კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცხოვრების რომელ ეპიზოდში შექმნა დემეტრე პირველმა საგუნდო საგალობელი – „შენ ხარ ვენახი“

მეფე დემეტრე პირველის შესახებ მწირი ცნობებია ისტორიაში შემონახული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას საკუთარი მემატიანე არ ჰყოლია. ჩვენი რესპონდენტი – ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს: თუ რისთვის ჩამოართვა დემეტრე პირველმა შიომღვიმის მონასტერს სოფელი ქანდა, როდის დაწერა მან ცნობილი საგალობელი – „შენ ხარ ვენახი” და რა შესწირა გელათის ახლად დასრულებულ მონასტერს.

ვაჟა კიკნაძე: დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილ უზარმაზარ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც მთელ კავკასიას მოიცავდა 1125-1156 წლებში მისი უფროსი ძე – დემეტრე ჩაუდგა სათავეში. სამწუხაროდ, დემეტრეს საკუთარი მემატიანე არ ჰყავდა და ამიტომ, მისი მეფობის შესახებ, ძალიან ცოტა რამ ვიცით.

უპირველესად, უცნობია დემეტრეს დედის, დავით აღმაშენებლის მეუღლის სახელი. დემეტრეს დედა, წარმოშობით სომხეთიდან იყო. ამას სომეხი ისტორიკოსი, მათე ურჰაეცი გვამცნობს, მაგრამ მისი პიროვნება ბურუსითაა მოცული.

რა მოუვიდა დავით აღმაშენებლის პირველ მეუღლეს? გარდაიცვალა, თუ რაღაც მიზეზების გამო, დავითი გასცილდა მას? მოგეხსენებათ, განქორწინება შუა საუკუნეების საქართველოში, ძალზე იშვიათად ხდებოდა და თუ მოხდებოდა, ამისთვის ძალიან სერიოზული საფუძველი უნდა არსებულიყო. ახალს არაფერს მატებს დემეტრეს დედის პიროვნებას ქრისტეს საფლავის მგალობლის (კანტორის) ანსელუსის წერილიც.

– და მაინც, რას გვამცნობს ეს წერილი?

– ამ წერილის მიხედვით, დავით აღმაშენებლის ქვრივი იერუსალიმს ჩასულა და თან ძელიცხოველის ნაწილებიანი ჯვარი ჩაუტანია. სიცოცხლეში, ეს ჯვარი დავითის კუთვნილებაში ყოფილა. იგულისხმება, რომ დავითის ჯვარში იმ ჯვრის წმიდა ნაწილები ყოფილა მოთავსებული, რომელზეც მაცხოვარი იყო გაკრული.

გაუგებრობას იწვევს ის, რომ ეს ლათინურად დაწერილი წერილი, გამომცემელთაგან, 1108-1109 წლებით თარიღდება. ესე იგი, როდესაც დავითი არათუ ცოცხალია, არამედ აქტიურ ქმედებებს მხოლოდ იწყებს. შესაძლოა, გვეფიქრა, რომ დავით აღმაშენებლის გარდაცვალებაზე საუბარი შეცდომაა, მაგრამ წერილში, რამდენჯერმეა ნათქვამი, რომ დავითის შვილმა მამის შექმნილი სახელმწიფო ჩაიბარა ძველ საზღვრებში და აქამდეც წარმატებით განაგებს მასო. ამგვარად, როგორც ჩანს, აშკარად გაუგებრობის შედეგია წერილის თარიღი და ის 1125-1126 წლებში უნდა იყოს დაწერილი. ამ შემთხვევაში კი გამოდის, რომ იერუსალიმში დავითის პირველი კი არა, მეორე მეუღლე – ყივჩაღი ათრაქა შარაღანის ძის ასული, გურანდუხტი ჩასულა. ანუ, საქმე ეხება დემეტრეს დედინაცვალს და არა – დედას.

– კიდევ რა ვიცით, დემეტრეს შესახებ, ჰყავდა მას დედმამიშვილები?

– ვიცით, რომ დემეტრეს ჰყავდა ორი და – კატა და თამარი. შესაძლოა, კიდევ ერთი დაც ჰყავდა, რომლის სახელიც არ შემორჩა ისტორიას. კატა, ან კატაი ბიზანტიაში გაათხოვეს, თამარი კი შირვანშაჰის მეუღლე გახდა. შემდეგში დემეტრე პირველმა თავისი ქალიშვილი – რუსუდანიც, ერაყის სულთანზე გაათხოვა. საინტერესოა ისიც, რომ რუსუდანის დედამთილს „ნისთ ანდარ ჰაჯან” (რომლის მსგავსი არავინაა ქვეყნად) ერქვა, საიდანაც მომდინარეობს ქართული სახელი – ნესტან-დარეჯანი.

