ვეტერინარის რჩევები
კითხვა: როგორ უნდა მივხვდე, რომ ძაღლი მკბენარებმა დაკბინეს? როგორც ვიცი, ეს საკმაოდ საშიშია მისი ჯანმრთელობისთვის. იქნებ მითხრათ, რა გამოვლინებები ექნება ძაღლს ამ დროს?
პასუხი: მწერებისგან დაკბენილ ძაღლს უფუჭდება ხასიათი, თვალებიდან აქვს გამონადენი და ცხვირზე კანი ექერცლება. რადგან ძაღლის ტემპერატურა, ადამიანის ტემპერატურაზე მაღალია, ამიტომ, დაავადება გაცილებით სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს. გამომდინარე აქედან, თუ რაიმე მსგავსი სიმპტომი შენიშნეთ თქვენს ძაღლს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს.
კითხვა: მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ძაღლის დაჩიპვა და როგორ ხდება ეს პროცესი?
პასუხი: საქართველოში ამის გაკეთება უკვე დიდი ხანია შესაძლებელია, უბრალოდ, მოთხოვნა იყო ნაკლები. ბოლო პერიოდში კი გაცილებით მეტი მსურველი გამოჩნდა, რომ თავისი ძაღლი დაჩიპოს. თითქმის ნებისმიერ კინოლოგიურ კლუბში არის ძაღლის დაჩიპვის საშუალება. მიკროჩიპი არის სითხე, რომელიც ნემსის საშუალებით შეჰყავთ ცხოველის სხეულში და აქვს საკუთარი მრავალნიშნა კოდი. ეს კოდი ძაღლს მის საგვარეულო ნუსხასთან და ვეტერინარულ პასპორტთან აკავშირებს.
კითხვა: როცა ძაღლი გაუფრთხილებლად და უმიზეზოდ ესხმის თავს ადამიანს, მით უფრო – პატრონს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჯანმრთელი ძაღლი არასდროს დაგვესხმება თავს გაფრთხილების გარეშე. არსებობს იმის აშკარა ნიშნები, რაც მოასწავებს თავდასხმის გარდაუვალობას, მაგრამ ყველა აგრესიული ძაღლი არ გამოავლენს ნიშნულ სიმპტომებს. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ, არსებული სიმპტომებიდან ძაღლი რამდენიმეს მაინც გამოავლენს და გაგვაფრთხილებს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, აგრესიულობის ჩამოყალიბების მიზეზი ლეკვობაში დაშვებული შეცდომებია.
კითხვა: ჩემი ძაღლი ყურს ძალიან ხშირად იფხანს და თან წკმუტუნებს. იქნებ მითხრათ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ზუსტი დიაგნოზის დასმა ზეპირად ძნელია, უმჯობესია, ძაღლი ვეტერინარს უჩვენოთ. სავარაუდოდ, თქვენს ძაღლს ამ სიმპტომების მიხედვით, ალბათ, ყურის ანთება აქვს, რაც, შეიძლება, გამოწვეული იყოს ბანაობის დროს ყურში წყლის ჩასვლით, ან სხვა მიზეზის გამო. ამიტომ, უმჯობესია, თუ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად მიმართავთ ვეტერინარს.
კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან სცვივა ბეწვი, მიუხედავად იმისა, რომ მას დღეში ორჯერ ვვარცხნი. მირჩიეთ, რა ვქნა?
პასუხი: შეიძლება, თქვენს ძაღლს რომელიმე ვიტამინის ან მიკროელემენტის ნაკლებობა აქვს. ასევე, შესაძლოა ბეწვის ცვენა გამოწვეული იყოს არასწორი და არასრულფასოვანი კვების, ან, სულაც, კანის რაიმე დაავადების გამო. ჩემი რჩევაა, ძაღლი ექიმს აჩვენოთ. ამით თქვენც დაისვენებთ და თქვენი ძაღლიც.
კითხვა: რა შეიძლება იყოს ინფექციური ენტერიტის მიზეზი?
პასუხი: ინფექციური ენტერიტი შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვანი საკვების, მაგალითად, უმი კვერცხის მიღებამ, რასაც ლეკვი ვერ იტანს.