რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პატიმარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის და რა უფასდება მას სამდონიანი სისტემით
ექვსი თვეა, რაც საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ახალი ფორმატი ამოქმედდა. ყველა მსჯავრდებულისთვის ოცნებად ქცეული ეგრეთ წოდებული „უდო” ყოველთვის დიდ აჟიოტაჟთან იყო დაკავშირებული, მაგრამ, როგორც სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, ახალი წესების მიხედვით უკვე 207-მა მსჯავრდებულმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება. რა კატეგორიის პატიმრები ექვემდებარებიან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას და არის თუ არა კავშირში მსჯავრდებულთა ბედთან მარტივი არითმეტიკა, ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი გორაძეს გავესაუბრეთ.
– რა ფორმატით ამოქმედდა პატიმართა ვადაზე ადრე გათვისუფლების პროცესი კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ?
– პარლამენტის მიერ მიღებული პატიმრობის ახალი კოდექსის საფუძველზე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან სრულიად განსხვავებული ფორმატით დარეგულირდა პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი. მანამდე არსებული კანონით „პატიმრობის შესახებ” ამ საკითხს განიხილავდა სამინისტროში არსებული მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც იხილავდა შუამდგომლობებს პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით. განხილვის შემდეგ კომისია მიმართავდა სასამართლოს, რომელიც იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას პატიმრის გათავისუფლების შესახებ. ახალი კოდექსით შეიქმნა ადგილობრივი საბჭოები. აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო იხილავს იმ მსჯავრდებულთა საქმეებს, რომლებიც სასჯელს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებში იხდიან. იმავე პრინციპით მოქმედებს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოც. ცალკე არის გამოყოფილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების კატეგორია. მათ საქმეებს არასრულწლოვანთა ადგილობრივი საბჭო განიხილავს. საბჭოს სხდომები იმართება ყოველთვიურად. საბჭოები დაკომპლექტებულია შემდეგი პრინციპით: საბჭოში თითოეული წევრი ინიშნება ექვსი თვის ვადით, თითო-თითო წევრით არის წარმოდგენილი სასჯელაღსრულების სამინისტრო, პრობაციის სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია. საბჭო იხილავს შუამდგომლობებს და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თავად უშვებს პატიმარს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ფაქტობრივად, საბჭომ ჩაანაცვლა სასამართლო.
– როგორ ხდება პატიმართა შუამდგომლობების განხილვა და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება იმ პატიმრების კატეგორია, ვისაც ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი ეხება?
– პატიმრობიდან პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლება ეხება ნებისმიერ მსჯავრდებულს, უფრო მეტიც, მათაც კი, ვისაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულს მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის 1/2 ნაწილი, მძიმე დანაშაულისთვის – 2/3, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის – 3/4, უვადო პატიმრობის შემთხვევაში, მსჯავრდებულს მოხდილი უნდა ჰქონდეს 25 წელი. საბჭო წარმოებაში მიღებულ საქმეებს განიხილავს სხდომებზე, რომლებიც ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით, რომელსაც აუცილებლად ესწრება მსჯავრდებული, სურვილის შემთხვევაში – მისი ადვოკატი. ზეპირი მოსმენის გარეშე ხდება ყველა შუამდგომლობის განხილვა, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების თაობაზე. ზეპირი მოსმენის ეტაპზე დაიშვებიან მხოლოდ ის პატიმრები, რომლებიც პირველი მოსმენის დროს მიიღებენ კრიტერიუმების შესატყვისი ქულების გარკვეულ რაოდენობას, რაც არ უნდა აღემატებოდეს 6,5-ს. არც ერთი მსჯავრდებული არ გაიშვება პირობით ვადაზე ადრე, ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილე მსჯავრდებულს და ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა რეგლამენტი თითოეულს სამი წუთით.
