რომელი მცენარე უძლებს ზაფხულში 45 გრადუსს და როგორ ადგილას დავდგათ ციმბიდიუმი გაზაფხულზე
ალბათ, დამეთანხმებით, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარეს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. ამ სეზონებზე მათი უმეტესობა მეტ მოვლასაც ითხოვს და უფრო პრეტენზიულებიც ხდებიან. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მზემ დაწვას, ზოგი კი დალპეს. „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, როგორ მოვუაროთ გაზაფხულზე და როგორ შევხვდეთ ზაფხულს ორი ულამაზესი მცენარით: ლატანიათი და ციმბიდიუმით.
– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა ლატანია და რას გვეტყვით მის შესახებ?
– ლატანია ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს მარაოსებრ პალმას, თუმცა ისინი ძალიან განსხვავდებიან ზომით, ფოთლების ფორმითა და აგებულებით. მისი სამშობლო ავსტრალია და მადაგასკარის კუნძულებია.
– შესაძლებელია თუ არა საქართველოს პირობებში ამ პალმის გაზრდა?
– საქართველოში არის ლატანია. თავის სამშობლოში ის 12-18 მეტრი სიმაღლის იზრდება, ხოლო ჩვენთან ბოტანიკურ ბაღებში, შეიძლება, 8-10 მეტრამდეც გაიზარდოს.
– რაც შეეხება ოთახის პირობებს?
– ოთახის პირობებში პალმა 3 მეტრ სიმაღლეს მიაღწევს. მისი პატარა ჯიშებიც არსებობს, რომლებიც ერთ მეტრამდე იზრდება და შეგიძლიათ, ბინისთვის სწორედ ასეთი სახეობა აირჩიოთ.
– რამდენად პრეტენზიული მოსავლელია ლატანია?
– მცენარე არ არის პრეტენზიული მოსავლელი, მაგრამ, ძალიან ნელა იზრდება. ისევე, როგორც სხვა დანარჩენი პალმის სახეობები, ლატანიასაც წლები სჭირდება, რომ დიდი ზომის გახდეს.
– როგორ ტემპერატურას ეგუება ლატანია საქართველოს პირობებში?
– ეს მცენარე ტროპიკულია, ამიტომ, ზაფხულის სიცხე და მაღალი ტემპერატურა, მცენარეზე ცუდად არ იმოქმედებს. თუ ტემპერატურა 45 გრადუსამდე ავიდა, ლატანია იოლად აიტანს ასეთ პირობებსაც. ზამთარში კი მცენარე 25 გრადუსზე უნდა იყოს.
– რას გვირჩევთ, სად ვამყოფოთ ახლა?
– როგორც კი დათბება და ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, შეგიძლიათ, მცენარე გარეთ, ღია გრუნტში გაიტანოთ ან აივანზე დადგათ. ეცადეთ, ნათელ ადგილას ამყოფოთ, რომ უკეთ გაიზარდოს. როგორც კი აცივდება, ღია გრუნტიდან მცენარე ბინაში ან სათბურში შეიტანეთ.
– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე ახლა?
– გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარეს თითქმის ყოველ მეორე დღეს სჭირდება მორწყვა, ხოლო ზამთარში 10 დღეში ერთხელ წყლის დასხმაც საკმარისია.
– რით მრავლდება ლატანია?
– მცენარე მრავლდება თესლით, რომელიც შეგიძლიათ, შეიძინოთ ყვავილების მაღაზიებში. გახსოვდეთ, რომ მისი თესლი სწრაფად კარგავს აღმოცენების უნარს, ამიტომ, მაშინვე ჩარგეთ ნიადაგში.
– როგორი შემადგენლობის უნდა იყოს ლატანიას ნიადაგი?
– მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: თითო წილი ტორფი და ნაკელი, ორი წილი ქვიშა და ოთხი წილი მიწა.
– რა სიხშირით გადავრგათ მცენარე და შესაძლებელია თუ არა მისი ფოთლების შეკვეცა?
– მომცრო ზომის ლატანია გადარგეთ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო უფრო დიდი ეგზემპლარები – ხუთ წელიწადში ერთხელ.
გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა შეეხოთ მის მწვანე და დიდ ფოთლებს. არ შეიძლება მათი შეჭრა და შეკვეცა მანამდე, სანამ თავად არ გაყვითლდება და არ მიიღებს ჩალისფერს. ამ მცენარეს ახასიათებს დიდი ფოთლები, რომლებიც თითქმის მზეს შეჰყურებს. ის განსაკუთებით ლამაზი სწორედ დიდი ფოთლების დროსაა და ამიტომ, ნუ ეცდებით მცენარის დამახინჯებას.
– ემუქრება თუ არა ამ მცენარეს მავნებლების დასევის საფრთხე?
– ლატანიას უჩნდება მხოლოდ ტკიპა, ამიტომ მის წინააღმდეგ გამოიყენეთ ქიმიური საშუალებები: დეცისი და კარატე. 1 გრამი წამალი გახსენით 500 მილილიტრ წყალში და შეასხურეთ მცენარეს მზიან ამინდში.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ გაზაფხულსა და ზაფხულში ლატანიას კარგად გასახარებლად?
– ამ სეზონებზე მცენარე მორწყეთ ვიტამინებიანი ან წუნწუხიანი წყლით. 1 გრამი ნაკელი გახსენით 10 ლიტრ წყალში და ყოველ ოც დღეში ერთხელ მცენარე ამ წყლით მორწყეთ. ამ პროცესის შემდეგ ლატანია უფრო ლამაზი და ჯანსაღი გახდება.
– გვიამბეთ ისეთი ორქიდეის შესახებ, რომლის გახარებაც ბინაში იქნება შესაძლებელი.
– ციმბიდიუმი ერთ-ერთი ყველაზე იოლად გასაზრდელი ოთახის მცენარეა. მისი ბევრი ჰიბრიდი არსებობს, მაგრამ ხშირად ჯიშის სახელწოდების მითითების გარეშე იყიდება ხოლმე. ამ მცენარის ჯიშები განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც სიგრძით, ასევე ყვავილის ფერითაც. ზოგიერთი მათგანი ვარდისფერია, ზოგი კი – თეთრი ან მწვანე.
– რამდენ ხანს ყვავის მცენარე და როგორ მოვუაროთ, რომ კარგად იყვავილოს?
– ციმბიდიუმის ყვავილები ეგზოტიკური შესახედაობისაა და რამდენიმე კვირას ყვავის. გაითვალისწინეთ, რომ სუსტი განათება ყვავილობას ხელს უშლის, ამიტომ, ეცადეთ, მცენარე შესაფერის ადგილას დადგათ. ორქიდეას მაღალი ტენიანობა უყვარს. რეგულარულად უნდა იდგეს სველკენჭებიან ლანგარზე და ხშირად დანამეთ. მორწყეთ მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქით.
– სად ვამყოფოთ ციმბიდიუმი გაზაფხულსა და ზაფხულში?
– რბილ კლიმატში, ციმბიდიუმი გარეთ გაიტანეთ და კარგად განათებულ, გადახურულ ადგილას დადგით. ბინაში კი, სასურველია, ნათელ სასტუმრო ოთახში მიუჩინოთ ადგილი.
– როგორ მოქმედებს მცენარეზე მწველი მზე?
– მართალია, ამ მცენარეს სინათლე უყვარს, მაგრამ მწველ მზეს უნდა მოარიდოთ, რადგან, შეიძლება, ასეთ დროს მთლიანად გაფუჭდეს ან დაზიანდეს.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე?
– ზამთრობით რამდენიმე კვირის განმავლობაში 10 გრადუსზე დადგით, ხოლო შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გადაიტანეთ.
– როგორ მოვრწყათ ციმბიდიუმი წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– ციმბიდიუმს ბევრი წყალი ვნებს, ამიტომ ზამთრობით მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ზაფხულშიც მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწის ზედაპირი გაშრება.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ, თუ ბინაში უკვე გვაქვს ეს ორქიდეა და რა ზომის შეიძლება გაიზარდოს ის?
– ფოთლების დანამვისას, ეცადეთ, ყვავილები არ დაგისველდეთ, რადგან წყალი ლაქებად დააჩნდება და, შეიძლება, ამან მათი ლპობაც კი გამოიწვიოს. ეს მცენარე სიგრძეში მხოლოდ 65 სანტიმეტრს აღწევს.