ინტიმური საუბრები
ცოლმა სიკვდილის წინ გამიმხილა საიდუმლო
ცოლი თითქოს სიყვარულით შევირთე, მაგრამ, სამი თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის და აბსოლუტურად უცხოები ვართ ერთმანეთისთვის. ჩხუბებმა და უსიამოვნებებმა იმატა და ისეთ ფაზაში შევიდა, რომ მივხვდით, ჩვენი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და ქორწინებიდან მეოთხე თვის დასაწყისში გავეყარეთ. მაშინ ნანუკა ორი თვის ორსული იყო. გაყრისას მითხრა, რომ ბავშვი აღარ გაჩნდება – არ მინდა, შენი შვილი გავზარდო, ისიც შენნაირი არანორმალური იქნებაო. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი მისმა დაქალმა დამირეკა – ნანუკამ მუცელი მოიშალაო. შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ, ძალიან განვიცადე ეს ამბავი და, თუ რაღაც ნამცეცი მაინც მქონდა დარჩენილი სინანულისა და შერიგების სურვილისა, ისიც გამიქრა, უფრო სწორად, საშინელ აგრესიაში გადამეზარდა და ყოფილი ცოლი საშინლად შემძულდა. ვერასოდეს ვაპატიებდი იმას, რომ შვილი მომიკლა, მაგრამ, უკვე მომხდარს რაღას ვუზამდი და მისი სახელი მთლიანად ამოვირეცხე გულიდან. რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით გავიგე, ნანუკას ვიღაც კაცისგან ბავშვი გაუჩენია და მარტო ზრდისო. ამ ამბავმა ისე გამაცოფა, ვერ აგიწერთ. იმიტომ კი არა, რომ ვიეჭვიანე, იმან გამაგიჟა, რომ კანონიერი, სიყრმის შვილი მოიშორა და ვიღაც უცნობისგან გააჩინა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ჯინაზე. მაშინ დავრწმუნდი, რომ ქალის უგუნურობასა და სიტუტუცეს საზღვარი არ ჰქონდა. ერთი პირობა, ვიფიქრე, მივუვარდები და ერთს კარგად გამოვლანძღავ-მეთქი, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ არაფერს აზრი აღარ ჰქონდა და ბოღმა გულში ჩავიკალი.
გავიდა ხანი. ცოლი მეც შევირთე და ნანუკა საერთოდ დავივიწყე. ჩემს მეორე ცოლთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, სამი გოგონა გაგვიჩნდა და ვზრდიდით შვილებს. ერთ დღეს კი სამსახურში ვიღაც სიმპათიურმა ყმაწვილმა მომაკითხა და მთხოვა, თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს და, თუ შეგიძლიათ, ნახევარი საათი დამითმეთო. ძალიან გამიკვირდა, რადგან, ვინ იყო ეს ბიჭი, არ ვიცოდი. თუმცა, რომ დავინახე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს სადღაც მყავდა ნანახი, უფრო სწორად, თითქოს ოდესღაც ვიცნობდი. ჯერ ვიფიქრე, უარს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ, მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია, უფროსებს გავეთავისუფლე და იმ ყმაწვილს გავყევი. მთხოვა, სადმე სკვერში ჩამოვსხდეთ, რომ ჩემი სათქმელი გითხრათო. რაღაცამ გამკენწლა გულში. ვიფიქრე, ვინმე გარეკილი ხომ არ არის და რამეს ხომ არ მიპირებს-მეთქი. მაგრამ, ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა და ისე გულწრფელად და თან დაბნეული ტონით მელაპარაკებოდა, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან უჭირდა. ამიტომ, შიშმა გამიარა და გავყევი. სკვერში სკამზე რომ ჩამოვსხედით, თვალებში შემომხედა და მკითხა, ხომ არავის გაგონებთ ჩემი სახეო. მე ვუთხარი, თითქოს მეცნობი, მაგრამ, ვერ გამიხსენებია, საიდან-მეთქი. აი, აქედანო, – მითხრა, მერე გულის ჯიბიდან მომცრო ზომის სურათი გამომიწოდა აკანკალებული ხელით და გაფითრებული მომაჩერდა. ფოტოს რომ დავხედე, გული გამიჩერდა – მასზე მე და ნანუკა ვიყავით გამოსახული და ეს ბიჭი გაჭრილი ვაშლივით მგავდა. თითქოს ყველაფერს მივხვდი, მაგრამ, მაინც ძალიან დავიბენი, რადგან, ვიცოდი, რომ ნანუკამ მუცელი მოიშალა. ეტყობა, ეს ყველაფერი სახეზე დამეწერა, რადგან ბიჭმა მწარე ღიმილით მითხრა:
– დიახ, მე თქვენი შვილი ვარ. გვარიც კი თქვენი მაქვს, რადგან თქვენ და დედაჩემი კანონიერი ცოლ-ქმარი იყავით.
