კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა რეიგანი ლევან ბერძენიშვილის თანაშემწე და როგორ გაატარა მან არლინგტონში „პატიმრობის” ექვსი თვე

რამდენიმე თვის წინ ქართული პოლიტიკიდან და თბილისიდან გაუჩინარებული ლევან ბერძენიშვილი საქართველოში სულ ახლახან დაბრუნდა. იმ აქტიური ექვსი თვის შემდეგ, რომელიც მან ამერიკაში გაატარა, თბილისური ყოფა მოწყენილი ეჩვენება, მაგრამ თავს სენეკას ცნობილი სიბრძნით „იმშვიდებს” და ამერიკულ შთაბეჭდილებებს, რაც მას მსოფლიოს საუკეთესო დემოკრატების გარემოცვიდან გამოჰყვა, ჩვენც სიამოვნებით გვიზიარებს.

ლევან ბერძენიშვილი: ორი წლის წინ მოვიგე რეიგანისა და ბაზელის სტიპენდია, რომელიც ძალიან მაღალი რანგის სტიპენდიაა და ჩემამდე საქართველოში ორ ადამიანს აქვს მიღებული. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა პოლიტიკოსებისთვის, ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის, რომ 5-6 თვე გაატარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეისწავლონ ყველაფერი, რაც არის საჭირო დემოკრატიასთან დაკავშირებით. მე ვმუშაობდი ვაშინგტონში, დემოკრატიის განვითარების ფონდში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი ფონდი, რომელსაც ეკუთვნის „ინდიაი”, „აიარაი” და სხვა ცნობილი ორგანიზაციები. თებერვალში ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე წავიკითხე მოხსენება, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიას საქართველოში, ჩემს გამოსვლას ესწრებოდა ამერიკის რამდენიმე წამყვანი ტელევიზია და რადიო. მე ჩემი მასპინძელი ფონდის ხარჯებით ვცხოვრობდი ამერიკაში, მათივე ხარჯებით ვიმოგზაურე სხვა შტატებში; ჰარვარდის, სტენფორდის, კოლუმბიის უნივერსიტეტებში ვკითხულობდი ლექციებს იმ საკითხებზე, რომლებზეც ვიყავი მიწვეული, აქტიური კონტაქტი მქონდა რადიო „თავისუფლებასთან”, მომეცა საშუალება, მემუშავა არქივებში, დავსწრებოდი შუალედურ არჩევნებს, ოფიციალურ დამკვირვებლად, აღმოვაჩინე ის, რაც აქამდეც ძალიან კარგად ვიცოდი – ამერიკაში ძალიან ადვილია დაკვირვება, რადგან დარღვევა, როგორც წესი, იქაურ არჩევნებზე არ ხდება. მასპინძლები ყველანაირად გვიმართავდნენ ხელს, ჩვენ გვყავდა თანაშემწეების მთელი არმია, რომელიც გვეხმარებოდა შეხვედრების დაგეგმვაში. ჩემი ერთ-ერთი თანაშემწე გახლდათ ძალიან ჭკვიანი, 24 წლის რეიგან ავტეგრაფი, მას დამთავრებული ჰქონდა ჰარვარდის უნივერსიტეტი. რეიგანის სტიპენდიანტს თანაშემწეც რეიგანი მყავდა. მართალია, მისი სახელი სხვაგვარად იწერებოდა, მაგრამ, მაინც (იცინის). ამერიკაში იმდენი საინტერესო ადამიანი გავიცანი და იმდენი ახალი რამ ვისწავლე, რომ იქ წასვლად ნამდვილად ღირდა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მეორედ ვიყავი ასე ხანგრძლივი დროით წასული სახლიდან: ერთხელ ციხეში ვიჯექი 3 წელი, ახლა არლინგტონში „ვიჯექი“ 6 თვე. ეს იყო სასიამოვნო „პატიმრობა“ და ხუმრობით აღვნიშნე კიდეც, პრეზენტაციის შემდეგ: ორჯერ ვიყავი ბედნიერი: ერთხელ, როდესაც ციხეში ვიჯექი და მთელი მსოფლიოდან არა, მაგრამ, მთელი საბჭოთა კავშირიდან შემიკრიბეს ყველაზე კარგი ხალხი და ახლა, როდესაც მთელი მსოფლიოდან საუკეთესო დემოკრატები შემიკრიბეს-მეთქი.

