვცევა ეძებს 47 წლის სვეტა ზარქუას და დაახლოებით 67 წლის შამიტ ზარქუას.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავებს მამის მხრიდან: 1964 წელს დაბადებულ სვეტა ზარქუას და შამიტ ზარქუას. ვიცი, რომ შამიტიც, რომელიც ბაბუად მერგება და, სვეტაც, ჩხოროწყუში იყვნენ ბოლოს, როდესაც მათთან კონტაქტი გვქონდა, შევიტყვეთ, რომ ბებიაჩემი გარდაიცვალა, ხანდაზმული იყო და ოპერაციას ვერ გაუძლო. ვიცი ასევე, რომ სვეტას იმ დროისთვის ჰყავდა ორი ვაჟი, რომლებიც ამჟამად უკვე დიდები იქნებიან და, ალბათ, თავიანთი ოჯახები აქვთ. ძალიან მინდა მამის ნათესავების პოვნა და ურთიერთობის აღდგენა. ბოლოს მათთან აღდგომას ვიყავი ჩასული და მას შემდეგ ისინი არ მინახავს.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაკარგა მამათქვენმა ნათესავები და რა იცით მათ შესახებ?
– ამჟამად მე ვცხოვრობ რუსეთში, მყავს ოჯახი და ორი შვილი. ძალიან მინდა, მამაჩემის ნათესავების პოვნა, მათ შორის პირადად მხოლოდ ბებიაჩემს – რიმას ვიცნობდი. საქმე ისაა, რომ მამაჩემი, ვალერი, ზარქუას გვარს ატარებდა, სანამ ის ბავშვთა სახლში მოხვდებოდა. მამის გარდა მის მშობლებს ჰყავდათ კიდევ ერთი გოგო – სვეტა, რომელიც მამაჩემის ნახევარდაა. ვიცით, რომ სვეტა ქართველს გაჰყვა ცოლად და ბოლოს ის ჩხოროწყუში ცხოვრობდა. ადრე იმ ქუჩას, რომელზეც მამის ნათესავები ცხოვრობდნენ, ლენინის ქუჩა ერქვა. სწორედ იქ ვიყავით ჩასულები მათთან სტუმრად, მეც და დედაც, მახსოვს, აღდგომა იყო და ძალიან ლამაზად დამამახსოვრდა ყველაფერი. რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ გვქონდა ნათესავებთან მიმოწერა, რაც შემდგომ შეწყდა გაურკვეველი მიზეზების გამო. ვფიქრობ, რომ იმ ქუჩას ახლა სულ სხვა სახელი აქვს, შეიძლება, სწორედ ამ მიზეზით ვეღარ ვუკავშირდებით მათ. ძალიან მინდა, მამაჩემი გავახარო და ვიპოვო მისი ნახევარდა, მისი შვილები და, რა თქმა უნდა, ბაბუა შამიტი, თუკი ის ცოცხალია.
– გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია ნათესავების შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ ისინი საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ?
– ვიცი, რომ რიმა ბებია ახალგაზრდობაში მუშაობდა კაფეში. მე და დედას ყოველთვის გვქონდა მასთან კავშირი, რადგან მამას ის ძალიან უყვარდა. ბოლო ინფორმაციით, ანუ სვეტას მიერ გამოგზავნილი წერილით, გავიგეთ, რომ რიმა ბებია გარდაცვლილა – მას გაუკეთდა რაღაც ოპერაცია, რომელიც მან ვერ გადაიტანა ხანდაზმულობის გამო. რიმა ბებია დაიბადა ქალაქ მაიკოპში, მაგრამ შემდგომ ცოლად გაჰყვა შამიტ ბაბუას და საცხოვრებლად ჩხოროწყუში გადავიდა. ბაბუას შესახებ კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ის ვიცი, რომ მას შამიტი ჰქვია. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ცოცხლები არიან და აუცილებლად ვიპოვი და, უკვე ჩემს შვილებთან ერთად, რომლებსაც ძალიან უნდათ საქართველოს ნახვა, ჩამოვალ. ჯერჯერობით კი მხოლოდ იმ იმედით ვართ, რომ ნათესავების პოვნაში დაგვეხმარებით. იმედია, ვინმე მამის ნათესავებიდან წაიკითხავს ამ სტატიას და მიცნობს ფოტოთი – სწორედ ასეთი ვიყავი, როდესაც ბოლოს ვნახე ისინი.
– ნათესავების პოვნის შემთხვევაში, როგორ აპირებთ შეხვედრას და, იცის თუ არა მამათქვენმა, რომ მის ნათესავებს ეძებთ?
– სიმართლე გითხრათ, მამისთვის ამ ძებნის შესახებ არ მითქვამს, რადგან, ძალიან მინდა, სიურპრიზი გავუკეთო. დღე არ გავა, რომ მან თავისი ნათესავები არ გაიხსენოს. ვიცი, რომ ძალიან დარდობს ამ ყველაფერს, ყველაზე მეტად კი ტერიტორიულ სიშორეს. თუკი ღმერთის წყალობით ისინი ვიპოვეთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩამოვალთ საქართველოში. ვიცი, რომ მამას გაუხარდებოდა, მეთქვა, რომ უკვე ვეძებ მის ნათესავებს, მაგრამ, არ მომასვენებდა კითხვებით და, ამიტომ, ჯობია, ჯერ ვიპოვო ისინი და მერე ვუთხრა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.