კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაასრულა აღათო შახაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით და ვინ იყო ის

სიყვარულის ისტორია, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი, პოეტი ეთერ თათარაიძე გვიამბობს, გასული საუკუნის დასაწყისში, თუშეთში რეალურად ვითარდებოდა. დროთა განმავლობაში თადოსა და აღათოს სიყვარულის ამბავს ვარიანტები გაუჩნდა და ლამაზ ლეგენდად იქცა. სწორედ ამ ლეგენდადქცეული სიყვარულის ისტორიის უცნობ დეტალებზე ვისაუბრებთ ჩვენს ინტერვიუში.

ეთერ თათარაიძე: აღათო იყო შახაძეების ქალი პირიქითის თემიდან – თუშეთიდან, სოფელ დანოდან. ეს ჩემი მშობლიური სოფელია. საერთოდ, შახაძეები, ძალიან დიდი ხნის წინათ, ამ ტერიტორიაზე ინგუშეთიდან გადმოსულან. ტრადიციულად, წინათ სოფელი, აღმოსავლეთის მთიანეთში, შინ არ შემოუშვებდა უცებ მოსულ ხიზანს. მიეხმარებოდნენ, იმეზობლებდნენ, მაგრამ სოფელში დასახლების უფლებას ჯერ არ მისცემდნენ, სანამ არ გამოცდიდნენ.

– რამდენ ხანს გრძელდებოდა, ეს, ეგრეთ წოდებული, დაკვირვების პერიოდი?

– 3 წელი, რის შემდეგაც ხდებოდა თეთრი ხარით შეყრა სოფელთან. თეთრი ხარი უნდა დაეკლა მოსულს, მოედუღებინა ლუდი, თუკი სოფელი მათ საჭირო ოჯახად ჩათვლიდა. სწორედ ასეთი წარმომავლობის ქალია აღათოც. ძალიან კარგი ხალხი ყოფილან მისი წინაპრები. კაცი შემოჰკვდომია ერთ მათგანს და მოსისხლეებს გამოქცეულები მოსულან, შესძმავებიან დანოელებს და მათ ნაწილად ქცეულან. ეს იმდენი ხნის წინანდელი ამბავია, რომ აღათოს დედ-მამა უკვე მკვიდრი თუშები იყვნენ. აღათოს დედა, თინა თათარაიძის ქალი გახლდათ. თინა ძალიან ნიჭიერი ქალი ყოფილა. იმდენად ნიჭიერი, რომ ეს მარტო მისი ნატირლიდანაც ჩანს, როდესაც თავისი შვილი, აღათო დაიტირა. მთქმელებს უთქვამს ჩემთვის, ეტყობა, ლექსი თათარაიძეებს გენეტიკაში გიდევთო. სიტყვამ მოიტანა და ხმით ტირილს თუ გავყვებით, დედაჩემი – კესო და ჩემი დეიდები, ცნობილი ხმით მოტირლები ყოფილან თავის დროზე. მე ერთი ლექსი მაქვს: „ხმით მოთქმაიდ, ტირილ სუ ხოცვამ მასწავლავ”. მართლაც, ხოცვამ და სიკვდილმა ასწავლა მათაც. ამბობენ, დედას იმდენად ამაღელვებელი და ფილოსოფიური ტექსტების დატირება შეეძლო, რომ თურმე, სამძიმრიდან გამოსული მოტირალი, როდესაც დედა შედიოდა იქ სატირლად, უკან ბრუნდებოდაო. მე ამ დარგში მომიწია მუშაობა, – უნივერსიტეტში, თუშური ხმითნატირალი იყო ჩემი დიპლომის თემა. შევკრიბე უამრავი ნატირალი თავისი კომენტარებით. იქ მხვდებოდნენ ადამიანები, ვინც ჩამაწერინეს დედისა და დეიდის ხმით ნატირლები. ეს არის ექსპრომტად შექმნილი ტექსტები, ტკივილის დროს ამოთქმული. ერთ-ერთს მოვიყვან მაგალითად, რაკი აღათოს ტრაგიკულ ამბავზე გიამბობთ, გარემოც უნდა ითქვას, სად ვითარდებოდა ეს მოვლენები და არა იმიტომ, რომ კესო დედაჩემია. როდესაც მეხუთე ძმა მოუკვდა დედას, აღარავინ დარჩა, იხურებოდა ფუძე-გვარი გულუხაიძეებისა! მაზლს უნუგეშებია, მე გაგიწევ ძმობასო. ამ ამბიდან ძალიან მალე გარდაიცვალა ის მაზლიც. დედას დაუტირია: „განამ ვერ იცოდევ, ძმის ყისმათ არ მქონდავ შენ, რად მპირდებოდევ ჩემ მაზლო ძმობასავ”, ხომ იცოდი, რომ მე ყველა ძმა ამომიწყდა და შენ რად მპირდებოდი ძმობას, შენც ამ პირობამ მოგკლაო. ეს სიტყვები ძალიან ღრმაა. კესო ტკივილის ამგვარად ამოთქმით იყო დაჯილდოებული. ღმერთმა ყველას აშოროს სატირალი ჯილდოები ამ ქვეყანაზე, მაგრამ ამ ნატირლებით გამოჩნდებიან ხოლმე სწორედ ,,მგოსანნი გლოვისანი”.