– როცა თქვენ ამ სასიამოვნო „პატიმრობაში“ მოხვდით, აქ გავრცელდა ხმები, რომ ავად იყავით და ამის გამო წახვედით ამერიკაში.

– მე ახლა ჩემი კუთვნილი სტიპენდიის გამო წავედი, თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად ჩავდიოდი ამერიკაში სწორედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ამერიკაში სტიპენდიის გარეშეც ვივლი, რადგან იქ მყავს ექიმი, გვარად აისნერი, რომელიც წელიწადში 3-4 ჯერ აუცილებლად უნდა ვინახულო. ვწუხვარ, მაგრამ, არსებობს დაავადებების გარკვეული ტიპი, რომლებიც საქართველოში, უბრალოდ, არ იკურნება; ჩემს შემთხვევაშიც ექიმი აისნერია საჭირო, თუმცა ჩემი მდგომარეობა ჯანმრთელობის თვალსაზრისით ბევრად გაუმჯობესდა. იმ პროგრამისგან განსხვავებით, რომელშიც მე ახლა ვმონაწილეობდი, ჩემს ვიზიტებს ამერიკელ ექიმთან აფინანსებენ ჩემი მეგობრები, ახლობლები, თავად მე, მაინცდამაინც იოლი არაა ამის მოგვარება. ექიმი აისნერი გახლავთ ნეფროლოგიის მამა – ერთ-ერთი მთავარი ნეფროლოგი მთელ მსოფლიოში. მასთან მოხვედრა ძალიან რთულია და, არ დაგიმალავთ, რომ მასთან მოვხვდი საბჭოთა გამოცდილების დახმარებით – საქმე „ჩამიწყო“ ასევე ცნობილმა ექიმმა, რომელიც 1970 წელს წავიდა საბჭოთა კავშირიდან. ის აქ იყო გვარად მიხნოვსკი, ამერიკაში კი გახდა მიკნოვსკი. ამ კაცთან მე მაქვს ძველი კავშირები – ისინი ბათუმში ისვენებდნენ ხოლმე. ამ გზით, მოვხვდი ექიმ აისნერთან. მან იცოდა, ვინ ვარ მე, ახლა „ბერძენიშვილს“ ისე ამბობს, გეგონებათ, კარგი პატიოსანი ქართველია. საერთოდ, ამერიკაში მე მეძახიან „მისტერ ბის“, რადგან ბერძენიშვილი მათთვის ძალიან გრძელი გვარია და ვერ ამბობენ, იქ, სადაც ვმუშაობდი, ისწავლეს ჩემი გვარი და „ბერძენიშვილის“ წარმოთქმა ძალიან უხაროდათ. მაგათ ეს ყველაზე ძნელად გამოსათქმელი გვარი ჰგონიათ, არ იციან, რა გვარები გვაქვს (იცინის). ჩემმა ექიმმა ამხელა ურთიერთობის შემდეგ ისწავლა ჩემი გვარი, პრეტენზიებიც აქვს ჩემთან: მთხოვს, რაღაც წესები დავიცვა, წონაში დავიკლო. მე კი ვემორჩილები ექიმ აისნერს, ფანტასტიკური მოხუცი კაცია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამომდის ხოლმე წესების დაცვა.

– ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდით?

