კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წავიდა ნუცა შანშიაშვილი სახლიდან და რა კავშირშია ორი პაწაწინა კაკალი მის სიცოცხლესთან



ქართველმა მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა თავისი შემოქმედებითი გზაც და ცხოვრების მამაკაციც საქართველოს ფარგლებს გარეთ იპოვა. ერთ მშვენიერ დღეს პატარა გოგონამ ჩემოდანი ჩაალაგა და ოჯახს დაემშვიდობა. თავისი უჩვეულო ხმითა და შესრულების მანერით მალე დაიმკვიდრა ადგილი რუსეთის შოუ-ბიზნესში. მერე იყო თეატრი, კინო. მისი სასიმღერო და სამსახიობო კარიერა ამერიკაში გაგრძელდა. განსაკუთრებული წარმატება ედიტ პიაფის სიმღერის შესრულების შემდეგ მოვიდა. დღეს მომღერლის საპროდიუსერო საქმიანობით მისი მეუღლე თემურ ტაგიევია დაკავებული. ნუცას დედა, მსახიობი მზია მაღლაკელიძე, შვილის ცხოვრების დღიურის ფურცლებს გადაგიშლით.



მზია მაღლაკელიძე: დიდხანს არ ვაჩენდი შვილს, იმიტომ რომ, ტოქსიკური ფეხმძიმობა მქონდა. ცუდად ვხდებოდი, არ შემეძლო. ასე იყო პირველ მეუღლესთანაც (გიზო ჟორდანიასთან, – ე.პ.) და მეორესთანაც. ბოლოს და ბოლოს, ათი წლის შემდეგ, გადავწყვიტე, გამეჩინა და გაჩნდა ნუცი. მაშინ 30 წლის ვიყავი. მის გამო ყველაფერი გვერდზე გადავდე. რუსთაველის თეატრს გერმანიაში გასტროლები ჰქონდა. „სიბრძნე სიცრუისაში“ წეროს ვთამაშობდი. შემომითვალეს, გელოდებითო. დიდი ბოდიში, ძალიან ცუდად ვარ, წამოსვლა არ შემიძლია-მეთქი, – ვუპასუხე. მახსოვს, მშობიარობის დრო რომ მოვიდა, დაჭრილი დათვივით ვღრიალებდი. ამ დროს ჯემალი გარეთ, სამშობიაროს წინ დადიოდა და ჩემი ხმა ესმოდა. ჯერ არ იყო გათენებული, რიჟრაჟი იყო, რაღაცას ფეხი წამოჰკრა. პაწაწინა კაკალი დაინახა. აიღო და გაიფიქრა – მეორეც თუ ვიპოვე, ორივე გადამირჩებაო, დაიწყო მეორე კაკლის ძებნა და იპოვა.

– როგორც ვიცი, მეუღლის ოჯახმა თავიდანვე არ მიგიღოთ. ბავშვთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?

– რატომღაც, ისე მოხდა, რომ მის ოჯახს არ ვუნდოდი. ჩვენ ერთად არასდროს გვიცხოვრია და არც გადასარევი ურთიერთობა გვქონია ერთმანეთთან, თუმცა ნუცა თავისებურად უყვარდათ. ჯემალმა ნუცის დედამისის სახელი დაარქვა. მთელი ცხოვრება, პირველი ქმრითაც და მეორე ქმრითაც, დედასთან ვცხოვრობდი. დედისერთა ვარ და დედაჩემს სულ კუდში დავყვებოდი. მამის მხრიდან მყავს და, ქეთინო მაღლაკელიძე, რომელიც მხატვარი გახლავთ. ძმაც მყავდა. სწორედ მამაჩემმა გამოიგონა დღეს ცნობილი მედიკამენტი „კამელინი“. მამა გულით გარდაიცვალა. ასე რომ, ვერ მოასწრო თავისი საქმის რეალიზება და ქეთინომ მოაბა თავი ამ ყველაფერს.

– როდის შენიშნეთ ნუცაში სიმღერის, ხატვის ნიჭი?

– დილით ჩავაცმევდი და ფანჯრიდან ეზოში გადმოვსვამდი. როგორც კი ეზოში ვინმე ონკანს მოუშვებდა, ეს ონკანი დრიგინ-დრიგინს იწყებდა, ნუცაც აჰყვებოდა ხოლმე მის ხმას და ცეკვავდა. მეზობლის ქალი, ნაილი, გიჟდებოდა და ამბობდა, ეს აუცილებლად კარგი ვინმე გამოვაო. გავიდა დრო. პირველი სპექტაკლი ჩამოიტანეს თბილისში, რომელშიც ნუციმ პრიზი „ჩაიკა“ მიიღო. ნაილიმ თქვა: მზია, მთელი თქვენი საგვარეულოდან ყველასგან რაღაც კარგი აიღო ამ ბავშვმა, ეს რა საოცრება ვნახეო. ჯემალი უნიჭიერესი მხატვარი და მოქანდაკე იყო. თავიდან მაინცდამაინც არც ერთი არ იკლავდა თავს, რომ ხატვა ესწავლა, მერე დიდი ხალხის წრეში ტრიალებდა და ეს ინტერესი თავისთავად გაჩნდა. ნუცის პირველი პედაგოგი იყო ზურაბ ნიჟარაძე. სკოლაშიც ძალიან კარგი იყო. ერთხელ, ბრეხტის საღამო მოაწყვეს. მთელი ჯგუფი კითხულობდა ლექსებს, ნუციც შიგადაშიგ უკრავდა. დაიწყო საღამო, ჩართეს მაგნიტოფონი და არ ირთვება. დაიბნენ ბავშვები. გავარდა ნუცი სცენაზე, მიუჯდა ინსტრუმენტს და უკრავს „კავკასიური ცარცის წრიდან“ მუსიკას. უცებ აჰყვნენ ბავშვები. მთელი სკოლა გაშტერებული დარჩა.

