თავისუფლების ზღვარი
თავისუფალი ადამიანი ბევრს აღწევს, მაგრამ გააჩნია, რას მივიჩნევთ ჩვენ თავისუფლებად და სად უნდა გადიოდეს ამ თავისუფლების ზღვარი. ნათქვამია და, ალბათ, ახლოს არის ჭეშმარიტებასთან ის, რომ შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. თუმცა, ესეც არ არის მარტივად გასაგები. მოდი, ვისაუბროთ იმ შინაგან თავისუფლებაზე, რაც აუცილებელია თქვენი პიროვნების რეალიზებისთვის.
უპირველესად, შეეგუეთ იმას, რომ საკუთარ თავზე თქვენვე უნდა იზრუნოთ. ნუ ითხოვთ და ნუ ელოდებით ამას სხვისგან. არასდროს ეცადოთ, აჯობოთ საკუთარ თავს და შეძლოთ შეუძლებელი, მით უმეტეს – ერთბაშად. არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ძლევენ წარმოუდგენელ პრობლემებს, მაგრამ ეს ყველაფერი მათი შესაძლებლობების ფარგლებში თავსდება. იყავით ყურადღებიანი და მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას – ის კარგი მრჩეველია.
როცა რაღაც არ გამოგდით, მაშინვე ნუ დაკარგავთ წონასწორობას და ნუ იტყვით იმას, რომ არაფერში არ გამოდექით. თვითგვემას მოეშვით, ნუ ჩამოიყალიბებთ არასრულფასოვნების კომპლექსს. ცხოვრება არ არის იდეალური და ვერც თქვენ იქნებით ყოვლისშემძლე. უმჯობესია, დაფიქრდეთ, რა დააკელით. წარმოსახვა ზოგჯერ ცუდ სამსახურს გვიწევს. მით უფრო, როცა კარგი ფანტაზიის უნარი გვაქვს. ხშირად სიტუაციას იმაზე მუქ ფერებში წარმოვიდგენთ, ვიდრე სინამდვილეშია. მიეცით თქვენს ემოციებს თავისუფლება. ზოგჯერ ეს აუცილებელია. რატომ უნდა აკონტროლოთ მუდმივად თქვენი ემოციები? ეს სულიერ წონასწორობას დაგაკარგვინებთ. გამოხატეთ მრისხანებაც, წყრომაც, მღელვარებაც... როცა შიგნით ყველაფერი დუღს და თუხთუხებს, ეს „ლავა“ აუცილებლად უნდა გადმოიღვაროს. „თავისუფალი ზონა“ ის სივრცეა, სადაც რაღაც-რაღაცეების უფლებას საკუთარ თავს აუცილებლად მისცემთ, მაგრამ, წინასწარ კარგად გაარკვიეთ მისი საზღვრები.