როგორ ისწავლა სიზმარში ლალი ბურდულმა თოჯინების გაკეთება და როგორ გახსნა ქურდობის ფაქტი მისმა შექმნილმა თოჯინამ
ლალი ბურდულმა პირველი თოჯინა თავისი კოლექციისთვის 12 წლის წინ შექმნა. მისი კეთება კი, არც მეტი, არც ნაკლები სიზმარში ისწავლა. თუ ვისთან ერთად მუშაობს ის კოლექციის შესაქმნელად, რამდენი თოჯინაა ამჟამად ამ კოლექციაში და რატომ გაგზავნა მან თავისი 1.80 მეტრი სიმაღლის თოჯინა როსტოვში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– როდის შეიქმნა პირველი თოჯინა ამ კოლექციისთვის?
– მე და ჩემი და, თამარი, ბავშვობიდან ვხატავდით და ვძერწავდით. სულ პირველი ნამუშევარი 3 წლის ასაკში მაქვს შესრულებული და დღემდე ვინახავ მის ფოტოს სამახსოვროდ. ვცდილობდით, ჩვენი ფანტაზიით შეგვექმნა ნამუშევრები. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ, გამოგიტყდებით, რომ თოჯინის შეკერვა სიზმარში შევისწავლე.
– ეს როგორ?
– მეც არ ვიცი. ვიღაც მოვიდა სიზმარში და მასწავლა, როგორ უნდა შემეკერა ცხვირი, კბილები და ასე შემდეგ.
– რამხელა იყავი მაშინ?
– დაახლოებით 15-16 წლის. მანამდეც ვაკეთებდით რაღაც-რაღაცეებს მე და ჩემი და, თუმცა, ამ დროიდან ჩვენი ნამუშევრები გაცილებით დაიხვეწა და უფრო სრულყოფილი სახე მიიღო. ამ პერიოდიდან დავიწყეთ კოლექციის შექმნაც.
თავიდან გავაკეთეთ „გოგია”, ძალიან დასამახსოვრებელი სახე ჰქონდა. სხვათა შორის, ეს თოჯინა ერთ-ერთი გამოფენიდან მოიპარეს...
– გამოფენა გაქურდეს?
– დიახ. ეს გამოფენა თოჯინების თეატრში ტარდებოდა და მხოლოდ ჩვენი თოჯინა არ დაკარგულა, თუმცა, ჩვენი „გოგიას” დამსახურებაა, რომ ქურდი იპოვეს. ერთ-ერთმა პიროვნებამ იცნო ის, როდესაც მშრალ ხიდზე ჩააბარეს გასაყიდად, გამოეკიდა და...
– კიდევ თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული სხვა გამოფენებში?
– დიახ, როგორ არა. არტგენის ფესტივალს გავიხსენებდი განსაკუთრებით. ვგეგმავთ პერსონალური გამოფენის მოწყობასაც. მახსოვს, ერთ-ერთ გამოფენაზე ყველა თოჯინას თავისი სახელი დავარქვით და გულზე წარწერები გავუკეთეთ. ბავშვები შემოვიდნენ, გაერთნენ მისი კითხვით. შემდეგ ერთმანეთს ამ თოჯინებს ამსგავსებდნენ და შესაბამისი სახელებით მიმართავდნენ. იმდენი იხალისეს, სახლში ძლივს წაიყვანეს მშობლებმა. ერთმა პატარამ კი ერთი თოჯინა აიღო და, რომ მიიხუტა, ხელიდან ვეღარ გააგდებინეს. რა თქმა უნდა, ვაჩუქეთ.
– ანუ, გაჩუქება შეგიძლია?
– რა თქმა უნდა. რაც ამ კოლექციაში თოჯინებია წარმოდგენილი, ორი ამდენი გაჩუქებული გვაქვს. ძალიან იშვიათად ვყიდით კიდეც. იმისთვის, რომ შექმნა, ახალი თანხებია საჭირო. ამიტომ, ზოგიერთ თოჯინასთან განშორება გვიწევს. რამდენიმე რესტორნისთვის გავაკეთეთ შეკვეთები – ადამიანის ზომის თოჯინები დავამზადეთ. ერთი „კახელი” როსტოვში წაიყვანეს და მე და ჩემმა დამ დიდი ამბით გავაცილეთ. ჩვენს კახელს პერსონალური ბილეთი აუღეს, ჩასვეს სამარშრუტო ტაქსიში და გაამგზავრეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი შემოგვითვალეს, ძალიან მოიწყინა და მეწყვილე სჭირდებაო. ჩვენც არ ვაწყენინეთ.
– რამდენი თოჯინის ავტორი ხარ დღესდღეობით?
– მაგას ვინ დათვლის, ათასამდე მაინც.
– რამდენი წლისაა ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია უკვე თორმეტი წლის გახდა.
– ძირითადად, რა კითხვებით მოგმართავენ, როდესაც ამ კოლექციას ათვალიერებენ?
– როგორც წესი, ყველა დამთვალიერებელს თვალები უბრწყინავს, თუმცა ტექსტი სხვადასხვა აქვთ: „რა ლამაზია”, „რა საყვარელია”, „ნერვები როგორ გყოფნით ამათ შესაკერად?” მინდა გითხრათ, რომ, როცა საქმე გიყვარს, ხალისით აკეთებ და როდესაც ამ თოჯინებს ვქმნით, ვისვენებთ. არც არანაირი ძალდატანებაა ჩვენთვის საჭირო მათ შესაქმნელად. ეს ის საქმიანობაა, რომელიც არასდროს მომწყინდება.
– ყველაზე ძალიან რომელი თოჯინა გიყვარს და რატომ?
– განსაკუთრებით ხევსური და კახელი თოჯინები მომწონს. სხვათა შორის, გამოფენაზეც უფრო პოპულარულები ისინი არიან ხოლმე.
– რა დრო სჭირდება ერთი თოჯინის შექმნას?
– გააჩნია თოჯინის ზომას, დაახლოებით სამი დღიდან ერთ კვირამდე. მაგალითად, 1.80 სანტიმეტრი სიმაღლის თოჯინის შექმნას, მე და ჩემმა დამ ერთი თვე მოვანდომეთ. რაც შეეხება ამ თოჯინების ჩაცმულობას, ნინო ბრაილაშვილის წიგნიდან ვხელმძღვანელობთ.
– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?
– ეს არის ის, რის გარეშეც ვერ ვიარსებებდი. ამ კოლექციაში ვდებთ მე და ჩემი და მთელ სულს.