როგორ აღმოჩნდა აგნესა ლეონარდო დიკაპრიოს პლაჟზე და რას აკვირდება ის მამაკაცებთან ურთიერთობისას
აგნესა, რომელიც უკვე დიდი ხანია, სამარაში ცხოვრობს, სიმღერის გარდა სხვა საქმითაც არის დაკავებული, კერძოდ, ადამიანების გალამაზებას ცდილობს. მას ახალი ჰობიც აქვს – მოგზაურობა და უკვე რამდენიმე ქვეყანაც მოინახულა.
აგნესა: ამჟამად ისევ სიმღერით ვარ დაკავებული – აქტიურად ვაკეთებ რაღაცეებს. ახლახან მოსკოვიდან დავბრუნდი. ასევე, დაკავებული ვარ სხვა ბიზნესითაც, თუმცა ჯერჯერობით ეს საიდუმლოა. მუსიკას არ ეხება, სამაგიეროდ, ეხება სილამაზეს.
– ქალების გალამაზებას ხომ არ ეხება?
– არა მხოლოდ ქალების. სამარაშიც მაქვს ეს ბიზნესი, მოსკოვშიც და იტალიაშიც. ამიტომ დავდივარ წინ და უკან, ერთ ადგილზე არ ვზივარ.
– შენ მითხარი, ახლახან მოსკოვიდან დავბრუნდიო. იქ რას აკეთებდი, კონცერტები ხომ არ გქონდა?
– სხვადასხვა ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. მერე ჩემმა მეგობარმა გახსნა ბარი და გახსნაზე ვიმღერე. პატარ-პატარა კონცერტები მქონდა, კორპორაციულ საღამოებზე ვიმღერე. სამარაშიც ხშირად არის კონცერტები, აქ ბევრი მეგობარი, ნაცნობი მყავს. მოსკოვთან შედარებით სამარა პატარა ქალაქია. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. იციან, რით ვარ დაკავებული, სატელევიზიო არხებზეც ტრიალებს ჩემი კლიპები და ხშირად მიწვევენ ხოლმე. სამარაში ძალიან გემოვნებიანი მაყურებელია და ყველაფერი მაღალპროფესიონალურ დონეზე ტარდება.
– ახალი კლიპები ტრიალებს, თუ ძველი?
– ჯერჯერობით ძველი კლიპები. აქ არ ჰქონდათ ნანახი და ამიტომ, მათთვის ახალია. თან, ქართული სიმღერები ძალიან მოსწონთ. ახლა მინდა, რუსულ ენაზეც ჩავწერო სიმღერები. რადგან აქ ვარ, მინდა, რუსული რეპერტუარიც მქონდეს. თუმცა, ქართულ სიმღერებსაც გავაკეთებ.
– კონცერტებზე შენთან ერთად ცნობილი რუსი მომღერლებიც თუ გამოდიან?
– ბევრს ვიცნობ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქტიურად შედიან სხვებთან კონტაქტში. ყველა თავის გამოსვლის დროს ელოდება და მღერის. ბოლოს მიწვეული ვიყავი ალსუს მეუღლის დაბადების დღეზე. მასთან ერთად სომხეთში ვიყავი მუსიკალურ პროექტში, ამიტომ მე და კიდევ ერთი მონაწილე ბიჭი დაგვპატიჟა. ვიმღერეთ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. თავის რესტორანში გადაიხადა დაბადების დღე, ძალიან ვიწრო წრეში – ბასკოვი იყო, სოსო პავლიაშვილი, ჯგუფი „სლივკი“... სასიამოვნო საღამო იყო, ოჯახური, მეგობრული. მოსკოვში ისეთ წრეში ვტრიალებ, როდესაც რაღაც ხდება, მიკავშირდებიან. მეც მივდივარ. თუ არ ვმღერი, მაშინ ასეთი ტიპის „ტუსოვკებს“ ვესწრები. აქ ყველაფერი უფრო პომპეზური, მასშტაბურია. როდესაც მოსკოვში ჩავდივარ, ყოველთვის, დღე და ღამე, რაღაც ხდება. სამარა უფრო მშვიდი ქალაქია, მაგრამ თავის სიტყვას ამბობს. მოსკოვში გადასვლასა და იქ ცხოვრებაზე ვფიქრობ. ეს ქალაქი ჩემს ორივე საქმიანობასთან – ფეშენ-ინდუსტრიასა და სიმღერასთან უფრო ახლოა. იქ უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობაა ამისთვის. სამარა არ არის პატარა ქალაქი, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. თან, დავდივარ ისეთ ადგილებში ანუ „ტოსოვკებზე“, სადაც ძირითადად ერთი და იგივე ხალხია. მოსკოვი კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ დიდი ქალაქია, ახალ ადამიანებს ხვდები, გაიცნობ და ამას ხშირად ბევრი სიახლე მოჰყვება.
– ანუ, როცა რაღაც სიახლე გინდა, მიდიხარ მოსკოვში?
