რა უცნაურობები აღმოაჩინა მერაბ კოკოჩაშვილმა თავის წინაპრებში და რა რეაქცია მოჰყვა მის მიერ ბერიაზე დაწერილ ლექსს
„ძალიან მიყვარდა ჩემი წინაპრების ამბების მოსმენა და ახლა სხვებს სიამოვნებით ვუამბობ“, – ასე იწყებს ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, მერაბ კოკოჩაშვილი თავისი ცხოვრების დღიურს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენს ყურადღებას უმალ მიიპყრობს.
წინაპრები
ერთხანს კოკოჩაშვილების გვარის წარმომავლობით დავინტერესდი. რატომღაც, მეგონა, რომ ჩვენი გვარი სიტყვა „ყოჩიდან” მოდიოდა. თურმე, ვცდებოდი. როგორც ბაბუაჩემმა მითხრა, ჩვენი წინაპარი საზანოელი აზნაური ქაქუჩა (ქაიხოსრო) ქოჩეჩაშვილი ყოფილა, რომელიც იმერეთის მეფე სოლომონ პირველის ელჩობას გაჰყოლია თურქეთში. მიღება, საუბარი, მერე პურ-მარილი და ასე გაგრძელდა ერთი თვის განმავლობაში. ახალგაზრდა აზნაურებს, როგორც ჩანს, ეს ერთფეროვნება მოსწყინდათ და დაიწყეს აქეთ-იქით ძრომიალი. ჩვენი ქაქუჩა გამუსლიმანებულ ქართველ ქალს გამიჯნურებია და ყოველდღე მასთან დადიოდა, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, შეუსწრეს. ატყდა ერთი ამბავი, ხმლების ტრიალი. ძლივს გამოუღწევია და გარეთ გავარდნილა. დამბაჩების სროლით გამოედევნენ. ქაქუჩას ერთ სახლში ღია კარი დაუნახავს და შევარდნილა. იქ, თურმე კათოლიკური მისია ყოფილა. ბერებმა კარი ჩარაზეს და მდევარი არ შეუშვეს, მაგრამ, იქიდან თავის დაღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. შენობა ერთი კვირის განმავლობაში მის გამო ალყაში იყო. ფანჯრიდან დაუნახავს, როგორ შესხდნენ მისი თანამემამულე ელჩები ცხენებზე, ხელი დაუქნიეს და საქართველოსკენ გზას გაუდგნენ. გავიდა დრო და კათოლიკე ბერების დახმარებით თავგადასავალგამოვლილი იმერელი აზნაური შინ დაბრუნდა. არ ვიცი, მისი ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ, ფაქტია, რომ ქაქუჩას გულმა კვლავ ახალციხისკენ გაუწია – როგორც ჩანს, ის ქალი შეჰყვარებია. წასულა, სატრფო მოუნახავს, კათოლიკე ბერებისთვის მადლობის ნიშნად, კათოლიკობა მიუღია, ქალი ქრისტეს რჯულზე მოუქცევია და ცოლად შეურთავს. ასე გავხდით კოკოჩაშვილები კათოლიკეები. ქაქუჩას ბევრი შვილი ჰყოლია, ძლიერი და შეძლებული ოჯახი შეუქმნია, ვაჭრობისთვის მიუყვიათ ხელი. საქარავნე გზებით დადიოდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებში, მრავალი ფათერაკი გამოუვლიათ, ინდოეთამდეც მიუღწევიათ. ამ მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი შტოს შთამომავლებს ბევრი სასიკეთო საქმე უკეთებიათ. ქუთაისში პირველი აფთიაქი კოკოჩაშვილებისა ყოფილა. აქ, სხვადასხვა წამალთან ერთად, ტკბილი წყალიც იყიდებოდა. ამ აფთიაქში მუშაობა დაუწყია პატარა ბიჭს, რომელიც, თურმე, გულმოდგინედ სწავლობდა რეცეპტებს. ეს ბიჭი მიტროფანე ლაღიძე გახლდათ. კოკოჩაშვილების განათლებულ ოჯახში სხვადასხვა პროფესიას ეუფლებოდნენ. მათ შორის იყვნენ: ექიმები, მოსამართლეები, ადვოკატები. ბაბუაჩემი, ვასილ კოკოჩაშვილი, ადვოკატი გახლდათ; ბებიაჩემი კი, ვასილის მეუღლე, ლუჩია ყაუხჩიშვილი-კოკოჩაშვილისა, ქუთაისში, ქალთა გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.
