რის დავიწყებას ვერ შეძლებს სოსო ჯაჭვლიანი ცოლთან ურთიერთობაში და რატომ წივიან და კივიან ქალები მის სახლში
მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი იმ მამაკაცთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ცოლს ღალატის გარდა ყველაფერს აპატიებს. ოჯახის ღირსებასა და პატივს იგი თავისი სვანური სიმტკიცით იცავს და, როგორც თავად ამბობს, ცდუნების საბაბს დედამიწის ზურგზე ყველაზე მომხიბვლელ, სექსუალურ, მიმზიდველ ქალსაც კი არ მისცემს. როგორია ეს სიმპათიური სვანი მამაკაცი ოჯახში, როდის რა უხარია და სწყინს, ამაზე თავად გვიამბობს.
– სოსო, გაიხსენე შენი და ირმას შეუღლების ისტორია.
– ჩემი მეგობარი დათო ურუშაძე, რომელიც რეჟისორი იყო, ირმას ბიძად ეკუთვნოდა. საწყალი, გარდაიცვალა. ახალი წლის დღეებში მის ოჯახში ვიყავი და იქ გავიცანი ირმა. გუმანმა არ მიმტყუნაო, არის გამოთქმა. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. ძველით ახალ წელს უკვე ცოლად მოვიყვანე. ისე, არაფერს ვწყვეტ სპონტანურად. ეს როგორი რაღაცაა, იცი? ყველა ადამიანს აქვს შიდა რიტმი, როგორც ფსიქოლოგიური ტესტი. ჩემმა შინაგანმა გუმანმა მითხრა, რომ ასე ჯობს და, მგონი, ყველაფერი ნორმალურად აეწყო. მერე მოვიდა ის, რასაც სიყვარულის განმტკიცება, ურთიერთპატივისცემა, მოვალეობა ჰქვია. ბევრი ამბობს – მე თავისუფალი ვარო. თავისუფალი არის გიჟი. ლეკვიც რომ გყავს სახლში და ქათამიც, უკვე აღარ ხარ თავისუფალი, ვიღაცისთვის რაღაც უნდა გააკეთო. აქ სხვა თავისუფლებაზეა ლაპარაკი. ასი ძალიან მაგარი, მომხიბლავი და სექსუალური ქალი რომ გაივლის ქუჩაში, კაცი ხარ და გულში ათას რაღაცას გაივლებ, ხომ? მაგრამ, შენი ადამიანობა, მრწამსი, მოქალაქეობა, პიროვნება, გვარიშვილობა რაში მდგომარეობს იცი?! რომ ეს ყველაფერი შენში უნდა დაიოკო და დაალაგო. შენში უნდა არსებობდეს რაღაც მორალის კოდექსები. ერთი კარის მწერალი იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში, ჟან დე ლაბრიუიერი. ხასიათები აქვს დაწერილი ქალთა შესახებ, კაცთა შესახებ, ციტირებული გამონათქვამებია. ძალიან კარგად იკითხება და, რომ კითხულობ, გგონია, ახლა დაწერაო. ერთ ადგილას ამბობს: ეს კაცი რამხელა გვარის წარმომადგენელია, რამხელა ვინმეა, მიდიხარ, მიდიხარ და, ძალიან ახლოს რომ მიხვალ, რწმუნდები, თურმე, რა არარაობა ყოფილაო. ალბათ, ეს არის ჩვენი ავტობიოგრაფია, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით ქალთან და ოჯახთან ურთიერთობაშიც.
– ყოველთვის სიმპათიური მამაკაცი იყავი. ვერ დავიჯერებ, რომ ქალები არ გეკურკურებიან და შენ რეაქცია არ გაქვს.
