კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადასცა ენერგეტიკის სამინისტრომ საკუთრებაში ორი ჰესი რუსულ სახელმწიფო კომპანიას და რატომ არ ეშინიათ საქართველოში კრემლის კაპიტალის

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ენერგეტიკის მინისტრმა გვამცნო, რომ ორი ჰესი – „ხრამი 1“ და „ხრამი 2“ – „ინტერ რაოს“ ახლა უკვე მფლობელობაშიც გადაეცა. ხოლო, რაკი ზემოხსენებული ჰესები ზემოხსენებულსვე რუსულ კომპანიას მართვაში ისედაც ჰქონდა (2025 წლამდე), იქვე განგვიმარტა, რომ ფლობასა და მართვას შორის დიდი არაფერი სხვაობაა; მეტიც, რომ მხოლოდ მართვაზე უკეთესი მართვა-ფლობაა. მეორე მხრივ, ორიოდე წლის წინათ ბ-ნი ხეთაგური (ოღონდ „ენგურჰესთან“ მიმართებაში) განმარტავდა, რომ „ინტერ რაოსათვის“ „ენგურჰესის“ მართვაში გადაცემა მომგებიანია, რადგან ფლობასა და მართვას შორის დიდი განსხვავება ყოფილა. რატომ შეიცვალა აზრი ენერგეტიკის მინისტრმა; მართლაც, რა განსხვავებაა მართვასა და ფლობას შორის; და, რაც მთავარია, შეიძლება თუ არა რუსული სახელმწიფო კომპანიის ნდობა რუსეთთან არსებული დაპირისპირების ფონზე? ერთი სიტყვით, იმის გარკვევას, ასდის თუ არა ფულს პოლიტიკური სუნი, გია ხუხაშვილთან ერთად შევეცდებით.

– მართვასა და ფლობას შორის ენერგეტიკაში, სიმართლე გითხრათ, დიდი არაფერი განსხვავებაა, რადგან ენერგეტიკაში, რომელიც გარკვეული ბერკეტი და ზემოქმედების მექანიზმია, მთავარია, ვინ მართავს კომპანიას. აქედან გამომდინარე, პრინციპულად, არაფერი იცვლება – საკუთრებაში იქნებოდა თუ მართვაში, თუმცა უბრალოდ კონტროლსა და საკუთრებას შორის ის განსხვავებაა, რომ ფლობისას უფრო მაღალი ხარისხით აკონტროლებ და ეს პროცესი უფრო სტაბილური და გრძელვადიანი ხდება. სხვა საკითხია, ან მართვაში რატომ უნდა ჰქონოდა „რაო ესს“ მთელი ქართული ენერგეტიკული სისტემა, ელექტროენერგეტიკა მაქვს მხედველობაში. ამდენად, გაუგებარია, როდესაც გვესაუბრებიან ენერგოუსაფრთხოებაზე და პარალელურად გვეუბნებიან, რომ რუსეთი მტერია და მას მთელი ენერგოსისტემა აბარია. მოვისმინე კომენტარები, როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობდა, უნდა გვესმოდეს, რომ, როდესაც ქართველები რუსეთში აკეთებენ ფულს, ეს რუსული კაპიტალია და ის იქნება გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგო, თუ არ ვცდები, კოტე გოგელიაზე იყო ლაპარაკი. ძალიან მაინტერესებს, როდესაც საქართველოში შოულობენ ფულს კრემლის კომპანიები და აქვე აბანდებენ, ამას რატომ უყურებენ მშვიდად, თუ ქართველების მიერ რუსეთში ნაშოვნი ფული საფრთხეა?!

– ხეთაგურმა აღნიშნა, რომ „ინტერ რაოს“ მიერ ხრამჰესების შეძენა გააძლიერებს საქართველოს ბიუჯეტს.

– მე არ ვიცი, ვის ბიუჯეტს გააძლიერებს და რა მოჰყვება ამ ყველაფერს, რადგან ეს კომპანია მუშაობს ზემოგებებზე და ეს მოგებები წავა რუსეთის ბიუჯეტში. მაგრამ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ფინანსურ კუთხეზეა საუბარი, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფასეულობაზე, რასაც ჰქვია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, რადგან ჩვენი ენერგოსისტემა, ფაქტობრივად, მთლიანად, საკუთრებისა და კონტროლის თვალსაზრისით, ინტეგრირებულია რუსულ ენერგოსისტემაში. ანუ ამ ენერგოსისტემაში პოლიტიკა ტარდება კრემლიდან და ძალიან მალე, შესაძლოა, ჩვენ გავხდეთ რუსული ენერგოსისტემის განუყოფელი ნაწილი და იქნება უზრუნველყოფილი იმ ტიპის ენერგოუსაფრთხოება, რომელიც საბჭოთა დროს იყო. ოღონდ მაშინ უფრო უკეთესად: ცენტრალური გათბობაც არსებობდა, სინათლეც, გაზიც და ყველაფერი ეს ძალიან იაფი ღირდა. ეს გაუგებარი თამაშია, რადგან, ერთი მხრივ, გვესმის პოლიტიკური რიტორიკა, ამის პარალელურად კი, ქვეყნის ენერგეტიკას აბარებენ ჩვენს მუდმივ მტერ-მოყვარეს.

