კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის აგდებს „დუხით” მამუკა გორგოძე და რის გამო აქვს მას ხშირად დისკვალიფიკაცია

დრო გადის და ქართველი მორაგბეები ნამდვილ ეროვნულ გმირებად ყალიბდებიან. მათი გამარჯვებები არ არის შემთხვევითი, ყველაფერი კარგად ნაფიქრი, სისტემაში მოყვანილი ნაბიჯების შედეგია და ისინი დიდხანს ივლიან აღმართზე. საქართველოს რაგბის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი მამუკა გორგოძეა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფეთქებადი ხასიათი აქვს, რის გამოც ბევრი თამაშის გამოტოვება მოუწია, მამუკას ერთ-ერთი საუკეთესოს ტიტული არ შორდება.

მამუკა გორგოძე: 2001 წლიდან დავიწყე რაგბის თამაში, მანამდე კალათბურთს ვთამაშობდი. იმ პერიოდში ნაკრებს ძალიან სერიოზული წარმატებები ჰქონდა, სულ იგებდნენ თამაშებს. ჩემს ბავშვობაში კიდევ რაგბი არავინ იცოდა. მერე კი სულ „რაგბი, რაგბი“ მესმოდა. კალათბურთსაც ნორმალურად ვთამაშობდი. იმიტომ არ დამინებებია თავი კალათბურთისთვის, რომ ამას ვერ ვთამაშობ და სხვაგან გადავალ-მეთქი. არა, უბრალოდ, რაგბი მომეწონა.

– სიმაღლე, ალბათ, ძალიან დიდი პლუსია რაგბიში.

– დიახ, პლუსია, თუმცა, რაგბიში ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს თავისი ადგილი აქვს. მხოლოდ სიმაღლე არ წყვეტს საქმეს: ზოგი მაღალია, ზოგი – დაბალი, გამხდარი და თავის ადგილზე თამაშობს. საერთოდ, კალათბურთი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. ბუნებრივადაც მქონდა ძალა, მაგრამ, სულ ვვარჯიშობდი, ფიზიკურ მომზადებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. დღეში რამდენიმე საათს ვუთმობდი ვარჯიშს. რაგბიში რომ გადმოვედი უფრო და უფრო გავაძლიერე ვარჯიში და დაიწყო წარმატებებიც. თავიდან ვარჯიში „ლელოში” დავიწყე და ძალიან მალე, 2004 წელს წავედი საფრანგეთში. მას შემდეგ ვარ სულ ერთ გუნდში. ჩვენი მწვრთნელი ადრე იყო ფრანგი – კლოდ სორელი, რომელმაც, ასე ვთქვათ, საფრანგეთის გუნდებში „კანალი გახსნა”. ძალიან ბევრი საფრანგეთში თამაშობს.

– არ გაგიჭირდა უცხო ქვეყანაში ცხოვრება?

– მაგრად გამიჭირდა, წამოსვლასაც კი ვაპირებდი. ჩემს მეგობრებთან შედარებით, მე ბევრად დიდი დრო დამჭირდა ადაპტაციისა და შეჩვევისთვის. ყოველდღე ვფიქრობდი წამოსვლაზე. აქაურობა, ჩემიანები ხომ საშინლად მენატრებოდნენ და ამას ისიც ემატებოდა, რომ იქაურებს ვერ ვეგუებოდი. ახლა კარგებად მეჩვენებიან, მაგრამ, მაშინ საერთოდ ვერ ვიგებდი, რა ტიპები იყვნენ, რა უნდოდათ. მე განსაკუთრებით გამიჭირდა. სხვა ბიჭებთან ხომ მქონდა კონტაქტი და, ამბობდნენ, ნორმალურად ვართო. მე კიდევ, ორი-სამი წელიწადი აქ რომ ჩამოვდიოდი, წასვლა აღარ მინდოდა. ეს ორი წელია, შევეგუე. თუ გინდა რაგბის მაღალ დონეზე თამაში, საფრანგეთი ამისთვის არაჩვეულებრივი ქვეყანაა. მონპელიეში წავედი თავიდანვე და ახლაც იქ ვთამაშობ, უკვე მეექვსე წელია. კიდევ სამი წელი დავრჩები და, ალბათ, იქ დავამთავრებ ჩემს კარიერას.

– რა ასაკამდე თამაშობენ რაგბის?

– გააჩნია ფიზიკურ მდგომარეობას. სამ წელიწადში 29 წლის ვიქნები, მაგრამ, არა მგონია მერე კიდევ სადმე წავიდე. ცხრა წელს ერთ გუნდში რომ გაატარებ, სადღა უნდა წახვიდე? თუ ფიზიკური მდგომარეობა კარგი მექნება და მათაც ექნებათ სურვილი, დამიტოვონ, ისევ იქ დავრჩები, ალბათ.

– შენთან დაკავშირებით ლეგენდები დადის – მოედანზე ხუთი კაცი ვერ აკავებსო...