ახალი კოდექსით, მსჯავრდებულის შეფასება ხდება ხუთი კრიტერიუმის მიხედვით: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში ჩადენილი დანაშაულის ფაქტები, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება. თითოეულ კრიტერიუმს შეესაბამება კოეფიციენტი, რომლის ათვლა ხდება სამდონიანი სისტემით. პირველი კრიტერიუმი არის დანაშაულის ხასიათი და შეესაბამება კოეფიციენტი 2. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს ანუ, რა გარემოებაში და ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ასე შემდეგ შეფასების მეორე კრიტერიუმისთვის, რომელსაც შეესაბამება კოეფიციენტი 1,5; განმსაზღვრელია მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ანუ ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რამდენი და რა სახის დისციპლინარული, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიება იქნა გამოყენებული მსჯავრდებულის მიმართ – ეს არის პატიმრის ისტორია საპატიმრო დაწესებულებაში; შეფასების მესამე კრიტერიუმია მსჯავრდებულის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულის ფაქტები, კოეფიციენტით – 1,5; მეოთხე კრიტერიუმია ოჯახური მდგომარეობა, კოფიციენტით – 1. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს, ჰყავს თუ არა მსჯავრდებულს ოჯახი, აკითხავდა თუ არა ვინმე პაემანზე, ზოგადად რა დამოკიდებულება აქვს მას ოჯახის წევრებთან; ძალიან მნიშვნელოვანია მეხუთე კრიტერიუმი – მსჯავრდებულის პიროვნება, რომელსაც განსაზღვრავს კოეფიციენტი 1. ამ კრიტერიუმით განისაზღვრება, როგორი ორიენტაცია აქვს პატიმარს, როგორ, აფასებს ის თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს თუ არა ჩადენილ დანაშაულს, მისი დამოკიდებულება სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში, აქვს თუ არა კავშირი ქურდულ სამყაროსთან და იზიარებს თუ არა მათ ჩვევებს, თუ, პირიქით, გამოსწორების გზაზე დგას. ეს კრიტერიუმიც არის პიროვნების ქცევა ციხეში, ოღონდ სხვა დამოკიდებულებებზე დასმული აქცენტირებით. მსჯავრდებულის შეფასება ხდება თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად, სამდონიანი სისტემით: 0, 1, 2. შეფასება ხდება თითოეული კრიტერიუმის რისკის ხარისხის სიმძიმის შესაბამისად – რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო უკეთესია ეს საბოლოო შედეგისთვის. კრიტერიუმების სამდონიანი სისტემით შეფასების შემდეგ, თითოეული კრიტერიუმის შეფასების მაჩვენებელი (ციფრი) მრავლდება კრიტერიუმის კოეფიციენტზე, რის შემდეგაც ყოველი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ნამრავლი ჯამდება და მიიღება შეფასების საბოლოო ქულა. თუ ეს ქულა აღემატება 6, 5-ს, მაშინ მსჯავრდებულს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და განემარტება, რომ მას აქვს უფლება, განმეორებით მიმართოს საბჭოს 6 თვის შემდეგ, ან, გაასაჩივროს სასამართლოში ადმინისტრაციული წესით.
– ეს მაინც მარტივი არითმეტიკაა. თქვენ ამბობთ, რომ ყველა კრიტერიუმი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა, მათ განსხვავებული კოეფიციენტი შეესაბამებათ. რა ქნას მსჯავრდებულმა, თუ მას არ ჰყავს ოჯახი, ან ცუდი ოჯახური პირობები აქვს?
– ეს არითმეტიკა ნამდვილად არ არის, ამ ქულებს კომპიუტერი ხომ არ წერს, მთავარი მომენტი არის შეფასება, არითმეტიკა კი უკვე საშუალებაა ქულების დასათვლელად. მიიღო გადაწყვეტილება – გაუშვა ციხიდან მსჯავრდებული, იოლი არაა. ჩვენ, ადგილობრივი საბჭოების ხელმძღვანელებსა და წევრებს, გვიწევს არა მხოლოდ პატიმრის მომავალზე პასუხისმგებლობა, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმ საზოგადოების უსაფრთხოებაზეც, სადაც პატიმარი უნდა მოხვდეს. ხუთივე კრიტერიუმი ქმნის სურათს, არის თუ არა ეს პატიმარი საზოგადოებისთვის საშიში. რაც შეეხება კრიტერიუმების შესატყვის კოეფიციენტებს, რომლებიც განსხვავებულია, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, მსჯავრდებულმა ჩადენილი მკვლელობის დროს აკუწა და დაანაწევრა თავისი მსხვერპლი თუ მას პაემანზე აკითხავს ვინმე, ან, ხუთი შვილი ჰყავს თუ – ერთი. ჩვენ ვიცით, რომ, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი პატიმრის ოჯახის წევრი ვერ იყენებს უფლებას, პაემანზე ნახოს თავისი პატიმარი. შესაბამისად, ამიტომაც დაინერგა სამინისტროს მიერ ვიდეო-პაემნის პრეცედენტი, რაც სხვაგან არსად არის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არ აქვს საშუალება, მოინახულოს პატიმარი, შეუძლია, მივიდეს ნებისმიერი რაიონის პრობაციის ბიუროში, სადაც ჩაურთავენ კომპიუტერს და მისცემენ საშუალებას, 15 წუთის განმავლობაში უყუროს და ესაუბროს თავისი ოჯახის წევრს.
– როგორია ბოლო თვეების სტატისტიკა – რამდენი ადამიანი გათავისუფლდა პირობით ვადაზე ადრე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და რა დანაშაულებისთვის იხდიდნენ ისინი სასჯელს?
– ადგილობრივი საბჭოების მიერ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ციხეებიდან გათავისუფლდა 207 პატიმარი, ანუ, გაცილებით მეტი, ვიდრე ცვლილებებამდე – 2010 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში. გათავისუფლებულ პატიმართა უმეტესობა სასჯელს ეკონომიკური დანაშაულებისთვის და ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდა. კოეფიციენტები და ციფრები ვინმეს, შეიძლება, მხოლოდ არითმეტიკად მოეჩვენოს, მაგრამ, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა დეტალს, რაც მსჯავრდებულის პიროვნებასთან არის დაკავშირებული. ამ საბჭოს წარმომადგენლები, ვინც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, პირველ ყოვლისა ვართ ადამიანები და, აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც მტკივნეულია თითოეული ადამიანის ბედი და უემოციოდ, ცივად ნამდვილად ვერ მივუდგებით თითოეულ საკითხს, თუმცა, პირველ ადგილზე მაინც საზოგადოების უსაფრთხოების მომენტია, და ის, თუ ვის ვაბრუნებთ ციხიდან საზოგადოებაში, ნამდვილად არის ჩვენი პრიორიტეტი.