როგორ მოხიბლა მილიონერმა იტალიელმა მამაკაცმა ნატო დუმბაძის ქალიშვილი და სად გადაიხდის ის დიდ ქორწილს
17 წლის სოფო ქარცივაძე ნატო დუმბაძის უფროსი ქალიშვილია. ის თურქეთში, ერთ-ერთ ცნობილ ამერიკულ კოლეჯში წარმატებულად სწავლობს. მართალია, სოფოს ძალიან გაუჭირდა ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების დატოვება, მაგრამ უცხო მხარეში ისეა დაკავებული, რომ ფიქრისთვის ვეღარც კი იცლის. როგორც თავად ამბობს, შესაძლოა, სულ მალე ერთ-ერთი ცნობილი ფოტოხელოვანის მიერ გადაღებული მისი ფოტოები, უცხოეთის ქუჩებში ბანერებზე ვიხილოთ კიდეც. იმასაც ამბობენ, ნატო დუმბაძის შვილს მილიონერი იტალიელი შეყვარებული ჰყავს და მასზე აპირებს გათხოვებასო. ასეა თუ ისე, ჯობია, მისი სამომავლო გეგმები და პირადი ამბები თავად სოფოსგან შევიტყოთ.
სოფო ქარცივაძე: თურქეთში ამერიკულ ინტერნაციონალურ ბაკალავრის კოლეჯში ვსწავლობ. ძალიან კარგი ჯგუფელები მყავს, სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული და ყველა ძალიან დავმეგობრდით. ჩემი ქართველი მეგობრები სწავლობდნენ აქ და მათ მირჩიეს ამ ქვეყანაში სწავლის გაგრძელება. იმდენი ქართველი ვართ, რომ შევიკრიბებით ხოლმე, ვხუმრობ, პატარა საქართველო გვაქვს ამხელა თურქეთში-მეთქი (იცინის). უნდა ნახოთ, უცხოელებს რომ ვასწავლით ქართულ ენას და ესენიც მონდომებით რომ ითვისებენ. ისე, მომწონს, რომ ასეთი თანამედროვე გარემოა სტამბულში, მე ასე არ წარმომედგინა. სანამ ჩამოვიდოდი, ვფიქრობდი, ჩადრიანი ქალები დამხვდებოდნენ (იცინის). მაგრამ ახლა ევროპაში ვარ და ამას ვგრძნობ.
– ვისთან ერთად ცხოვრობ?
– მე და ჩემი მეგობრები – და-ძმა ნუციკო და დათო ვცხოვრობთ ერთად. იმდენი სასწავლი გვაქვს ხოლმე, ხანდახან საათობით ვერ ვახერხებთ ერთმანეთთან საუბარს. ასე რომ, მოსაწყენად და ნოსტალგიისთვის არ გვცალია. გამოგიტყდებით და, არ მიჭირს აქ ცხოვრება. თურქები ძალიან თბილი ხალხია. თუ მოეწონე ვინმეს, შეუძლია, ქუჩაში თბილად მოგაძახოს კომპლიმენტი და ღიმილით ჩაგიაროს. მეც არაერთხელ მითხრეს კომპლიმენტი და, არ დაგიმალავთ, ძალიან მესიამოვნა. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი და ქუჩაში კომპლიმენტი მომაძახეს, ისე შემეშინდა, სახლიდან აღარ გავდიოდი (იცინის). ახლა მივეჩვიე და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე გამოხატავენ აქაურები ადამიანის მიმართ პატივისცემას. საქართველოში რომ იციან ბიჭებმა – ყვავილებს ან საჩუქარს მიართმევენ საყვარელ გოგონას, აქ ასე არ ხდება. დიდი უცნაური ხალხია ეს უცხოელები. ერთადერთი, მახსოვს, ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, მომართვეს ხუთი ცალი გულის ფორმის წერილი. თანაკურსელ ბიჭებს მოუფიქრებიათ ასე მოლოცვა. ერთ-ერთ წერილი კი მომიძღვნა თურქმენეთიდან ჩამოსულმა ბიჭმა. ეწერა: ძალიან შემიყვარდი, შენ რომ გაკვეთილზე იცინი, აღარაფერი მაინტერესებს, ირგვლივ სამყარო იცვლებაო. ღიმილით მომიხიბლავს ის ბიჭი და არც კი ვიცოდი (იცინის). გამოგიტყდებით, ქართველი ბიჭები უფრო რომანტიკულები არიან. ასე რომ, თურქეთში, სულ რომ ია და ვარდი დამიფინონ ყოველდღე ფეხებთან, მაინც არ გავთხოვდები. თან გათხოვებაზე არც ვფიქრობ. რა დროს ჩემი ოჯახია, ჯერ ბევრი რამ მაქვს საკუთარი თავისთვის დასამტკიცებელი. აი, თუ გადავწყვიტე და გავთხოვდი, აუცილებლად საქართველოში გადავიხდი ქორწილს, იქ, სადაც ჩემი ყველა ახლობელი და მეგობარი მოვა.
