ვისზეა შეყვარებული ლიკა ქავჟარაძე და ვინ თიშავდა მას წამლებით
ყველანაირი გადაჭარბებისა და სუბიექტურობის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ლიკა ქავჟარაძე არის ქალი, რომელზეც მთელი საქართველო, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, შეყვარებული იყო. ყველა დროის ულამაზესი ლიკა დღეს ისევ კინოშია. არ უჭირს იმ წლების გახსენება, როდესაც ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ იყო და არაფრის კეთება არ უნდოდა. არ უჭირს, რადგან დღეს ფიქრობს, რომ თავისუფალია, თავისუფალი საკუთარ თავში და თუ ადრე უბრალოდ ცოცხლობდა, ახლა ყოველდღე ცხოვრობს.
ლიკა ქავჟარაძე: დღეს ლიკა ქავჟარაძე აბსოლუტურად სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორითაც უნდა ცხოვრობდე, ზოგადად. დილით ადრე ვიღვიძებ, მუსიკის ფონზე ვვარჯიშობ, შემდეგ თუ რამე საქმე მაქვს მივდივარ და ვაგვარებ, თუ არა – მეგობრებთან მივდივარ. სახლიდან გასვლა თუ არ მინდა, ვკითხულობ, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ცხოვრების ჯანსაღი წესი აუცილებელია კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
– რთულია სილამაზის შენარჩუნება?
– ცხოვრების წესს რომ თავი დავანებოთ, გარშემო შენთვის ყველაფერი კომფორტთან უნდა იყოს დაკავშირებული. კომფორტი უნდა იგრძნო ყველაფერში, იქნება ეს საქმიანობა, მეგობრებთან ურთიერთობა, პირადი. ამ კომფორტის მიღწევაც ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, ზოგს – არა. ეს ყველაფერი, კომფორტულად ცხოვრობს ის და არის თუ არა იმ გარემოში, რომელიც სიამოვნებს, სახეზე ემჩნევა ხოლმე ადამიანს. მე არ გამიჭირდა ამ კომფორტის მიღწევა, ნამდვილად.
– ფიქრობთ, რომ ძლიერი ქალი ხართ?
– კი, დარწმუნებული ვარ, რადგან მივაღწიე სულიერ კომფორტს. აბსოლუტურად ვაკონტროლებ საკუთარ თავს, ჩემს საქციელს. რაც, ჩემს შემთხვევაში, სიძლიერეა. მუდმივად ვცდილობ, დაკავებული ვიყო და არ ვაძლევ თავს იმის უფლებას, დეპრესიაში ჩავვარდე ან რამე მსგავსი დამემართოს. ადრე ძალიან ხშირად მქონდა დეპრესია, რთული პერიოდები ცხოვრებაში, როდესაც ისე ცუდად ვიყავი, ვფიქრობდი, სამყარო ცალკეა და, მე კი ცალკე-მეთქი. არაფრის კეთება არ მინდოდა. ამ სიტუაციამდე გარემოს მიჰყავხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გარემოში, სად ცხოვრობ. გეოგრაფიას არ ვგულისხმობ, ხომ გესმით?!
– დეპრესიას დღეს ყოველი მეორე ადამიანი იბრალებს, თქვენ შემთხვევაში საქმე გაცილებით სერიოზულად იყო, ხომ?
– რა თქმა უნდა. დეპრესია მაქვს, დეპრესია მაქვს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის, მაგრამ რეალურად რა მძიმეა ნამდვილი დეპრესია, ეს ცოტამ თუ იცის. საერთოდ, არაფერი გინდა, არ გაქვს სურვილები, ვერ ხვდები რატომ არსებობ, კარგავ მიზნებს. ძალიან რთულია.
– და რა დაგეხმარათ ამ სიტუაციიდან გამოსვლაში?
– ისევ და ისევ საკუთარი თავი. ვერავინ დაგეხმარება. ოჯახის წევრები, ახლობლები ამ ყველაფერში როგორ მონაწილეობას იღებენ იცი?! წამალი დალიე, ეს ქენი, ის ქენი. ერთი პერიოდი, ფაქტობრივად, მხოლოდ წამლებს ვიღებდი, ისიც მთიშავდა, მაძინებდა და არანაირი ეფექტი არ ჰქონდა. ისევ შენ თვითონ უნდა იპოვო გამოსავალი. აუცილებლად უნდა დაკავდე, ის საქმე აკეთო, რაც გსიამოვნებს და ცხოვრებას სხვაგვარად შეხედო. ზუსტად ამის გადმოცემა რთულია, მაგრამ ასეა. როდესაც ექიმი გეუბნება, რომ წამალი უნდა დალიო, შენ ასეც იქცევი, სხვა რა გზაა?!
