„კულტპახოდი“
ანუ „სამართალი სერგეისთვის“
შესაძლოა, იმიტომაც, რომ ქართული კინემატოგრაფის ბოლოდროინდელი ნამუშევრები (მცირეოდენი იშვიათი გამონაკლისის გარდა) ისეთი ხარისხისაა, კინოსკენ გახედვის სურვილს ერთხელ და სამუდამოდ დაგიკარგავს, ჩვენს რჩეულებს მართლაც კინო მოენატრათ. ჰოდა, რაკი მოენატრათ, ბედმაც გაუღიმათ: გასულ კვირას ჩვენს დედაქალაქში დოკუმენტური ფილმის – „სამართალი სერგეისთვის“ – პრემიერა გაიმართა. მართალია, ფილმი დოკუმენტურია, მაგრამ მეტად აქტუალურ და მტკივნეულ თემაზე: მასში რუსეთის კორუფციული სისტემაა მხილებული და, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის მანკიერ კორუფციულ სისტემასთან მებრძოლი ადვოკატი სერგეის ისტორიას ასახავს.
იქნებ, იმ მიზეზით, რომ ქართველი კანონმდებლების მელომანობის შესახებ ხმები შორსაა გავარდნილი, „სამართალი სერგეისთვის“ერთ-ერთმა პროდიუსერმა, შეიძლება, ითქვას, რომ 21 აპრილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გაატარა და პირადადვე ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართველი ხალხის რჩეულთა კინოთეატრში მისაზიდად). ამ პროპაგანდის ფარგლებში მათ დეტალურად აუხსნა, თუ რატომ გადაწყდა ხსენებული ფილმის გადაღება და არც იმის მოყოლა დავიწყებია, თუ როგორ შეეწირა რუსულ კორუფციულ სისტემას ადვოკატი სერგეი.
რთული სათქმელია, როგორ იმოქმედებს ქართველი დეპუტატების სამართლიანობის ამაღლებაზე „სამართალი სერგეისთვის“ (განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც თომას ჰამარბერგი უკიდურესადაა შეშფოთებული საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობით), თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, თუ ამ კოლექტიური ჩვენების შემდეგ ერთ სასესიო დღეს მაინც მიუძღვნიდნენ თემას: „სამართალი სერგეისთვის“ როლი ქართულ კანონშემოქმედებაში!“