რა გამოიარა ქეთი ფარესაშვილმა პირად ცხოვრებაში და ვის გამო დაკარგა მან ბავშვი
ქეთი ფარესაშვილს ყველა კარგად იცნობს. ის ბრაზილიური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელია თბილისში და სიმღერის ეს სტილიც ძალიან მოიხდინა. შეუძლებელია, მოუსმინო და კარგ განწყობაზე არ დაგაყენოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ნაკლებად გეცოდინებათ, რომ ამ მშვენიერ ქალს უიღბლო დღეებიც ბევრი ჰქონია. ის მხოლოდ თქვენ გიამბობთ ღიად თავის ცხოვრებაზე, თუმცა, ბევრი რამის გამომზეურებისგან თავი შეიკავა.
– დიდი ხანია, არსად ჩანხართ. რატომ?
– შემოქმედებითი პაუზა არ მქონია, უბრალოდ, ტელევიზიით არ ვჩანვარ. როცა დავიწყე სიმღერა, პირიქით, სულ ხვეწნა იყო სხვადასხვა მხრიდან, რომ სადმე მივსულიყავი. მე კი, საერთოდ არ მადარდებდა კარიერა და ხშირად მავიწყდებოდა, იმდენად არ იყო ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი.
– გავიგე, ფსიქოლოგიით ყოფილხართ გატაცებული. ამით დაინტერესება, ალბათ, იმ პერიოდმა განაპირობა, როცა, ასე ვთქვათ, დეპრესიაში იყავით.
– ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ვკითხულობ, რადგან ძალიან მაინტერესებს და კარგადაც მესმის. მთავარი და ძირითადი აღმოვაჩინე ის, რომ პრობლემა, როგორც ასეთი, სამყაროში არ არსებობს. ყველაფერი, რაც ხდება, კარგი თუ ცუდი, შენი მიდგომა, დამოკიდებულებაა. არ მინდა, რომ ყოველთვის ერთნაირად ვიყო. ზოგჯერ თავს ცუდად გრძნობ იმის გამო, რომ ისე არ არის ყველაფერი, როგორც გინდა, როგორც დაგეგმე. გონება კალკულაციას აკეთებს, „ჩოთქავს“ რაღაცეებს და უფრო მატერიალისტია, ვიდრე სული. სული არის ყველაზე კარგი მოკარნახე, მას უნდა მოუსმინო და მისდიო. თუ იცი, რომ რაღაც არ გესიამოვნება, არ უნდა გააკეთო. მე ვარ ძალიან ხათრიანი ადამიანი. ალბათ, ვერავინ დაიჯერებს და გაიგებს, რომ ქეთი ფარესაშვილმა, შეიძლება, მხოლოდ ხათრის გამო იმღეროს მისთვის ძალიან შეუფერებელი სიმღერა, მაგრამ, ხშირად მიმღერია. ამ ხათრმა ყველაფერში შემიშალა ხელი. არასდროს მქონია ამბიცია, პოპულარული ვყოფილიყავი. ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი ჩვეულებრივი ადამიანი. სიმღერა და მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ, არ ვფიქრობდი, ეს ჩემს პროფესიად მექცია, მინდოდა, ჰობი ყოფილიყო. თუმცა, ისე ამეწყო ცხოვრება, რომ ჩიხში მოვექეცი და აუცილებლად უნდა მემღერა. მივდიოდი, ვიწყებდი ტირილს, მთელ განცდებში ვიყავი. ერთხელ, სცენაზე რომ უნდა გავსულიყავი, ტირილით გავვარდი სადღაც და დავიმალე. ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა, სცენაზე რომ გამოვდიოდი – დგახარ და ყველა შენ მოგჩერებია. შინაგანად თავისუფალი ადამიანი ვარ და, მინდა, ისე ვიყო, როგორც მომესურვება. ჩვეულებრივი ადამიანი, სტუდენტი ვიყავი, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჩამეძინა.
– რას ნიშნავს – ჩაგეძინათ?
– ჩემი პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ქმარს გავშორდი, რაღაც ტრავმები მქონდა, ბავშვი დავკარგე – ოთხი თვის მუცელი მომეშალა, იმიტომ, რომ ბევრი ვინერვიულე, რაც იმ ადამიანის ბრალი იყო. არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ, ეს ყველაფერი, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ მე სცენაზე გავსულიყავი – ამას მერე მივხვდი. თანდათან შვება ვიგრძენი და ჩემი თავიც ვიპოვე, თორემ, ვიქნებოდი ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი სადღაც სკოლაში, უცხო ენები მაქვს დამთავრებული.
– წარმომიდგენია, რა მდგომარეობაშიც იქნებოდით ამ ყველაფრის გამო.