– კი მაგრამ, – დაბნეულად ვუპასუხე მე, – აკი...
– ჰო, მაგრამ, – სიტყვის დასრულება არ მაცადა ბიჭმა, – ეს ტყუილი იყო, სულელური ტყუილი, რომლითაც დედაჩემს უნდოდა, შური ეძია თქვენზე. მეც სულ მატყუებდა, მეუბნებოდა, შენ რომ სამი თვის იყავი, მამაშენი მაშინ გარდაიცვალაო. ახლა დედა ძალიან მძიმედ არის ავად, დღეები აქვს დათვლილი, სიკვდილის წინ გამენდო და მთხოვა, მეპატიებინა. თქვენც გთხოვთ, მიუტევოთ. ეს მისი მონანიებაა. თან, გამომიტყდა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მთელი ცხოვრება თქვენ უყვარდით. თქვენთან დაშორების შემდეგ არც კი გათხოვილა. თურმე, გულში ისევ თქვენ გელოდათ, სულ ჰქონდა იმედი, რომ, ერთ დღესაც, დაბრუნდებოდით მასთან.
ამ სიტყვების გაგონებაზე ისე ცუდად გავხდი, ინფარქტი თუ არ დამარტყამდა, არ მეგონა. იმ დღესვე გავყევი ლექსოს (ჩემი სახელი დაურქმევია დედამისს) ნანუკასთან და მართლაც სულთმობრძავს მივუსწარი. საწყალს, სიმსივნე ჰქონდა. რომ დამინახა, ტირილი დაიწყო და ორივეს მადლობა გვითხრა. მერე კარგა ხანს გვიყურა სევდიანი ღიმილით და თქვა, ტყუპებივით ჰგავხართ ერთმანეთსო. მეტი ხმა არ ამოუღია.
ნანუკა მეორე დილით გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარში დავუდექი ჩემს შვილს, რომელიც მართლაც შესანიშნავი ყმაწვილი აღმოჩნდა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ დედამისის. ორმოცი რომ გადავიხადეთ, ლექსოს ვთხოვე, ჩვენთან გადმოდი და შენი ბინა გინდა გააქირავე, გინდა დაკეტე-მეთქი. გაუხარდა და დამეთანხმა. მითხრა, მარტოს ძალიან გამიჭირდება ამ ბინაში ცხოვრებაო.
ჩემმა ცოლ-შვილმა ლექსო არაჩვეულებრივად მიიღო. გოგონები სიხარულით ჭკუაზე არ არიან, რომ ასეთი ძმა ჰყავთ. მე და ჩემი ბიჭიც ძალიან დავმეგობრდით და ვცდილობთ, სულ ერთად ვიყოთ – გვინდა, ამოვავსოთ იმ წლების დანაკლისი, რაც უერთმანეთოდ გავატარეთ.
ლექსო, 45 წლის.