– რაც, შეეხება აღათოს?

– როდესაც აღათო 18 წლის ხდება, მას და სოფელ კვავლოელ, თადო თილიძეს უგონოდ უყვარდებათ ერთმანეთი. ეს ის დროა, როდესაც მხოლოდ ჯიშ-ჯილაგის გაკითხვით წყდება ამა თუ იმ წყვილის ქორწინების საკითხი – ისე, რომ სულ არავინ ეკითხება არაფერს არც ქალს და არც კაცს. აღათო და თადო ჩუმად ხვდებიან ერთმანეთს საგრილას. დანოელები დღესაც ასე უწოდებენ ამ ადგილს, სადაც კლდიდან გადმოდის წყარო. თადო ცხვარს გადმოშლიდა ხოლმე კვავლოს მთიდან, აღათო კი რვალის თუნგით შედიოდა წყალზე.

– თადოსა და აღათოს ბედიც მათ გარეშე გადაწყვიტეს?

– საბედნიეროდ, თადო და აღათო ინიშნებიან და „სხვა გაზაფხულზე” უნდა იყოს მათი ქორწილი. საერთოდ, მთებში არასდროს წყდებოდა ქორწინება დროის მცირე მონაკვეთში. ნებისმიერი სახის ნიშნობიდან, ყოველთვის ხანგრძლივი დროის შემდეგ იმართებოდა ქორწილი. ამიტომ მეორე გაზაფხულამდე თადო მიდის ცხვარში, აღათო კი თუშეთში რჩება.

თურმე, თადოს ძმას, პართოს უყვარდა აღათო, ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაინიშნებოდა. ახლა მას ცოლიც ჰყავდა და შვილიც, ისე რომ ვერც კი გაუბედავდა აღათოს რამის თქმას. ამიტომ, პართო და მისი ცოლი მოიფიქრებენ, რომ ჩაშალონ ეს ქორწინება.

– პართოს ამბავი გასაგებია, მაგრამ მის ცოლს რა ამოძრავებდა, რატომ მოინდომა უარყოფითი როლი ეთამაშა ამ ისტორიაში?

– პართოს ცოლს, როგორც ჩანაწერები ამტკიცებს, აღათოს მზითვები აშინებს. შურიანია, მიაჩნია, რომ აღათოს ოჯახი უკეთესი მცხოვრებია. დიდოელი ლეკებისგან ნაყიდი „ზინგერის” საკერავი მანქანაც კი ჰქონია აღათოს, მზითვში წასაღებად. ამათ კი ასეთი რამ არ ჰქონდათ. თუმცა მათ, როგორც ჩანს, მთავარი, სიყვარული არ ჰქონდათ ერთმანეთის. ერთი სიტყვით, მოილაპარაკებენ, რომ ქორწილი ჩაშალონ. გაზაფხულზე, ქორწილის დღის დასანიშნად ჩამოდის თადო. პართო მას ეუბნება: შენ, როგორ უნდა შეირთო აღათო, ეგ წესიერი სახელისა არაა. აქამდე ვერ გეუბნებოდი, ახლა კი არ ვიცი, პირწაღმა შევხედო შენს საცოლეს თუ პირუკუღმაო.

