რატომ ვარდებიან ადამიანები აღდგომის მარხვის შემდეგ ხშირად მძიმე ცოდვებში და როგორ კარგავენ ისინი 7 კვირის განმავლობაში მიღებულ მადლს
როგორც ცნობილია, ვნების შვიდეულსა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება, რომელსაც მოჰყვება კვირაცხოვლობა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დროს, ადამიანები კიდევ ერთხელ აცნობიერებენ იმ სიხარულს, რომელიც მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას მოჰყვება. ამ საკითხის შესახებ, უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– აღდგომის მომდევნო შვიდი დღე არის ბრწყინვალე შვიდეული, ხოლო კვირა ერთადერთი დღეა, რომელსაც ეწოდება აღდგომის თანასწორი დღე, იგივე კვირაცხოვლობა – თომას კვირა, რომელიც იმავე სიხარულითა და თანასწორი ზეიმით უნდა აღნიშნონ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის, აღდგომის სიხარული მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება, ამას ერთი დღე კი არა, რამდენიმე წელიწადი არ ეყოფა. ყველა ბრწყინვალე მოვლენას ანგელოზები აუწყებენ ადამიანს, მაგრამ არც ანგელოზებმა და არც ადამიანებმა არ იციან ბოლომდე ამ სიხარულის შესახებ. რომ ეს სიხარული ღვთაებრივი, ზეციური, გონებით მიუწვდომელია.
– დღეს, ადამიანები, როდესაც რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებზე რაღაც დაუჯერებელ ფაქტზე საუბრობენ, ხშირად იყენებენ გამოთქმას „ურწმუნო თომასავით” იქცევი. ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რწმენა, თუ როგორ შეიძლებოდა, მაცხოვარი მკვდრეთით აღმდგარიყო.
– სამწუხაროდ, დღეს, ადამიანების მეტყველებაში დამკვიდრებულია ტერმინი – „ურწმუნო თომა”. თომა არ იყო ურწმუნო. რაც მას აწუხებდა, იგივე აწუხებდა უფლის სხვა მოციქულებსაც და იგივე აწუხებთ თანამედროვე ქრისტიანებს. ვინმემ რომ იკითხოს – მამაო, ვერ გამიგია, როგორ აღდგა ქრისტეო, შეიძლება განკითხვაში ჩავვარდეთ და მასზე შთაბეჭდილება შეგვეცვალოს. მაგრამ, ეს არ იქნება სწორი. ადამიანის გონება უნდა იყოს მეცნიერი, გამომძიებელი უნდა იყოს საღვთო ეჭვებში. არ შეიძლება ყველაფერი ბრმად ირწმუნო. ამიტომაც, ინება ღმერთმა, რომ თომა მიეშვა საკუთარ სხეულთან. შეეხო თუ არა მას თომა, ეს არ ვიცით, მაგრამ უფალი, ჩვენგან ითხოვს რწმენას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ირწმუნო მხოლოდ – არ არის საკმარისი, ამისი მატერიალური დადასტურებაც უნდა შეგეძლოს. თომამ თამამად გამოხატა თავისი შინაგანი ბრძოლა, შინაგანი საღვთო ეჭვი. ადამიანი, რომელიც ლაზარეს აღდგომას დაესწრო, იგებს, რომ მაცხოვარი უნდა ეწამოს, აღდგეს მკვდრეთით. ძალიან საინტერესო და საცნაურია მაცხოვრის სიტყვები, როდესაც ის ეუბნება თომას: „თომა, მოვედი და იხილე, ურწმუნო კი არა, მორწმუნე იყავ”. როდესაც თომა დარწმუნდა, რომ ქრისტე მართლა აღდგა, მაცხოვარი მას უკვე ასეთ სიტყვებს ეუბნება: „შენ მიხილე და გწამს, რომ ვარ აღდგომილი ღმერთი, მაგრამ არის ხალხი (ჩვენზე და იმ ხალხზეა საუბარი, ვისაც არ უხილავს ქრისტე), ვისაც არ უხილავს ჩემი თავი, მაგრამ სწამს. როდესაც ადამიანი განცხადებულად შეეხები ღვთაებრივს, ადვილია, ირწმუნო, მაგრამ, როცა არ გინახავს და მაინც მტკიცედ გწამს, რომ იესო ძე ღვთისაა და ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით – აი, ასეთ რწმენას აქებს უფალი. ადამიანის ხასიათი ისეთია, უჭირს იმის რწმენა, რაც არ უხილავს. პირველი საუკუნიდანვე მრავალი ცრუ, მწვალებლური სექტა გაჩნდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქრისტე მოვიდა სულიერად, ხილვით, მოჩვენებით და არავითარი ჯვარცმა არ დაუთმენია. ამიტომაც არის საჭირო, რომ ხორციელად, მატერიალურად შევეხოთ საღვთო საიდუმლოს. ასე ეუბნება თომას ქრისტე: „შემეხე, ნახე – სულს ხორცი და ძვალი არ აქვს”. მარტო სულის აღდგომა არ ყოფილა, იმიტომ, რომ მაცხოვარს სულიერი აღდგომა არ სჭირდებოდა. ის არის ერთარსება, სამპიროვანი ღმერთის მეორე ჰიპოსტასი. ის ადამიანური ბუნებით, ხორციელად ეცვა ჯვარს, აღადგინა დაცემული ბუნება ადამიანისა. კვირის განახლება, თომას კვირა ჩვენთვის