– სხვა ვინ შეიძლება, ყოფილიყო დაინტერესებული ჩვენს ენერგოსისტემაში ფულის დაბანდებით და რატომ შეუძლია ეფექტურად მართვა „ინტერ რაოს“ და არა რომელიმე სხვა, ვთქვათ, ადგილობრივ კომპანიას?

– ეს ყველაფერი მართვაში ჰქონდა ამერიკულ კომპანია „ეი-ი-ესს“, სანამ „რაო“ შეიძენდა მისგან და შეიძინა მას შემდეგ, რაც ამერიკული კომპანია არ დააყენეს საქართველოში. სხვათა შორის, ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ მუდმივად მართავდნენ აქციებს, ხან ტარიფებზე ედავებოდნენ, ხან – სხვა რამეზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსული კომპანია შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორჯერ გააძვირა ტარიფები და არც არსებული პრობლემები გადაუწყვეტია იმაზე უკეთესად, რატომღაც, არც ერთი პოლიტიკური ძალა ამაზე ხმას არ იღებს. ეს რის სიმპტომი შეიძლება, იყოს?!

– სამართლიანობის გამო, აღვნიშნოთ, რომ „ლეიბორისტები“ აწყობენ ხოლმე აქციებს.

– „ლეიბორისტები“ მაშინ „ეი-ი-ესსაც“ ებრძოდნენ. ისინი შედარებით თანმიმდევრულები არიან და მათ მიმართ პრეტენზიები არ იქნებოდა სამართლიანი.

– სხვა ოპოზიციური პარტიები რატომ არ იღებენ ხმას? „რაოს“ წილში არიან?

– უმნიშვნელო თემა ჰგონიათ, უკეთეს შემთხვევაში. თუმცა არ მგონია, ეს უკეთესი შემთხვევა იყოს, რადგან, თუ პოლიტიკოსი ვერ აცნობიერებს სახელმწიფო ინტერესსა და პრიორიტეტებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ის სახელმწიფოს მართვისთვის ნამდვილად არ გამოდგება.

– ვინ შეიძლებოდა, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, დაინტერესებულიყო ქართული ჰესებით?

– ალბათ, არავინ, რადგან ზოგადად საინვესტიციო გარემო და ენერგეტიკა საჭიროებს გრძელვადიან ინვესტიციას და შეიძლება, ასეც ითქვას, გრძელვადიან დამკვიდრებას ქვეყანაში. ცივილიზებული დასავლური კაპიტალი, გამომდინარე მათი სტანდარტებით, უვარგისი საინვესტიციო გარემოდან, არ არის დაინტერესებული საქართველოში კაპიტალის ჩადებით. ამიტომაც ვხედავთ ჩვენს საინვესტიციო რუკაზე, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ან გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალს. ამას აქვს სავსებით კონკრეტული მიზეზები: არაკონკურენტული და მაღალი პოლიტიკური რისკების მქონე გარემო, რომლის მიმართაც ცივილიზებული კაპიტალი ძალიან სენსიტიურია. თუმცა შეიძლებოდა, ჰესებით დაინტერესებულიყვნენ არაბები, თურქები.

– თურქები რატომ არ დაინტერესდნენ? რუსებზე ნაკლები ინტერესი აქვთ საქართველოში?

– „ხრამჰესებს“ „რაოს“ გარდა ვერავინ იყიდიდა, გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წლამდე მართვაში ჰქონდათ გადაცემული და სხვას მხოლოდ ამ მიზეზით ვერ დააინტერესებდა.

– მკითხველს შევახსენოთ, რომ „ინტერ რაომ“ „ხრამჰესების“ მართვის უფლება 2000 წელს მიიღო 2025 წლამდე.

– ასე რომ, სხვას არავის აყიდინებდა „რაო“, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაყიდვა შეუძლებელი იყო.

– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა?

– შეიძლება, მაგრამ თავის დროზე უნდა ეფიქრა ამაზე, თუმცა გაყიდვა მაინც არასწორი ნაბიჯი იყო, რადგან თუ ადრე შანსი გვქონდა, რაღაც ეტაპზე ნელ-ნელა გავთავისუფლებულიყავით „რაო ეესის“ მარწუხებიდან, ახლა უბრალოდ ამას მუდმივი ხასიათი მიეცა, რაც უვადოდ გადაავადებს ჩვენი რეალური ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას.