დედა მღეროდა არაჩვეულებრივად და პირველი სიმღერა, „რუკი“, დედამ ასწავლა. მთელი ბავშვობა მღეროდა და ცეკვავდა, მაგრამ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმიცია, არ მიფიქრია, რომ მომღერალი გამოვიდოდა. თავთან ჩართული მაგნიტოფონით იძინებდა და იღვიძებდა. სულ ელა ფიცჯერალდს უსმენდა. ინტერვიუებშიც აქვს ნათქვამი, როცა ეკითხებოდნენ, ვინ იყო შენი პირველი პედაგოგიო, ეს პასუხობდა – ფიცჯერალდიო.

– როცა რუსეთში წასვლა გადაწყვიტა, როგორ შეხვდით ამას?

– კალთის ქვეშ გაზრდილი შვილი იყო, ასე თავისუფლად არსად ვუშვებდი. ეგ რომ წავიდა, დედაჩემი და დეიდა, ჯანზე რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, ფეხით გაეკიდებოდნენ. მე რომ არ გამეშვა, ის მაინც წავიდოდა. ამხანაგთან ერთად წავიდა. გვეგონა, რომ დროებითი იყო ეს წასვლა, მაგრამ უკვე რამდენი წელი გავიდა! მერე რუსეთს დავანებეთ თავი და ამერიკაში გადავედით. რუსეთში მას, უბრალოდ, ბაზა აქვს, თორემ, ამერიკაში ახდენს რეალიზებას. არასდროს დაუწუწუნია. არ მახსოვს, მას ჩემთვის რამე ეთხოვა. ბავშვობაში ძალით თუ ვუყიდდი რამეს და ჩავაცმევდი. ჯემალი რომ გარდაიცვალა და ჩამოვიყვანეთ, ნუციმ მითხრა: რა იყო, მე ხომ მეტს არაფერს გთხოვდით, გარდა იმისა, რომ თქვენ კარგად ყოფილიყავითო.

– ვიცი, რომ ნუცას ხილვები აქვს. გვიამბეთ ამაზე.

– ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და არ ვეუბნებოდი, დედაჩემი გარდაიცვალა თუ დეიდაჩემი. ორივე ძალიან უყვარდა. მერე მითხრა: რას მატყუებთ, მე ხომ ვგრძნობდი ყველაფერს. ქუჩაში ძაღლივით ყმუილი ამიტყდა და ვერ ვჩერდებოდი. ვიცოდი, რომ ვიღაცას რაღაც დაემართაო. ფრენკ სინატრა გარდაცვლილი იყო და ამერიკაში „ნიუ-იორკს“ მღეროდა. რუსეთში ჩამოვიდა და აეკვიატა აზრი: „მზია თუ ჯემალი?“ უფიქრია, ალბათ, მზია, იმიტომ, რომ სულ რაღაც აწუხებს, წუწუნებსო. დაურეკეს და უთხრეს, მამაშენი გარდაიცვალაო. სიზმრები სულ ამოიღო თავიდან. რაღაც საშინელებები ემართებოდა. მეც მესიზმრებოდა წინასწარმეტყველური რაღაცეები და ამის მიჩუმათებას ვცდილობდი, მეცოდებოდა ბავშვი. ახლა გონება ჩართო და სულ მეუბნება: არ აჰყვე, ეს ცრურწმენააო. მერიდება რაღაცეების თქმა და ჩუმად ვარ ხოლმე. დედაჩემი სცენაზე მოელანდა. დედას ორმოცი გვქონდა. დარეკა და მითხრა: სულ არ მახსოვდა, თუ სონიკოს ორმოცი იყო. სცენაზე გამოვედი და უცებ ყველაფერი დავკარგე – სცენა, მაყურებელი... გვერდით მარტო სონიკო მედგა და ისე ვიმღერე, ჩემს ცხოვრებაში ასე არ მიმღერია. ტაშმა გამომაფხიზლა და სონიკოც გაქრაო.

– როცა მის ცხოვრებაში თემური შემოვიდა, რა გითხრათ?

– მითხრა – ერთი პიროვნებაა, რომელსაც ძალიან მოვწონვარ. სპექტაკლი ნახა, „ედიტ პიაფი“ და ჩემით აღფრთოვანებულიაო. შენ რას ფიქრობო. ვუთხარი, შენს გულს როგორც გაუხარდება, მეც ის მინდა-მეთქი. არ ვარ ისეთი დედა, რომ რამე დავუშალო. შეიძლება, უბრალოდ, ვურჩიო. ყველა მიყვარს, ვისაც ნუცი უყვარს. ტიმური ნუცის პროდიუსერი გახდა, მისი საქმეებით არის დაკავებული. ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი. კავკასიელია, უბრალოდ, სულ პატარა იყო, ამერიკაში რომ წაიყვანეს. ნელ-ნელა სწავლობს ქართულს. რომ დამელაპარაკება, მეტყვის ხოლმე: „გენაცვალე, როგორა ხარ?“ ნუციმ მითხრა, ადვილად ითვისებს ენებსო. ძალიან მინდა, ერთი შვილი მაინც ჰყავდეთ. როცა ღმერთი აძლევდა, მაშინ იშორებდა და ვნახოთ, ახლა როგორ იქნება. თვითონ ამბობს, მე რომ შვილი გამეჩინა, მაშინ მასთან ერთად უნდა დავრჩენილიყავი, ვერავისთან დავტოვებდიო.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3