არის კიდევ ერთი განმტკიცება, დაჯერება, დარწმუნება იმაში, რომ ქრისტე მართლა აღდგა. თომას ურწმუნო კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ, ის არის ჩვენი წინამძღვარი რწმენაში, რომელმაც დაიმდაბლა თავი, დაეჭვდა და სიმდაბლით იკითხა ეს. დღესაც, ბევრი რამ არ იციან, მაგრამ ერიდებათ, რომ ჰკითხონ სულიერ ძმას, დას, მას, ვინც შედარებით განსწავლულია, ან მოძღვართან თქვან აღსარებაში – მამაო, არ ვიცი, რას ნიშნავს ესა თუ ის საიდუმლო. თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ გაიგებს, არ შეიმეცნებს, ის მართლა ურწმუნო ქრისტიანი იქნება. ჩვენ ადამიანების ცხოვრების გარკვეული ნიუანსები უნდა ვიცოდეთ, რათა, რამე რომ დაგვემართოს, არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, არ ვთქვათ, ეს მე რატომ დამემართაო. მოძღვარი ვარ, მაგრამ ბევრ რამეში ნაკლებად ვერკვევი, ამიტომ, ვეკითხები მოძღვარს, ეპისკოპოსს, ვცდილობ, მეტი წავიკითხო, ვისწავლო, ვოლოცო. ადამიანი რწმენაში, სიყვარულსა და ცოდნაში მარადიულად განისწავლება. დედამიწაზე თუ ხორციელად განვისწავლებით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მერე ის სულიერად განისწავლება და ეს არის მარადიული პროცესი. ოღონდ, თუ დედამიწაზე არ დაიწყე საღვთო შემეცნება და განსწავლა, ბუნებრივია, იმქვეყნად ვერაფერს მიიღებ. ასე რომ, სწავლა სიბერემდე კი არა, უფლამდე მისასვლელი გზაა. განსწავლა აუცილებელია და ამის ერთ-ერთი მაგალითი თომა მოციქულია და მისი თამამი, გულწრფელი აღიარება იმისა, რომ ვერ იგებს, მაცხოვარი მართლა აღდგა თუ არა. კვირაცხოვლობის კვირიაკე – ეს არის ადამიანის გონების ამაღლება, ადამიანის მეცნიერული აზროვნება, ეჭვის განქარვება.
– ბრწყინვალე შვიდეულში მსგეფსია, ლოცვის ტიპიკონი შემსუბუქებულია, რაც ხშირად, ადამიანების გაზარმაცებას იწვევს.
– ძალიან ბევრი, იმის გამო, რომ 47 დღის განმავლობაში თავგამოდებით მარხულობდა და არ გაეკარა არაფერს სახსნილოს, მიეცემა თავაშვებულობას და ისეთ ცოდვაში ჩავარდება, შეიძლება, თომას კვირას ეკლესიაშიც ვერ მოვიდეს. როგორც ბასილი დიდი ამბობს, ადამიანი, დღესასწაულს ბოყინითა და სლოკინით არ უნდა ზეიმობდეს. მე უფრო მეშინია, ადამიანის ცხოვრებისა არა ვნების შვიდეულში, არამედ, ბრწყინვალე შვიდეულში. მარხვის მძიმე დღეებში ადამიანი მაინც ორგანიზებას უკეთებს საკუთარ საქციელს – დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, ბრწყინვალე დღეებში კი – ყველა ერთობა, მოლხენითაა და ამ დროს, ეშმაკი მათთან ახლოს არის. შესაბამისად, ამ დღეებში ადამიანს მეტი გულისხმისყოფა, სიფრთხილის, თავმდაბლობისა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება, რათა არ დაკარგოს ის მადლი, რაც 47 დღის განმავლობაში მიიღო. რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერვე უნდა ავდგეთ, დავიმდაბლოთ თავი, მივიდეთ ეკლესიაში. მოძღვარიც ადამიანია, გაგვიგებს, მოგვეფერება. ცხონება ხდება ადამიანის სურვილით, უფლის ლოცვა-კურთხევით – ეს არის ორი ფრთა, რითაც ადამიანი უნდა აფრინდეს უფალთან: ერთი არის მადლი ღვთისა, მეორე – საკუთარი ძალისხმევა.
– კვირაცხოვლობას მორწმუნეებს ტაძარში წმიდა პური – არტოსი ურიგდებათ, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ.
– არტოსი – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს პურს. ის არის სიმბოლო იმისა, რომ, როდესაც მოციქულები მაცხოვრის ამაღლების შემდეგ აზიარებდნენ ხალხს და სხდებოდნენ ტრაპეზზე, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ. იქ დებდნენ პურს და ამბობდნენ, ეს არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ანუ, არტოსი არის წმიდა პური, სიმბოლო იესო ქრისტესი, იკურთხება აღდგომა დღეს, ერთი კვირის განმავლობაში არის დაბრძანებული ტაძარში და თომას კვირის წინა შაბათს ურიგდება მორწმუნეებს. მათ ის აქვთ მთელი წლის განმავლობაში და სნეულებაში, განსაცდელში იხმევენ. აქაც საჭიროა ჩვენი სარწმუნოება, რწმენა – ზოგს მიაქვს ბევრი პური და უობდება. პური იქნება თუ სანთელი, რწმენით უნდა მივიტანოთ სახლში და რწმენით გამოვიყენოთ.