დემეტრეს ნახევარძმაც ჰყავდა – ვახტანგი, ანუ როგორც მას ეძახდნენ – ცვატა. ცვატამ მომავალში დიდი პრობლემები შეუქმნა მეფე დემეტრეს.

დემეტრეს ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამოუჩენია თავი, როგორც გულად და გამოცდილ მეომარს. დიდგორის ბრძოლაში ის ქართველთა ლაშქრის ერთ-ერთ ფრთას ედგა სათავეში. 1117 წელს კი, მამის დავალებით, საქართველოს სამხრეთით – გალაძორის ციხე დაულაშქრავს.

– როგორ ვითარდება დემეტრეს ცხოვრება, მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის სათავეში მოდის?

– გამეფებისთანავე, დემეტრს მოუწყვია ბრძოლები საქართველოს სამხრეთი საზღვრების დასაცავად. საქმე ისაა, რომ დავითის სიკვდილისთანავე მტერი თავს დაესხა ხუნანს და დმანისს. დემეტრეს რამდენჯერმე მოუწია იქ ლაშქრობა და „ლომის ტორით” მუსლიმანი ამირების განდევნა.

ცალკე ეპოპეაა სომხეთის ძველი დედაქალაქის, ანისისთვის (დღეს თურქეთის შემადგენლობაშია) ბრძოლა. პირველად, ის დავითმა გამოსტაცა შადადიანთა დინასტიას, მაგრამ დემეტრეს დროს ანისისთვის ბრძოლა კვლავ გაგრძელდა. ანისი, შადადიანების შთამომავლებს ალყაში მოუქცევიათ, რის გამოც, ქალაქის გამგებლად დანიშნულმა ივანე აბულეთისძემ ანისი დათმო. ბრძოლა ამ საკვანძო ქალაქისთვის შემდეგშიც გაგრძელდა. 1154 წელს, არზრუმის ამირა – იზა დინ სალთუკი ანისისთვის ბრძოლის დროს დემეტრეს ჩაუვარდა ტყვედ. ქართველებმა მის გამოსასყიდად 100 000 დინარი დააწესეს, რაც იმ დროისთვის ძალზე დიდი თანხა იყო.

მეთორმეტე საუკუნის 30-იან წლებში, დემეტრემ ხლათის (შაჰ არმენის) სულთანიც დაამარცხა. ლაშა-გიორგის მემატიანე გვამცნობს: „დემეტრემ... დახოცნა და ამოსწყვიდნა და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი”.

მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში საქართველოს საზღვრებში ყველაზე მეტად რანის საათაბაგო და ქალაქი განძა იყო შემოჭრილი. ამიტომ, დემეტრემ ისარგებლა 1139 წლის დამანგრეველი მიწისძვრით განძაში და ქალაქში შეიჭრა. სომეხი მემატიანეები გაკვირვებულები არიან ამ ქართველი მეფის მიზანსწრაფული და დაუნდობელი ქმედებით. სიმბოლურად, დემეტრე პირველმა განძას კარებიც კი შეხსნა და ახლადამთავრებულ გელათის მონასტერს შესწირა. საინტერესოა, რომ ეს კარები, დღესაც იქ ინახება. განძის რკინის კარი 1068 წელს მოუჭედავთ, რასაც მასზე გამოსახული არაბული წარწერა გვაუწყებს. დემეტრეს საკუთარი გამარჯვების აღსანიშნავი წარწერაც გაუკეთებია კარზე: „მეფემან დიმიტრი ... [განძა]ნი დალეწა და ეს კარი მუნით (მოიტანა)”.

– ამის შემდეგ რა მოიმოქმედა მან?

– დემეტრე პირველმა შირვანსა და დარუბანდზეც გაამყარა თავისი გავლენა. შირვანის დასავლეთი ნაწილი, უშუალოდ შეუერთა საქართველოს, აღმოსავლეთი კი – ყმადნაფიცობის პრინციპით დაიმორჩილა.

– ეს ყველაფერი საგარეო პოლიტიკის ნაწილი იყო, ქვეყნის შიგნით რა ხდებოდა?

– საგარეო საქმეები ნამდვილად კარგად მოაგვარა დემეტრე პირველმა, მაგრამ საქართველოში დიდი სირთულეები შეექმნა აღმაშენებლის პირმშოს.

– კერძოდ?