ბავშვობა
ბიძაჩემის, დედაჩემის ძმის, მერაბ ჯორჯაძის პატივსაცემად დამარქვეს მერაბი და ეს ძალიან საინტერესოდ მომხდარა: საფრანგეთში, მერაბთან მიმოწერა ოჯახს აკრძალული ჰქონდა. ბებია ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. მე რომ დავბადებულვარ, ვერ გადაეწყვიტათ, რა სახელი შეერჩიათ. მაშინ, მამაჩემს უთქვამს: სახელებს ქაღალდის პატარა ფურცლებზე დავწერ და ქუდში ჩავყრი, ერთი ამოვიღოთ და, რაც ამოჰყვება, ის დავარქვათო. ასეც მოქცეულან. ქაღალდზე, რომელიც ამოიღეს, მერაბი ეწერა. მხოლოდ ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, რომ მამას ყველა ქაღალდზე ეს სახელი დაუწერია, ბებია რომ გაეხარებინა. როგორც მიამბეს, ფეხი უშანგი ჩხეიძემ ამადგმევინა. მე რომ დავიბადე, უშანგი უკვე ავად იყო. სწორედ იმ წელს დაანება თავი თეატრში სიარულს. უკანასკნელი როლი 1933 წელს ითამაშა. თავის ოთახში ყოფილა წამოწოლილი და ბალს შეექცეოდა. მე კი ჩვენს ოთახში იატაკზე დავფორთხავდი. ეტყობა, გართობა უნდოდა, ბლის ყუნწს ძაფი გამოაბა, გადმომიგდო და ნელ-ნელა თავისკენ გასწია. მერე მიყვებოდა, ბალს რომ ვერ მიწვდი, ფორთხვით გამოჰყევი, მერე წამოდექი და ჩემთან მოხვედიო. მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩემი გამგზავრებაც მისი წყალობით მოხდა. რომ წამოვიზარდე, ძალიან მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. საოცრად დახვეწილი პიროვნება იყო. ავადმყოფობის მიუხედავად, ფიზიკურად ძლიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. საოცარ გარემოში ვიზრდებოდი.
ბოლშევიკური ტერორის მანქანა ახალი ძალით ამოქმედდა. ჩემი მშობლები რუსთაველის თეატრში მუშაობდნენ. დააპატიმრეს სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე და მამაჩემიც. არჩილ კოკოჩაშვილი, ამ ტალღამ იმსხვერპლა – 1937 წელს სახლიდან წაიყვანეს და წლების განმავლობაში ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცოდა. 1956 წელს მივიღეთ ცნობა, რომ ის 1938 წელს გარდაცვლილა. დედა მარინე ჯორჯაძე, რეპრესიებს გადაურჩა და ერთადერთ ვაჟს უმამოდ მზრდიდა. არც შინ და არც გარეთ არავისგან მიგრძნია, რომ „ხალხის მტრის” შვილი ვიყავი. ყველანი ერთნაირად ვცხოვრობდით – ერთნაირად გვიჭირდა და გვილხინდა. ესაა, რომ დედა კარგს არაფერს მეუბნებოდა საბჭოთა ცხოვრების წესზე, მაგრამ, არც ცუდს ამბობდა. პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი თანაკლასელი იყო ცენტრალური კომიტეტის მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის უმცროსი ვაჟი, მერაბი. ჩვენს საკლასო ოთახს, სადაც მეორე საკლასო ოთახიდან გავდიოდით, სტალინის ოთახი ერქვა. კედლებზე სტალინის, ლენინის, ორჯონიკიძის, ბერიას და სხვა ბელადების სურათები ეკიდა. ბუნებრივია, შესაფერის დავალებებსაც გვაძლევდნენ. ერთხელ, ლექსის დაწერა დაგვავალეს. ოთახის აურა აშკარა ზეგავლენას ახდენდა ჩვენზე: ზოგმა ლენინზე დაწერა, ზოგმა სტალინზე, მე, ბერიაზე დავწერე. ერთი სული მქონდა, დედაჩემისთვის მეჩვენებინა. დედამ რომ წაიკითხა, მითხრა, აღარ დავინახო, ლექსი დაწეროო. ერთხელ, მათემატიკაში წერა გვქონდა. მეგობარმა დრო იხელთა, ფეხსაცმელი გამიხსნა და წამართვა. ვიფიქრე, დავასრულებ და დავედევნები-მეთქი. წამოვხტი. ის ბიჭი კლასიდან გავარდა და მეც სახაზავი ვესროლე, რომელიც კარში გაერჭო. ამ დროს ჩვენი სკოლის დირექტორი ჯაჯუ ჯორჯიკია გამოჩნდა. ის ჩვენს ოჯახს კარგად იცნობდა. გავშეშდი. თუ ჯაჯუ თავის კაბინეტში დაგიმარტოვებდა, უსიამოვნებას ვერ ასცდებოდი. ვიდექი და ველოდი, რას იზამდა. გამომხედა და „დამარიგა“: რამდენჯერ უნდა გითხრა, თავი დაანებე ამ ბაგრატიონებსა და რატიშვილებს, ეთამაშე ჩარკვიანსო.