– როდემდე გაგრძელდა წამლების მიღება?
– მე ახლაც ვსვამ წამალს. დღეს ანტიდეპრესანტებს და მსგავს რაღაცეებს, ვინ არ სვამს?! მგონი, ყველა. ამაში განსაკუთრებული არაფერია. როგორც მინიმუმ უძილობის პრობლემა ყველას აქვს. აბსოლუტურად კარგად ვგრძნობ თავს, ენერგიულად, მიხარია ახალი დღე. კინო არის მთელი ჩემი ცხოვრება და დღეს კინოში ვარ. ამიტომაც, არ შემიძლია ცუდად ვიყო. თორმეტი წლიდან სულ აქ ვარ. მართალია, რაღაც მომენტებში ჩავარდნები იყო – იქ ომიანობა, ცუდი პერიოდი, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ბევრი რამე ხდება. ახალ ფილმებს იღებენ და მეც დაკავებული ვარ. ახლაც ახალ ფილმზე ვიწყებ მუშაობას, ისევ შოთიკო კალანდაძესთან ერთად.
– სიყვარული როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
– ძალიან ადრეულ ასაკში. საერთოდ, საოცრად ხალხის მოყვარული ვარ, მიყვარს ადამიანები, მნიშვნელობა არ აქვს გოგოა ის, ბიჭი, დიდი თუ პატარა. თუ არ არის ბოროტი ადამიანი და არ გამაღიზიანა, საერთო ენის გამონახვა ყველასთან შემიძლია. პრინციპში, ასეთი ადამიანებიც აღარ მაღიზიანებენ, რადგან პასუხს გავცემ. ადრე პასუხის გაცემა მიჭირდა, სულ ვცდილობდი გული არავისთვის მეტკენინებინა, გულჩათხრობილი ვიყავი და ყველაფერზე ვდარდობდი. მაგრამ, დღეს მივხვდი, რომ საჭიროა პასუხის გაცემა, თან – საკადრისი პასუხის.
– რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?
– უზრდელობა, „იაზვობა“. ისე, ახლა უკვე აღარაფერი მაღიზიანებს, ვიცი, რომ ცუდი ადამიანი ყველაფრის გამკეთებელია. ეს ყველაფერი მაინც ცხოვრებამ მასწავლა. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში შემთხვევები, როდესაც მსგავსი უსამართლობა მიგრძვნია ჩემს მიმართ და ამას ძალიან განვიცდიდი. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, შური და ასეთი მომენტები არავისგან მიგრძვნია, ხალხი ყოველთვის მეფერებოდა, ჩემს მიმართ სითბოს გამოხატავდა.
– რას ნიშნავდა ვარსკვლავობა მაშინ?
– ვერ აგიხსნით, ეს იმხელა პოპულარობა იყო. ქუჩაში ვერ გავდიოდი, რადგან ჩემსკენ თითს იშვერდნენ, ეს ის არ არის?! ეს ის გოგო არ არის?! ბოლოს ზამთარ-ზაფხულ ქუდი მეხურა, თვალებზე ვიფხატავდი, რომ არავის ვეცნე.
– და რატომ არ მოგწონდათ, როდესაც გცნობდნენ?
– უკვე ძალიან შემაწუხებელი იყო, ვიძაბებოდი, არ ვგრძნობდი თავს თავისუფლად. თავისუფლება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...
– თავისუფლების და ვარსკვლავობის ერთმანეთთან შეთავსება, თითქმის წარმოუდგენელია.
– არა, რატომ?! ყველაფრის შეთავსება შეიძლება. მე შევძელი, რომ ისინი შემეთავსებინა.
– ისევ სიყვარულს დავუბრუნდეთ.
– პირველი სიყვარული საბავშვო ბაღში მეწვია, ხუთი წლის ასაკში. (იცინის) ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ჩემი ჯგუფელი. სულ რაღაცაზე ველაპარაკებოდი, ვთამაშობდით. თუმცა, მერე რაღაცაზე გამაბრაზა, მეწყინა და გადამიყვარდა. (იცინის) აღარ ვეთამაშებოდი. რაც შეეხება სერიოზულ გრძნობას, ის ყველა ქალის ცხოვრებაშია. ადამიანს გული აქვს და თავისი შეხებით, დამოკიდებულებით, ურთიერთობით მეორე ადამიანზე ემოციურ გავლენას ახდენს. სიყვარულს იწვევს. ერთი ნახვით არასდროს შემყვარებია, თუმცა ასეთი რამ, ალბათ არსებობს. ეს უფრო ესთეტიკური ამბავია. დაინახე, გადაირიე, მოგეწონა. თუმცა, რასაც სიყვარული ჰქვია, ის წარმოუდგენელია, ერთი ნახვით. მქონდა ცხოვრებაში დიდი სიყვარული. ყოფილა მომენტები, როდესაც უბრალოდ გაიცნობ ადამიანს, მოდიხარ და ვერ ხვდები რატომ, მაგრამ მასზე ფიქრობ.