ცოლად შეყვარებულის ბიძაშვილს გავყევი
მესამე კლასიდან მიყვარდა ოთო. სკოლის დამთავრებამდე ერთ მერხთან ვისხედით და მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ ვძლებდი. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რომ სკოლაში მივსულიყავი და ის მენახა. რომ წამოვიზარდეთ, კარგი მეგობრები ვიყავით. უფრო სწორად, ის მეგობრობდა ჩემთან, მე კი უგონოდ მიყვარდა. დიდხანს ვმალავდი ჩემს გრძნობას და მეგონა, ოთო ვერ ხვდებოდა, რა დღეშიც ვიყავი, მაგრამ, ბანკეტზე მითხრა, რომ თურმე ყველაფერს გრძნობდა, მაგრამ სხვა უყვარდა. მისთვის მე მხოლოდ კარგი დაქალი ვიყავი. მერე ორივემ დავლიეთ და ცეკვის დროს მაკოცა, რაზეც მე წინააღმდეგობა არ გამიწევია. ის კი არა, რომ ეთქვა, გავიპაროთო, უყოყმანოდ გავყვებოდი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ორიოდე საათის წინ მითხრა, არ მიყვარხარო. მაგრამ, ასეთი რამ არ მომხდარა – ოთოს მსგავსი რამის თქმა, აზრადაც არ მოსვლია. ის დღე ძალიან მწარედ მახსოვს.
სკოლის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ინსტიტუტში ჩავაბარეთ და ძალიან იშვიათად, შემთხვევით თუ შევხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევითი შეხვედრისას, ოთო ცოტა წამეარშიყა და ვითომ სხვათა შორის, შემომთავაზა, საღამოს კაფეში გპატიჟებო, მაგრამ, უარი ვუთხარი. პრინციპში, ალბათ, აღარც მიყვარდა, მაგრამ, უფრო, ალბათ, შელახულმა ქალურმა თავმოყვარეობამ არ მომცა უფლება, თანხმობა მეთქვა. ამ ამბიდან კარგა ხანი ისე გავიდა, ოთო აღარ მინახავს და, შეიძლება ითქვას, დამავიწყდა კიდეც. ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, სტაჟირებაზე ერთ სოლიდურ ფირმაში გამიშვეს. იქ კი გავიცანი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მაშინვე მომხიბლა თავისი დახვეწილი მანერებითა და ინტელექტით. თვითონაც მოვეწონე და ერთთვიანი შეხვედრების შემდეგ, დაქორწინება გადავწყვიტეთ. ორივეს ოჯახი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს და ნიშნობის დღე დავთქვით. მაგრამ, უნდა გენახათ ჩემი გაოცება, როდესაც დათქმულ დღეს ჩემს საქმროსთან და მის მშობლებთან ერთად, ოთო გამომეცხადა თავისი დედ-მამით. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, რომ მისი ბიძაშვილის (ოთო და ჩემი ქმარი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები აღმოჩნდნენ) საცოლე მე ვიყავი, თორემ, ალბათ, არ წამოჰყვებოდა. უცნობების როლს ვერ ვითამაშებდით, ოდესმე ეს აუცილებლად გაირკვეოდა და, შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა. ამიტომ, დიდი ოვაციებით შევხვდი ჩემს ყოფილ სიყვარულს (რომელსაც დაბნეულობისა და უხერხულობისგან მეტყველების უნარი ჰქონდა დაკარგული) და ხმამაღლა გამოვაცხადე, რომ თერთმეტი წელი ერთ მერხთან ვისხედით. ჩემმა ასეთმა საქციელმა მაშინვე განმუხტა სიტუაცია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
დღეს, მე უკვე ორი შვილის დედა ვარ. ჩემს ქმარს და ოთოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ოთოს ხშირად უწევს ჩვენთან მოსვლა. მაგრამ, ყოველთვის იბნევა და აღარ იცის, როგორ მოიქცეს. არადა, სინამდვილეში, ჩვენ შორის იმ ერთი კოცნის მეტი არაფერი მომხდარა.
ნინო, 28 წლის.
