მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ნამდვილად არსებობს თუ არა ჯადო და როგორ ვიმოქმედოთ მის წინააღმდეგ?
პასუხი: ჯადო ნამდვილად არსებობს, ის არის ბოროტი ძალის მოქმედების შედეგი. წმიდა წერილში მის შესახებ ასე წერია: „დადის ლომი მყვირალი და ეძებს, ვინ შთანთქას”; უფალი, იესო ქრისტე კი ამბობს: ვხედავ ეშმაკს ზეცით გარდმომავალსო. მთელი ბიბლიის არსიც ბოროტ და კეთილ ძალთა შორის დაპირისპირებაა. ქრისტიანს, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, აღსარებას ამბობს და ეზიარება, ჯადო ნაკლებად ეკარება. ასევე, ჯადოს საწინააღმდეგოდ ეკლესიაში იკითხება განსაკუთრებული ლოცვები. ამ პრობლემის შესახებ მიმართეთ მოძღვარს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ვატარო ესა თუ ის თილისმა, რომელიც კარგად მაქვს დაცდილი?
პასუხი: თილისმის რწმენა ქრისტიანობისთვის მიუღებელია, რადგან ეს არის მაგიის რწმენა. თუმცა, თუ თილისმაში თქვენ სხვადასხვა ლითონისა და ძვირფასი ქვების სამკაულებსა და ნივთებს გულისხმობთ, უნდა აღინიშნოს, რომ მათ გააჩნიათ ორგანიზმზე გარკვეული ზემოქმედების უნარი. ეს უძველესმა მედიცინამ იცოდა და ადამიანები ხშირად მიმართავდნენ ამ ცოდნას. დღევანდელმა მედიცინამ ეს ცოდნა თითქმის დაკარგა. ამიტომ, უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მინერალებისა და ლითონების ზემოქმედება ორგანიზმზე და თილისმები, რომლებიც კატეგორიულად მიუღებელია.
კითხვა: ჩემმა ახლობელმა, რომელიც ერთ-ერთი სექტის წევრია, თავისი დაწერილი ხატი მაჩუქა. რა მოვუხერხო ამ ხატს?
პასუხი: სექტანტის დაწერილ ხატს სახლში ნუ გააჩერებთ. ხატი არის უფლის საჭვრეტი სარკმელი და თუ ის არაქრისტიანული ხედვით არის შექმნილი, უფალს დაგაშორებთ. თანაც, ყოველი ხატი საეკლესიო კანონიკითა და ეკლესიის ლოცვა-კურთხევით უნდა დაიწეროს, სხვანაირად მას მადლი არ ექნება.
კითხვა: რას ნიშნავს დიკირ-ტრიკირით კურთხევა?
პასუხი: დიკირი ეწოდება ორ შეერთებულ კელაპტარს და სიმბოლურად იესო ქრისტეს ორ ბუნებას გამოხატავს – კაცურსა და ღვთაებრივს. ტრიკირი კი, სამ შეერთებულ კელაპტარს ჰქვია და სიმბოლურად ყოვლადწმიდა სამებას გამოხატავს. დიკირ-ტრიკირით ჯვრის გამოსახვა უფლის მაკურთხებელი მარჯვენის განსახიერებაა.