– ძალიან დიდი დეპრესია დამეწყო. შოკში ვიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არც არასდროს გავთხოვილვარ. ისეთი სულელიც არ ვარ, რომ ოჯახი დამენგრია, მაგრამ, რაღაც ძალა გაკეთებინებს ამას, სადღაც მიჰყავხარ. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, ვითომ მეგობრები, რომლებმაც გული მატკინეს, ცუდი როლი ითამაშეს. თუმცა, თვითონ თავგადაკლული მეგობარი ვიყავი. ჩემთვის მეგობრობა იყო ყველაზე წმინდა, მაგრამ, ესეც, ალბათ, ამიტომ მოხდა, რომ პიროვნულად გავზრდილიყავი, განვვითარებულიყავი. დავინახე, რომ ძალიან ბევრს შეშურდა ჩემი. უცებ მოვიდა წარმატება, ფაქტობრივად, იმ საღამოდან, როგორც კი გავედი სცენაზე, ჩემი ცხოვრება ას ოთხმოცი გრადუსით შემოტრიალდა. ქვეყანამ შემაწუხა, ძალიან ბევრი მხოლოდ იმიტომ მოდიოდა, რომ, უბრალოდ, დავენახე. არავის უნდა, ცუდ ფორმაში, ცუდ ხასიათზე გნახოს. რთულ პერიოდში კი არავის არ უნდა, მხარში ამოგიდგეს. ამიტომ, ძალიან დავითრგუნე. პლუს ამას, საშინელი ჭორები გავიგე.
– მართლა? რა ჭორები?
– ჭორები იყო ჩემს მსუბუქ ყოფაქცევაზე, ნარკომანობაზე, ლესბოსელობაზე; იმაზე, რომ, თითქოს, ლოთი ვარ, ისეთი, რომ დღე და ღამე ქუჩაში ვგდივარ, ვითომ ბიჭები მცემენ, თმებით მითრევენ. ყველას სახეზე აწერია, ვინ ვინ არის. ზოგს გული შესტკიოდა ჩემზე, მოდიოდა და მამხნევებდა – გთხოვ, თავი დაანებე შოუ-ბიზნესს, შენ რატომ უნდა იყო გარეული ამ სიბინძურეშიო. მამშვიდებდნენ – ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს, რას უსმენ, დამშვიდდიო. მართლა შესტკიოდათ ჩემზე გული. რა თქმა უნდა, არაფერი ამის მსგავსი არ იყო. საერთოდ, არავის ვიცნობდი იმ პიროვნებებიდან, ვისთანაც დამაწყვილეს. ამაზე საშინლად გავბრაზდი. არადა, სიბრაზე ვიცი ისეთი, სულ ცეცხლებს ვყრი. შეიძლება, იმ მომენტში თმით ვითრიო, ყოველ შემთხვევაში, საშინელი სურვილი მიჩნდება, მაგრამ ასეთი რამ ჩვევაში არ მაქვს.
– ქმართან დაშორების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი პირადი ცხოვრება? ამბობენ, რომ ის პირველი მაინც სულ ახსოვთო. მაინც ფიქრობდით მასზე?
– ათი წლის შემდეგ გავთხოვდი. წარსული ოთხ წელიწადში დამავიწყდა. ოჯახის დანგრევით გამოწვეული დეპრესია თურმე სამიდან ოთხ წლამდე გრძელდება. მერე გავიწყდება.
– დასაწყისშივე ვახსენე დეპრესია. იმ პერიოდს ვგულისხმობდი, როცა დედა გარდაგეცვალათ. მე ვიცი, რომ ამან ძალიან ჩაგკეტათ.
– უკვე ორსულად ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. დედა ყველას უყვარს, მაგრამ, მე რაღაც ფანატიკურად მიყვარდა, თან, ისედაც ფანტასტიკური ქალი იყო. დედაჩემი არაფერს მაკეთებინებდა და უცებ დავდექი რთული ამოცანის წინაშე. ამ დროს ჩემი და უკვე გათხოვილი იყო და თავისი ოჯახი ჰქონდა. საერთოდ, არაფერი ვიცოდი, მარტო ერბოკვერცხს თუ შევიწვავდი. არავინ მყავდა გვერდით.
– როგორც ვიცი, დასამშვიდებელ წამლებსაც სვამდით.
– არ მიყვარს წამლები და არასდროს მიმიღია, მხოლოდ ერთხელ დავლიე, ისიც იმიტომ, რომ ვერ ვიძინებდი, ძალიან აგზნებული ვიყავი და მეგობარმა რაღაც წამალი მირჩია. რომ დავლიე, უარესად გამომაფხიზლა. საერთოდ ვეღარ დავიძინე. არც ექიმები მიყვარს, არასდროს მივდივარ მათთან. რთულ მომენტში ჩემშივე ვპოულობ ძალას. ჩვენ რომ ვუსმენდეთ საკუთარ სულს, იმხელა ძალა და ენერგია გვაქვს, თვითონ განვკურნავთ თავს ყველაფრისგან. რწმენა თუ გადაგვარჩენს.
– არ ვიცი რატომ, მაგრამ, მგონია, რომ რაღაც გაწუხებთ, რაღაცას განიცდით.
– ადრე თვითგვემას ვეწეოდი. მერე მივხვდი, რომ ძალიან ვაწვალებ საკუთარ თავს. რა ვქნა, ჩავიდინე და ჩავიდინე. ვისაც აწყენინე ან ვინც გაწყენინა, შეიძლება, ერთი სიტყვით უთხრა – „მაპატიე“ – და მორჩა, აღარ არის საჭირო, თავი იდანაშაულო – ეს როგორ შემეშალაო. იესოს დონეზე ვერ ავედით ადამიანები, რომ მისნაირი სრულყოფილები ვიყოთ. შეიძლება, მილიონები არ გქონდეს, მაგრამ, მათხოვარივით რომ არ ხარ, დახეული წინდებით არ დადიხარ და ნაგავში არ იქექები, ამის გამო უნდა ვიყოთ მადლიერები. მადლიერების გრძნობა აუცილებელია.