რომელი უკურნებელი სენით არის დაინფიცირებული კალათბურთის ლეგენდა მეჯიქ ჯონსონი და რის გამო გადასახლდა ბუენოს-აირესიდან ბარსელონაში ლიონელ მესი 11 წლის ასაკში
მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ზეადამიანებთან ასოცირდებიან, რომელთაც რკინის ნერვები აქვთ და არანაირ პრობლემას არ განიცდიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუმცა, ყველაზე ტიტულოვანი და ცნობილი სპორტსმენებიც კი, გარდა იმისა, რომ მუდმივად ტრავმის მიღების შიშის ქვეშ ცხოვრობენ, სხვადასხვა სახის სნეულებითაც ჩვეულებრივ ადამიანებზე არანაკლებ იტანჯებიან.
დევიდ კულტჰარდი: 40 წლის – „ფორმულა 1-ის“ ვიცე-ჩემპიონი – ბულემია
„ფორმულა 1-ის“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი, შოტლანდიელი დევიდ კულტჰარდი, კარიერის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კარტინგის ბოლიდებზე დაქროდა, საკუთარი წონით იყო უკმაყოფილო. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ, რაც უფრო მსუბუქია კარტინგი და მრბოლელი, მით უფრო დიდია გამარჯვების შანსი. ყმაწვილობაში კულტჰარდი საჭმლის ყოველი მიღების შემდეგ ხელოვნურად ირევდა გულს, რომ არ გასუქებულიყო. მოგვიანებით კულტჰარდი შეეშვა ექსტრემალური ჭამის პროცედურებს, თუმცა, ამის ნიადაგზე მას ბულემია განუვითარდა, რაც მოდელებში უფრო ხშირია ვიდრე სპორტსმენებში.
კეისი სტოუნერი: 25 წლის. მსოფლიოს ჩემპიონი MOTO GP-ის რბოლებში – ანემია
კეისი სტოუნერი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში მოტოციკლებით რბოლაში. ორი წლის წინათ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ სპორტსმენი მძიმედ არის ავად და მას სიცოცხლის სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი. თუმცა, იმავე წელს სპორტსმენმა დაამტკიცა, რომ არაფერი ისეთი არ სჭირს, რომ ამან ხელი შეუშალოს ტიტულების მოპოვებაში. საბოლოოდ გაირკვა, რომ სტოუნერი ანემიით არის ავად. ამ ავადმყოფობას ახასიათებს მომატებული სისუსტე და დაღლილობა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, ანემიის მიუხედავად, სტოუნერი ჯერაც ინარჩუნებს წამყვანი მოტომრბოლელის პოზიციას მსოფლიოში.
მაიკლ ფელპსი: 25 წლის. ოლიმპიური რეკორდსმენი – ჰიპერაქტიურობა
ბავშვობაში მაიკლი დაუმორჩილებელი იყო, ის არავის უჯერებდა და ვერ ახერხებდა ერთ კონკრეტულ საგანზე კონცენტრირებას, რის გამოც სკოლაში ცუდად სწავლობდა. შვილის ჰიპერაქტიურობას მშობლებმა გამოსავალი უპოვეს და ცურვაზე შეიყვანეს, სადაც ფელპსმა თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა. სხვათა შორის, ასაკთან ერთად, ეს ავადმყოფობა ნელ-ნელა თავისით რჩება, თუმცა ფელპსის შემთხვევა განსაკუთრებულია – იგი დღესაც ჰიპერაქტიურად ცხოვრობს. არც არის გასაკვირი, რომ, მისი აქტიურობის წყალობით კალორიათა ნორმა დღე-ღამეში, როდესაც იგი ვარჯიშობს 12 ათასს შეადგენს, ხოლო დასვენების დღეებში – 7 ათასს.
ულე-ეინარ ბიორნდალენი: 37 წლის. – ოლიმპიური ჩემპიონი ბეატლონში – ასთმა
დღემდე გრძელდება კამათი იმის შესახებ, აქვს თუ არა ბიორნდალენს ასთმა. საქმე იმაშია, რომ, თუკი სპორტსმენს აქვს პრობლემა სუნთქვასთან დაკავშირებით, მას უფლება ეძლევა, მიიღოს სპეციალური მედიკამენტები, რომელთა უმეტესობა ბიორნდალენის მოწინააღმდეგე ბანაკისთვის დოპინგთან ასოცირდება და სწორედ ამას უკავშირებენ ისინი მისი ტიტულების სიმრავლეს, მათ შორის ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას ბეატლონში. მისი ქომაგები კი კატეგორიულად უარყოფენ ყოველგვარი პრეპარატების მიღებას და მხოლოდ სპორტსმენის სპორტულ ნიჭზე ამახვილებენ ყურადღებას. საინტერესოა, რომ თავად ულე-ეინარი არანაირ კომენტარს არ აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით.