– ნოდარ დუმბაძემ თქვა: ადამიანს შუბლზე ერთი ძარღვი აქვს. ის თუ გაუწყდა, მერე ძალიან ადვილია ცხოვრებაო. ასეა ქალთან დამოკიდებულებაშიც. ძარღვი არ უნდა გაიწყვიტო. ქალისნაირი არსება მამაკაცისთვის დედამიწის ზურგზე არ შექმნილა. ქალზეა დამოკიდებული ყველაფერი. ჩვენ, მამაკაცებს გვგონია, რომ ქალი ირჩევს და ჩვენ „დავაბით“. ქალს შეუძლია, მთელი ცხოვრება ერთ წამში დაანგრიოს, ცხვირწინ ჩამოგიშალოს... ქალის სულიერებაზეა ლაპარაკი. მასზე დგას ოჯახიც და ქვეყანაც. ის თავის წილს მართავს, კაცი – თავისას. კაცი უნდა წავიდეს და თავისი საქმე აკეთოს. სადღაც რაღაც რომ გამხილდეს, ხომ დაეცა ჩემი ავტორიტეტი ნულზე?! დამეხვიონ ქალები, კი ბატონო, მთავარია, შენ არ მისცე საფუძველი.
– ესე იგი, სვანურ ტრადიციებში ცოლიან კაცთან კურკური არ „მოსულა“.
– ადრე სვანეთში იყო ასეთი წოდება – მახვში, ანუ ოჯახის მთავარსარდალი, საკითხავი კაცი. სვანეთში ქალიც იყო მახვში, როცა ბავშვები დაობლდებოდნენ ან რაღაც მოხდებოდა. კაცი ზოგჯერ ოჯახის გარკვეულ საკითხებში, დეტალებში ისე ვერ იხედება, როგორც ქალი.
– სვან მამაკაცებს სხვა ხიბლი გაქვთ – მტკიცე ხასიათი, ცოტა აგრესიულობა, მიზანსწრაფვა.
– ერთი თვის წინ ვენეციაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა მკლავჭიდში. წასულები ვიყავით. მძიმე წონაში 54 ქვეყანა გამოდიოდა. ყველაზე მძიმე მარჯვენა ქართველს აღმოაჩნდა. ხომ აზრზე ხარ, რა მაგარი რაღაცაა, დედამიწის ზურგზე კაცი რომ გიდგას გვერდით და სათქმელი რომ გაქვს – ყველაზე ძლიერი მარჯვენა ჩემი კაციაო. რა მოხდა, იცი? რომ ჩამოვედით, ტელევიზიებიდან არავინ დაგვხვდა. ერთ კვირაში, ნორვეგიაში, ოსლოში გეი-მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, ანუ ყველაზე დიდი საჯდომი ვის ჰქონდა. ვენეციაში გენადი კვინიკიამ გაიმარჯვა – ყველაზე დიდი მარჯვენა ვისაც ჰქონდა, ოსლოში კი ვიღაც ბარამია გახდა მისტერ-გეი – აი, ეს არის, რომ მაღიზიანებს. ნახე, როგორი პარადოქსების ქვეყანა ვართ? რამდენიც იყო იმნაირი ორი საუკუნის წინ, ახლაც იმდენია, კი არაფერი მომატებია. მაგრამ, რადგან შენ „მაწვები“, რომ ასეთი „პარადები“ უნდა ჩავატაროთ, კი ბატონო, რაზეა „ბაზარი“, მაგრამ, მოდი, ვაჟკაცების „პარადიც“ ჩავატაროთ.
– ჩვენც ვაჟკაცებზე ვისაუბროთ. მაგალითად, სვანურ ქორწილზე.
– ქორწილი მხოლოდ სვანურიდან იხსნება. „ქორი“ ნიშნავს სახლს. შენ რომ გათხოვდები, შენმა ქორმა წილი უნდა დადოს და, მეც რომ მოვიყვან ცოლს, ჩემმა ქორმაც წილი უნდა დადოს. ჯვრისწერის დროს ერთმანეთს შევფიცავთ, ანუ კონტრაქტს ვდებთ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში იმაზე, რაც ყველაზე წმინდაა – ოჯახზე. შენ სიკვდილამდე ჩემი უნდა იყო და მე – შენი. ოჯახიდან იწყება უბანი, ქალაქი, სოფელი, ქვეყანა და სახელმწიფო. ოჯახი თუ ძლიერია, ყველაფერი ძლიერია. მე, მაგალითად, ყველაფერს ვაპატიებ ცოლს და ასევე უნდა მაპატიოს ცოლმაც, ღალატის გარდა.