– როგორ იქცევა ასეთ მომენტში თადო?

– თადო ვერ უშვებს, რომ ძმამ შეიძლება უღალატოს. თუმცა, ვერც იმას იჯერებს, რომ აღათოს ასეთი რამ შეეძლო ჩაედინა. საბოლოოდ, ოჯახის წევრებს უშვებს აღათოსთან ნიშნის უკან გამოსათხოვად.

– აღათო როგორ იღებს ამ ამბავს?

– ნიშნის უკან გამოთხოვა, იმ დროისთვის იყო ისეთი ცისჩამოქცევა და უბედურება, რომ ამაზე მეტად არც შეიძლებოდა სხვა რამით შერცხვენილიყავი. ამ ამბის შემდეგ აღათოს მამა ოჯახიდან მიდის და დიდხანს აღაც მობრუნებულა.

აღათო გახარებული გამოდის, – „დედო, რაივ გითხრეს, რა გადასწყვიტეთო” და პასუხად ქოქოლას იღებს. ამის შემდეგ ამ წყევლასა და სიმწარეში გადის დრო. მე, მომეცა საშუალება, ჩანაწერები გამეკეთებინა იმ ბერდედებთან, რომლებიც იმ პერიოდში საქსლოში, ფარდაგების ქსოვისას იჯდნენ აღათოსთან ერთად. ისინი იხსენებდნენ, საათობით შეეძლო ამ ამბით თავზარდაცემულ აღათოს, ხმა არ ამოეღოო. სარკმელთან მივიდოდა, გახედავდა, დაინახავდა, რომ თადოს ცხვარი ძოვდა გაღმა მთებზე და იტყოდა ხოლმე: ვაიმე, როგორ არ მემეტება, რომ ვინმეს დარჩეს თადო, თორემ ამ წუთში თავს მოვიკლავდიო.

ერთ დღეს, აღათოს სკივრისთვის აუხდია თავი, ამოუღია თადოსთვის მოქსოვილი წინდები და დედისთვის უთქვამს: ეს წინდები თადოს რომ არ მისცე ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემი ცოდვა გქონდესო. არავის არაფერს მივცემ, სისულელეებს ნუ ლაპარაკობო, – მიუღია პასუხად. ამის შემდეგ აღათო, წესით, უნდა წასულიყო საქსლოში, მაგრამ სინამდვილეში, საგრილადან მომავალი მოხუცი დაინახავს, როგორ გადაკვეთს აღათო ჯვარის კარს.

– ეს რას ნიშნავს?

– აღათომ დაარღვია ყველა ტრადიცია. ჯვარის კარში საერთოდ შედის მდედრობითი სქესის მხოლოდ ის წარმომადგენელი, რომელსაც ჯერ დედათა წესი არ აქვს, ან კიდევ – ხანდაზმულია. მაგრამ აღათო, ითვლება უწმინდურად, რომელსაც არ აქვს ჯვარ-ხატში გავლის უფლება. მან გადაკვეთა ეს ადგილი და ალაზნისკენ დაეშვა. მალე საქსლოდან მიაკითხავენ სახლში: თინა, აღათო სად არისო? მაშინ კი მიხვდებიან რაშიც იყო საქმე. მირბიან და ხედავენ, როგორ ჩადის აღათო დაღმართზე. მიჰყვებიან. ზემოდან ამ ყველაფერს მეცხვარე ადევნებდა თვალს. მან არ იცოდა, რაში იყო საქმე, მაგრამ შორიდანვე უცვნია აღათო. ის იმდენად კოხტა იყო, რომ ათას ქალში ამოიცნობდით. მეტსაც გეტყვით, როგორც კი თადომ ნიშანი წაიღო, მეორე დღიდან ,,კარს უტალახებდნენ” მაჭანკლები – მარჯაკლები თუშურად. ჩვენ არ გვეწუნება, ჩვენ წავიყვანთო, მაგრამ აღათო იმდენად ერთგულია თავისი სიყვარულისა, არც კი ფიქრობს გათხოვებაზე.