– როცა თავისუფალი დრო გაქვს, გასართობად არ დადიხარ კლუბებში ან დისკოთეკებზე?
– როგორ არა. თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ მეგობრები გართობისთვის მაინც ვიცლით. ძირითადად ამას პარასკევს და შაბათს ვახერხებთ. აქ ისეთი ქუჩაა, როგორიც დაახლოებით, შარდენია ჩვენთან და იქ მივდივართ ხოლმე. კლუბშიც ვახერხებთ გართობას, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვართ სამეგობრო წრე. ყველა ჩემი მეგობარი მოუთმენლად ელოდება ხოლმე დედაჩემის ჩამოსვლას, იმდენი საჭმელი ჩამოაქვს... გავშლით ხოლმე ქართულ სუფრას და ვილხენთ. დედას ძალიან უყვარს ჯონჯოლი და იმდენი ჩამოაქვს, ვხუმრობთ ხოლმე, მოდი, დავაარსოთ კომპანია „ნატო დუმბაძის ჯონჯოლი“ და ქილებით გავყიდოთ, მაგარი ბიზნესია და თან მაგარი შემოსავლიანიო. (იცინის). ასე რომ, დედა აქაც მანებივრებს ქართული სამზარეულოთი. დედას მეგობრებიც ხშირად მირეკავენ და მკითხულობენ. ქეთა თოფურიას ძალიან ვუყვარვარ, ვურეკავთ ხოლმე ერთმანეთს და საათობით ვჭორაობთ. ზაფხულშიც ერთად ვისვენებდით ბათუმში, მაგარი დრო ვატარეთ. ირაკლი ფირცხალავა რომ ჩამოვიდა, სტუმრად მოვიდა ჩვენთან სახლში. ზურგით ვიდექი, ვერ მიცნო. რომ მოვბრუნდი და დამაკვირდა, გაგიჟდა, როგორ გაზრდილხარ, გოგო, ვეღარ გიცანიო (იცინის).
– სოფო, გავიგე, ერთი მილიონერი იტალიელი ბიჭი ყოფილა შენზე შეყვარებული და მალე გათხოვებასაც გეგმავ. ეს სიმართლეა?
