კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუძლია ქალს, შეაძულოს დაქალს ქმარი და წაართვას ბედნიერება

მესამე პირი ქალისა და მამაკაცის, მით უფრო – ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, ხშირ შემთხვევაში, არათუ დისკომფორტს იწვევს, განხეთქილების მიზეზიც კი ხდება. საუბარი არ არის სასიყვარულო სამკუთხედზე. ეს სხვა თემაა და სხვა პრობლემების გამომწვევი, საქმე ქალების მეგობრობას ეხება, უფრო სწორად, მეგობრობით შენიღბულ ურთიერთობას, რომელსაც ერთ-ერთი მათგანისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. რატომ უნდა უნდოდეს ერთ ქალს მეორე ქალისთვის, მით უფრო – მეგობრისთვის, ცხოვრების დანგრევა? რატომ უნდა გაუჩნდეს მისი ოჯახის დანგრევის სურვილი? რა არის ეს – შური, ბოღმა, თუ ადამიანის ხასიათი, ავნოს სხვას, ყველაფერი გააკეთოს, რათა დაუნგრიოს ბედნიერება? სამწუხაროდ, მეგობრის „ტყავში” შემძვრალი მტერი ჭეშმარიტ მტერსა და ავის მსურველზე გაცილებით საშიშია, რადგან მაშინ ამჟღავნებს თავის ჭეშმარიტ სახეს, როცა უკვე ძალიან გვიან არის.

ირინა (32 წლის): ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ოჯახურ ბედნიერებას საფრთხე ამ მხრიდან დაემუქრებოდა. ყოველთვის მეგონა, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ბზარი მაშინ ჩნდება, როცა არენაზე მესამე – ცოლის მეტოქე ქალი, ქმრის შემთხვევითი გატაცება ან ახალი სიყვარული გამოდის. ალბათ, კიდევ ბევრს ჰგონია ჩემსავით, მაგრამ, ადვილად შეიძლება, ბედნიერება სულ სხვა ფაქტორმა დაგინგრიოს. პატარა არ ვარ, მაგრამ, საკმაოდ გამოუცდელი აღმოვჩნდი ინტრიგის წინაშე. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. შეიძლება, გულუბრყვილო რწმენა იმისა, რომ ქალებს კარგი მეგობრობა შეგვიძლია.

– არ არის ასე?

– არ არის. ძალიან ბევრი პრობლემა სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ ამის გვჯერა. ვინც ხელს გიწვდის, გიღიმის და გეუბნება, მომიყევი, შენი ტირანი ქმარი როგორ გაწვალებსო, ყველა შენ მეგობრად არ უნდა ჩათვალო. ყველას კარგი არ უნდა შენთვის. ყველას არ შესტკივა გული. რატომ გვგონია, რომ ვიღაც უცხო (როგორი ახლო მეგობარიც უნდა იყოს, ოჯახის წევრი ხომ მაინც არ იქნება) ქმარზე უფრო ახლობელია ჩვენთვის?

– ასე მარტივადაც არ არის საქმე. გააჩნია ქმარს და გააჩნია მეგობარს.

– მე არ ვლაპარაკობ არანორმალურ სიტუაციებსა და შემთხვევებზე. ხშირ შემთხვევაში ქალი ხომ იმიტომ თხოვდება, რომ იმ ადამიანის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია? სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა ამიტომ გავთხოვდი. ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა, ერთ წუთს ვერ ვძლებდი, რომ არ მენახა. ისიც ასე იყო. ჩვენი ყველას შურდა – რა მაგრები ხართო. თვითონაც უნდოდათ, ჩვენსავით ბედნიერები ყოფილიყვნენ. მხოლოდ ის ჩემი დაქალი თამაშობდა გულწრფელ აღფრთოვანებას. უნდა ვთქვა, რომ ჩემი ქმარი სწორედ მის დაბადების დღეზე გავიცანი – მისი ბიძაშვილის ძმაკაცი იყო და მოიყვანა. მგონი, პირველივე ნახვით დავფეთდით ერთმანეთზე.