– ძლიერი სიყვარული შეგიძლიათ?
– ძალიან ძლიერი. ამ დროს ვხდები მაქსიმალისტი. საკუთარი ემოციების გამოხატვაშიც მაქსიმალისტი ვარ და მეორე მხრისგანაც იგივეს ვითხოვ. ეს მამაკაცებს ნამდვილად ეზედმეტებათ ხოლმე, ახლა მივხვდი. უკვე შემაწუხებელია ეს ბევრი და ბევრი ემოცია. ქალი უფრო ძლიერია თავისი არსებით, ემოციით, თუ თავისი ქმედებებით, ვიდრე მამაკაცი. დარწმუნებული ვარ, ის, რის გაკეთებაც ქალს შეუძლია, სიყვარულისთვის, მამაკაცი ვერასდროს გააკეთებს. მაგრამ ეს შეგრძნებაც არ მაწუხებს. ანუ არ განვიცდი ხოლმე იმას, რომ მე უფრო ძლიერი ვარ.
– დღეს თუ ხართ მზად ახალი სიყვარულისთვის?
– აუცილებლად. მნიშვნელობა არ აქვს რა დრო გავიდა წინა ურთიერთობიდან, ქალში ემოციები ყოველთვის ძალიან ადვილად შემოდის, თან გააჩნია, ამ ემოციებს ვინ იწვევს. დღესაც შეყვარებული ვარ და სულ მაქვს ეს გრძნობა. „ლუბვი გადა ნე პაკორნი“, სიყვარულისთვის საზღვრები და ადგილები არ არსებობს. ის მაშინ მოდის, როცა უნდა. რაც წლები გემატება, სიყვარული უფრო ღრმა, ტკბილი და სასიამოვნოა. შესაძლოა, ნაკლებად ბობოქარი და თავქარიანი, მაგრამ ძალიან ნამდვილი. საშინელებაა, როდესაც შტერდები, აბსოლუტურად ერთი მიმართულებით იყურები და ამ დროს გარშემო ყველაფერს კარგავ, შესაძლოა, იმ ადამიანსაც კი.
– კი, მაგრამ ცოტა ხანს ხომ მაინც ხარ ბედნიერი?
– არა, მერე იმდენად ცუდად ხარ, რომ ის ბედნიერი წუთებიც ფერმკრთალდება.
– ამან ხომ არ გამოიწვია პირველად თქვენში დეპრესია?
– არა. ზუსტად რამ, დღემდე არ ვიცი – ვითომ მშობიარობამ, გაციებამ, გარშემო არსებულმა სიტუაციამ. შესაძლოა, ყველაფერმა ერთად, ქვეცნობიერად ძალიან ცუდად იმოქმედა.
– ახლა როგორ იტანთ სტრესებს?
– გავრბივარ. ახლა ვცდილობ, რომ საერთოდ არ დავინახო პრობლემები, არ მომიწიოს მათთან ბრძოლა. თუ მივხვდი, რომ იქ რამე ცუდი შეიძლება მოხდეს, ეგრევე ვეცლები. სტრესებს ვიცილებ. (იცინის) ამ სიტუაციაშიც მარტო ვარ, ამისთვის არავის დახმარება არ მჭირდება. თუმცა, ახლობლები სულ განიცდიან იმას, ცუდად არ გავხდე, რამემ ცუდად არ იმოქმედოს. აღარ მაქვს ცხოვრების, მომავლის შიში.
– ბოლოს თქვენ ახალ როლზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. რამდენადაც ვიცი, უნდა ითამაშოთ ქალი, რომელსაც სხვა ქალი შეუყვარდება.
– ასეა. ეს ახალი თემაა და რამდენად კარგი გამოვა, ეს შოთიკოს ოსტატობაზეა დამოკიდებული. ზუსტად ვიცი, რომ ჭუჭყიანი არ იქნება. მეორე ქალის ვინაობა ცნობილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე თავით ფეხამდე ვარ ის ქალი, რომელსაც მამაკაცები მოსწონს, ამ როლის განსახიერებაც არ გამიჭირდება. ეს ხომ თამაშია.
სალომე გველესიანი