კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ისედაც მშრალი კანი მაქვს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ გამომიშრა, რაც გამოზაფხულდა. გთხოვთ, მასწავლოთ მშრალი კანისთვის განკუთვნილი ნიღბის ხალხური რეცეპტი, რომლის დამზადებასაც სახლის პირობებში შევძლებ.
პასუხი: 2 სადილის კოვზ თხევად თაფლს შეაზილეთ 2 სადილის კოვზი ცხიმიანი რძე და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, წაისვით დამატენიანებელი კრემი და მსუბუქად დაიმასაჟეთ.
ეს ნიღაბი გაიკეთეთ 4-5 დღეში ერთხელ.
კითხვა: რომელი მცენარე შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს?
პასუხი: ალბათ, იცით, რომ ბეტა-კაროტინი არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. აქამდე ცნობილი იყო, რომ ამ ნივთიერებას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავდა სტაფილო, მაგრამ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ნიშნით სტაფილოს ალოემ გადააჭარბა.
კითხვა: გამიგია, რომ ალოეს ფართოდ გამოიყენებენ კოსმეტიკაში. კერძოდ, რა თვისებებით ხასიათდება ეს მცენარე, ანუ, რით არის ის კანისთვის სასარგებლო?
პასუხი: ალოეს აქვს დამცავი და დამატენიანებელი თვისებები. „ალოე ფერა” ასწორებს ნაოჭებს და ელასტიკურს ხდის კანს. თუ რეგულარულად გამოიყენებთ ალოეს ექსტრაქტზე დამზადებულ კრემს დაახლოებით 2 თვეში თქვენი კანი 70-75 პროცენტით აღდგება.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ თვით ყველაზე ძვირად ღირებული ტუშის ვარგისიანობის ვადა მხოლოდ ერთი თვეა?
პასუხი: ეს მართალია. როგორც კი ფლაკონში ჰაერი ხვდება (ეს კი გარდაუვალია, რადგან გამოყენებისას ის უნდა გახსნათ), ის ნელ-ნელა იწყებს გაშრობას. მაგრამ, შესაძლებელია, მას „სიცოცხლის” ვადა გავუხანგრძლივოთ. ამისთვის კი საჭიროა, მოხმარების წინ ძალიან ნელა მოვხსნათ თავსახური, გამოყენების შემდეგ კი სპირალური ფუნჯი ასევე ნელი მოძრაობით მოვათავსოთ ბუდეში და ფრთხილი ბრუნვით „ჩავკეტოთ”.
კითხვა: ყოველი გაციების შემდეგ მიშრება ტუჩები და მიჩნდება გამონაყარი ტუჩების გარშემო. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე ხალხური საშუალება ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
პასუხი: გთავაზობთ ნიღაბსა და სკრაბს.
ნიღაბი: 1 სადილის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და 25 წუთის შემდეგ გადაწურეთ დოლბანდში. აფთიაქში შეიძინეთ კალენდულას ფუძეზე დამზადებული მალამო. 1 სადილის კოვზი კალენდულას ნაყენი შეაზილეთ 1 ჩაის კოვზ მალამოს და სქელ ფენად წაისვით ტუჩებზე. ეს ნიღაბი ძალიან შველის გამონაყარსაც და ჰერპესსაც.
სკრაბი: კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი და ამდენივე თაფლი, 8-10 წამით შედგით მიკროტალღოვან ღუმელში, შემდეგ ჩააწეთ მასში ახალი, რბილბეწვიანი ჯაგრისი და ტუჩები დაიმასაჟეთ. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შეიმშრალეთ და მაშინვე გადაისვით ჰიგიენური პომადა ან ზეთი. ეს პროცედურა თავიდან აგაშორებთ ტუჩების გაშრობასა და დახეთქვას.