– რამდენი ხნის წინ იყო ეს?

– ექვსი წლის წინ. ერთი წელი ძლივს გავქაჩეთ შეყვარებულობის ფაზაში, მეტი ვერა. როგორც კი ჩემმა მომავალმა მეუღლემ სამსახური იშოვა და უკვე შეეძლო ოჯახის რჩენა, დავქორწინდით. არასდროს მიფიქრია, რომ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. ძალიან მალე გავაჩინე პირველი ბავშვი, მერე მეორე და ჩავჯექი სახლში.

– გათხოვებამდე რას აკეთებდით?

– ოფისმენეჯერი ვიყავი ერთ წარმატებულ კომპანიაში, ბევრი საქმე არ მქონდა, მაგრამ, მითითება იყო, რომ სულ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი. თავის მოვლა და კარგად ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა. ამიტომ, ამ დავალებას დიდი სიამოვნებით ვასრულებდი. ბავშვი რომ გავაჩინე, მინდოდა, ისევ დავბრუნებულიყავი სამსახურში, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ჩემი ხელფასი რძეზე და გზის ფულზე ძლივს მეყოფოდა. ამიტომ, ვამჯობინე, ბავშვი ბაღის ასაკამდე მე თვითონ გამეზარდა. თან, მომწონდა დედობა, ოჯახურ იდილიაზე ზრუნვა. ვერაფერს დამამცირებელს, ან დამთრგუნველს ამაში ვერ ვხედავდი. ქმარიც მეხმარებოდა – უფროსი შვილი ბაღში იმას დაჰყავდა, სანამ მე პატარას ვუვლიდი. ისედაც ხშირად ეთამაშებოდა ხოლმე ორივეს. საყიდლებზეც გაუპროტესტებლად დადიოდა. ერთი სიტყვით, საკმაოდ ბედნიერად ვცხოვრობდით, სანამ ჩემმა საყვარელმა დაქალმა ჩემი ოჯახის საქმეში ცხვირი არ ჩაყო. ჩაყო რა, მე ჩავაყოფინე ჩემი სისულელით. რა მინდოდა, რისთვის გადავუშალე გული? მაგრამ, ხომ ხვდებით, ყველას გვაქვს მომენტები, როცა სისუსტე გვძლევს ხოლმე. ბუნებრივია, რადგან სახლში ჩავჯექი, საკუთარ თავს ისეთ ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. ფიზიკურად ვერ ვასწრებდი ორი ბავშვის მოვლას, სახლის დალაგებას, დასუფთავებას, საჭმლის მომზადებას ბავშვებისთვის, ქმრისთვის. საკმაოდ ვანებივრებდი გემრიელი კერძებითა და ყველანაირი კომფორტის შექმნით. ვიღლებოდი, მაგრამ, არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, სანამ ერთხელ სხვანაირად არ დამანახვეს ეს ყველაფერი, ანუ, მაგრძნობინეს, რომ მოსამსახურე ვიყავი საკუთარ ოჯახში, და არა სასურველი ცოლი.

– გამოდის, ცოლი სასურველი ქალი ვერ იქნება?

– ზოგიერთების მოსაზრებით, ასეა. არ შეიძლება, დიასახლისი ქალური და ვნებიანი იყოს. მართალია, როცა ოჯახში ამდენი საქმე გაქვს, ძალიან ძნელია, ქალურობაც შეინარჩუნო და საკუთარ გარეგნობაზეც იზრუნო. ვინც ამას ახერხებს, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი ქალია და ქების ღირსია, მაგრამ, მე მაგარი „ნაშა” ცოლებისგან გაქცეული კაცებიც მინახავს. ანუ, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია: ზოგს „ნაშა” უნდა, ზოგს – კარგად მომზადებული კერძი და დალაგებული სახლი.

– თუმცა, როცა ქალი ფორმაშია, ეს ყველა კაცს მოსწონს.

