პოლიტიკური კალეიდოსკოპი
პორნოგრაფია პარლამენტში
ინდონეზიის პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან, რომლის სახელი არ ხმაურდება იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი პოსტი, რადგან პრესაში დაიბეჭდა ფოტოგრაფია, რომელზეც მკაფიოდ ჩანდა, თუ როგორ უყურებდა იგი პორნოგრაფიულ ფილმს პლენარული სხდომის დროს. დეპუტატი პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით უყურებდა პორნოს და, მიუხედავად იმისა, რომ ის თავის გამართლებას ცდილობდა და ყველაფერს ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ „ლინკს“ აბრალებდა, რომლის დაჭერის შემდეგაც ეკრანზე პორნო დაიწყო, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა დეპუტატის მანდატი. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდონეზიის პარლამენტში პორნოგრაფიულ კადრებს ადევნებდნენ თვალს – რამდენიმე თვის წინათ ჰაკერების დაუდგენელმა ჯგუფმა შეაღწია პლენარული დარბაზის მთავარ მონიტორამდე, სადაც, სხდომის მსვლელობის ნაცვლად, 15 წუთის განმავლობაში პორნოგრაფიული ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი ჩაურთეს დეპუტატებს.
ობამას მეგობარი მეძავებთან გამოიჭირეს
ჰონოლულუს პოლიციამ მეძავის აყვანის ფაქტზე ბარაკ ობამას ახლო მეგობარი – 49 წლის რობერტ ტიტკომი დააკავა. ჰავაიში მცხოვრები „მაჩო“ პოლიციამ სექსუალური მომსახურების საწინააღმდეგოდ მიმართული პოლიციური რეიდის დროს აიყვანა ერთ-ერთ სასტუმროში, როდესაც იგი საფასურზე უთანხმდებოდა მეძავს. ტიტკომს 500-დოლარიანი ჯარიმა გამოუწერეს და სახლში გაუშვეს. საინტერესოა, რომ ტიტკომი, რომელიც ობამას თანაკლასელი და ახლო მეგობარია და რომელთან ერთადაც პრეზიდენტი ჰავაიზე სტუმრობის დროს ხშირად თამაშობს გოლფს და წვავს ბარბექიუს, პოლიციის ხშირი „კლიენტია”. მანამდე იგი არაერთხელ იყო დაკავებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის გამო.
ბერლუსკონისა და მეძავის პორტრეტი აუქციონზე გაიყიდება
პორტრეტი, რომელზეც გამოსახულნი არიან იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და მისი სავარაუდო საყვარელი, მაროკოელი ქარიმა ელ-მარუგი, მეტსახელად რუბი, აუქციონზე გაიყიდება. ტილოს სახელწოდებაა „სილვიო და რუბი” და მისი ავტორი იტალიელი მხატვარი დოდი რიფენბერგია, რომელმაც პორტრეტი წებოვანი ლენტისა და ფერადი პლასტიკური პაკეტების გამოყენებით შექმნა. სურათი 6 მაისს გაიყიდება მილანში და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქველმოქმედო აქციას, რომელიც არასრულწლოვანი მეძავების დახმარების ფონდს მოხმარდება.
შვედეთის დედოფალი პაპარაციმ დააზარალა
შვედეთის სამეფოს დედოფალმა სილვიამ ნიუ-იორკში ყოფნის დროს ფეხი იღრძო. ამ ინციდენტის მთავარ დამნაშავედ კი შვედური ტაბლოიდის – „აფტონბლადეტის” ფოტოგრაფი დასახელდა. დედოფალი ქალიშვილთან ერთად მედისონ-ავენიუზე ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა, ხოლო გასასვლელში მას ფოტოგრაფების ჯგუფი ელოდებოდა, რომლებიც, გაფრთხილების მიუხედავად მაინც განაგრძობდნენ მონარქის დაფიქსირებას კამერაზე. ამის გამო სილვიამ მაღაზიის უკანა კარიდან გადაწყვიტა გასვლა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წაიქცა. ფეხის დაზიანების შემდეგაც კი, დედოფალი აბსოლუტურად ყველა დაგეგმილ შეხვედრას დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ ყავარჯნით უხდებოდა გადაადგილება.
სპარსი მონარქები იემენის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ
სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი მონარქიული წყობის ქვეყანა – ქუვეითი, ყატარი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ომანი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები არიან გაერთიანებულნი, ერ-რიადში შეიკრიბა, სადაც მათ სპეციალური მიმართვა მოამზადეს. მიმართვის ადრესატი იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰია, რომელსაც ისინი მოუწოდებენ დროულად გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდან და ქვეყნის მართვის სადავეები ვიცე-პრეზიდენტ აბდურაბა მანსურ ჰადის გადასცეს. სალეჰის განცხადებით, იგი მხოლოდ 2011 წლის ბოლოს გადადგება დაკავებული თანამდებობიდან და მართვის სადავეებს სანდო პირს გადასცემს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს მოუწოდებს, არ ჩაერიონ იემენის შინაურ პოლიტიკაში.
ქალი-პოლიციელი კოსოვოს პრეზიდენტი გახდა
მსოფლიოს სახელმწიფოების მიერ ნახევრად აღიარებული კოსოვოს ახალ პრეზიდენტად 36 წლის ატიფეტე იაჰიაგა დაინიშნა, რომელსაც მანამდე კოსოვოს პოლიციაში ერთ-ერთი მეთაურის პოსტი ეკავა და რომელსაც პარლამენტის წევრების უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა. კოსოვოში პრეზიდენტს პარლამენტი ამტკიცებს და იაჰიაგას კანდიდატურა მმართველი კოალიციიდან იყო წარდგენილი, რომელსაც 100 დეპუტატიდან 80-მა მისცა ხმა. იაჰიაგა კოსოვოელებისა და მთლიანად მსოფლიოსთვის, ახალი ფიგურაა, რომელსაც მანამდე არანაირი შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან. პარლამენტარების აზრით, იაჰიაგამ უნდა მოახერხოს კოსოვოს გამოყვანა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა წინა პრეზიდენტის, ბიზნესმენ ბეჯეტ პაკოლის არასწორი პოლიტიკის გამო აღმოჩნდა.