მხოლოდ აქციები
გადამძღრები
ქართულ ბაზარზე მოქმედი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა კომისიამ ურთიერთჩართვის ტარიფიც გაუნახევრა და ზღვრული ტარიფიც დაუწესა (მანამდე არსებულზე ხუთი თეთრით ნაკლები), აგერ უკვე რამდენიმე თვეა, აქციას აქციაზე აწყობენ (ბუნებრივია, აბონენტების საკუთარ ქსელში გადაბირების მიზნით). ამას პორტირების შესაძლებლობაც დაემატა, რამაც აქციები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მომხიბვლელი გახადა. თუმცა, ისიცაა, რომ ეს მხოლოდ აქციებია და, როგორც კი ეს ჩვენი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ბაზარს ტკბილად გადაინაწილებენ, აქციებსაც მოაშთობენ და აბონენტთა გულის მოგებისადმიც გაცივდებიან.
მეორე მხრივ, ამ კომპანიების შემოთავაზებული სააქციო ტარიფები შეუიარაღებელი თვალითაც მოწმობს, რომ დღემდე არსებული ტარიფები გადაბერილი იყო (რაც იმასაც ნიშნავს, რომ თავად კომპანიებს ლამის ჯიბეები დაუსკდათ). აქედან გამომდინარე კი, ისეთივე შეუიარაღებელი თვალითვეა აშკარა, რომ ეს ჩვენი მობილური ოპერატორები ზემოგებებს ნახულობდნენ, თანაც, არაერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია, ფრიად მისასალმებელია, თუ მათი მადა აილაგმა (ოღონდ, არ მგონია, ისე, რომ ჯიბეები დაჩუტვოდათ), თუმცა, ის კი საინტერესოა, ასე ხახვივით უნდა შერჩეთ, დღიდან არსებობისა, ვარდენის ქალიშვილივით კანში რომ ვერ ეტეოდნენ?!