– „ხრამჰესებს“ რა წვლილი შეაქვთ ქართულ ელექტროენერგეტიკაში?

– არ არის მნიშვნელოვანი რაოდენობა, „ხრამჰესები“ ცალკე არ გაუყიდია საქართველოს ხელისუფლებას, ისინი „თელასთან“ ერთად იყო ერთიან პაკეტში. ეს არ არის დიდი სეგმენტი ქართულ ენერგეტიკაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო „ენგურჰესის“ თემა, ის გახმაურებული, სკანდალური მემორანდუმი, რომელიც თვალით არავის უნახავს და, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ბევრად უფრო გააზრებული პოზიცია ჰქონდათ აფხაზებს და სწორედ ამიტომაც ჩაიშალა ეს შეთანხმება. მოგეხსენებათ, აფხაზების გარეშე ეს გარიგება ვერ შედგებოდა: „ენგურჰესთან“ დაკავშირებით ვერც აფხაზები და ვერც ქართველები ცალმხრივ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ერთი სიტყვით, თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუცია „თელასის“ ხელშია, რომელიც კრემლის კომპანიას ეკუთვნის, რეგიონულ დისტრიბუციას კი ახორციელებს „ენერგოპრო“, ძალიან მაღალი ალბათობით რუსული კომპანია, რადგან ვერავინ გაიგო დანამდვილებით, ვინ არის მისი პატრონი. გვახსოვს ნოღაიდელის კომენტარი, როდესაც თქვა, ჰგავს ჩეხეთის ელჩი რუსსო.

– მაინცდამაინც, თვითონაც იყო პემიერ-მინისტრი, მაგრამ ჰგავდა?

– ოპოზიციონერსაც ჰგავდა, მაგრამ არც ოპოზიციონერი იყო, ბიზნესმენსაც ჰგავდა და არ იყო, ანუ ეს ადამიანი არასდროს არის თავის ადგილზე. ისევ ენერგეტიკას დავუბრუნდეთ: ფაქტობრივად, რაღა დარჩა? ჩვენს ხელში რა არის?! და, როდესაც ვსაუბრობთ, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რას ვგულისხმობთ?!

– ალბათ, იმას, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ტერიტორიაზეა?

– დიდი ალბათობით ქართული ენერგეტიკის სისტემის მეპატრონე არის კრემლი, არაფერს ვამბობ გადამცემ ხაზებზე, რომელიც „საქრუსენერგოსია“. ერთადერთი თემა, რომელიც ღმერთის წყალობით, მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია, არის გაზი. აზერბაიჯანია ჩვენი წყარო და ესეც იმის გამო ხდება, რომ ამ ხელისუფლებამდე ჩაიდო ისეთი ფუნდამენტი, რომლის დანგრევა ვერავინ შეძლო, შაჰ-დენიზი მაქვს მხედველობაში. თორემ ვიღაც, ალბათ, ამაზეც ილესავდა კბილებს და, რომ შეძლებოდა, გაყიდიდა. თუმცა გაზის თემაში რუსებიც იღებენ მონაწილეობას შიდა დისტრიბუციის თვალსაზრისით.

– „იტერას“ სახით, მაგრამ „სოკარსაც“ აქვს დიდი წილი?

– „სოკარი“ ნაკლებად სახიფათოა საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯან-საქართველო ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძია, მათი ინტერესები იმდენადაა გადახლართული ერთმანეთზე და იმდენადაა ურთიერთდამოკიდებული აზერბაიჯან-საქართველოს კეთილდღეობა, რომ რამე გართულებას არ უნდა ველოდოთ. რუსეთი კი, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი ხიფათია.

– შესაძლოა, ასეთი რამ მომხდარიყო? სხვა გზა არ ჰქონოდა ხელისუფლებას, რომ არ გადაეცა ელექტროენერგეტიკა რუსული კომპანიისთვის?

– როდესაც „თელასი“ მიჰყიდეს, მაშინ საერთოდ არაფერ მნიშვნელოვანზე არ იყო საუბარი. „ენგურჰესი“ კი ძალიან ჰგავდა ხარკის გადახდას, რადგან ომის შემდეგ ორ თუ სამ კვირაში მოეწერა ხელი იმ მემორანდუმს.

– „ხრამჰესები“?

