ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემი მეუღლე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 43 წლის მამაკაცია. გვაქვს თუ არა შანსი, ვიყოლიოთ ჯანმრთელი ბავშვი?
პასუხი: ნაყოფის ფორმირებისთვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს ქალის ჯანმრთელობასა და ასაკს. ალბათობა, რომ ბავშვს ექნება შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილება, დაახლოებით 10 პროცენტია. ასეთი რისკი კი, საშუალოდ ითვლება და ამის გამო ბავშვის ყოლაზე უარს არ ამბობენ.
კითხვა: როგორ ითვლიან ორსულობის სამეანო ვადას?
პასუხი: ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 40 კვირა.
კითხვა: ორსულობის დროს ძალიან გამიუარესდა ფრჩხილების მდგომარეობა. ბავშვი უკვე 3 წლისაა, ვსვი ვიტამინები, მაგრამ ვერანაირ ეფექტს ვერ მივაღწიე. მირჩიეთ რამე.
პასუხი: მიაკითხეთ თერაპევტს და იმუნოლოგს, ჩაიტარეთ ანალიზები, რომლებსაც ისინი დაგინიშნავენ.
კითხვა: როგორ მოქმედებს ლამბლიები ორსულობაზე?
პასუხი: ლამბლიები ორსულობაზე უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს, მკურნალობის კურსს იტარებენ მშობიარობის შემდეგ.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ოპერაცია რეფლექს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ, თუ, შესაძლებელია წამლებით მკურნალობა?
პასუხი: რეფლექს-ეზოფაგიტს, როგორც წესი, კონსერვატიულად მკურნალობენ და მხოლოდ მძიმე შემთხვევებში ხდება ქირურგიული ჩარევა. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საყლაპავის ლორწოვანის დაზიანების ხარისხზე, რომელსაც ადგენენ ენდოსკოპიური გამოკვლევით. ინიშნება ანტისეკრეტორული პრეპარატები 6-დან 12 კვირამდე კურსით.
კითხვა: დამიდგინდა ჰიპოთირეოზი. ექიმმა დამინიშნა L-თიროქსინი. ახლავე უნდა დავიწყო წამლის მიღება თუ შეიძლება ანალიზების გადამოწმება?
პასუხი: ჰიპოთირეოზის დროს ინიშნება პრეპარატი ჰორმონის რაოდენობის აღსადგენად. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა საკმაოდ რთულია და, შეიძლება, წამლის მიღება მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაგჭირდეთ. ანალიზების გადამოწმება პრობლემას არ წარმოადგენს, ამას სულ 1-2 დღე დასჭირდება.
კითხვა: შეიძლება თუ არა ოსტეოპოროზმა მამაკაცებში უშვილობა გამოიწვიოს?
პასუხი: ოსტეოპოროზთან მიმართებაში, ასეთი მონაცემები არ არსებობს. უშვილობის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, თუ 1-1,5 წლის განმავლობაში ვერ დაორსულდით.
კითხვა: როგორი დიეტა უნდა დავიცვათ ჰიპერტონიული დაავადების დროს?
პასუხი: ჰიპერტონიული დაავადების დროს ძირითადი შეზღუდვა დაკავშირებულია მარილის მიღებასთან (3,5-4 გრამამდე დღე-ღამეში). ხშირად ჰიპერტონია ვითარდება ზედმეტი წონის გამო, ამიტომ საკვების კალორიულობას უნდა მიაქციოთ ყურადღება. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: ხილი, ბოსტნეული, მცენარეული ცხიმი, ზღვის თევზი, ნიგოზი – ანუ პროდუქტები, რომლებიც ათეროსკლეროზის რისკს ამცირებს. ასევე, მიაქციეთ ყურადღება კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის შემცველ პროდუქტებს (გარგარი, ვაშლი და სხვა), განსაკუთრებით, თუ შარდმდენი პრეპარატებით მკურნალობთ შეზღუდეთ მატონიზებელი სასმელები (ყავა, მაგარი ჩაი) და ალკოჰოლი.