– შეაჩერებენ აღათოს?

– როგორც კი დაბლა ჩადის, ის დგება ხიდზე, პირჯვარს გადაიწერს, მაგრამ ორჯერ გადაიარა ხიდი, ვერ ბედავდა გადაშვებას. მესამედ, კაბის ბოლოზე მოუჭერია მანდილი – წყალს კაბა რომ არ აეხადა და უსაკადრისოდ არ ენახა ვინმეს. ამის შემდეგ გადაფრინდა ხიდიდან. აუ, როგორები დაიხოცებიან... „სამსვია მთვარესავით, პირმირგველია. სახით ხორბლისფერ-სვილისფერ იყვის. თვალებ შავ, ყელ მეტა თეთრ, მზიან, დეკის ყვავილისფერ. არც მეტა მაღალა, არც დაბალა, მაძღარ ტანისაი, შეკრულ მოხდენილად მწითურ ლოყებ, ხან ორად, ხან ოთხად დაწნულ წაბლისფერ თმებ, სქლებ... თხელა ცხვირ-ტუჩ,” – ასე ახასიათებს აღათოს მაკა ლუხუმაიძე.

აღათოს ცხედარს დართლოში დაიჭერენ. გამოიყვანენ. მკერდში, რომ ჩაუხსნიათ, თადოსთვის მოქსოვილი წინდები ელაგა თურმე. ასე დამთავრდა აღათოს სიცოცხლე.

იმ დღეს, როდესაც აღათო კვდება, თადო სიზმარს ნახულობს. აღათო ეძახის: მიშველე, თორემ თუ დაიგვიანებ, მე აღარ ვიქნები ცოცხალიო. თადო იღვიძებს და ამბობს: ვინც რა უნდა ის თქვას, მე აღათოს გარეშე ვერ ვიცხოვრებო. მოდის და რომ გადმოდის მთას, უკვე აღათო ამოყვანილი ჰყავთ წყლიდან. თურმე, მისი ყვირილი ცას სწვდებოდა.

ამ ამბის შემდებ აღათოს დედას წყალი აღარ დაულევია. „სხვას კი, რას გამოგაჯავრებ, წყალო, არ შაგსომ ტიალოო.”

– ალბათ, ასე დიდხანს ვერ გაძლებდა.

– დიდხანს იცოცხლა თინამ, დაბერდა. „წყლის კვალად სველს სვამდაო”. სველი არის შრატი. მან თადოს შეუთვალა შენამ ჩახედავ წყალს, ისე, როგორც მე ჩავხედეო. მრავალი წლის შემდეგ თადო ქორწინდება და მას შვილი ეხრჩობა წყალში, 19 წლის ბიჭი. თინა გადაწყვეტს, რომ მივიდეს და სამძიმარი უთხრას. გაემზადება კიდეც, მაგრამ ვერ წავა, რადგან მდუღარე გადაესხმევა ფეხზე. გამახსენდა, რომ ოდესღაც თადოს შევუთვალე, ისე ჩახედე წყალს, როგორც მე ჩავხედე და ამისთვის ღმერთმა დამსაჯაო. რადგან ვერ წავედი, შინ სანთელი დავანთე და შენდობა და პატიება ვითხოვეო.

ასეთია აღათოს სიყვარულის ლეგენდად ქცეული ამბავი. სამწუხაროდ, ამ რიგის ქალები, საკმაოდ ბევრია მთებში.


скачать dle 11.3