– ჰო, ამის პატიება ძნელია და, ამიტომაც, მამაკაცები, ხშირად უპატიებელი რჩებით.
– ყველა თავის საქმეს აკეთებს. ყველა მამაკაცი საქართველოში იმას ტრაბახობს, რამდენი ქალი ჰყოლია; ჯარში რომ იყო, სულ ცოტა, გენერლის ცოლთან იყო. მე ერთი სატრაბახო მაქვს – ერთი ქალი მყავს. ამას ვინც წაიკითხავს, თავის გულში ჩაიხედოს, თუ ასე არ არის. მე არ ვიცი, როგორი ვარ, ეს, ალბათ, ჩემმა მეგობრებმა, ახლობლებმა, მეუღლემ უნდა თქვან, მაგრამ ჩვეულებრივი ცხოვრების წესი მაქვს: ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც შენ გწყინს და, იცი, როგორი მარტივია ცხოვრება?!
– ქორწილზე ვსაუბრობდით. გქონდათ ქორწილი?
– დიდი სუფრები არ „მევასება“. ჯერ ჩვენ მოვიპატიჟეთ ირმას ოჯახი, მერე მათ გადაგვიპატიჟეს. აქედან ერთი ორმოცდაათი კაცი იყო და იქიდანაც თითქმის ამდენივე მოვიდა. იგივე ქორწილი არ არის? ირმას ბაბუა 65 წლის კაცი იყო. ჩემმა სიმამრმა თამადად დანიშნა. იმ სუფრასთან კინემატოგრაფისტებიც იყვნენ, სპორტსმენებიც. აიღო შოთამ ჭიქა და ჩემს მეგობარს, მკლავჭიდელს ეუბნება: მაგარი გახარებული ვარ, შვილიშვილის ქორწილში თამადა ვარ და, აი, ქეიფს რომ მოვრჩებით, მერე მე და შენ ხელი უნდა გადავწიოთო. ჭიქა მიიტანა პირთან, გადატრიალდა და მოკვდა საწყალი. მერე მამაო მიხსნიდა: ასეთი რაღაც ცხოვრებაში იშვიათად ხდება. იმ სუფრასთან ვინც იჯდა, ყველას მოხადა ცოდვები, თვითონ ადგა და იქით გაფრინდაო. ეს რომ ვიღაცას მოეყოლა, ვიფიქრებდი, ალბათ, ინდური ფილმის სიუჟეტია-მეთქი, მაგრამ მე გადამხდა. ამის დავიწყება შეუძლებელია.
– მატერიალურად კარგად უძღვები ოჯახს?
– გოდერძი ჩოხელი ჩემი შვილის ნათლია იყო. მისი სიტყვები გამახსენდა: მთელი ცხოვრება რაში გავლიე, იცი? ისეთ ყოფით რაღაცეებზე დავხარჯე, რაზეც არ უნდა დავხარჯულიყავიო. ფული როგორ უნდა მოვიდეს, იცი, შენთან? როცა სწორად მოდის და მართლა შენ გეკუთვნის, აი, მაშინაა გემრიელი. მატერიალურად შენ ვერასდროს იქნები აქ დაკმაყოფილებული. ყველაფერს ვფიცავ, თუ იმაზე მეტი მოვითხოვო, რაც მე გადაადგილებისათვის მჭირდება, რომ ვიკვებო და შვილებს განათლება მივცე. მაშინ ცხოვრებაში არაფერი მეშოვოს და ჩემს ოჯახს არაფერი შეერგოს, თუ ამაზე მეტი მოვითხოვო. ვაკეთო ის, რაც მინდა, ის პროექტები განვახორციელო, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ამ ყველაფერს ჩემი შემოსავალი ხან სწვდება, ხან – არა. თვითონაც მიკვირს, როგორ ვახერხებ ამას, იმიტომ, რომ არანაირი ბიზნესი არ მაქვს. საერთოდ, მიკვირს, საქართველოში როგორ არსებობს ხალხი. შეიძლება, შენმა ქვეყანამ გამაიმუნოს? ღორსაც და ძაღლსაც ხომ ვკვებავთ?!
