ვინ ეძებს 1977 წლიდან დაკარგულ შვილს საქართველოსა და ირკუტსკში და რა სასწაულის სჯერათ ხანდაზმულ მშობლებს
89 წლის დავით მიტროფანეს ძე ზარქუა – ეძებს 68 წლის ვლადიმერ დავითის ძე ზარქუას.
ისტორია: ვეძებთ ჩვენს შვილს ვლადიმერ ზარქუას, რომელიც ბოლოს 1977 წელს ვნახეთ. მისი ბოლო ცნობილი მისამართი იყო: რუსეთი, ქალაქი ირკუტსკი. ამჟამად ვლადიმერი 68 წლის უნდა იყოს. ჩვენი ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედიაა, მთელი ცხოვრება მის ძებნაში გავატარეთ. ახლა უკვე მეც და ჩემი მეუღლეც ხანდაზმულ ასაკში ვართ, მაგრამ, მაინც გვჯერა სასწაულის და ვლადიმერის პოვნის. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის პოვნაში.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი, გვიამბეთ თქვენი ისტორია.
– 1977 წელს ვლადიმერი წავიდა ქალაქ ირკუტსკში, ეს ყველაფერი მოხდა ქართულ-აფხაზურ ომამდე. 1992-1993 წლამდე ჩვენ გვქონდა მასთან კავშირი და ის სახლშიც კი ჩამოსულა. ჩვენ დავკარგეთ შვილთან კონტაქტი ომის შემდეგ, ჩვენთვის მის შესახებ არაფერია ცნობილი. რომ იტყვიან, არც ცოცხლებში იყო, არც მკვდრებში ფიქსირდება. ბევრჯერ დავრეკეთ იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, ეს იყო ჩვენი ბოლო იმედი, მაგრამ ყურმილს ყოველთვის უცხო კაცი იღებდა და ჩვენს დიდ თხოვნაზე, დაგვაკავშიროს შვილთან, ძალიან უზრდელად გვპასუხობდა, გაგვლანძღა კიდეც. არადა, სწორედ ამ ტელეფონის ნომერზე ვესაუბრეთ ბოლოს ვლადიმერს. ამჟამად, ორივე, მეც და ჩემი მეუღლეც, ძალიან ავად ვართ, ვსაჭიროებთ შვილის ყურადღებას, მის გარდა ჩვენ არავინ გვყავს, ჩემი მეუღლე უკვე 87 წლისაა, მე კი – 89-ის.
ერთადერთი იმედითღა ვსულდგმულობთ, რომ წლების წინ დაკარგულ შვილს ვიპოვით და ყველაფერი კარგად დამთავრდება. ჩემი მეუღლე ძალიან მორწმუნეა და ყოველდღე ლოცულობს, ღმერთს შვილის მშვიდობით დაბრუნებას სთხოვს და მისი პოვნის იმედი ასულდგმულებს.
დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემმა მეუღლემ, ლიამ, სიზმარი ნახა, ვითომ აღდგომა დღე იყო და ვლადიმერმა შემოაღო ჩვენი სახლის კარი (ტირის). სულ მჯერა, რომ ეს სიზმარი აუხდება და ღმერთი მის ლოცვებს შეისმენს. ვის აღარ მივმართეთ, თუკი, ღმერთმა არ ქნას და, ჩემი შვილი მკვდარია, მშობლებმა ეს ხომ უნდა ვიცოდეთ და იმედიც აღარ გვექნება, მკვდრებში მაინც მოვიხსენიებდით. მაგრამ, ყველაზე ცუდი მაინც გაურკვევლობაა, არ ვიცით, ცოცხალია თუ არა და სწორედ ეს არ გვასვენებს. ხომ შეიძლება, მას მეხსიერება დაეკარგა და ამის გამო არ გვიკავშირდება? რამდენიც გინდათ, იმდენი ვიცი ასეთი ამბავი. ყოველ შემთხვევაში, მისი პოვნის გვჯერა და ცდას არ დავინანებთ. უბრალოდ, ძალიან ხანდაზმულები ვართ და ღონეც აღარ გვაქვს მისი აქტიურად მოძებნის.
– ამჟამად თქვენ ორივე ირკუტსკში ცხოვრობთ და ტერიტორიულად სად ეძებთ შვილს?
– დიახ, უკვე რამდენიმე წელია, ირკუტსკში ვართ ორივე, მანამდე საქართველოში ვცხოვრობდით და ვლადიმერის ადგილსამყოფელი არ ვიცით. ჩვენი აზრით, ის უნდა ვეძებოთ მთელ საქართველოშიც და ირკუტსკშიც. ირკუტსკის „ჟდი მენიას” ნებაყოფლობითმა დამხმარეებმა თქვენი კოორდინატები მოგვაწოდეს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ იქნებ ფოტოთი მაინც იცნოს ვინმემ ჩვენი ბიჭი და ჩემი მეუღლის სიზმარიც ახდეს.