– თუ სამარაში მომწყინდება, მეგობრებთან ერთად შაბათ-კვირას მოსკოვში ვართ. ახლა ახალი ჰობი მაქვს – ვმოგზაურობ. ვიყავი ტაილანდში, იტალიაში, ესპანეთში ადრე დასასვენებლად ეგვიპტეში, თურქეთში დავდიოდი, მაგრამ ტაილანდის ნახვის მერე, აღარაფერი მინდა. ეს არის სასწაული. საოცარი ქვეყანაა, ეგზოტიკური. ბუნება არაჩვეულებრივია. ჯუნგლებში ვიმოგზაურე სპილოებით. ისეთი გრძნობა მქონდა, ენით ვერ აღვწერ. სუნთქვას ვიკავებდი – დედა, ეს რა ხდება-მეთქი. მერე მდინარეზე ბამბუკის ტივით საათ-ნახევრის განმავლობაში დავცურავდით, თან ჩვენვე ვატარებდით ტივს. ამ დროს კი ხიდან ხელებზე გველები გვეცემოდა. იქვე მაიმუნები დახტოდნენ. ძალიან ეგზოტიკური ქვეყანაა. კიდევ კუნძულებზე ვიყავი, კერძოდ, იმ კუნძულზე, სადაც ფილმი „პლაჟი“ გადაიღეს, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს. ულამაზესი ადგილია. ისეთი კარგია იქ ყოფნა, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ასეთი სილამაზის დანახვისას, გინდა, რომ იყვირო, იცინო, იტირო. კიდევ ვიყავი ვენეციაში, ძალიან რომანტიკული ადგილია.
– რომანტიკულ არდადეგებზე ვისთან ერთად იყავი?
– მეგობრებთან ერთად, თან ჩემს საქმეებს ვაგვარებდი. ვენეცია ისეთი რომანტიკული ქალაქია, რომ ყველა შეყვარებულებს ვურჩევ, იქ ერთად წასვლას.
– ხომ არ მოგინდა შეყვარებულთან ერთად ყოფნა?
– მე წავალ შეყვარებულთან ერთად.
– როგორია შენი ცხოვრების სტილი – ძალიან დატვირთული?
– ხანდახან ისე ვიღლები, მეგობარს მოსაკითხადაც ვერ ვურეკავ. ასეთ დროს განტვირთვას მივმართავ. ძალიან მიყვარს სპა-სალონები, სადაც მიკეთებენ მასაჟს, ყველანაირ პროცედურებს, კარგი განტვირთვაა. ძალიან მიყვარს კარგ რესტორანში წასვლა. ხანდახან კლუბი და ბარი გბეზრდება, ხმაურია. დაღლილი ხარ და არ გსიამოვნებს ასეთ ადგილას წასვლა. ამ დროს უფრო, ისეთი რესტორანი მომწონს, სადაც ცოცხალი მუსიკაა, უკრავს ვიოლინო. სამარაში არის ისეთი რესტორნები. როცა დაღლილი არ ვარ მაშინ, ძალიან მიყვარს კლუბებში წასვლა, ცეკვა, თან აქ ყოველთვის სიახლეებია. პარასკევს, შაბათ-კვირას ახალ-ახალი დიჯეები ჩამოჰყავთ მოსკოვიდან, ინგლისიდან და ძალიან საინტერესო პროგრამებია.
– დამეთანხმები, ალბათ, როცა ქალი თავის საქმეში წარმატებულია და გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავს, ეს უფრო მეტ სტიმულს აძლევს.
– როდესაც წარმატებული ხარ, ზოგჯერ იმის დროც არ გაქვს, გვერდით ვინმე გყავდეს. პირიქით, ეს ადამიანი ხელს გიშლის. მე, ზოგადად, არ მიყვარს ჩემს პირადულზე საუბარი... როდესაც სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, გათხოვებას დავაპირებ, მაშინ ვისაუბრებ ამაზე ინტერვიუში.
– ესე იგი, ახლო მომავალში არ აპირებ გათხოვებას?
– შეიძლება, ხვალ გავგიჟდე, ისეთი ვინმე შემხვდეს, ჭკუა გადამეკეტოს და გავთხოვდე. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, ჯერჯერობით არ ვაპირებ გათხოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრები მეუბნებიან, ძალიან კარგი ხასიათი გაქვს, ადვილია შენთან ურთიერთობაო, როდესაც საქმე პირად ცხოვრებას ეხება, ძალიან ძნელად ვდგამ ნაბიჯს. დედაჩემი ხშირად მეუბნება, გადამეტებულად ფიქრობო. წინასწარ ვერაფერს მიხვდები. ადამიანთან ცხოვრობ და ბოლომდე არ იცი, როგორია. რაც ასაკი მემატება, მით უფრო ბევრ რამეს ვაკვირდები და ხანდახან ეს გრძნობაც მაშინებს. ყველაფერს ვაკვირდები და უფრო კრიტიკული ვხდები. არ ვარ 16 წლის, რომ არასერიოზული ნაბიჯები გადავდგა, უკვე ბავშვზე, ოჯახზე უნდა ვიფიქრო.
– რას ითვალისწინებ მამაკაცებთან ურთიერთობისას, რა მოთხოვნები გაქვს მათ მიმართ?
– პირდაპირ ვერ ეტყვი – შენ ასეთი უნდა იყო, ან ისეთიო. როდესაც ადამიანს ვხვდები, პირველი შეხვედრისთანავე ვგრძნობ, როგორი იქნება. ანუ, უნდა იყოს კეთილი, იუმორის გრძნობით სავსე, არ უნდა ჰქონდეს საშინელი ხასიათი და იყოს, ჭკვიანი, ლამაზი. მეგობრებს რომ ვეუბნები, მამაკაცი ასეთი და ასეთი უნდა იყოს-მეთქი, მეუბნებიან – ეგ ჩვენც გვინდა, მაგრამ ასეთები აღარ არიანო. ესე იგი, მარტო დავრჩენილვარ-მეთქი. უნაკლო ადამიანი ხომ არ არსებობს. როდესაც წარმატებული ხარ, ძლიერი ხასიათი გაქვს, გინდება, მამაკაცი, რომელიც შენ გვერდით იქნება, შენზე ძლიერი ხასიათის და შენზე წარმატებული იყოს. ამიტომ, თუ დავინახავ, რომ სუსტია, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება.