კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ოცნებობს მამით ქართველი და დედით აფხაზი თამრო დუდუნია და გავა თუ არა ის „იურმალაზე“ რუსეთის სახელით

დედით აფხაზი და მამით ქართველი თამრო დუდუნია თბილისში დაიბადა. ის 19 წლისაა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც 2 წლის შესრულდა, მოსკოვში ცხოვრობს. როგორც მისგან შევიტყვეთ, ბავშვობიდან მღერის. სერიოზულად კი, მას შემდეგ დაინტერესდა სიმღერით, რაც მისი მუსიკალური მონაცემები წლების წინ მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა შეაფასა და მისცა იმის სტიმული, რომ აღარ გაჩერებულიყო. ასეც მოხდა. სიმღერასთან ერთად, ექიმის პროფესიას ეუფლება – იგი სამედიცინო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი და მომავალი პედიატრია. თამრო დუდუნიამ ბედი „ახალი ტალღა 2011-ის“ შესარჩევ ტურზეც სცადა. მან ისიც აღნიშნა, რომ, მართალია, მონაწილეობას რუსეთის სახელით მიიღებს, მაგრამ, თავის გამოსვლას და შედეგებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მიუძღვნის.

თამრო დუდუნია: დავიბადე 1992 წელს თბილისში. 1994 წლიდან კი მოსკოვში გადმოვედით და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ.

– საქართველოსთან თუ გაქვს აქტიური ურთიერთობა?

– კი, რა თქმა უნდა, ზაფხულობით ჩამოვდივარ. საქართველოში ნათესავები და ბევრი მეგობარი მყავს.

– რუსულ შოუ-ბიზნესში როდის და როგორ აღმოჩნდი?

– 5 წლის ვიყავი, როცა ქორწილში ვიმღერე. იქ იმყოფებოდა სოსო პავლიაშვილიც, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი, შემაქო და მერე დუეტშიც ვიმღერეთ „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ.” სოსომ დედაჩემს და მამაჩემს უთხრა, რომ აუცილებლად მივეყვანე მუსიკალურ სკოლაში, რადგან კარგი მონაცემები მქონდა. ამის შემდეგ, ჩემი მშობლებიც დაინტერესდნენ ჩემი ვოკალური მონაცემებით.

– სოსოსთან თუ გაქვს ურთიერთობა?

– ხშირად ვერ ვხვდებით, მაგრამ, ურთიერთობა დღემდე გვაქვს.

– „იურმალისთვის“ ემზადები და „ახალი ტალღის” კონკურსზე გეგმავ მონაწილეობის მიღებას. რუსეთის სახელით მიიღებ მონაწილეობას?

– დიახ.

– საქართველოს სახელით არ გქონია მონაწილეობის მიღების სურვილი?

– ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს ყოველთვის. თუ „იურმალაზე“ გავიმარჯვე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წარმომადგენელი ვიქნები, ჩემს გამარჯვებას საქართველოს და ქართველ ხალხს მივუძღვნი.

– პოპულარულია რუსეთში შენი სიმღერები?

– სხვათა შორის, რადიო „დიეფემში”, ჩემი რუსულენოვანი სიმღერები, რომლებიც გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, რამდენიმე სიმღერის ტექსტი კი – ნინო წიკლაურს, ათეულებში ლიდერობს.

– რთულია თავის დამკვიდრება რუსულ შოუ-ბიზნესში შენთვის?

– რა თქმა უნდა, არის ბევრი სირთულე და, იმის გამო, რომ კონკურენცია ძალიან დიდია, „პადნოჟკებიც” ძალიან ხშირად მხვდება წინ. მთავარია სწორი მიმართულება, კარგი კომპოზიტორი და ყველაფერი გამოვა.

– 19 წლის გოგონასთვის ადვილი გასაძლებია „პადნოჟკები?”

– თავისთავად ცხადია, არ არის სასიამოვნო ეს ყველაფერი. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ თავიდან სიმღერას მაინც ჰობის დონეზე აღვიქვამდი, მაგრამ, მერე ნელ-ნელა „შევტოპე“ და სხვადასხვა ფესტივალზე რომ მომიწია წასვლა, რადიოში სიმღერის მიტანა, კონცერტებში მონაწილეობის მიღება და წინ და წინ წასვლა, კონკურენციაც ვიგრძენი. უკვე ვგრძნობ, რა სირთულეები მელის წინ, რაც, რა თქმა უნდა, ძნელია და მოქმედებს.

– „პირველი სტერეოს” ეთერში შენი კლიპი მაქვს ნანახი.

– სიმართლე გითხრათ, ამ კლიპის ეთერში გასვლა ნამდვილად არ მინდოდა, რადგან ის უფრო „იუთუბისთვის” არის გადაღებული. საქართველოში ჩემს პროდიუსერობას ნინო წიკლაური თავობს და სწორედ მისი ინიციატივით გადიოდა ის ეთერში. ამ ზაფხულს კი ახალი კლიპის გადაღებისთვის ვემზადები, რომელიც გიგა კვენეტაძის სიმღერაზე გაკეთდება. ის ნამდვილად ხარისხიანი იქნება და დიდი სიამოვნებით შევთავაზებ ქართველ მაყურებელს. მალე ალბომზე მუშაობასაც დავასრულებთ.

– სიმღერის გარდა რას საქმიანობ?

– სამედიცინო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი და მომავალი პედიატრი ვარ. ბავშვები ძალიან მიყვარს და ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია.

– თამრო, ქართულად არ ლაპარაკობ?

– სამწუხაროდ, ქართულად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ, ვცდილობ. სამაგიეროდ ყველაფერი მესმის. რადგან აქცენტი მაქვს, ამის გამო ვკომპლექსდები და აღარ ვლაპარაკობ ქართულად. აი, ჩემი ძმა და მამა კი ძალიან კარგად ლაპარაკობენ ქართულად. მამა ქართველი მყავს, დედა კი – აფხაზი.

– აფხაზეთთან თუ გაქვს შეხება?

– რა თქმა უნდა, აფხაზეთთან შეხება მაქვს, ჩემი დეიდები გაგრაში ცხოვრობენ, ასევე, მეგობრები. მე იქაც ხშირად ჩავდივარ. მაგალითად, გასული წლის ზაფხულში ჯერ მაროკოში ვიყავი, მერე კი გაგრაში ჩავედი დასასვენებლად.

– მიზანდასახული ადამიანი ხარ?

– საკუთარ სიტყვაზე ყოველთვის გვრძნობ პასუხისმგებლობას, არასდროს ვიღებ ჩემს თავზე იმას, რაც არ შემიძლია და რეალურად ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს. ამიტომ, თუკი რამეს მოვკიდე ხელი და მიზნად დავისახე, აუცილებლად ბოლომდე მიმყავს საქმე, ხელის ჩაქნევა არ მჩვევია.



– რაზე ოცნებობ ამ ეტაპზე?

– განსაკუთრებული ოცნება არ მაქვს, ჩემთვის ყველაზე დიდი ოცნება და ბედნიერება ის არის, ხალხი, რომელიც ჩემ გვერდით არის, ჯანმრთელად იყოს და ცუდი არავისზე გავიგო. მაგარ მანქანასა და კარგ სახლზე ნამდვილად არ ვოცნებობ, რადგან ეს ნამდვილად არ მიკვირს. მადლობა ჩემს მშობლებს, რომ სრულყოფილი ოჯახი გვაქვს. თუ ვინმე „ბენტლიზე” ოცნებობს, მე მინდა, ჩემ გარშემო ყველა კარგად და ბედნიერად იყოს.

– როგორც ვიცი, გათხოვილი არ ხარ.

– არა და, ჯერ არც ვაპირებ. მინდა, ჯერ კარიერას მივხედო.

– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

– ყოველ შემთხვევაში, თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი (იცინის).

– ალბათ, ყურადღებითა და საჩუქრებითაც განებივრებენ.

– თაყვანისმცემლებისგან საჩუქრებს არასდროს ვიღებ, ყურადღებას კი – რამდენიც გინდა. მაქსიმუმი, რაც შეიძლება, თაყვანისმცემლებისგან საჩუქრად მივიღო, ეს ყვავილებია, სხვა არაფერი. ყველამ იცის, რომ თამრო დუდუნიასთან ძვირფასი საჩუქრებით არ უნდა მივიდნენ, რადგან ეს ჩემი პრინციპია.

საუბრის დასასრულს, მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის ეს ჩემი პირველი ინტერვიუა. ვიცი, რომ „თბილისელები” საქართველოში ლიდერი ჟურნალია და ამიტომაც არჩევანი თქვენზე შევაჩერე. ბევრ საინტერესო რესპონდენტს გისურვებთ!


скачать dle 11.3