– გეთანხმებით, ყველა ქმარს მოსწონს, როცა მისი ცოლი მიმზიდველად გამოიყურება. ოღონდ, ეს მისი კომფორტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. არ აინტერესებთ, როგორ, მაგრამ, ყველაფერი უნდა მოასწრო.

– თუმცა, მოვლილ და ეფექტურ ცოლებს კაცები ცუდ დიასახლისობას ადვილად პატიობენ.

– შეიძლება, თუმცა, მამაკაცს გააჩნია. უნდა იცოდე შენი ქმრის პრიორიტეტები – რა უნდა, რა ურჩევნია. ჩემს ქმარს აშკარად მოსწონდა ჩემ მიერ შექმნილი ოჯახური იდილია. ასე იყო აღზრდილი და არ მოითხოვდა ჩემგან სუპერსექსუალურ ფორმაში ყოფნას.

– მაშინ, რამ გაგიჩინათ დისკომფორტი და კომპლექსი?

– ჩემი დაქალის ჩარევამ ჩემს პირად ცხოვრებაში. ის შემომიჩნდა და გადამიყვანა ჭკუიდან: სრულიად მოულოდნელად მესტუმრა და მითხრა, შე საცოდავო, რას დამსგავსებიხარო.

– აი, ასე პირდაპირ გითხრათ?

– დიახ, ასე პირდაპირ, თითქმის ორი წელი არ ვყავდი ნანახი, არ ეცალა ჩემთვის. ქმარს ეყრებოდა და სასამართლო ჰქონდა. ბიზნესი წაართვა. დაიწყო ცხოვრება, როგორც თვითონ უნდოდა, მერე კი ჩემზე გადაწყვიტა გართობა. სამწუხაროდ, მე თვითონ მოვახდინე მისი პროვოცირება – მესიჯი გავუგზავნე და ჩემი ამბავი მივწერე.

– „ამბავში” რას გულისხმობთ?

