რის სანაცვლოდ გადასცა რუსეთის მხარეს თავადმა ჰანს ადამ მეორემ რომანოვების დახვრეტის საგამოძიებო დოკუმენტები და რა არის მისი მრავალმილიარდიანი კაპიტალის წყარო
ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოს მეთაურია, რომლის ფართობი, სულ რაღაც, 160 კვადრატული კილომეტრია და 35 ათასი მოსახლით მისი სრული სახელია ადამ-ფერდინანდ-ალოიზ-იოზეფ-მარია-მარკო-დავიანო პიუსი, ხოლო პოლიტიკურ ასპარეზზე მას ჰანს ადამ მეორე ფონ ლიხტენშტეინს, ტროპაუსა და იაგენდორფის გრაფად, რიტბერგის, ოსტფრიზლიანდის, ვადუცის თავადად და კიუნრინგის, შელენბერგის, ფელდსბერგის, კრომაუსა და ოსტრაუს მბრძანებლად მოიხსენიებენ. ლაპარაკია ალპების მთებში ჩაკარგული ჯუჯა სახელმწიფოს, ლიხტენშტეინის მეთაურზე, თავად ჰანს ადამ მეორეზე, რომელიც ევროპის უკანასკნელ აბსოლუტურ მონარქად ითვლება.
* ჰანს ადამ მეორე 1945 წელს ვალენტინობის დღესასწაულზე, 14 თებერვალს დაიბადა ციურიხში. მისი მშობლები – ლიხტენშტეინის თავადი ფრანც იოზეფ მეორე და გრაფინია ჯინა ფონ ვილცეკი იყვნენ. ბავშვობის წლები ჰანს ადამმა ვადუცის სასახლეში გაატარა, სადაც ძმებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. იქვე დაამთავრა დაწყებითი სკოლა და სკაუტების დივიზიონში გაიარა მომზადება. 1956-1960 წლებში ის ვენის „შოტენგიმნაზიის” მოსწავლე იყო, რომლის დამთავრების შემდეგ, სწავლა „ალპინუმ ზიოზის” ლიცეუმში განაგრძო. ლიცეუმი 1965 წელს დაამთავრა და გერმანული და შვეიცარიული დიპლომები აიღო. 1969 წელს ჰანს ადამმა სენტ-გალენის უნივერსიტეტის ბიზნესის და ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ოთხწლიანი კურსი გაიარა და ფინანსისტის დიპლომი მიიღო. თავადი სამ ენას ფლობს სრულყოფილად: ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.
* 1970 წელს ჰანს ადამი, მამის განკარგულებით ლიხტენშტეინის ფინანსურ ხელმძღვანელად დაინიშნა და სწორედ მის ხელში, რამდენიმე ნაწილად გაყოფილი სათავადო ერთ კორპორაციად გადაიქცა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ლიხტენშტეინში დაწესდა საგადასახადო შეღავათები, ხოლო ფინანსურ დანაშაულს მოეხსნა სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი. ჰანს ადამის ფინანსური პოლიტიკის შედეგად ლიხტენშტეინი ევროპის ერთ-ერთ ფინანსურ ცენტრად იქცა. იქ გამარტივებულია ყველა საბანკო პროცედურა, ხოლო საბანკო ანგარიშების ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია. ჰანს ადამ მეორის წყალობით, ლიხტენშტეინის ყოველი მოქალაქე ერთ კორპორაციაზე, ანუ სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობს, რადგან ქვეყანაში ალტერნატიული ბიზნესსაზოგადოება, პრაქტიკულად, არ არსებობს.
* გარდა იმისა, რომ ჰანს ადამ მეორე გენიალური ფინანსისტია, დასავლეთი მას „ეშმაკი” პოლიტიკოსადაც მიიჩნევს. 1989 წელს, მამის, ფრანც იოზეფ მეორის გარდაცვალების შემდეგ, იგი სათავეში ჩაუდგა ლიხტენშტეინის სათავადოს და იმ დღიდან ცდილობს თავისი უფლებამოსილების გაზრდას, რაზეც ადგილობრივი მთავრობა უარს აცხადებდა. მათი აზრით, ეს იქნებოდა გზა აბსოლუტურ მონარქიამდე. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში აგორდა სკანდალი, თითქოს ლიხტენშტეინის მთავრობა ტერორისტებისგან მიღებულ ფულს ათეთრებდა და ამით ფინანსურ სარგებელს იღებდა. გარდა ამისა, „დიდი რვიანის” რამდენიმე ქვეყანამ ლიხტენშტეინი მსოფლიო ტერორიზმის ფინანსურ ცენტრად დაასახელა. ჰანს ადამ მეორე აბსურდულს უწოდებდა ამ ბრალდებებს, თუმცა მისი მთავრობა გამოძიების დაწყებას მოითხოვდა. ამის საპასუხოდ, ჰანს ადამი დაიმუქრა, რომ ვადუციდან ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდებოდა და მთელ თავის კაპიტალს, დაახლოებით 5 მილიარდ ამერიკული დოლარს ქვეყნიდან გაიტანდა. ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც ლიხტენშტეინია, ამხელა თანხის საზღვრებს გარეთ გატანა პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავდა და მთავრობა დათანხმდა ჰანს ადამის მოთხოვნებს. მას მოეხსნა ყველა ბრალდება და დაინიშნა რეფერენდუმი, რომელმაც ჰანს ადამ მეორის უსაზღვრო უფლებებით სარგებლობა დაუმტკიცა, რაც პრაქტიკულად, აბსოლუტური მონარქიის დაკანონებას ნიშნავდა.