– არაა მთლად ასე (იცინის). ნაკრებში სულ ვთამაშობ, უბრალოდ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში არ ჩამოვსულვარ. ორჯერ დისკვალიფიკაცია მქონდა, სამჯერ ტრავმა მივიღე.

– ხშირად ჩხუბობ, ხომ?

– ხანდახან მოედანზე ჩხუბი მოგიწევს, სხვანაირად არ არსებობს. მთელი თამაში ძალასა და ტექნიკაზეა აგებული, ამიტომ, არ შეიძლება წესების უხეშად დარღვევა. განსაკუთრებით ხშირად ეს შეჯგუფების დროს ხდება: თვალში თითის ჩათხრა, ჩარტყმები... ასეთი რაღაცეები მაგიჟებს. ყველაზე ხშირად ჩხუბი იმიტომ მომდის, რომ, თუ მსგავს რამეს დავინახავ, მაშინვე, ავვარდები ხოლმე. წესით, შენც იმავე წესით უნდა გადაუხადო სამაგიერო, მაგარი „ზახვატი” გაუკეთო, ისე შებოჭო, რომ საშინლად ატკინო, მაგრამ, ვერ ვითმენ ხოლმე. იმ წამსვე მაქვს რეაქცია, უპასუხოდ არ ვტოვებ არც ერთ ასეთ საქციელს.

– მორაგბეებს შორის ფიზიონომია ჯანმრთელად ყველაზე უკეთ შენ გაქვს შენარჩუნებული.

– შეიძლება, მაგრამ სამაგიეროდ ტანზე დამეწყო სერიოზული ტრავმები: ფეხებზე, წელზე, თიაქარი, კუნთები დამეხა. როცა თამაშობ, ვერ გრძნობ ვერაფერს და, რაც უფრო იღლება ორგანიზმი, მით უფრო გტკივა ყველაფერი. ტრავმების დროს გასვენებენ, მაგრამ, თუ საჭირო გახდი გუნდისთვის, ბოლომდე გიყენებენ, ნემსებით გათამაშებენ, მთელ შენს პოტენციალს იყენებენ.

– ეს იმუნოგამაძლიერებლების ნემსებია?

– არა, ანესთეზია – უბრალოდ, გიყუჩებენ ტკივილს, თამაშობ და მერე ბევრად უარესად ხარ. ისე, იმუნოგამაძლიერებელს კი არა, გალაზოლინს ვერ ვისხამთ თამაშის წინ, იმდენი რამე იკრძალება ჩვენთან და იმდენი წამალი გადის დოპინგში. ყველაფერი აკრძალულია. ერთი სიტყვით, ეს ტრავმები, ნემსით თამაში გროვდება და, ბოლოს, 30 წლის მერე ერთიანად დაგარტყამს. სანამ ორგანიზმი ახალგაზრდაა, ვერ გრძნობ, მაგრამ, მერე განგრევს. ისე, თვითონ თამაშის დროს სერიოზული ტრავმა არ მიმიღია, მხოლოდ ყვრიმალი გავიტეხე. ყვრიმალში სამი წერტილია, ორგან მქონდა გატეხილი და ამიტომ არ ჩამოვარდა. თავით დავეჯახე ჩემს თანაგუნდელს. ოპერაცია არ დამჭირდა, ცოტა ხანს დავისვენე და შეხორცდა. მთავარი ბრძოლა ფეხებთან არის, ზემოთ არა გვიშავს.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება? გყავს მეუღლე?

– დიახ, მეუღლე და ორი შვილი მყავს. გოგო 6 წლისაა, ბიჭი 2 წლის.

– პატარა ყოფილხარ, როცა დაოჯახდი. როგორ მოხდა ეს ამბავი?

– ჩემი მეუღლე, ციცი, თბილისში გავიცანი, მეგობრის ქორწილში. ძალიან მალე გადავწყვიტეთ დაქორწინება და გავიპარეთ. ეს საფრანგეთში წასვლამდე მოხდა. თუ მანამდე მოგიწია წასვლა, მერე უკვე რთული ამბავია ცოლის მოყვანა – ან კომპიუტერით უნდა გაიცნო ვინმე ან გარიგებით (იცინის).

– უცხოელი არაფრით არ შეიძლება ცოლად მოიყვანო?

– ჩემთვის ეს მაინც უცხოა. ქართველმა ცოლად ქართველი უნდა მოიყვანო. მათ ძალიან განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. პირველი შვილი აქ შემეძინა, სანამ წავიდოდით; ბიჭის შემთხვევაში უკვე იქ ვიყავით, მაგრამ სამშობიაროდ აქეთ გამოვუშვი – აქ ყველა თავს ევლებოდა.

– ანუ, ბავშვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვით?

– არა, ახლა მაქვს საბუთები ჩაბარებული და სულ ცოტა ხანში მთელი ოჯახი მივიღებთ მოქალაქეობას. არ მგონია, რომ იქ საცხოვრებლად დავრჩე, აქ მინდა დაბრუნება, რამეს მოვიფიქრებ მანამდე, რა მინდა გავაკეთო. ახლა ჯერ მხოლოდ სპორტზე ვფიქრობ.