– 1130 წელს მას მამის საყვარელი ვაჟი, დემეტრეს ნახევარძმა – ვახტანგი აუჯანყდა, რომელსაც მისი დამხობა ჰქონდა განზრახული. მეფე დემეტრე იძულებული შეიქნა თვალები დაეთხარა ძმისთვის – იმ ძმისთვის, რომელზე ზრუნვასაც დავით აღმაშენებელი სთხოვდა! მაგრამ რა ექნა? განა, თვით დავით აღმაშენებელი არ შეცდა, როდესაც ანდერძში ასეთი რამ ჩაწერა: „იზრუნე, გაზარდე ჩემი საყვარელი ცვატა (იგივე ვახტანგი) და თუ ივარგოს, შენ შემდეგ მეფედ დასვიო!” ზოგი მკვლევარი ამ ანდერძს ნაყალბევადაც კი მიიჩნევს, იმდენად ალოგიკური იყო ბუმბერაზი მეფისაგან ტახტის მემკვიდრეობის ასეთი უხეში დარღვევა.

თურმე, ეს არ კმაროდა და სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მას დაუპირისპირდა უფროსი ვაჟი – დავითი, რომელიც მას რატომღაც ადრეც არ ჰყვარებია. დემეტრე იძულებულია ბერად აღიკვეცოს დანიელის სახელით და მონასტერში განმარტოვდეს. ჩანს, ამ პერიოდში შექმნა მან შესანიშნავი საგუნდო საგალობელი – „შენ ხარ ვენახი”, რომელიც ღვთისმშობლის განდიდებაა. აქვე შეუქმნია მას სახუმარო გროტესკი: „ცასა ბეწვითა ეკიდა, ვნახე კაცი და მასვე კაცსა შუბის წვერს ედგნეს დარბაზი...” და ასე შემდეგ. გროტესკული ხასიათის მიუხედავად, იამბიკოს ბოლოს ერთვის ისეთი სტრიქონი, რომელიც სულ სხვა ელფერს აძლევს ამ თითქმის სახუმარო ლექსს.

– რას გულისხმობთ?

– „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ”, – ამ ფრაზით გვირგვინოსანი მეფე გვეუბნება: თუ ღმერთს სურს, ყველაფერი, მათ შორის ისიც კი, რაც საოცრებად გვეჩვენება, შესაძლებელია რეალობად იქცესო!

ცნობილია, რომ დემეტრე პირველი არა მარტო თვითონ ქმნიდა პოეტურ ნაწარმოებებს, არამედ აღმოსავლელი პოეტები, მასაც უძღვნიდნენ სახოტბო ლექსებს. ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, ფალაქი შირვანი მას „აბხაზის“ (ანუ საქართველოს) და შაქის (აქ შირვანი იგულისხმება) მბრძანებლადაც მოიხსენიებს.

– კიდევ რას გვიამბობთ?

– დემეტრეს მეფობის ხანაში გადაუწერიათ თევდორე სტრატილატის ცხოვრება, რომლის სინგუნით (წითლად) დაწერილი ასოები გვაძლევს მიძღვნას: „დიმიტრი დავითიანისა”. მეოთხე საუკუნის ეს წმიდანი, იმით იყო განთქმული, რომ თავდადებული ქრისტიანი გახლდათ და ამასთან ერთად, საოცარი მხედართმთავრული ნიჭითაც გამოირჩეოდა. შესაძლოა, ამიტომაც მოსწონდა ეს წმიდანი გამორჩევით, დემეტრე მეფეს.

როგორც ჩანს, დემეტრესთვის ნადიმობა და ნადირობა საყვარელი საქმიანობა იყო; ამას გვაფიქრებინებს მისი ძის – გიორგი მესამის სიგელი. ამ დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ დავითის მიერ განსაკუთრებით დაფასებული – შიომღვიმის სამეფო მონასტრისათვის დემეტრეს სოფელი ქანდა ჩამოურთმევია და იქ მონადირეთა სადგომი მოუწყვია. თავის მხრივ, გიორგი მონასტერს ბოდიშს უხდის, დაე, დარჩეს ქანდა მონადირეთა სადგომად, დიდ და უძლეველ შიოს ლავრას კი მე სხვა სოფელს შემოვწირავო.

სიცოცხლის მიწურულს, კიდევ ერთი მისია იკისრა დიმიტრიმ. ცოტა ხნით დაუბრუნდა საერო ცხოვრებას და გარდაცვლილი უფროსი ძის ნაცვლად, მეფედ უმცროსი ვაჟი – დიდი თამარის მამა აკურთხა. შემდეგ კი კვლავ მონასტერს დაუბრუნდა...


скачать dle 11.3