ყველაფერი ჩემი მშობლების ბრალია
ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, უფრო საღად რომ შეუძლია ადამიანს თავისი საქციელის შეფასება. ამიტომ, მინდა, ერთგვარი ბოდიში მოვუხადო იმ ბიჭებს (ძირითადად – რამდენიმე თანაკლასელს), რომლებსაც ჩემი ცუდი საქციელით ძალიან ბევრი წყენა და უსიამოვნება მივაყენე. დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდა, მაგრამ, რაღაცნაირად, ვერ ვბედავდი. ამ ახალ წელს კი, ისეთი რამ მოხდა, მივხვდი, ახლაც კი, სკოლის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ, არ მაპატიეს თანაკლასელებმა ჩემი ცუდკაცობა (თუ ცუდი ბიჭობა). საქმე ისაა, რომ 13 იანვარს, ღამით, მთელმა კლასმა გადაწყვიტა, ძველით ახალ წელს ერთად შეხვედროდით. მე ეს სრულიად შემთხვევით გავიგე, ვიღაც სხვისგან და ველოდებოდი ბიჭების ზარს. მაგრამ, არავინ რომ არ დამირეკა, ვიფიქრე, ალბათ, ან ნომერი ვერ გაიგეს, ან ვერ დამიკავშირდნენ-მეთქი და მე თვითონ დავურეკე ჯერ ერთს, მერე მეორეს, მესამეს, მაგრამ ყველა ძალიან ცივად შემხვდა. რაც მთავარია, სამივემ მითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეკრებაზე მელაპარაკებიო.
ჯერ მეგონა, რომ არასწორი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ უკვე იანვრის ბოლოს დანამდვილებით გავიგე, აბსოლუტურად ყველა ყოფილა, მხოლოდ მე „მომტეხეს” სიტუაციიდან. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მეტკინა გული. ამხელა კაცმა კინაღამ ხმამაღლა ვიტირე. მთელი კვირა ისე ცუდად ვიყავი, სამსახურშიც კი ვერ წავედი. ცოლი გაოცებული მეკითხებოდა, რა მოგივიდაო, მაგრამ სირცხვილით მასაც ვერაფერი ვუთხარი. როგორ უნდა მეთქვა, ისე გამწარებული მყავდა კლასში ყველა, რომ საერთოდ ამომშალეს სიიდან-მეთქი? არადა, ყველაფერში ჩემი მშობლები არიან დამნაშავე. ძალიან მიჭირს ამის დაწერა და გამხელა. არც ის მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს საკუთარ დანაშაულს სხვას ვაბრალებ, რომ თავი ვიმართლო. მაგრამ, ახლა, ამ ასაკიდან რომ ვაფასებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ნამდვილად მშობლების ბრალია, ასე რომ მოხდა.
საქმე ისაა, რომ 10 წლის ვიყავი, როცა დედა და მამა გაიყარნენ. მე დედასთან დავრჩი, ჩემი უფროსი ძმა კი ძირითადად, მამასთან ცხოვრობდა. ჩვენმა მშობლებმა გაყრის შემდეგაც არ შეწყვიტეს ურთიერთბრძოლა, მაგრამ, ყველაზე საშინელი ის იყო, რომ არც ერთი არ უფრთხილდებოდა შვილების ნერვებს. მე დედა მაღიზიანებდა მამის წინააღმდეგ და მაძულებდა მას, მამაჩემი კი ასეთივე წარმატებით „მუშაობდა” ჩემს ძმასთან. მათმა ასეთმა საქციელმა ის შედეგი გამოიღო, რომ მე და ჩემს ძმას, პრაქტიკულად, არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს ერთმანეთთან. გარდა ამისა, სწორედ იმ ასაკში, როცა ბავშვს, მით უმეტეს – ბიჭს, განსაკუთრებით სჭირდება მშობლების ზრუნვა და სითბო, ჩვენთვის არც ერთს არ ეცალა: მამაჩემი ქალებში სირბილს უნდებოდა, დედა კი ან მთელი დღე სამსახურში იყო, ან დაქალებთან ერთობოდა. სახლში რომ ბრუნდებოდა, ისეთი დაღლილი იყო, არც კი მელაპარაკებოდა. მე სულ ველოდი, ერთხელ მაინც ეთქვა რამე მოსაფერებელი სიტყვა, ეკითხა, რა ხდება სკოლაშიო, ან, ბოლოს და ბოლოს, ეჩხუბა მაინც ჩემთან, რათა მეგრძნო, რომ ვახსოვდი, მაგრამ არასდროს ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენი დიალოგი (უფრო სწორად, დედაჩემის მონოლოგი, რადგან ჩემი ნათქვამი ნებისმიერი წინადადება იმდენჯერ „გაატარა” ყოველგვარი ემოციისა და საპასუხო რეაქციის გარეშე, რომ სურვილი აღარ მქონდა, მასთან თუნდაც ყველაზე ელემენტარული და უაზრო დიალოგი გამემართა) ძირითადად, მოკლე და ყოფითი ფრაზების გაცვლით შემოიფარგლებოდა:
– საჭმელი მაცივარშია (დედა).