– მთლად ასეც არ არის საქმე. ანდრეასი ჩემი თანაკურსელია. თურმე, დიდი ხანია, მაკვირდება და ბოლოს გამომიტყდა, ძალიან მომწონხარო. მილიარდერობას ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია, მე მიყვარდეს. ახლა კი, სიმართლე გითხრათ, მილიონებზე საფიქრელად და სიყვარულისთვის ნამდვილად არ მცხელა. გრძნობა თუ გამიჩნდა ბიჭის მიმართ და მილიონერიც იქნება, ამას რა ჯობია?! (იცინის). ისე, იტალიელი მამაკაცები ყოველთვის მომწონდა. რაღაცით ჰგვანან ქართველ მამაკაცებს. მე არ ვყოფილვარ იტალიაში, მაგრამ მე და ნუცა მომავალ წელს იქ გამგზავრებას და სწავლის გაგრძელებას ვგეგმავთ. იმედია, არაფერი შეგვიშლის ხელს. ანდრეასს რომ ვაკვირდები, ქართველებისთვის დამახასიათებელი ძალიან ბევრი თვისება აქვს, ძალიან კაცური და კარგი ადამიანია.
– ის თუ არის მართალი, თითქოს ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა ფოტომოდელობა შემოგთავაზა და სულ მალე უცხოეთის ქუჩებში ვიხილავთ შენს სახეს ბანერებზე?
– არდადეგების დროს თურქეთიდან თბილისში მოვფრინავდი. სანამ ჩასხდომა დაიწყებოდა, აეროპორტის ფოიეში ვიჯექი და ყავას ვსვამდი. უცებ, შევნიშნე, გვერდითა მაგიდიდან მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა უცნაური, თავადური გარეგნობის მამაკაცი. დავლიე ყავა, ავიღე ჩემი ნივთები და გასასვლელად მოვემზადე. მომიახლოვდა ის კაცი, თურქულ ენაზე მომესალმა, მომიკითხა და გამიბა საუბარი. ვუთხარი, თურქული ენა არ ვიცი, ინგლისურად თუ შეგიძლიათ, მითხრათ რა გნებავთ-მეთქი. მოკლედ, ინგლისურად მითხრა, დიდი ხანია, გაკვირდები, აზიური გარეგნობის გოგო ხარ, თუ შეიძლება შენთან თანამშრომლობა, საკუთარი სტუდია მაქვს და მინდა ფოტომოდელობა შემოგთავაზოო. არასერიოზულად მივიღე, გავუღიმე. სავიზიტო ბარათი მომცა და მითხრა, კარგად იფიქრე ჩემს წინადადებაზე და თუ წინააღმდეგი არ იქნები, დამირეკეო. დავემშვიდობეთ. ჩამოვედი თბილისში. ის კაცი და მისი სავიზიტო ბარათი არც კი გამხსენებია. ერთ დღესაც, ვსხედვართ მე, დედა და დედაჩემის დაქალი, ნინო ორდენიძე ჩვენთან სახლში. შემთხვევით, საფულედან ამოვიღე ის ბარათი. ნინოს მოვუყევი ამ სავიზიტო ბარათის ისტორია. ბარათი რომ ნახა, გადაირია – იცი, ვინ არის ეს კაციო? არა-მეთქი. ეს „ფეშენ ტივის“ ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერიაო. მისი სამოსი, თურმე, ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს და არაერთი ცნობილი მომღერალი თუ მსახიობი იძენს და ატარებს. გამიხარდა, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა ფიქრის პროცესში ვარ, შევყო თუ არა სამოდელო ბიზნესში თავი (იცინის). ფოტომოდელობაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ გადაწყვეტილებას ჯერ ვერ ვიღებ. თავად კარგ ფოტოებს ვიღებ, ამ საქმით გატაცებული ვარ, მიყვარს გადაღების პროცესი, მაგრამ საკუთარი თავისთვის ფოტოების გადაღება არასდროს მიცდია.
– უცხო მხარეში ყველაზე მეტად ვინ გენატრება?
– ყველაზე მეტად ოჯახის წევრები, მეგობრები, განსაკუთრებით კი, ჩემი პატარა დაიკო ლიზი მენატრება ძალიან. არ მიყვარს მარტოობა, ჩემს სახლში მინდება ხოლმე ყოფნა. ქუჩა მენატრება, მრგვალი ბაღიდან რომ ავუყვები და ჩემს სახლთან ადის.
ნონა დათეშიძე