რას ამხელს პირველად შალვა რამიშვილის ცოლი ამდენი წლის შემდეგ
შალვა რამიშვილს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად პირად ცხოვრებაში გაუმართლა. მანამდეც და ციხეშიც, ყველაზე დიდი თანადგომა სწორედ მეუღლისგან ჰქონდა. როგორც თეა აბაშმაძე ამბობს, ასეთ რთულ სიტუაციაშიც არ დაბნეულა და ხელი არ ჩაუქნევია. პირიქით, სახლში სამ მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა, სამსახურში დადიოდა, გარეთ ქმრის საქმეებს აგვარებდა და კვირაში ერთხელ რუსთავის კოლონიაში ძვირფასი მეუღლის მოსანახულებლადაც მიდიოდა. რა ხდება ორი წლის შემდეგ რამიშვილების ოჯახში, როგორია ცოლის თვალით დანახული ერთგულება, ამას თვითონ თეა გიამბობთ.
– თეა, როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როცა ქმრის გარეშე ცხოვრობდით?
– ეს იყო ყველაზე საშინელი წლები ჩემს ცხოვრებაში. ვერ წარმომიდგენია იმის გადატანა, რაც მაშინ გადავიტანე. კვირაში ერთხელ რუსთავში ჩასვლა, ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის, მაგრამ, ერთხელაც არ ჩამიგდია. წიგნების გარდა არაფერს მთხოვდა, მეც მიმქონდა და მიმქონდა. სხვათა შორის, დიდი ინვესტიცია მაქვს ჩადებული მის განათლებაში. მართალია, ვერავინ იტყვის, რომ განათლება აკლდა, მაგრამ, სერიოზული წლები იყო განათლების კუთხით.
– ამას მოვალეობის გამო აკეთებდით, როგორც ცოლი, როგორც მისი შვილების დედა თუ, უბრალოდ, გებრალებოდათ?
– მოვალეობის გარდა, ეს იყო ჩემი სურვილი. თითქოს, მისია მქონდა დაკისრებული, რომ ამ ადამიანს ოთხი წელი უქმად არ დაეკარგა და მართლაც ასე მოხდა. უბრალოდ, ეს ყველაფერი მოსახერხებლად იყო ძნელი. მინდოდა, ხაზი გამესვა და მასაც ეგრძნო, რომ ის მარტო არ არის. ჩემი სისტემატურად იქ ჩასვლა ამის დასტური იყო. ზაფხულობითაც კი არ გავდიოდი ქალაქიდან დიდი ხნით, რადგან შალვა მყავდა მისახედი. საერთოდ, მე რომ შალვას გავყევი, ფილმი რომ არის „ალისა საოცრებათა სამყაროში”, როგორც ალისა გადახტა სხვა სამყაროში, ასე მოხდა. მივხვდი, რომ მასთან ერთად სულ ასე მივფრინავ, მივფრინავ და ამ გზაზე თავგადასავლები მემართება. ან მეც ამ სამყაროთი უნდა მეცხოვრა და ფეხი ამეწყო მისთვის, ან ყველაფრისთვის წერტილი დამესვა. ჩვენი ერთად ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამიყენებია, ამაზე არასდროს მიფიქრია.
– როცა თქვენი ქმარი დაიჭირეს და მიხვდით, რომ ეს ის შემთხვევა არ იყო, საიდანაც ადვილად შეუძლიათ ადამიანებს, გამოძვრნენ, პირიქით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ამ დროს თქვენ, ახალგაზრდა ქალი, სამი პატარა ბავშვით, ცხოვრობთ ნაქირავებში, ფაქტობრივად, ცაში გამოკიდებული, რაზე ფიქრობდით? არ აგიცრუვდათ ყველაფერზე გული?
– ამ შემთხვევაში, უფრო გამიძლიერდა გრძნობა. შალვაზე არ გავმწარდი. ადრესატი სულ სხვა იყო. აღმოჩნდა, რომ დიდი ნებისყოფა და აღქმის უნარი მაქვს. არასდროს, არც ერთ სიტუაციაში არ ვკარგავ თავს. შემიძლია, ჭიანჭველასავით ავიკიდო ზურგზე ტვირთი. პატარა გმირობა შევძელი და ცხოვრებისეული გამოცდა ჩავაბარე.
– რა გინდოდათ მისთვის დაგემტკიცებინათ?
– არაფრის დამტკიცებაც არ მინდოდა. იმიტომ არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს, რომ ვიღაცისთვის რაღაც დამემტკიცებინა, უბრალოდ, სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. რა თქმა უნდა, ის ამ ყველაფერს აფასებს. ჩემსა და მის ახლობლებს, მეგობრებს, ყველას, დღემდე ეს აქვთ სალაპარაკო, რომ ბოლომდე მის გვერდით ვიდექი. თვითონაც უთქვამს ჩემთვის, რა მაგარი ცოლი მყავსო. სალაპარაკოდ აქვთ ისიც, რომ შეწყალებაზე უარი თქვა და ციხიდან ვაჟკაცურად გამოვიდა. ეს სულაც არ იყო მისთვის ადვილი, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგა. გამოსვლის შემდეგ საზოგადოება მისგან, ალბათ, რადიკალურ ნაბიჯებს ელოდა, რომ ოპოზიციაში წავიდოდა, მაგრამ, „ტელე-იმედში“ დაიწყო მუშაობა. სინამდვილეში, არავინ იცის, რატომ მოხდა ასე და ამას თქვენთან ვამბობ პირველად. მე ვთხოვე, რომ პოლიტიკაზე უარი ეთქვა, თორემ, თვითონ ძალიანაც უნდოდა. თუკი მას უღირდა რამედ, რომ ის ოთხი წელი მის გვედით ვიყავი, ბევრი რამ გავაკეთე და ამხელა სიყვარული მაქვს მის მიმართ, საპასუხოდ მეც ვთხოვე რაღაც. მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი, აღარ შემეძლო კიდევ სხვა რისკების ატანა. რაღაც პერიოდი ექიმის ჩარევაც დამჭირდა, ისეთი თავის ტკივილები მქონდა. ჩემს სიტყვას ანგარიში გაუწია და უარი თქვა ბევრ შემოთავაზებაზე, თუმცა, აქ კიდევ სხვა ფაქტორიც იყო – მას უყვარს ტელევიზია, მედია, ეთერი. ამაზე კარგად თავს არსად არ გრძნობს. თან, კარგი ხელფასი შესთავაზეს. იმ პერიოდში ჩვენი ოჯახი ძალიან დიდ გაჭირვებაში იყო, მინუსებში ვიყავით. რომ გამოვიდა, თითქოს ვერ ერკვეოდა, რა ხდებოდა, მართლა სხვაგან იყო, რეალობას ვერ აღიქვამდა და ვურჩიე: იცი, რა, სანამ გაერკვევი, იქნებ, ჯობია, ნეიტრალური საქმიანობით შემოიფარგლო-მეთქი. ეს ლოგიკასთანაც ახლოს იყო და დამთანხმდა. გავიდა რაღაც დრო და გაათავისუფლეს. იმიტომ, რომ რეიტინგი საკმაოდ მაღალი ჰქონდა. თითქოს ეს იყო მისია, რომ მისთვის იმიჯი გაეფუჭებინათ, მაგრამ, ვინც ეს ჩაიფიქრა, ერთ რაღაცაში შეცდა: მათ არ იციან, როგორი ფსიქოტიპის ადამიანია შალვა რამიშვილი. ეს არის კაცი, რომელიც არასდროს ჩერდება, ციხეშიც არ გაჩერებულა – უამრავ გაზეთსა და ჟურნალში იბეჭდებოდა მისი სტატიები, ანუ, რანაირი სიტუაციაც არ უნდა შეექმნას, მაინც ახერხებს აქტუალურობის შენარჩუნებას.
– არ გიფიქრიათ, აქტიური, მაგრამ არასკანდალური ქმარი გყოლოდათ, ვისთან ერთადაც მშვიდად იცხოვრებდით?
