სიბრძნე მინიატურებში
მოყვასის სამსახურში
ერთმა ძმამ ბერს ჰკითხა – ორი ძმიდან ერთი თავის სენაკში მდუმარებას იცავს. მარხულობს ექვსი დღის განმავლობაში და ასე აწრთობს თავის სულს. მეორე კი დაუღალავად დასტრიალებს თავს ავადმყოფებს და ტანჯვას უმსუბუქებს მათ. მამაო, რომლის საქმიანობაა უფრო სათნო უფლისთვის? ბერმა უპასუხა, რომ ძმა, რომელიც მხოლოდ მდუმარებასა და ექვსდღიან მარხვას იცავს. ძელს ცხვირითაც რომ დაეკიდოს, მაინც ვერ გაუტოლდება მას, ვინც ავადმყოფებს ეხმარება.
ხანძარი ტყეში
ერთხელ ცეცხლმოკიდებული ტყიდან ყველა ნადირი გაიქცა. მხოლოდ ერთი პატარა ჩიტი ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას. თავისი პაწაწინა ნისკარტით წყალი წვეთ-წვეთად მიჰქონდა და ცეცხლს ასხამდა. მიჰქონდა და ასხამდა...
ჩიტს ჰკითხეს: – რას შვრები? ნუთუ გგონია, რომ ხანძარს ჩააქრობ?
ჩიტმა უპასუხა: – ალბათ, ვერ ჩავაქრობ, მაგრამ, რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ.
სიცრუის შესახებ
წირვის შემდეგ მღვდელმა გამოაცხადა: შემდეგ კვირას სიცრუეზე ვისაუბრებთ. უფრო ადვილად რომ შეიმეცნოთ ჩემი ქადაგება შინ მარკოზის სახარების მეჩვიდმეტე თავი წაიკითხეთო. კვირის თავზე მღვდელმა ქადაგების წინ გამოაცხადა: ვინც მეჩვიდმეტე თავი წაიკითხა, ხელი აწიოსო. თითქმის ყველამ აწია ხელი. „სწორედ ამიტომ მინდოდა თქვენთან სიცრუეზე მესაუბრა“, – თქვა მღვდელმა, – მარკოზის სახარებაში მეჩვიდმეტე თავი საერთოდ არ არსებობსო.
პეპლები და ცეცხლი
სამი პეპელა ანთებულ სანთელთან მიფრინდა და ცეცხლის შესახებ მსჯელობა დაიწყო. ერთ-ერთი ალს მიუახლოვდა. უკან დაბრუნდა და თქვა: – ცეცხლი ანათებს. მეორე უფრო მეტად მიუახლოვდა და ფრთა შეეტრუსა. უკან რომ დაბრუნდა, თქვა: ის წვავს! მესამე იმდენად ახლოს მივიდა, რომ ცეცხლში შთაინთქა, გაქრა და ვერ დაბრუნდა. მან გაიგო, რისი გაგებაც სურდა, მაგრამ დანარჩენებს ამის შესახებ ვერაფერი უთხრა. მას, ვინც ცოდნა მიიღო, მასზე ლაპარაკის შესაძლებლობა ერთმევა. ამიტომ მცოდნე დუმს. მოლაპარაკემ კი არაფერი იცის.
ყველაფერი გაივლის
ერთხელ რაბინთან ერთი კაცი მივიდა და შესჩივლა: მოძღვარო, ისე ცუდად არის ჩემი საქმე, ისე ცუდად... სამუშაო დავკარგე, ცოლი ავადმყოფობს, ქალიშვილი ვერაფრით თხოვდება, ვაჟს სწავლა არ უნდა... რაბი, იქნებ მირჩიოთ, რა ვქნა? – დიახ, დიახ, არის ერთი ძველი საშუალება, – უთხრა რაბინმა, – აიღე, რაც შეიძლება ბევრი ფურცელი და სათითაოდ ყოველ მათგანზე ჩამოწერე: „ეს ყველაფერი გაივლის“ . შემდეგ შენი ბინის ყველა ოთახში გააკარი. საგონებელში ჩავარდნილმა კაცმა რაბინს მადლობა გადაუხადა და წავიდა. ორი წლის შემდეგ ეს კაცი ისევ მივიდა რაბინთან და უთხრა: – რაბი, მე თქვენი ისეთი მადლობელი ვარ, ისეთი მადლობელი, სიტყვები არ მყოფნის! ჩინებული სამსახური ვიშოვე, ცოლი გამოჯანმრთელდა, ქალიშვილი გათხოვდა, ბიჭმა სწავლა დაამთავრა და ფირმაში მოეწყო სამუშაოდ... ყველაფერი არაჩვეულებრივადაა! დიდი მადლობა! ჰო, კიდევ მინდოდა მეკითხა – ის ქაღალდები, ჩემს ბინაში რომ გავაკარი, შეიძლება, ჩამოვხსნა? – რატომ უნდა ჩამოხსნა? – გაუკვირდა რაბინს, –ჯერჯერობით იყოს...