– მეუღლე არ ნერვიულობს ასეთ რთულ სპორტში რომ ხარ?

– საერთოდ არ ნერვიულობს. თამაშებზე ძალიან ხშირად დადის. ძალიან ახლოს ვცხოვრობთ იმ ადგილთან, სადაც თამაშებია. გარედან უფრო რთული ჩანს ეს სპორტი, ვიდრე სინამდვილეშია. თითქოს სულ ტრავმებში ხარ, მაგრამ, არ არის ძალიან „ტრავმატული” სპორტი. მიკროტრავმები, რა თქმა უნდა, გაქვს – ჰემატომები, დაჟეჟილობები, მაგრამ, ორ დღეში ეს ყველაფერი გადის, ორგანიზმიც მიჩვეულია.

– რითი ერთობი, გიყვარს დალევა?

– რა ვიცი, ხან რით, ხან – რით. ხანდახან ქართველები ვიკრიბებით. ფრანგებთან ერთად გვაქვს ხოლმე „მესამე ტაიმი“. მართლა ძალიან მაგარი ღვინო აქვთ. ერთი, ეგენი ვერ გავაოცე ქართული ღვინით. ცნობილია, რომ ფრანგები მსოფლიოში ყველაზე მეტს სვამენ, მაგრამ, ჩვენ რომ ვიცით ყანწებით და ერთ საათში დათრობა, ასე არ იქცევიან, ნელ-ნელა მიჰყვებიან საღამოს და ერთობიან. ჩვენ კიდევ, თორმეტ საათზე რომ სმას დავიწყებთ, პირველზე უკვე შარს ვეძებთ. მაგათთან ასე არ არის (იცინის).

– ისე, შარიანი ხარ?

– საერთოდ არა. ქუჩაში, როგორი ნასვამიც არ უნდა ვიყო, ბუნტისთავი და შარიანი არ ვხდები.

– გყავს შენი ჭკუის ფრანგი მეგობრები?

– ისე, ფრანგებთან ძმაკაცობა ცოტა რთულია ქართველი კაცისთვის. ბევრი რაღაც არ ესმით, მაგალითად, რატომ არ შეიძლება, იხუმრონ ძმაკაცის დაზე, დედაზე. ჩემი ცოლი ბრაზდება ხოლმე, რატომ არ მესალმებიან, რა საშინელი ბიჭები არიანო. სინამდვილეში კი, ჩემგან არიან დაშინებულები. ისე გვაქვს ოჯახური სიტუაციები ახსნილი, რომ ჩვენს ცოლებს „გამარჯობას“ ვეღარ ეუბნებიან. დაზე, დედაზე, ცოლებზე ისე ხუმრობენ, ცუდად ვხდები ხოლმე. არა, ცოტა რაღაცეებს შევეჩვიე, აღარ მიკვირს, მაგრამ, მკაცრად მყავს გაფრთხილებული, ოჯახზე თუ მეღადავებით, გცემთ-მეთქი. (იცინის). ისიც არ მესმის: საცოლესთან ერთად სადღაც მიდიან და გოგო თავის დანახარჯს იხდის, ბიჭი – თავისას. საშინელებაა. თავიდან ძალიან ქართულად ვიქცეოდი – სადღაც რომ ვიყავით, თავს ვიკლავდი, მიმიშვით, უნდა გადავიხადო-მეთქი, ვითომ ვინმე დამაკავებდა (იცინის). ახლა ცოტა ვისწავლე ჭკუა. არა, რასაც ვაკეთებ, არასდროს სხვის დასანახავად არ გამიკეთებია, მაგრამ, ახლა ცოტა ნაკლებად ვიკლავ თავს.

– იქ ბევრი თაყვანისმცემელი, უფრო სწორად გულშემატკივარი გყავს?

– საკმაოდ. ისიც მოსწონთ, რის გამოც დისკვალიფიკაციას ვიღებ ხოლმე (იცინის). კონფლიქტური რომ ვარ. იქაც მოსწონთ ეგ მომენტები – ჩხუბები, სეირი. მაგრამ, იქ თამაშიც კარგად ესმით და კარგ თამაშსაც იგებენ. ჩხუბი, საერთოდ, დაბალი დონის მაჩვენებელია, გინდა მინდორზე და გინდა ქუჩაში, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც დონეზე არ ფიქრობ და გიწევს ამის გაკეთება. თან, როგორია, იცი, რაგბი? თუ ვინმეს თავი დაუხარე, ეგრევე გადაგივლიან. თავიდანვე უნდა აჩვენო, რომ „სდეს ია ხაზიაინ”. ცოტა კოპებშეკრული თამაში გიწევს, რომ „დუხითაც” დააგდო, მაგრამ, ეს ხასიათში უნდა გქონდეს, ხელოვნურად ვერ იზამ.


скачать dle 11.3