– ვიცი (მე).
– დღეს დამაგვიანდება (დედა).
– კარგი (მე).
– მამაშენთან ხომ არ ყოფილხარ? (დედა).
– არა (მე).
– წავედი (დედა)... და ასე შემდეგ.
ერთხელ არ უთქვამს, დედა გენაცვალოსო. ისე ვიყავი ამით გულნატკენი, რომ რამდენჯერმე ვიფიქრე, ან თავს მოვიკლავ, ან გავიპარები და სადმე გადავიკარგები-მეთქი, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. ამ ყველაფრის ფონზე, როცა რომელიმე თანაკლასელთან მივდიოდი სახლში, იქ სულ სხვა სურათი მხვდებოდა: დედა ოჯახში ფუსფუსებს, მამა რაღაც ამბებს უყვება შვილს ან სადმე ერთად წასასვლელად ემზადებიან. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს არ ჰქონდა იდილია ოჯახში, მაგრამ ჩემსავით ზედმეტი ტვირთი მშობლებისთვის ნამდვილად არც ერთი არ იყო. როგორც მერე, უკვე ზრდასრულ ასაკში მივხვდი, სწორედ ეს გახდა ჩემი დაბოღმვისა და გაბოროტების მიზეზი (მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი). გარდა იმისა, რომ მთლად ქუჩაში გავედი (აბა, სახლში რა უნდა მეკეთებინა მარტოს), ამოვიჩემე რამდენიმე ბიჭი და ორი გოგონა, რომლებიც განსაკუთრებით ჰყავდათ მშობლებს ყურადღებით განებივრებული და სიცოცხლე გავუმწარე. სისხლს ვუშრობდი, ყველაფერ ცუდს ვაკადრებდი და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ჩემი ბავშვური ჭკუით, იმით, რომ ცუდად ვიქცეოდი, მშობლებზე ვიყრიდი ჯავრს.
ასაკი რომ მომემატა, რაღაცეებს მივხვდი და გამოსწორებასაც შევეცადე, მაგრამ, ეტყობა, არ გამომივიდა, რადგან მთელი კლასიდან ერთ ადამიანსაც კი არ გასჩენია სურვილი, მათთან ერთად მეც ვყოფილიყავი.
ზაზა, 38 წლის.
