ვარდების მოედანზე დედამიწის დღე აღნიშნეს
22 აპრილს, ვარდების მოედანზე დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. CENN-ისა და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ინიციატივით, ვარდების მოედანზე გამოიფინა შემდეგი კრიტერიუმით შერჩეული ავტომობილები: ეკონომიურობა – საწვავის კუთხით, მცირე ზომა, ნაკლები გამონაბოლქვი და ხმაური. მთელ მსოფლიო ნელ-ნელა გადადის ელექტრონული და ჰიბრიდული მანქანების წარმოებაზე, რათა დედამიწა კლიმატური ცვლილებებისგან დაიცვან. დედამიწის დღის მთავარი გზავნილი შემდეგია – შეაჩერე კლიმატის ცვლილება, ითამაშე შენი როლი. ეს ულამაზესი, ეკონომიური ავტომობილები არაჩვეულებრივი სანახავი იყო. მათი შეძენისა და დედამიწის დაცვის სურვილი კი ძალიან ბევრს გაუჩნდა. ნელ-ნელა, ალბათ, საქართველოშიც მიხვდებიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული საცობების, ვიწრო გზების, საშინელი გამონაბოლქვის ფონზე, პატარა, კომპაქტური ჰიბრიდული ავტომობილები მდგომარეობას სერიოზულად გამოასწორებს. დავიცვათ გარემო დღეს, რომ მან ხვალ ჩვენი შვილები დაიცვას.