* ჰანს ადამ მეორის პოლიტიკური წარმატებებიდან აღნიშვნის ღირსია მის მიერ გატარებული რიგი პოლიტიკური რეფორმები, რომელთა გამოც ლიხტენშტეინის სათავადო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად იქცა ევროპაში. მისი ინიციატივით, 1990 წელს ლიხტენშტეინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა, ხოლო 1995 წელს ევროპის ეკონომიკურ სივრცეს შეუერთდა. მისივე დამსახურებაა რომ, 1984 წელს, ლიხტენშტეინში მცხოვრები ქალები სრულუფლებიანი მოქალაქეები გახდნენ და აღუდგათ ხმის მიცემის უფლება.
* ახალგაზრდობაში ჰანს ადამ მეორე წყალქვეშა ცურვით – დაივინგით იყო გატაცებული. მისი ახლანდელი სპორტული მიღწევები კი – თხილამურებითა და ფეხით სეირნობით შემოიფარგლება. ჰანს ადამი წინაპართა ტრადიციებს პატივს სცემს და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირებას აგრძელებს, მის საგვარეულო კოლექციაში რუბენსის 33 ფერწერული ტილო ინახება. ოჯახთან ერთად ჰანს ადამი ვადუცის სასახლის აღმოსავლეთ ფრთაში ცხოვრობს, რომლის ფასადი საშინელებათა ჟანრის ფილმების იდუმალ, ჩაბნელებულ ციხე-კოშკს მოგაგონებთ. სინამდვილეში კი მისი ინტერიერი ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით არის გათანამედროვებული. სასახლის აივნიდან კი, ბრწყინვალე პანორამა იშლება ალპებსა და რაინზე.
* ლიხტენშტეინის მეთაური, თავადი ჰანს ადამ მეორე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონარქია პლანეტაზე. არაოფიციალური მონაცემებით, მისი კაპიტალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. მისი კაპიტალის მთავარი წყარო კი LGT ბანკია, რომელიც მისმა ოჯახმა 70 წლის წინათ დააარსა. გარდა ამისა, იგი ფლობს ყველაზე ძვირად ღირებულ ავეჯს მსოფლიოში. ეს გახლავთ მეთვრამეტე საუკუნის საკაბინეტო გარნიტური – „ბადმინტონი”, რომლის შემადგენლობაშია უზარმაზარი კარადა სიმაღლით – 3,8 მეტრი, სიგანით კი – 2,8 მეტრი. კარადის შექმნაზე ევროპის 30 საუკეთესო ხელოსანი მუშაობდა და ის სპეციალური დაკვეთით ბოფორის ჰერცოგის 19 წლის იუბილეზე დამზადდა 1732 წელს. „ბადმინტონი” 2006 წელს „კრისტის” აუქციონზე ჰანს ადამმა 19 045 მილიონ ევროდ შეიძინა და მისი ამჟამინდელი საბაზრო ფასი 25 მილიონ ფუნტ-სტერლინგს შეადგენს.
* 1990 წელს „სოთბის” აუქციონზე გასაყიდ ექსპონატებს შორის გაჩნდა ეგრეთ წოდებული „სოკოლოვის არქივი”. ნიკოლაი სოკოლოვი გამომძიებელი იყო და ადმირალ კოლჩაკის დავალებით 1918-1924 წლებში იძიებდა რომანოვების ოჯახის დახვრეტის საქმეს. 1924 წელს სოკოლოვი გარდაიცვალა და დოკუმენტაცია მისმა ქვრივმა გრაფ ორლოვს გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში ინახავდა დოკუმენტებს. თუმცა, აუქციონზე გასაყიდად არქივი კანადის მოქალაქემ, ინკოგნიტოდ დარჩენილმა ქალმა გაიტანა. საბოლოოდ, არქივი 500 ათას ფუნტად ჰანს ადამ მეორემ შეიძინა და მას შემდეგ დაიწყო ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან. რუსებს „სოკოლოვის არქივის” დაბრუნება სურდათ, ხოლო ჰანს ადამი თავისი საგვარეულოს დოკუმენტაციას ითხოვდა, რომელიც 1945 წელს ლიხტენშტეინების საგვარეულოს სასახლიდან რუსებმა გაიტანეს. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და რუსეთმა იმპერატორ ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის დახვრეტის ალტერნატიული გამოძიების ვერსია ჩაიგდო ხელში. ჰანს ადამ მეორე კი, თავისი წინაპრებისგან დატოვებულ დოკუმენტაციას დაეუფლა.