ბავშვობის დაქალი დავკარგე
მე და ჩემმა დაქალმა ისე სერიოზულად ვიჩხუბეთ, ალბათ, სამუდამოდ დავკარგეთ ერთმანეთი. ბავშვობიდან ვმეგობრობთ და ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ წავკამათებულვართ. ახლა რომ ვუფიქრდები, ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ყველაფერს ვუთმობდი, ყველაფერზე ვუჩუმდებოდი, მაგრამ, ყველაფერს აქვს საზღვარი. მეც ამომივიდა ყელში ამდენი კუდის ქიცინი და კოჭის გორება. თვითონ ისეთი ტიპია, ყოველთვის ერევა ჩემს პირად ცხოვრებაში და თავი ვალდებულად მიაჩნია, სულ ჭკუა დამარიგოს, შენიშვნები მომცეს, იქით კი ვერაფერს გაუბედავ – მაშინვე აიფოფრება. ჩვენს ჩხუბს კარგა ხანგრძლივი წინაპირობა ჰქონდა, რომელზეც ყურს ვიყრუებდი. ეს ჩემს ოჯახს შეეხებოდა და მაკას, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანს, ყველაფერს ვუყვებოდი. მოკლედ, რამდენიმე ხნის წინ, ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, შენი ქმარი ამა და ამ ადგილას იმყოფება ერთ ქალთან ერთადო. სიმართლე გითხრათ, გული არ გამხეთქვია, რადგან არ დავიჯერე. დავიჯერე კი არა, გამეცინა კიდეც, იმდენად ვენდობოდი ქმარს. მაგრამ, რატომღაც, ალბათ, უფრო „საღადაოდ”, ეს ამბავი მაკას ვუამბე. არ იცით, როგორ გადაირია. სულ შტერი და დებილი მეძახა, – როგორ შეიძლება, ქმარს ასე ენდო, ნუთუ მისი გაკონტროლების ან თუნდაც ერთხელ შემოწმების სურვილი არ გაგჩენია არასდროსო. არა-მეთქი, რომ ვუთხარი, ამაზე მთლად ამოვარდა ტანსაცმლიდან. ის ვიღაცა ტყუილად რატომ დაგირეკავდა, ალბათ, ზუსტად იცოდა, სადაც ბრძანდებოდა შენი ქმარი და შეგატყობინაო. მე ცოტა მეწყინა, მაგრამ არაფერი მითქვამს. მან კი ჩემ გარეშე გადაწყვიტა, ჩემი ქმრის თვალთვალი და რამდენიმე დღეში ანგარიში ჩამაბარა: შენი ვაჟბატონი მართლა ხვდება ქალს, რომელიც მასთან ერთად მუშაობსო და იმ ქალის სახელი და გვარიც მითხრა. ამან კი უკვე ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე და ისეთი სკანდალი მოვუწყვე ქმარს, გაყრაზე გვქონდა საქმე. მერე ისევ თვითონ მომიხადა ბოდიში, შერიგება მთხოვა და იმის მერე სულ თვალებში მიყურებს, მაგრამ, სამაგიეროდ, მაკას დანახვაც აღარ უნდა. თუმცა, მას სულ ფეხებზე ჰკიდია და მაინც მოდის ჩემთან, მაშინაც კი, როცა ნუგო სახლშია. თან, სულ თავს იქებს და მაყვედრის, მე რომ არა, ივლიდი რქებდადგმული და გაბითურებულიო.
ამ ამბებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მაკამ ვიღაც კაცი გაიცნო და ისე შეუყვარდა, ჭკუაზე არ იყო. მეუბნებოდა, მალე ჯვარს დავიწერთ, ხელს მოვაწერთ და საქორწინო მოგზაურობაში კანარის კუნძულებზე მივყავარო. მეც მიხაროდა, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ვიღაც შეუყვარდა-მეთქი. ერთხელ ჩემმა ქმარმა, არ ვიცი, რატომ, მაკა მოიკითხა – სად არის, რომ აღარ ჩანსო. მეც ვუთხარი, მალე, ალბათ, გათხოვდება, ვიღაც არაჩვეულებრივი კაცი გაიცნო და შეუყვარდა-მეთქი და იმ კაცის სახელი და გვარიც ვახსენე. ვერც კი წარმოიდგენთ, რა დაემართა ნუგოს მის ხსენებაზე – კინაღამ გადაირია. ჯერ აყვირდა, მერე იმ კაცის მისამართით იგინა, ბოლოს, მაკაც გამოლანძღა – სულ ცანცარა და უტვინო დედაკაცი ეძახა. ცოტა რომ დაწყნარდა, მითხრა, შენი დაქალი ჩემგან ღირსი კი არ არის, მაგრამ, სასწრაფოდ გააფრთხილე, რომ ეგ კაცი ცნობილი შულერია, ბანქოში დიდ თანხებს აგებს, მერე მაკასავით კრეტინ ქალებ უარშიყდება, თავს აყვარებს, ბროლის კოშკებს ჰპირდება, ბოლოს ფულებს გამოსტყუებს და უმისამართოდ ქრებაო. კინაღამ გული გამისკდა. თან, ვიცოდი, რომ მაკას ბინის საყიდლად საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა მოგროვილი და ვიფიქრე, არ გამოსცინცლოს-მეთქი. მაშინვე დავურეკე და ჩემთან დავიბარე, მაგრამ, არ მცალია, ჩემს საქმროს რაღაც საქმეებზე დავყვებიო, მითხრა. როგორც იქნა, სამი დღის შემდეგ მოვიდა. პირდაპირ ხომ ვერ მივახლიდი, ამიტომ, „შემოვლითი” გზით ვამჯობინე თქმა და ვკითხე, რას წარმოადგენს შენი შეყვარებული, სად ცხოვრობს, რას საქმიანობს-მეთქი. მაკამ მითხრა, ათი წელი ამერიკაში ცხოვრობდა, ერთი წელიც არ არის, რაც ჩამოვიდა. ჯერჯერობით ნაქირავებში ცხოვრობს, რადგან ბინას იშენებს. ამერიკაში დიდი ბიზნესი დაუტოვა მეგობარს, რომელმაც მისი წილი შეისყიდა და ახლა ყოველ წუთს ფულს ელის იქიდან, რომ აქაც წამოიწყოს რაღაც საქმე. უკვე ყველაფერი მოგვარებული აქვს, თანხა ჩამოუვა თუ არა, ამ საქმესაც ფეხზე წამოაყენებს და მთელი ცხოვრება საზრუნავი აღარ გვექნებაო. მაკას ნაამბობი ისეთ ბოდვად მომეჩვენა, თავი ვეღარ შევიკავე და ვკითხე, შენ რომ ბინის ფული გაქვს ბანკში, თუ იცის-მეთქი. რა თქმა უნდა, იცის, ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთო. ხომ არ უთხოვია შენთვის რამე თანხა-მეთქი – განვაგრძე გამოკითხვა. ცოტა კი დაიძაბა და შეყოვნდა, მაგრამ, ტყუილი მაინც ვერ მითხრა და აღიარა – ოცი ათასი დოლარი ისესხა ჩემგან, მაგრამ, ჩამოუვა თუ არა ფული, მაშინვე დამიბრუნებსო. როცა გავარკვიე, რომ მაკას ერთი ამდენი კიდევ ჰქონდა ბანკში დარჩენილი, უკვე პირდაპირ ვუთხარი ყველაფერი. ამაზე ისე შეიშალა ჭკუიდან, მართლა შემეშინდა. ამასობაში ნუგოც მოვიდა სახლში და ვთხოვე, თვითონ უთხარი, ვინც არის ის კაცი-მეთქი. მან ყველაფერი უთხრა და თან, დახმარება შესთავაზა – თუ გინდა, იმ თანხას, რაც შენ გამოგტყუა, ხვალვე მოვატანინებ და ამით დაამთავრე მასთან ურთიერთობაო. იმის ნაცვლად, რომ გონს მოგებულიყო, აქეთ გაგვლანძღა ორივე, განსაკუთრებით – ნუგო: ჩემზე გამწარებული ხარ და სამაგიეროს მიხდიო. ბევრი ვარწმუნეთ, მაგრამ, ვერაფერი რომ ვერ შევასმინეთ, თავი დავანებეთ. ორი კვირის შემდეგ კი მოვარდა ჩვენთან გიჟივით, უკანასკნელი სიტყვები გვიწოდა და დაგვადანაშაულა, თუკი იცოდით, ვინც იყო, რატომ პოლიციაში არ შეიტანეთ მასზე საჩივარი, მაგრამ გინდოდათ, რომ გავუბედურებულიყავი და მერე გულში გეზეიმათო. ჯერ ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ, რომ აღარ დაამთავრა, მეც კარგად გადავუარე და საბოლოოდ, ისეთი ჩხუბი გამოგვივიდა, არა მგონია, ოდესმე შევრიგდეთ.
ნათია, 33 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.