– მივწერე, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, მიხაროდა, არჩევანში რომ არ შევცდი. როგორი არაჩვეულებრივი გოგონები მყავდა და როგორ მახარებდა მათთან ურთიერთობა. რა ძალა მედგა, შარი ტყუილუბრალოდ რომ ავიტეხე? შეიძლება, სწორედ ეს მესიჯი აღმოჩნდა მისთვის გამაღიზიანებელი. მომწერა, სახლის „კრუხად” იქეცი და წარმოდგენა არ გაქვს, ქვეყნიერებაზე რა ხდებაო. შემპირდა, როგორმე გამოვნახავ დროს და შემოგირბენო. მართლაც, მოვიდა. ისეთ ფორმაში იყო, ისეთი ჩაცმული და მოვლილი, გულის სიღრმეში ცოტათი შემშურდა. სარკეში რომ ჩავიხედე, საშინლად არ მომეწონა ქალი, რომელიც იქ დავინახე – მუხლებზე გამობერილი „სპორტული შარვლითა” და დაღლილი სახით. ჩემმა მეგობარმაც არ დამზოგა. ისეთები მითხრა, ჭრილობაზე რომ მარილს მოგაყრიან და მაგრად აგეწვება, ასე ამეწვა. როგორი გოგო იყავი, ნებისმიერ კაცს გადარევდი მხოლოდ ერთი გამოხედვითაც კი და ახლა, რას ჰგავხარო. ოჯახი და შვილები კარგია, მაგრამ, საფრთხობელას რომ დაემსგავსები, შენს საყვარელ ქმარს სხვისკენ გაექცევა თვალი, იჯექი მერე და უცხვე ნამცხვრები, უკეთე ნაირ-ნაირი კერძები. მაინც აღარაფერი გიშველის, იმიტომ, რომ კაცებს თვალებით უყვართო. ვუსმენდი და გული მისკდებოდა, ნელ-ნელა „ვიგრუზებოდი”. მისი წასვლის შემდეგ გუნება შემეცვალა და ხასიათი ისე გამიფუჭდა, ბავშვსაც კი ვეღარ მივაქციე ნორმალურად ყურადღება. თითქმის ძილით დავაძინე და საკუთარ თავს მივხედე. თმა შევიღებე, ტანსაცმელი გამოვიცვალე, ჯინსი და ტანზე მჭიდროდ მომდგარი მაისური ჩავიცვი, ცოტა მაკიაჟიც გავიკეთე და შედარებით მომეშვა გულზე. სამაგიეროდ, ვერაფრის მომზადება ვეღარ მოვასწარი და ქმარი შემწვარ კვერცხზე გადავატარე. სხვათა შორის, არ გაუპროტესტებია. პირიქით, მომიწონა ცვლილება – კარგი გოგო ხარო. კვერცხიც სიამოვნებით მიირთვა, მაგრამ ამან არ დამაკმაყოფილა, პირიქით, უფრო გადავირიე. აგრესია მქონდა. ვისზე ან რატომ ვიყავი გაბრაზებული, არ ვიცი, მაგრამ, რაღაც საშინელ განწყობაზე ვიყავი. მეორე დღეს ჩემი საყვარელი მეგობარი ისევ მესტუმრა. მე ცოტა უკეთეს ფორმაში დავხვდი, მაგრამ, მოწონების მაგივრად, ზედ გადამიარა: შენ ფიქრობ, რომ თვალებზე ტუშის წათხაპვნით რამეს გამოასწორებ? შენი ქმარი, შენში უკვე „კუხარკასა” და დამლაგებელს ხედავს. ასე ადვილად არაფერი შეიცვლება, უნდა ანახვო, რომ შენ ანგარიშგასაწევი ქალი ხარ, რომლის სიყვარულიც უნდა მოიპოვოს. აჩვენე, რომ ვეღარ იქნება სიტუაციის ბატონ-პატრონიო, ისევ კარგად დამგრუზა, დამაპროგრამა და წავიდა. იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა: თითქმის სულ ავიღე ოჯახზე ხელი, მივუშვი, რომ იტყვიან. ჩემი ქმარი თავიდან ჩუმად იყო და ისე იქცეოდა, თითქოს ვერ ამჩნევდა ამ ცვლილებას. ალბათ, სიტუაციის გამწვავებას ერიდებოდა. მაგრამ, როცა ერთ საღამოს ბავშვი მოუვლელი ნახა, გამიბრაზდა – რა გემართება, თქვი, რა ხდებაო. მე ყველაფერი კი არ მოვუყევი, დებილივით ავვარდი და საყვედურებით ავავსე. რას ვერჩოდი? ერთხელ მაინც რომ მოეცა ეჭვიანობის საბაბი, კიდევ მესმის. მაგრამ, ძალიან კარგად ვიყავი „დამუშავებული”. მივადექი და რა აღარ ვუთხარი: შენ გინდა, რომ სახლის კრუხად მაქციო, შენი შვილები გამაზრდევინო, თავად ნაშებს სდიო და შენი სიამოვნებისთვის იცხოვრო-მეთქი. ერთი სიტყვით, აუტანელი ვიყავი. მიკვირს, როგორ მომითმინა. თუმცა, მაგრად კი ვიჩხუბეთ. ხომ იცი, ერთი ცუდი რაღაცის თქმის უფლებას რომ მისცემ საკუთარ თავს, მერე კონტროლსაც კარგავ და მდინარესავით მოედინება. ისეთი რაღაცეები ვუთხარი, მერე რომ ვიხსენებდი, თვითონვე მიკვირდა, საერთოდ, როგორ ამოვუშვი პირიდან-მეთქი. ჩემი ოჯახური იდილია და სიმშვიდე დაინგრა, თანაც, კარგა ხნით. საღამოობით გამოწერილი გვქონდა ჩხუბი და კამათი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემმა ქმარმა დედამისს წაუღო პერანგები გასარეცხად – ირინა ცოტა შეუძლოდ არისო, შეუძლოდ კი მართლა ვიყავი.

– რა მიზანი გქონდათ, რას ელოდით ასეთი საქციელის შედეგად?