კოკოჩაშვილების ოჯახში უამრავი საინტერესო ადამიანი იყრიდა თავს. უშანგი ჩხეიძის სტუმრები მათი სტუმრებიც იყვნენ. აქ მოდიოდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, მერი დავითაშვილი და, მათი რეკომენდაციით, 6 წლის მერაბი კინოგადასაღებ მოედანზე მოხვდა. მიხეილ ჭიაურელი, რომელიც სტალინის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა, ბელადის დაკვეთით ფილმ „გიორგი სააკაძეს” იღებდა. ამ ფილმში მერაბ კოკოჩაშვილმა პაატა სააკაძე განასახიერა, რამაც თანატოლებში დიდი პოპულარობა მოუპოვა. მიუხედავად ამისა, კინოსამსახიობო კარიერაზე არასდროს უფიქრია. ყველაფერი უწყობდა ხელს, რომ მუსიკოსის კარიერა აერჩია: აბსოლუტური სმენა, მუსიკალური გარემო.
დედა კონსერვატორიაში აკომპანიატორად მუშაობდა. როდესაც მასთან სამეცადინოდ სტუდენტები მოდიოდნენ, უშანგი ჩხეიძე თავის ოთახში გაჰყავდათ და კარი იხურებოდა. მე კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო ათწლედში, ლეო შიუკაშვილის ვიოლინოს კლასში ვმეცადინეობდი. ოთხი კლასი დავამთავრე. ისე ვზარმაცობდი, მიკვირს, როგორ მაჩერებდნენ – ალბათ, ჩემი მშობლების ხათრით. ასე რომ, ჩემი სამუსიკო კარიერა ამით დამთავრდა. მიხარია, რომ ჩემი ორივე ქალიშვილი ბებიისა და ბაბუის კვალს გაჰყვა და მუსიკოსები არიან.
სტუდენტობა და კინოკარიერა
ომის შემდგომ წლებში საზოგადოებისთვის კინო, იყო ინფორმაციის ერთადერთი წყარო, სხვა სამყარო, სადაც ადამიანები სხვა ღირებულებებით ცხოვრობდნენ. რუსთაველის პროსპექტზე იმ დროს ყოველ ნაბიჯზე კინოთეატრი და კლუბი იყო. ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს ეკრანებზე ახალი ფილმი გამოდიოდა. ბილეთი იაფი იყო, განსაკუთრებით – დილის სეანსზე. ასე რომ, ამ ორშაბათს და ხუთშაბათს სკოლა არავის ახსოვდა. ბატონ მერაბს კინორეჟისორობაზე სულაც არ უფიქრია. ერთხანს ლიტერატურით იყო გატაცებული. 1953 წელს კი მოსკოვში გაემგზავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩასაბარებლად, სადაც მისი თანატოლები: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა უკვე ეუფლებოდნენ რეჟისორის ხელოვნების საიდუმლოებას. მოსკოვში მერაბ კოკოჩაშვილმა თავის „კინემატოგრაფიულ ნათლიას” მიხეილ ჭიაურელს მიაკითხა.
ბატონ მიშას ჩემი ნამუშევრები მივუტანე და რჩევა ვთხოვე. განზრახვა არ მომიწონა. მითხრა, შენც და შენი მეგობრებიც სულელები ხართ, ფილმებს მაინც არავინ გადაგაღებინებთ. სულ 20 სურათს ვიღებთ და ყველაფერი განაწილებულიაო. იმ ოცი რეჟისორის გვარებიც ჩამომითვალა, ვისაც უახლოეს წლებში ფილმები უნდა გადაეღოთ. ყურები ჩამოვყარე და წასვლა დავაპირე. გამაჩერა, თუ გინდა, ხუთ წუთში გეტყვი იმას, რაც ხუთი წლის განმავლობაში უნდა ისწავლოო და დაიწყო: „იმისათვის, რომ რეჟისორი გახდე, სამი რამ არის საჭირო: „ერთი ადგილი“ (რბილად ვამბობ, თორემ ბატონი მიშა ყველაფერს თავის სახელს არქმევდა) და რადგან ამ სიშორის ჩამოეთრიე, ესე იგი, გქონია; მეორე – ზურგი. იცი რა არის ზურგი?“ – თვალები მორცხვად დავხარე, ვინაიდან მისი დახმარების იმედი მქონდა. დამეხმარა კიდეც – გაიწია და მის უკან, კედელზე, სტალინის სურათი დავინახე – „აი, ეს არის ზურგიო, – მითხრა, – მესამე – ნიჭი და, ამასთან ერთად, მოთმინებაო“. გამოცდები ფრიადზე ჩავაბარე, მაგრამ ჩემი გვარი სიაში ვერ ვიპოვე. დეკანატში მითხრეს, კიდევ ერთი კომისია უნდა გაიაროო. გასაუბრებაზე ოჯახის, მამაჩემის ამბავი მკითხეს და გამიშვეს. ბატონი მიშას გავლენა რომ არა, შესაძლოა, ჩემი ოჯახის წარსულის გამო, ინსტიტუტში ვერც მოვხვედრილიყავი. „ვგიკში” სწავლის წლები სულ სხვა ცხოვრებაა: ახალი მეგობრები, ნაცნობები... ეს იყო ხანა სამყაროს ახლად აღმოჩენისა. მხიარულად ვცხოვრობდით. ჩვენ შორის მხოლოდ სიყვარული და ერთმანეთის თანადგომა იყო.