– აქ უფრო ფინანსურ ინტერესს ვხედავ. დღეს ფინანსურად ხელისუფლებას ცუდი მდგომარეობა აქვს, ანუ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდი, თუმცა შედეგები პოლიტიკურია, მაგრამ არ მგონია, ხელისუფლებას პოლიტიკური ინტერესები ჰქონოდა. მე ვფიქრობ, დღეს ხელისუფლებას ცუდი მოლოდინები აქვს ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით და ეძებს შემთხვევას, რომ რაღაც ოდენობის ფული მიიღოს. შესაბამისად, მიიღო წინადადება, რომელზეც უარი არ თქვა.

– ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული ვადა 2011 წლის პირველ აპრილს ამოიწურა, ამ ხნის განმავლობაში არ უნდა გაგვეყიდა მაგისტრალური გაზსადენი. რაკი ფინანსური პრობლემები ახსენეთ, ისევ ხომ არ დადგება მაგისტრალის გაყიდვის საკითხი? ამთავითვე აშკარაა, რომ რუსეთის გარდა, ის თითქმის არავის აინტერესებს.

– მაგისტრალური გაზსადენის რუსებისთვის, თუნდაც, სომხებისთვის მიყიდვა, წარმოუდგენელი შეცდომა იქნება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია დიდ პოლიტიკურ თამაშში. ამ ბერკეტის რუსეთის ან სომხეთისთვის მიცემა წარმოუდგენელი სიბეცეა. აქ არის არგუმენტები, რომლებზეც ხმამაღლა საუბარი არ მინდა, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რა შეიძლება იყოს ეს არგუმენტები. ამ მაგისტრალის გაყიდვა არაფრით არ შეიძლება და ამაზე ჩვენი ამერიკელი მეგობრებიც ხშირად გვაფრთხილებდნენ, რადგან ეს არის გარკვეულწილად სტაბილურობის გარანტი რეგიონში. ჯერ ერთი, რუსეთისთვის გაზის მიწოდება სომხეთისთვის არის სტრატეგიული თემა და არა მხოლოდ ენერგეტიკული; მეორე, სომხეთისთვის ეს მაგისტრალი გახლავთ სიცოცხლის გზა და ის, რომ საქართველო უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და გამართულ მუშაობას, ორივე მხარისთვის შემაკავებელი ფაქტორია. მეტს უბრალოდ არაფერს ვიტყვი: ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. თუ ის გადავა რუსეთის ან სომხეთის კონტროლის ქვეშ, ეს იგივეა, რაც რუსეთის ხელში გადასვლა, რადგან სომხეთის გაზის სისტემა „გაზპრომისაა“, ამის შემდეგ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოების საკითხებიც მათი კომპეტენცია გახდება.

– და შეეძლებათ ნებისმიერი ექსცესის ჩვენთვის დაბრალებაც?

– თუ დასჭირდათ. რაც მთავარია, მაგისტრალური გაზსადენის სტაბილურ მუშაობას ჩვენ გარეშეც უზრუნველყოფენ და ჩვენ, როგორც ფაქტორი, ამოვვარდებით.

– თურქეთსა და აზერბაიჯანს არ უნდა აძლევდეთ ხელს ამ მაგისტრალური გაზსადენის შეძენა? რუსეთსა და სომხეთს შორის ჩადგომის შესაძლებლობაა?

– არ მგონია, თურქეთი ჩაერთოს ასეთი ტიპის თამაშებში. რაც შეეხება აზერბაიჯანს: ის შეიძლება, დაინტერესდეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ინტერესი რეალური იყოს, უფრო პოლიტიკური განაცხადის სახე შეიძლება, ჰქონდეს. მაგისტრალური გაზსადენი, თავისთავად, არ მგონია აზერბაიჯანსა და თურქეთს აინტერესებდეს, თუმცა, თუ პრივატიზაციის საკითხი დადგება, ვფიქრობ, აზერბაიჯანი ამაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას გარკვეული მიზეზების გამო.

– მიზეზები, ალბათ, ისედაც გასაგებია ჩვენი მკითხველისთვის.

– ეს მიზეზები უკავშირდება არა საქართველოს, არამედ სულ სხვა საკითხებს.

– მაგრამ ენერგოობიექტების რუსული კომპანიებისთვის მიყიდვა არც ხელისუფლებისთვისაა ხელსაყრელი. ეს ხომ ცეცხლთან თამაშს ჰგავს?

– ცეცხლთან თამაში მათი საყვარელი თამაშია. სამწუხაროდ, ცეცხლთან თამაში, როგორც რუსები იტყვიან, „ნა სვოი სტრახ ი რისკ“ შეუძლიათ, მაგრამ, როდესაც თამაშობ მილიონობით ადამიანის ბედით, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ვისაც უნდა, ითამაშოს თავისი ტყავის ხარჯზე და არა რამდენიმე მილიონი ქართველის ხარჯზე.


скачать dle 11.3