მამათა შეგონებანი
იოანე ოქროპირი: რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისგან. ამრიგად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისა, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.
გაბრიელ ეპისკოპოსი: სასუფეველი ცათა ბრწყინვალე ქალაქის მსგავსია, რომლის მოქალაქენიც მდიდარი და წარჩინებული ადამიანები არიან. როგორც ღარიბსა და უქონელს არ შეუძლია მათ შორის გარევა და მათგან პატივის მიღება, თუ ჯერ სიმდიდრე არ შეიძინა, ასევეა ქრისტიანიც, რომელიც სულიერ სიმდიდრეს ანუ სათნოებას არ შეიძენს, სასუფევლის მოქალაქედ ვერ შეირაცხება.
ეფრემ ასური: იმ კეთილი საქმის შესახებ, რომლის ქმნაც განგიზრახავს, ნურავის ეტყვი წინდაწინ, არამედ, ჯერ მოიმოქმედე იგი.
ტიხონ ზადონელი: ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის.
პაისი მთაწმინდელი: ასეა თუ ისე, სინანული – დიდებული საქმეა: ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რომ სინანულით ადამიანს შეუძლია, შეცვალოს ღვთის გადაწყვეტილება. ხუმრობა არაა, რომ ადამიანს ასეთი ძალა აქვს. შენ ბოროტებას აკეთებ? ღმერთი კისერში წაგითაქებს. ამბობ: „ვცოდე”. ღმერთი რისხვას წყალობად ცვლის და ლოცვა-კურთხევას განიჭებს.
***
ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი პირველი წმიდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ „ვიღებთ” სინდისს მშობლებისგან – როგორც ფოტოასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ: „მას ჭია ღრღნის”. მართლაც არა არის რა უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას.
ზოსიმე პალესტინელი: ვერ ვუგებთ ადამიანები ერთმანეთს სიყვარულში, არამედ შევლახეთ, გავაუფასურეთ სიბრძნე ჩვენი და ერთმანეთის აღარ გვესმის, სავსებით დავკარგეთ გონი. მცირედიც რომ ვიტვირთოთ მოყვასისა მისი მწუხარების ჟამს, როგორც კი გონს მოეგება და იხილავს ჩვენს ერთგულებას მისი განსაცდელისას, სულს დასდებს ჩვენთვის. ასეთია ძალა სიკეთისა.
ანტონ დიდი: ჭეშმარიტება, სიხარული ღმერთისგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მიენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს.
სქემ-იღუმენი იოანე: სულიერი ცხოვრების დამწყები თავიდან მოშურნეობს, მაგრამ მსწრაფლ მოუძლურდება. ის ვერ საზღვრავს – თავიდან ზედმეტად ირჯება, შემდეგ კი მოუკლებს ღვაწლს. გადაჭარბებული მოშურნეობაც და მოდუნებაც დამღუპველია. რომც არ მოაკლოს გარჯა, იგი მაინც საფრთხეშია და ხიბლით მოწყვლა ემუქრება. წმიდა მამები ამბობენ: „თუ ხედავ, რომ ახალგაზრდა თავისი ნებით ისწრაფვის ზეცისკენ, შეაჩერე, რადგან ამგვარად იხსნი მას“.
ბერი პაისი: ავადმყოფობას სიკეთისკენ მივყავართ მაშინ, როცა მას უდრტვინველად ვითმენთ, როცა ღმერთს ვევედრებით მოგვიტევოს ცოდვები და ვადიდებთ მის სახელს.
კირილე იერუსალიმელი: რა არის ღმერთი, ამის ახსნა არ შეგვიძლია. კეთილგონივრულად ვაღიარებთ, რომ ზუსტი შემეცნება არ გაგვაჩნია. ღვთისადმი მიმართებაში ჩვენთვის ყველაზე დიდი ცოდნა – ჩვენი უმეცრების აღიარებაა.