ნაპატიები ღორები
შენ რომ ამერიკული სიმინდის თესლი არ გიყიდია…
რაკი მუნჯის ენა დედამ იცის, ქართველ გლეხებს ამერიკული ყვითელი სიმინდი ვერაფრით მოაწონეს (ან კი როგორ მოაწონებდნენ?!). ხოლო, რაკი ვერ მოაწონეს, მოარული ხმებით კი, რაიონის გამგებლებს პარტიული დავალება აქვთ, რომ კონკრეტული რაოდენობის ჰიბრიდული სიმინდის თესლი უნდა გაასაღონ, ეს უკანასკნელები ფრიად ცუდ დღეში ჩაცვენილან (სახლში ხომ არ წაიღებენ ამდენ თესლს?!). სხვათა შორის, შემომტანები ამ დიდი ოპერაციის განხორციელებამდე თითო-ოროლა გლეხს რომ გასაუბრებოდნენ, იქნებ, ისიც შეეტყოთ, რომ ოკეანის გაღმიდან თესლის ზიდვა უმადური საქმე იქნებოდა, თუნდაც, იმ მარტივი მიზეზით, რომ ყვითელი სიმინდის ქართული ჯიშები თავზესაყრელადაა და ზოგიერთი მათგანის მოსავლიანობა ამერიკულისას ჯიბეშიც ჩაისვამს. იმასაც ამბობენ, რომ გლეხებს არჩევნის წინაშე აყენებენ (და თუ ეს არჩევანია?!), რაც იმას ნიშნავს, რომ, თუკი ჰიბრიდულ სიმინდს არ შეისყიდიან, მიწას არ დაუხნავენ.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჰიბრიდული ჯიშის სიმინდს არც ჩვენებური საქონელი ეტანება – სწყენთო (რაც სავსებით ბუნებრივია, პირის გემო მათაც აქვთ!), თუმცა, არის გამონაკლისი, კერძოდ, ღორი, რომელიც, იმ თავისი ღორული ბუნების წყალობით, არათუ ჰიბრიდულ სიმინდს, ნეხვსაც ღრუტუნ-ღრუტუნით მიირთმევს.
ხოლო, რაკი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ 30 მილიონად შეფასებული პროგრამის ნაყოფს (სწორედ ეს თანხა დაუჯდა ამ ჩვენს ბიუჯეტს ჰიბრიდული ამერიკული სიმინდის პროგრამა) მხოლოდ ქართველი ღორები იგემებენ (ისიცაა, რომ ვერც ღორების რაოდენობით დავიკვეხნით, გემახსოვრებათ, ჭირმა გაგვიწყვიტა). აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ, შესაძლოა, ამ პროგრამის ფარული მიზანი ღორების პატივისცემაც ყოფილიყო – ამ გაგანია დემოკრატიაში ჩვენს ღორებს ადგილობრივი წარმოშობის სიმინდს ხომ ვერ ვაკადრებდით (იმის მიუხედავადაც, რომ ნეხვსაც სიამოვნებით გეახლებიან)?!