კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აკოცეს ერთმანეთს ცუცა კაპანაძემ და ალ პაჩინომ და როგორ გაგრძელდა ცუცას „ლავ სთორი“

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი ცუცა კაპანაძე უკვე ოთხი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. მართალია, ძნელად, მაგრამ, უკვე აუწყო ფეხი იქაური ცხოვრების რიტმს. ერთხანს თბილისში იმაზეც ჭორაობდნენ ცუცა ამერიკაში გათხოვდაო. როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება და როდის მიიღო მან ყველაზე დიდი შოკი, ამ თემაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.

– როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება?

– ჩემი ამერიკული ცხოვრება სრული საგიჟეთია. ნიუ-იორკი, შეიძლება ითქვას, ჩარლი ჩაპლინის აჩქარებული კადრია. აქ სამუშაო დღე ძალიან ადრე იწყება – დილის 8 საათზე უკვე სამსახურში ვარ, 7 საათზე კი რეპეტიციები მეწყება თეატრში. შუალედში ვახერხებ გამოძრომას სამსახურიდან და ფიტნეს-კლუბში მივრბივარ. ძალიან მიყვარს მასაჟები. საერთოდ, აუცილებელია, ქალმა კვირაში რამდენიმე დღე მაინც გამოყოს საკუთარი თავისთვის.

– თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ ფორმაში იყოთ?

– კვირაში სამი დღე მაინც დავდივარ სავარჯიშოდ, ვიკეთებ მასაჟებს. სხეულმა აუცილებლად უნდა დაისვენოს. დღის განმავლობაში მინიმუმ ორ კილომეტრს ფეხით დავდივარ. საქართველოშიც ასე ვიყავი, სულ ვვარჯიშობდი ფიტნეს-კლუბში და ფეხითაც ბევრს დავდიოდი. თუმცა, ამერიკაში ცოტა ძნელია თავისუფალი დროის გამონახვა. აქ ყველა მუშაობს, ნებისმიერი ასაკის ადამიანი თვითონ ირჩენს თავს, სამსახურებში კი უმაღლესი დონის სიმკაცრეა.

– სამსახურში ერთი წუთითაც ვერ დაიგვიანებ?

– არა, რას ლაპარაკობთ! დაიგვიანებ და ფულიც არ გექნება. ერთი დღეც რომ არ იმუშაო ან ფორმიდან ამოვარდე, ის ერთი დღე ერთ თვეს ნიშნავს. აქ ძალიან ჩქარი ტემპით მიდის ცხოვრება და, თუ ჩამორჩი, მერე დაწევა ძალიან ძნელია.

– არ გაგიჭირდათ ამერიკულ ტემპთან შეგუება?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა. მართალია, საქართველოშიც ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა, მაგრამ ამერიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა. პირველ ყოვლისა, რთულად გადავიტანე საქართველოსგან მოწყვეტა. ექვსი თვის განმავლობაში ყოველ საღამოს ვტიროდი ჩემს ოთახში. მაგრამ, დროთა განმავლობაში, თანდათან შევეჩვიე. შემდეგ ბატონმა ვიქტორ სირელსონმა, რომელსაც ქართული კულტურა ძალიან ხიბლავს, დააარსა ქართული თეატრი. როდესაც მანჰეტენზე ქართული თეატრი გაიხსნა, მე ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი. ბატონ ვიქტორს ჰყავს ქართველი მეუღლე – ლია ბახტურიძე, რომელიც ძალიან დიდი ხანია, ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენ ერთად ვემსახურებით ყველაფერ ქართულის პოპულარიზაციას ამერიკაში.

– მოკლედ, ამერიკაშიც ქართულ ამბებში ხართ ჩართული?

– რა თქმა უნდა, საქართველო არსად არ დამავიწყდება. სხვათა შორის, ჩემი შრომა დამიფასდა კიდეც. სააგენტო „პროფილის” ხელმძღვანელმა, მანანა გეგიძემ, „წლის ბრენდის” დაჯილდოების ცერემონიალზე ჯილდო გადმომცა, „საზღვარგარეთ ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის”. ამერიკაში ცხოვრება თუ გინდა, თავდაუზოგავად უნდა იმუშაო, არ უნდა ჩამორჩე ცხოვრების რიტმს, თორემ, მაშინვე ერთ ადგილას გაიყინები.

– ამერიკულ „უიქენდებს” როგორ ატარებთ ხოლმე?

– გადასარევად ვერთობით მე და ჩემი მეგობრები. ერთ-ერთ ჩემს მეგობარს აქვს ქართული კაფე და მასთან ვიკრიბებით ხოლმე. ამ კაფეს ადრე „თბილისი“ ერქვა, ახლა „ჯორჯია“ ჰქვია. ხანდახან ქალაქგარეთ გავდივართ. ზოგიერთ ადგილას მწვადის შეწვა შეიძლება და ჩვენც იქ მივეშურებით ხოლმე. ძალიან მენატრება ხინკალი. ჩვენთან კაფეში არის, მაგრამ, ისეთი არა, საქართველოში რომ აკეთებენ. დასვენების დღეებში სახლში ლობიოს ვაკეთებ ხოლმე და მჭადებს ვაცხობ (იცინის).

– როგორც ჩანს, ამერიკულმა სამზარეულომ დიდად არ მოგხიბლათ.

– ქართულ სამზარეულოს რა შეედრება. თუმცა, ამერიკული კერძებიდანაც არის რაღაცეები, რაც მომწონს. მაგალითად, ერთი კერძია, სახელად „ტაკო“. ამერიკელებს ვეუბნები ხოლმე: მართალია, გემრიელია, მაგრამ ამ კერძის სახელი ქართულად სულ სხვა რაღაცას ნიშნავს-მეთქი. (იცინის). განსაკუთრებული სამზარეულოთი ნამდვილად არ გამოირჩევიან ამერიკელები. ყოველ შემთხვევაში, ქართულთან ახლოს ვერ მოვლენ.

– რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში გადასახლება, თქვენ აქაც ძალიან პოპულარული და წარმატებული იყავით.

– ამერიკაში ცხოვრობენ ჩემი უახლოესი მეგობრები და სულ მთხოვდნენ, მათთან ჩავსულიყავი. ერთხელაც, გადავწყვიტე და წავედი მათთან. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მე ქართული და ამერიკული ცხოვრება ერთნაირად მომწონს, ორივეს სინთეზი არის ძალიან კარგი. საქართველოში ცოტა კომპლექსები მქონდა რაღაც-რაღაცეებში, მაგალითად, ვერ ვიცვამდი მოკლე კაბებს, „სთრეიჯებს” და სხვა მსგავს სამოსს. აქ ეგ კომპლექსები მომეხსნა. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ისევ ქართულ ჩარჩოებში ვჯდები ხოლმე. ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. როცა ვახერხებ, მაშინვე საქართველოში ჩამოსასვლელ ბილეთს ვიღებ.

– ძნელი არ არის ისევ თბილისურ ცხოვრებაზე გადმორთვა, როცა უკვე ამერიკულ ტემპს ხართ შეჩვეული?

– რასაკვირველია, როცა ამერიკული ტემპი გაქვს აკრეფილი, ძალიან ძნელია ისევ თბილისურ ცხოვრებაზე გადმორთვა. ჩვენგან განსხვავებით, ამერიკაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან კანონებს – იციან, რომ აუცილებლად უნდა დაიცვან. ქართველები კი ცდილობენ, ხანდახან თავი აარიდონ. აუცილებელია, ყველამ შეიგნოს, რომ კანონი კანონია და უნდა დაემორჩილოს.

– კიდევ რა გასწავლათ ამერიკაში ცხოვრებამ?

– ძალიან ბევრი რამ. აქ ყველაზე კარგი იცით, კიდევ რა არის? ყველა ასაკის ადამიანს პატივს სცემენ და არ ეუბნებიან, შენ უკვე დაბერდი, რაღა დროს შენი მუშაობააო. საქართველოში კი ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად უყურებენ, რაც მე ძალიან არ მომწონს. ამერიკაში ვისწავლე, რას ნიშნავს თავისუფლება. აქ არავის აინტერესებს, რა გაცვია, რას ლაპარაკობ და ასე შემდეგ. ცხოვრობენ მხოლოდ საკუთარი პირადი ცხოვრებით. ალბათ გაოცდებიან, რომ გაიგონ ჩვენთან რაც ხდება.

– თქვენ თუ გაგაოცათ რამემ ამერიკაში?

– პირველად ამერიკაში მოვხვდი 1988 წელს და ახლა ნამდვილად ვეღარ გამაოცებდა (იცინის). როდესაც პირველად ჩავედი ნიუ-იორკში, ეს იყო უდიდესი შოკი ჩემთვის, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ადრე თუ ვოცნებობდი, მენახა ჰოლივუდის ვარსკვლავები, გამევლო ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე, ახლა ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის (იცინის). რამდენიმე კვირის წინ ვიყავი სპექტაკლზე „ვენეციელი ვაჭარი”, სადაც ალ პაჩინო თამაშობდა. როდესაც სპექტაკლი დამთავრდა, მასთან მივედი, ავტოგრაფი ჩამოვართვი და სიყვარული ავუხსენი. (იცინის). მანაც იგივე მიპასუხა – მითხრა: „მეც მიყვარხარ, საყვარელო”. ამის შემდეგ მაგრად ვაკოცეთ ერთმანეთს და სურათები გადავიღეთ.

– შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?

– დიდი გაგრძელება ამ ურთიერთობას არ მოჰყოლია. არ სცალია მას ჩემთან წერილების მოსაწერად. ისე, თუ მომწერს, ძალიან კარგი იქნება (იცინის). სხვათა შორის, ჩვენი ვიდეო ჰოლივუდის საიტზეც დევს.

– ისე, თქვენზე ამბობდნენ, ამერიკაში გათხოვდაო.

– მაგას დღემდე ამბობენ, მაგრამ, არ გავთხოვილვარ, რადგან ის ადამიანი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, მე – ნიუ-იორკში. ოკეანის ერთ მხარეს მე ვარ და მეორე მხარეს – ის. მას იქ აქვს ცხოვრება აწყობილი, მე – აქ და ვერც ერთი ვერ ვთმობთ ჩვენს ცხოვრებას. თუმცა, მაინც გრძელდება ჩვენი „ლავ სთორი” (იცინის). მოკლედ, პლატონურად შევრჩით ერთმანეთს (იცინის).

– ესე იგი, გათხოვებას აღარ აპირებთ?

– გათხოვებას ვაპირებ ისეთ ადამიანზე, რომელიც ჩემ გვერდით იქნება. ამ ნაბიჯის გადასადგმელად საჭიროა ძალიან დიდი სიყვარული. მართალია, ის ძალზე რომანტიკული პიროვნებაა, მაგრამ, ეტყობა, ისე ძალიან არ მიყვარს, რომ ოკეანის მეორე მხარეს გადამიყვანოს (იცინის). ვგიჟდები რომანტიკულ ადამიანებზე, იმიტომ, რომ მეც ასეთი ვარ. მახსოვს, ჩემს „პაკლონიკებს” მე თვითონ ვანებივრებდი ხოლმე სიურპრიზებით და ახლაც ასე ვარ – ჩემს საყვარელ ადამიანებს სულ სიურპრიზებს ვუწყობ და მიხარია, როცა მათ ვახარებ.


скачать dle 11.3