– საქმეც ისაა, რომ წარმოდგენა არ მაქვს. ახლა სწორედ მაგას ვეკითხებოდი საკუთარ თავს – რა მინდოდა-მეთქი, მაგრამ, აშკარად არ მიფიქრია მიზანზე – ეს ფაქტია. ეს იყო ჩემი ხელოვნურად გამოწვეული პროტესტი, მიმართული ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების წინააღმდეგ. ახლა ძალიან მრცხვენია საკუთარი საქციელის თუ უსაქციელობის, მაგრამ, უკვე გვიანაა. თან, რაშია, იცით, საქმე? ეტყობა, ოჯახსაც არ უნდა გადაყვე ბოლომდე. ეტყობა, რაღაც პროტესტის განცდის მაგვარი მქონდა და ჩემმა დაქალმაც რომ „ამიხილა” თვალი, ამან ცუდად, პოვა განვითარება, მაგრამ, მიზეზი არსებობდა.

– ანუ, თქვენშიც იყო პროტესტის მარცვალი?

– რა თქმა უნდა, იყო. ამის უარყოფა არ შემიძლია, მაგრამ, ეს ცუდად არ შემობრუნდებოდა, ქმართან რომ გამეანალიზებინა და განმეხილა.

– თქვენ ხომ ფიქრობდით, რომ ყველაფრით ბედნიერი იყავით?

– ესე იგი, არ ვიყავი. ცუდია, რომ მესამე პირს მივეცი საშუალება, ცხვირი ჩაეყო ჩემი ოჯახის ყველაზე სათუთ და ინტიმურ საქმეებში. მან ეს არაჩვეულებრივად გამოიყენა საკუთარი მიზნისთვის.

– მიზანი ჰქონდა?

– დიახ, ძალიან კონკრეტული – ჩემი ოჯახის დანგრევა უნდოდა და კინაღამ მიაღწია კიდეც საწადელს. ისევ ჩემი ქმარი მიხვდა, რომ რაღაც არაადეკვატურად ვიცვლებოდი უარესობისკენ და ჩემს მობილურში მესიჯები ნახა. სხვათა შორის, ამ ჩემს დაქალს ვერასდროს იტანდა. მერე მითხრა, ისე იქცეოდა, ჩემი თანდასწრებით, მგონი, უნდოდა, რომ „დავჩალიჩებოდიო”. მოკლედ, არ ვიცი, რა უთხრა ჩემს დაქალს. (არც ერთი იღებს ხმას და არც მეორე) ჩემმა დაქალმა მითხრა, ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ შენი შემშურდაო. მინდოდა, პრობლემები შეგქმნოდაო. იცით, რა დამემართა? მეგონა, მიწა გამისკდებოდა. ისიც ვერ მოვიფიქრე, ამ ბოროტებისთვის რა უნდა დამეპირისპირებინა და ვუთხარი, წადი-მეთქი. ის წავიდა, მე კი კინაღამ მოვკვდი. ძალიან ცუდად გავხდი.

– თქვენი მეუღლე დაესწრო თქვენს საუბარს?

– არა. საგანგებოდ მოვიდა ისეთ დროს, რომ რეზო სახლში არ ყოფილიყო. შეიძლება, რეზომ გააფრთხილა კიდეც. ის კი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ, ახლა მე ვარ ძალიან ცუდად. ჩემი ქმარი სერიოზულად არის ნაწყენი. იცით, როგორ განვიცდი? არც კი ვიცი, რა უნდა ვქნა, რომ ჩვენ შორის ნდობა აღდგეს და ყველაფერი ისევ ისე იყოს, როგორც ადრე იყო. სინდისი ცალკე მაწუხებს. ასეთი სულელი როგორ გამოვდექი, როგორ მივეცი საშუალება ვიღაც უცხოს, ჩემსა და ჩემს ქმარს შორის ჩამდგარიყო? ქალებს ზოგჯერ მართლა არ გვყოფნის ჭკუა.


скачать dle 11.3