„ვგიკის” ტრადიციის თანახმად, სტუდენტური ფილმის თემის შერჩევაში არავინ ერეოდა. მერაბ კოკოჩაშვილმა საკურსო ნამუშევრად ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი” აირჩია. ათწუთიანი ფილმის სცენარი დაწერა. ინსტიტუტიდან მივლინება და კამერა მიიღო და დამწყებ ოპერატორებთან ერთად საქართველოში გამოემგზავრა, ვაჟას მშობლიურ სოფელ ჩარგალში. იშვიათია, როდესაც პირველი ფილმი მცდარ წარმოდგენას გვიქმნის რეჟისორზე, მაგრამ, უფრო იშვიათია, როდესაც პირველი ფილმითვეა შესაძლებელი იმის ამოცნობა, დაიკავებს თუ არა მისი ავტორი საკუთარ ადგილს კინოში, ანუ, რით იქნება მისი შემოქმედება მნიშვნელოვანი. 1959 წელს მერაბ კოკოჩაშვილმა სადიპლომი ფილმისთვის მზადება დაიწყო და მიხეილ ჯავახიშვილის ნოველა „მუსუსი” შეარჩია. ხელის შემშლელი თითქმის არაფერი იყო: „ვგიკში” მოიწონეს, კინოსტუდია „ქართულ ფილმში” სცენარი დამტკიცდა, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, მოულოდნელად ფილმი გააჩერეს.
მათი აზრით, ჯავახიშვილის ნოველა ანტიეროვნული ნაწარმოები გახლდათ. ახალ თემაზე ფიქრის დრო არ მქონდა. უდიპლომოდ ვრჩებოდი. ამ დროს ოთარ აბესაძე, რომელიც „ვგიკში” ჩემს პარალელურ ჯგუფში სწავლობდა, თავის სადიპლომო ფილმზე – „კარდაკარ” – იწყებდა მუშაობას. სცენარის ავტორი რეზო თაბუკაშვილი იყო. სწორედ მან შესთავაზა სტუდიას, ფილმის მოცულობა რვა ნაწილამდე გაეზარდათ, რაც შესაძლებელს გახდიდა, ფილმს ორი დამდგმელი რეჟისორი ჰყოლოდა.
ქორწინება
ამ ფილმზე მუშაობა ბატონი მერაბისთვის ერთ მნიშვნელოვან მოვლენასთან არის დაკავშირებული – მის ცხოვრებაში გამოჩნდა მანანა მეძმარიაშვილი.
მანანას ბავშვობიდან ვიცნობდი. ის უშანგი ჩხეიძის დისშვილია და ხშირად მოდიოდა ჩვენთან სტუმრად, მაგრამ, ჩემზე პატარა იყო და ყურადღებას არ ვაქცევდი. მერე მოსკოვში წავედი სასწავლებლად და დიდი ხნის უნახავი მყავდა. „კარდაკარზე” მუშაობა რომ დავიწყეთ, ერთ-ერთი როლის შემსრულებელს ვეძებდით. ქუჩაში ლამაზი გოგო დავინახე. მანანა აღმოჩნდა. მაშინ უკვე 18 წლის იყო. შემიყვარდა. 1961 წლის იანვარში კი ჩვენ ვიქორწინეთ.
მერაბ კოკოჩაშვილის ფილმებია: „მიხა”, „არდადეგები”, „დიდი მწვანე ველი”, „გზა მშვიდობისა, ჯაყო”, „გზა”, „ნუცას სკოლა”, „ხმელი წიფელი”, „კარდაკარ”.