განსადევნები
ანუ „ფუი, ეშმაკს!“
მას შემდეგ, რაც ყირგიზეთის დელეგაციამ საქართველო, უფრო ზუსტად, საქართველოს რამდენიმე უწყება მოიარა გამოცდილების გაზიარებისა და გადაღების მიზნით და არც ჩვენს ჩინოვნიკებს დაუმადლებიათ მათთვის მასტერ-კლასის ჩატარება, მათ შესახებ თითქმის არაფერი გვსმენია. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ნანახ-მოსმენილის გადამუშავების პროცესში იმყოფებიან.
ამ თუ სხვა მიზეზით, გასულ კვირას, კერძოდ, 21 აპრილს, ყირგიზეთის პარლამენტში მეტად საინტერესო რიტუალი ჩატარდა: ყირგიზმა ხალხის რჩეულებმა თავიანთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან ბოროტი სულები განდევნეს და ამ დიად მიზანს ისეთი უწყინარი ცხოველების სიცოცხლე შეეწირა, როგორებიც ცხვრებია. როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი მედიისთვის უცნობია, ყირგიზეთის პარლამენტის შენობის სახელდობრ რომელ ადგილას ჩატარდა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ანუ, კონკრეტულად სად გამოასალმეს სიცოცხლეს საბრალო ცხოველები, თუმცა, ცნობილია, რომ რიტუალის ხარჯი დეპუტატებს დააფარვინეს. უფრო ზუსტად, თითოეულ დეპუტატს ხელფასიდან იძულების წესით ჩამოაჭრეს 15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ყირგიზულ ვალუტაში, ოღონდ, მთელი თანხა მხოლოდ შესაწირი ცხვრების შესაძენად არ დაუხარჯავთ, მისი ნაწილი ქველმოქმედებისთვისაც გადადეს.
მართალია, ისევე უცნობია, თუ რა გახდა რიტუალის ჩატარების მიზეზი, როგორც ის, განწმინდა თუ არა ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანოს კედლები ცხვრების სისხლმა უწმინური ძალებისგან, მაგრამ, ვფიქრობ, აშკარაა, რატომ მიაჩნია დასავლეთს, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ვარდივითაა გაფურჩქნული.
მეორე მხრივ, რაკი საქმე განწმენდაზე მიდგა: ვითომ საქართველოს პარლამენტის შენობას აწყენდა იმ დეპუტატების სულების განდევნა, სადეპუტატო უფლებამოსილების განმავლობაში ხმა ერთხელ რომ არ ამოუღიათ?!