– არა, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი მუშაობენ და 6 თვე ვერ მოსწყდებოდნენ სამსახურს, მარტო ვიყავი წასული და მშვენივრად ვუვლიდი თავს: მქონდა თანამედროვე ტექნიკით მოწყობილი ბინა, სადაც ძალიან კარგად რეცხავდა სარეცხი მანქანა, კარგად მუშაობდა საშრობი, ვყიდულობდი ისეთ ტანსაცმელს, რომელსაც არ სჭირდება გაუთოება, რაც მე ძალიან მომწონდა, რადგან იქ ჩემთვის ყველაზე მძიმე საქმე იქნებოდა უთო (იცინის). მე ვცხოვრობდი არლინგტონში – ეს ბინა მე თვითონ მოვძებნე, ნამდვილად არ მაინტერესებდა 1 800-დოლარიან ბინაში ცხოვრება და, ამიტომაც, ვიქირავე უფრო იაფი ბინა, ვიქირავე მანქანაც, რადგან მანქანის გარეშე იქ ცხოვრება წარმოუდგენელია. არლინგტონი მეზობელი შტატის პირველი ქალაქია და ისე ახლოსაა ვაშინგტონთან, მანქანით ათ წუთში ვიყავი თეთრ სახლთან. არლინგტონშია განლაგებული ბევრი ცენტრალური დაწესებულება, მათ შორის – პენტაგონი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ჩემი სახლიდან 5 წუთის სავალზე იყო, მაგრამ მე იქით არ მივლია, უფრო აქეთ, დემოკრატიისკენ დავდიოდი (იცინის). ვმუშაობდი ვაშინგტონის ცენტრში, ყოველდღე, როგორც პატიოსანი მშრომელი ადამიანი, ვცხადდებოდი სამსახურში მაგრამ, მქონდა ისეთი გასაღები, რომლითაც ამ შენობაში შესვლა შემეძლო შაბათ-კვირასაც და, არა მხოლოდ დღისით, ღამის საათებშიც კი. მქონდა სახლიდან მუშაობის საშუალებაც – სახლიდან ინტერნეტში შევდიოდი იმ კომპიუტერში, რომლითაც ვსარგებლობდი სამსახურში. ჩემთან ერთად ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ ადამიანები, ვინც იგივე სტიპენდია მოიპოვეს ჩინეთში, ბირმაში, ნიგერიაში, ირანში, რუსეთსა და მექსიკაში. ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს, ძალიან ახლო და სერიოზული მეგობრობა გამოგვივიდა და, როგორც ამბობენ, ჩვენ შემდეგ პროექტში მონაწილე შვიდკაციანი ჯგუფი არ ყოფილა ისე მეგობრული, როგორიც ჩვენი ჯგუფი იყო. მე ვაღიარებ, რომ დიდი წვლილი მიმიძღვოდა ამ სამეგობროს ჩამოყალიბებებაში. მე და ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა დავამკვიდრეთ ტრადიცია: მე მოვაწყვე ფილმის ჩვენება, ჯერ გავაკეთე მოხსენება და მერე წარვადგინე „მონანიება” ინგლისური სუბტიტრებით, რაც შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა. ყველას არ ჰქონდა „მონანიების” ტოლფარდი ფილმი, მათაც წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო ფილმები. ოფიციალური შეხვედრების გარდა, ძალიან საინტერესო იყო ამ პროგრამის არაოფიციალური მხარე, ძალიან აქტიურად ვიცხოვრე, მთელ თავისუფალ დროს ვანდომებდი ორ რამეს: ერთი იყო კულტურული პროგრამა – მასში შევიდა: რუსული ბალეტი, რომელიც კენედის ცენტრში მართავდა გასტროლებს; ასევე, შესანიშნავი ამერიკული თეატრი – დავესწარი სპექტაკლებს, რომელშიც ქეით ბლანშეტი თამაშობდა და აღმოვაჩინე, რომ ის სცენაზე გენიალურია; ვესწრებოდი ქართული თეატრის წარმოდგენებს, რომელიც ვაშინგტონში ყველაზე საუკეთესო თეატრია. ხელოვნების გალერეაში მოვინახულე ვან გოგის ძალიან საინტერესო გამოფენა. კულტურული პროგრამის გარდა, მნიშვნელოვანი იყო მეორე პროგრამაც – პრინტერის, ქაღალდის პრობლემა არ მქონდა და, ამიტომ, ვბეჭდე და ვბეჭდე წიგნები, სანამ ვიყიდდი მოწყობილობას, რომელსაც ჰქვია „კინგლი”. ეს არის ელექტრონული წიგნი, რომელშიც 20 ათასამდე წიგნი მაქვს ჩაწერილი. ამ ექვსი თვის განმავლობაში იმდენი წიგნი წავიკითხე, ნურავინ დაიტრაბახებს. წავიკითხე ყველანაირი წიგნი, დაწყებული ფილოსოფიით, დეტექტივებითა და სასიყვარულო რომანებით დამთავრებული. ძალიან ხშირად ვიჯექი კაფეში, რომელიც იყო წიგნის მაღაზიაში და ერქვა „პოლიტიკა და პროზა”. თუ რამეს იყიდით იმ კაფეში, ისარგებლებთ ინტერნეტკავშირით. პრეზენტაციებიდან და ლექციებიდან გამომუშავებული მთელი ჩემი თანხა იმ კაფეში დავტოვე. (იცინის). იქ ყველას უხაროდა ჩემი მისვლა. რაც საქართველოში ჩამოვედი, ვფიქრობ, იმ ფონზე, აქ, ცოტა არ იყოს, მოწყენილობაა (იცინის).