– სახლში როგორი ხარ? მამაკაცებს ხომ უწესრიგობა გახასიათებთ.
– მე მაგარი ფეთხუმი ვარ. ხუთოთახიანი ბინა გვაქვს. დავუშვათ, სახლი იდეალურად არის დალაგებული, ირმაც, ბიჭებიც გავიდნენ და დავრჩი მარტო. ნახევარი საათიც რომ ვიყო, რომელ ოთახშიც შევალ, გეგონება, ექვსი თვე შლიდნენ ამ ოთახსო. სპეციალურად კი არ ვაკეთებ, ეგეთი ტიპი ვარ. იმ ოთახში, სადაც მე ვარ, სულ წიგნები, გაზეთები, რაღაცეებია მიყრილ-მოყრილი და ამაზე მაქვს ჩხუბი, ჩემს ნივთებს ხელს ნუ ახლებთ-მეთქი. აი, წივილ-კივილი მაშინ იწყება, იმიტომ, რომ სულ რაღაცას ვეძებ. აგარაკზეც არეულ-დარეული მაქვს ყველაფერი. ირმას უკვე რეაქცია აღარ აქვს ამაზე.
– ზოგიერთ მამაკაცს ძალიან სიამოვნებს, როცა ოჯახში პროდუქტებით დატვირთული შედის. ალბათ, შენც ასე ხარ?
– რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ. არ „მევასება“, მაღაზიაში რომ შედის ზოგი და უცნაურად ვაჭრობს: „ერთი კილო და ორასი გრამი ხორცი მომეცით“... ვინც მე მიცნობს, იმათ იციან – ან მაქვს, ან არ მაქვს. მეხორცე რომ გადმოიღებს ხორცის ნაჭერს და მკითხავს, რამდენი აგიწონოო, ვეუბნები, რამდენიც გამოვა, იმდენი იყოს-მეთქი. ხილსაც ასე ვყიდულობ, პურსაც, თვალის ზომით.
– სვანურ სიფიცხეს თუ ავლენ სახლში?
– ახალი შეუღლებულები ვიყავით. რაღაცას ვაკეთებდი და ირმას ხელი გავკარი ცოტა უხეშად – გაიწიე-მეთქი. ორი დღე ტიროდა. ახლა ისე შეეჩვია ყველაფერს, რომ შევდივარ სახლში, თუ არ ამოვატრიალე და გადავატრიალე სახლში ყველაფერი, ისე როგორ იქნება. ირმა და ჩემი სიდედრი მშვიდად უყურებენ ამას. პირიქით, თუ გაჩუმებული ვარ, გაკვირვებულები არიან – ხომ არაფერი მოუვიდაო.
– სიდედრის ყველას არ ესმის. როგორია მასთან ურთიერთობა?
– მე ყველაზე გაწონასწორებული და კეთილშობილი სიდედრი მყავს. სხვათა შორის, დღეს ჩემი სიდედრის დაბადების დღეა და ვულოცავ (ინტერვიუ ჩაწერილია 7 ოქტომბერს – ავტორი). ასეთი უპრეტენზიო ქალი დედამიწის ზურგზე არ მინახავს, ხმას არ იღებს. ის კი არა, არასდროს მინახავს, საჭმელს როდის ჭამს.
ეკა პატარაია