ლენს არმსტრონგი: 39 წლის. – „ტურ დე ფრანსის“ შვიდგზის გამარჯვებული – კიბო
მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ველომრბოლელს 1996 წელს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს: კიბო, რომლის მეტასტაზები კვერცხებზე იყო მოდებული. ლენსი ავანტიურაზე წავიდა, დათანხმდა გაძლიერებულ ქიმიოთერაპიაზე და ერთი კვერცხის ამპუტირება გაიკეთა. შემდეგ დაიწყო ორწლიანი აღდგენითი პროცესი, რომელსაც ნამდვილი სპორტული ტრიუმფი მოჰყვა – 1999-2005 წლებში არმსტრონგი ზედიზედ შვიდჯერ დაეუფლა „ტურ დე ფრანსის“ გამარჯვებულის ტიტულსა და ყვითელ მაისურს. ასეთი შედეგი არც ერთ ველომრბოლელს არ ჰქონია ისტორიაში. ამჟამად არმსტრონგი საბოლოოდ წავიდა დიდი სპორტიდან და კიბოსთან მებრძოლ საქველმოქმედო ფონდს უდგას სათავეში.
მუჰამედ ალი: 69 წლის. მსოფლიო ჩემპიონი კრივში – პარკინსონი
პარკინსონის დაავადება უკურნებელ სენთა კატეგორიას მიეკუთვნება. ამ სენით დაავადებული ადამიანები კარგავენ სახის გამომეტყველებას, უჭირთ გადაადგილება, ხოლო მათი საუბარი მონოტონური და ჩუმი ხდება. ალი 40 წლისაც არ იყო, როდესაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდგომ მან კიდევ ორი ბრძოლა გამართა, რომლებშიც დამარცხდა და საბოლოოდ წავიდა კრივიდან. ალბათ, ყველას გემახსოვრებათ ერთ დროს უძლეველი ჩემპიონი ალი, რომელიც ხელის კანკალით ანთებდა 1996 წლის ოლიმპიურ ცეცხლს ატლანტაში. დამეთანხმებით, არცთუ სასიამოვნო საყურებელი იყო დიდი ჩემპიონის ასეთ მდგომარეობაში ხილვა.
მეჯიქ ჯონსონი: 51 წლის. კალათბურთის ლეგენდა – შიდსი
1991 წელს, კარიერის პიკზე მყოფმა ჯონსონმა გამოაცხადა, რომ შიდსით არის დაინფიცირებული და სპორტიდან წასვლის განცხადება გააკეთა. როგორც თავად თქვა, თავიდან სპორტსმენს ეგონა, რომ მისი ყველა გულშემატკივარი და მეგობარი მას გვერდს აუქცევდნენ, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა. 1992 წელს, ქომაგთა თხოვნით, იგი კალათბურთში დაბრუნდა და 1992 წლის ბარსელონის ზაფხულის ოლიმპიადაზე ლეგენდარულ „დრიმ თიმთან” ერთად ოქროს მედლებს დაეუფლა, ამას მოჰყვა ხანმოკლე გამოსვლა „ლოს-ანჯელეს-ლეიკერსის” რიგებში და კალათბურთიდან საბოლოოდ წასვლა. 20 წელია, რაც ჯონსონი შიდსს ებრძვის და სპორტსმენის შემართება აღფრთოვანებას იწვევს მის ქომაგებში.
ტიმ ჰოვარდი: 32 წლის. ამერიკელი გოლკიპერი – ტურეტას სინდრომი
ამ დაავადებაზე ხშირად ხუმრობენ კომედიურ ფილმებში, თუმცა, რამდენად სახუმაროა, თვითონ განსაჯეთ: ტურეტას სინდრომით დაავადებულ ადამიანს ახასიათებს უკონტროლო მოძრაობები და ბგერების გამოცემა. მაგალითად, ადამიანს შეუძლია, ისე იყვიროს ან შეიგინოს, რომ ამას სულაც არ აპირებდეს. სწორედ ამ სენით არის დაავადებული ჰოვარდი, რომელიც მერვე წელია, რაც ამერიკის ფეხბურთელთა ნაკრების პირველი გოლკიპერია და ინგლისური „პრემიერ-ლიგის” ერთ-ერთ საუკეთესო კარის დარაჯად ითვლება.
ლიონელ მესი: 23 წლის. „ბარსელონის” ლიდერი – სიმაღლეში ზრდის ჰორმონის ნაკლებობა
11 წლის ასაკში მესის მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს: შესაძლებელი იყო, რომ ის არასდროს გაზრდილიყო სიმაღლეში. მის მშობლებს სამკურნალო თანხები არ ჰქონდათ და, როდესაც მესის ნიჭით მოხიბლულმა „ბარსელონამ” გამოთქვა სურვილი, რომ აუნაზღაურებდა მკურნალობის ხარჯებს, მისი მშობლები სიხარულით დათანხმდნენ. მესი ესპანეთში, კერძოდ, კატალონიაში გადასახლდა, ხოლო კლუბს მისი მკურნალობა თვეში ათას ევრომდე უჯდებოდა. ამჟამად იგი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და „ბარსელონის” უპირობო ლიდერია. კლუბში მას მეტსახელად „ქონდრისკაცს” უწოდებენ, რადგან მისი სიმაღლე, სულ რაღაც, 169 სანტიმეტრია.
მარიო ლემიე: 45 წლის. ოლიმპიური ჩემპიონი ჰოკეიში – ჰოჯკინის დაავადება
1992 წელს ლემიეს ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს: ლიმფური კვანძების ანთება მთელ სხეულში. მედიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ეს დაავადება კიბოს ერთგვარი სახეობაა, ხოლო სხვებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ინფექციაა, რომელიც სპორტსმენს ზურგზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ გადაედო. საშინელი დიაგნოზის მიუხედავად, ლემიემ დაძლია უკურნებელი სენი და დიდ ჰოკეიში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და მოიპოვა სტენლის თასი.