– იცით რა, პირველი დღიდან შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ შალვა არ იქნებოდა ტიპური ქართველი ოჯახის კაცი. ასეთი დამოკიდებულება არც მაქვს მის მიმართ. სხვა შემთხვევაში, არ გავყვებოდი მას და გავყვებოდი სხვას. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, მაინც არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ცხოვრებით – სამაგიეროდ, ძალიან საინტერესოა. ოპტიმისტი ვარ. შეიძლება, ყველაფერი კარგად დაგვიბრუნდეს უკან.
– როგორც ქალისთვის, როგორი ასატანი იყო ის წლები?
– ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია, შალვა რამიშვილის ცოლი ხარ თუ სხვისი. ასეთ რაღაცას ან აკადრებ საკუთარ თავს ან – არა. ერთგულება არ მიმაჩნია გმირობად, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველა ცხოვრობს ისე, როგორც უნდა და მე ასე ვცხოვრობ. ცხოვრებაში რაც ძვირფასი და კარგია, ძნელი შესასრულებელია. სხვათა შორის, არ ვნანობ იმ ოთხ წელიწადს, პირიქით, ჩემი საამაყო ოთხი წელიწადია. სხვა მხრივ, რა გითხრათ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მაკლდა, მაგრამ, ამის გამო ტრაგედიას არ ვქმნიდი. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გამო დეპრესიაში ვარდება, სუნამოს გარეშე ვერ ძლებს. ვცდილობდი, ფასები ჩემს მოთხოვნილებასთან შემეფარდებინა. ვიცოდი, რომ ეს პერიოდი უნდა გადამეტანა, რაღაცნაირად, დაპროგრამდა ჩემს ტვინში და წინა პლანზე ჩემი ქმარი და შვილები იდგნენ.
– მართალია, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და მე პირადად გისურვებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში სულ ნათელი, მზიანი დღეები ყოფილიყოს, მაგრამ, ასე მგონია, რომ მაინც დაძაბული ხართ მის გამო.
– რა ვქნა, არ მაქვს დალაგებული ცხოვრება. ეს ადამიანი არის ასეთი, რომელსაც მუდმივად ზიგზაგებიანი ცხოვრება აქვს, სულ რისკშია. არსებობენ ასეთი კატეგორიის მამაკაცები, რომელთა ცხოვრებაც არ ჯდება ერთ დინამიკაში. მე უფრო წყნარი ვარ, ოჯახის ადამიანი, შალვას არც შევედრები. მართლა შემეძლო, უფრო მშვიდად მეცხოვრა, მაგრამ მე რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, სწორედ ამიტომ გადავდგი, რომ მისმა უცნაურობებმა, მტკიცე ხასიათმა მომხიბლა. ძალიან პრინციპულია. სულ ამბობს, შეგიძლია, შეეჭიდო დიდ სახელმწიფო მანქანას და აკრიტიკო, მაგრამ ამას რისკები და ბოლომდე გატანა სჭირდება, სხვა შემთხვევაში გაუფასურდებიო.
– არ ამბობს, ასეთი ყოჩაღი ცოლი რომ არ მყოლოდა, რა მეშველებოდაო?
– არა მგონია, დაღუპულიყო, იმიტომ რომ, ის არის ძალიან სიცოცხლის მოყვარული ადამიანი და მარტოც მშვენივრად გააგრძელებდა იმავე გზას, თუმცა, ძალიან კარგია, რომ ვეხმარები. რანაირიც არ უნდა იყოს მამაკაცი, მისთვის უპირველესი ოჯახია. ოჯახი არის ის ნავსაყუდელი, სადაც კაცი ისვენებს და ბედნიერია.
– ოჯახში გყავთ ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე მძიმე იყო შალვას გარეშე გატარებული ოთხი წელი. მე ვიცი, რომ დედამთილი ყველაფერში გეხმარებათ, გვერდში გიდგათ.
– შალვას დედა რომ არ გვყავდეს, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. დედამთილი, როგორც ოჯახის უფროსი, თავის ადგილზეა, ბავშვები – თავის ადგილზე, მე ცოლის მოვალეობას ვასრულებ და შალვა იმ მოვალეობას, რასაც ხედავს. მე და დედამისი არც არასდროს ვთხოვთ, რომ ბავშვებთან იყოს, ბაზარში წავიდეს – ასეთ რაღაცეებს დედამისი აგვარებს.