– ოკეანის გაღმიდან როგორ მოჩანდა ქართული პოლიტიკა, რომელსაც რამდენიმე თვე მოსწყდით?

– იქიდან ქართული პოლიტიკა ჩანდა ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში – მოსაწყენი. მე პრეზენტაციაზეც ვთქვი და ხშირად ვიმეორებ სენეკას სიტყვებს: „არავის უყვარს სამშობლო იმიტომ, რომ დიდია, სამშობლო უყვართ იმიტომ, რომ თავისია“. ეს გამონათქვამი გვეუბნება, რომ, რაც უნდა დიდი იყოს ამერიკა და საინტერესო მისი პოლიტიკური სისტემა, ეს არ არის ჩემი და იქ წასული ვიყავი იმიტომ, რომ, ეგებ საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო გამოდნეს იმ დემოკრატიიდან. მე ამერიკაში ვიცხოვრე ქართული ამბებით, ბოლო ერთი თვე მომიწია თანამშრომლობა ქართველ ადამიანთან, „რეზონანსის“ მთავარ რედაქტორთან ლაშა ტუღუშთან, რომელიც ამერიკაში ასეთივე პროგრამით არის წასული. მისთვისაც და ჩემთვისაც დიდი შვება იყო იქ ერთმანეთის ნახვა და შეხვედრები. იქ ჩემი კომპანიონები იყვნენ ხოლმე ჩემი უცხოელი კოლეგებიც, მათთან ერთად დავდიოდი უამრავ ადგილას, ფანტასტიკურად გავატარეთ შობა ამერიკელებთან ერთად ერთ-ერთ ოჯახში; სამაგიეროდ, აბსოლუტურად მარტო ვიყავი ახალი წლის ღამეს. სკაიპით მოვახერხე ქართველებთან დაკავშირება, მაგრამ, ქართველებს ჩემთვის არ ეცალათ. შემთხვევით სკაიპში გამოვიჭირე ჩემი ძველი მეგობარი, მიხეილ პოლიაკოვი, რომელთან ერთადაც ზონაში ვიჯექი. ის ლენინგრადში ხვდებოდა ახალ წელს, საუბარი დავიწყეთ, მასთან რომ ახალი წელი დადგა მაშინ და, დავასრულეთ 1 იანვარს, როცა ჩემი აეროპორტში წასვლის დრო მოვიდა და მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვსვამდით, სმა არავირტუალური და ნამდვილი იყო, ვირტუალური იყო ჩვენი მეგობრობა და სიყვარული (იცინის).


скачать dle 11.3