კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქართველი საოპერო მომღერალი აღმოაჩინა ვალერი გერგიევმა და რა წარმოუდგენელი პატივი დასდო მას

ქართველი საოპერო მომღერლები მთელ მსოფლიოში უზარმაზარი წარმატებით მოღვაწეობენ. უკვე აღარავის უკვირს იმის გაგონება, როგორ დაიპყრო მსოფლიოს ყველაზე მოწინავე საოპერო სცენები ამა თუ იმ ქართველმა საოპერო მომღერალმა.

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი თეონა დვალი რომში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მალე ის პლაჩიდო დომინგოს კონკურსზე „ოპერალიაზე” წარდგება. ახლახან კი აღიარებულმა დირიჟორმა, ვალერი გერგიევმა მოუსმინა და თეონასაც იგივე როლი მიანდო, რაც ყველაზე მაღალანაზღაურებად რუს საოპერო მომღერალს – ანა ნეტრებკოს.

– თეონა, როგორ იხსენებთ ბავშვობას?

– მართლაც განსაკუთრებულად ლამაზი ბავშვობა მქონდა, რადგან, ჩვენს ოჯახში ძალიან უყვარდათ მუსიკა. ყველა მღერის, მაგრამ, მე ერთადერთი ვარ, ვინც სიმღერა პროფესიად გაიხადა. მამა ფინანსისტ-ეკონომისტია, დედა – მუსიკოსი პედაგოგი. დედის ბიძა გახლდათ ცნობილი კომპოზიტორი დავით თორაძე, მისი შვილი მოგეხსენებათ, არაჩვეულებრივი პიანისტი ლექსო თორაძეა. ასე რომ, ბავშვობიდანვე მოვხვდი საოცარ მუსიკალურ გარემოში და თავიდანვე „მოვიწამლე” კლასიკური მუსიკით.

– როგორც ვიცი, სიმღერა ძალიან პატარამ დაიწყეთ.

– დიახ, სადღაც, ალბათ, 2 წლის ვიქნებოდი, როდესაც „ჭრელო პეპელასა” და „ჟუჟუნა წვიმას” შეუცდომლად და ზუსტად ვმღეროდი. ეს, რასაკვირველია, თავად არ მახსოვს. მაგრამ, დედის მონაყოლიდან გამომდინარე ვიცი. შემდეგ, როგორც კი რაიმე ახალს მოვისმენდი, უცბად, სმენით ვაწყობდი როიალზე და ვმღეროდი. სწორედ ასე მოვისმინე პავაროტის მიერ ნამღერი ნეაპოლიტანური სიმღერა. სასწრაფოდ ავაწყე როიალზე და ვიმღერე. ზუსტად მაშინ შეამჩნიეს, რომ აბსოლუტური სმენა მქონდა. ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ჩემი მშობლების მეგობრები და სუფრასთან მეც მათთან ერთად ვმღეროდი ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს. ამით ძალიან ხალისობდნენ, მაქებდნენ და მეც სტიმული მეძლეოდა. პატარაობისას ცოტა ხანს ვმღეროდი ანსამბლში. ალბათ 12 წლის ვიქნებოდი, როცა გავიმარჯვე ბორჯომის ფესტივალზე „ბროლის ნაძვი”. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც გრან-პრი ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ გადმომცა. სწორედ მან მიწინასწარმეტყველა შემდგომი წარმატებები.

– რომელი პროფესიული სასწავლებლები დაამთავრეთ?

– ჩავაბარე კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში, სადაც ჩემი პირველი პედაგოგი იყო ზაირა ხელაია. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ მოვხვდი ოპერის სოლისტთან, მზია დავითაშვილთან, რომელმაც მრავალი რამ მასწავლა და მისი უსაზღვოდ მადლიერი ვარ. 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, ჯერ მუსიკისმცოდნეობაზე – ბაკალავრიატი დავამთავრე, ხოლო მომდევნო წელს პარალელურად ჩავირიცხე აკადემიური სიმღერის ფაკულტეტზე, პროფესორ გულიკო კარიაულის კლასში – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა.

– რა კონკურსები გაიარეთ?

– იტალიაში ყოფნის პერიოდში ორ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ესენია: არტურო ტოსკანინის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, სადაც გავხდი ლაურეატი და ავიღე სპეციალური პრიზი „ბელკანტოს“ საუკეთესო შესრულებისთვის (2009 წელს) და როლანდო ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, სადაც პირველი პრემია ავიღე (2010 წელს).

– თქვენი სახელი და გვარი ძალიან ხშირად ჩანს კონცერტებსა თუ სპექტაკლებში.

– კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი კონცერტებში, ფესტივალებსა თუ სპექტაკლებში, რომელთაგან გამოვყოფდი საოპერო სტუდიის მიერ დადგმულ სპექტაკლებს, მოცარტის „ჯადოსნურ ფლეიტას” და ჯუზეპე ვერდის „ტრავიატას”, სადაც შევასრულე მთავარი როლები: ასევე, მნიშვნელოვანი იყო ნიკა მემანიშვილის მიერ მოწყობილი თანამედროვე მუსიკის ფესტივალი, სადაც ვიმღერე ალფრედ შნიტკეს ნაწარმოები. განსაკუთრებით გამოვარჩევდი, ასევე, ლადო ათანელის მიერ ჩამოყალიბებული ფონდის – „თანადგომას” პირველ კონცერტს, სადაც ვიმღერე მსოფლიოში აღიარებულ ქართველ საოპერო მომღერლებთან ერთად, როგორებიც არიან: ლადო ათანელი, ქეთევან ქემოკლიძე, ბადრი მაისურაძე და სხვები. იტალიაში, ქალაქ რომში, პირველად გავემგზავრე მსოფლიო ლეგენდის რენატა სკოტის მასტერ-კლასებზე „ოპერა-სტუდიოში” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც სანტა-ჩეჩილიას აკადემიაში ტარდებოდა. ეს არ არის მხოლოდ მასტერ-კლასი, ეს, ეგრეთ წოდებული „დახელოვნების სკოლაა”, სადაც მე უკვე პერიოდულად მიწვევენ. თვით რენატა სკოტოს განცხადებით გავხდი მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი სტუდენტი. მის შეხვედრაზე და, მით უმეტეს, მასთან მეცადინეობაზე ოცნებაც კი არ შემეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი და ძალიან გამიმართლა. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ჩემი წარმატებების მთავარი შემოქმედი არის და იქნება პროფესორი გულიკო კარიაული, რომელმაც ჩემამდე მსოფლიოში განთქმული ბევრი მომღერალი აღზარდა.

– ახლახან, საგანგებო მოწვევით, საქართველოშიც იმღერეთ.

– საქართველოში, ზემოთ ჩამოთვლილი სპექტაკლებისა და კონცერტების გარდა, მონაწილეობა მივიღე მოცარტის ოპერის „მითრიდატე პონტოს მეფე” დადგმაში, დირიჟორ ჯანლუკა მარჩიანოსა და დავით საყვარელიძის სპეციალური მოწვევით. ბუნებრივია, მოწვევას დიდი სიხარულით დავთანხმდი. ამ სპექტაკლით ახლახან ვიყავით ბეირუთის ძალიან პრესტიჟულ ფესტივალზე, სადაც ჩვენმა წარმოდგენებმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მსმენელიც ძალიან თბილად შეგვხვდა.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, დიდი სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო პლაჩიდო დომინგოს სახელობის საერთაშორისო კონკურსში „ოპერალია”. ცოტა ხნის წინ მოსმენა მქონდა გენიალურ დირიჟორ ვალერი გერგიევთან ლონდონში და მან პირდაპირ მომცა ადინას როლი დონიცეტის ოპერაში „სიყვარულის ნექტარი”, რომელიც ჩატარდება პეტერბურგში. მარიას თეატრში, „თეთრი ღამეების” ფესტივალზე. პრემიერას მღერის არაჩვეულებრივი სოპრანო ანა ნეტრებკო, მეორე სპექტაკლში კი მე ვიმღერებ. სწორედ ამიტომ ვარ უზომოდ გახარებულიც და, ამავე დროს, საოცრად მობილიზებულიც. ამ საოცნებო შემოთავაზების სრულყოფაში მოყვანისთვის დღე და ღამე ვმეცადინეობ ჩემს პროფესორთან, გულიკო კარიაულთან ერთად.

– ალბათ, ეს ფაქტი უკვე ძალიან დიდი აღიარებაა.

– დღემდე ვერ ვიჯერებ იმას, რომ ვალერი გერგიევმა მომისმინა, მოვეწონე და მაშინვე სპექტაკლი მომცა. ვფიქრობ, ასეთი სასწაული ჩვენს სფეროში ათასში ერთხელ ხდება. თუმცა, მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ მელოდება. „სიყვარულის ნექტარის” პრემიერას მღერის ანა ნეტრებკო, ხოლო შემდეგ – მე და, ამის გამო ძალიან ვნერვიულობ. მოგეხსენებათ, რამხელა პასუხისმგებლობაა, ჯერ, იმღერო ვალერი გერგიევთან ერთად და მეორე გახვიდე სცენაზე ანა ნეტრებკოს შემდეგ. უზომოდ ბედნიერი ვარ და ღვთის მადლობელი, ასეთი შესაძლებლობა რომ მომეცა. აუცილებლად მაქსიმალურად გამოვიყენებ.

– სად ცხოვრობთ მუდმივად?

– უკვე სამი წელია, ვცხოვრობ და შემოქმედებით მოღვაწეობას ვეწევი ქალაქ რომში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პეტერბურგის ფესტივალზე მონაწილეობის გამო, ახლა ვიმყოფები და ვმეცადინეობ თბილისში.

– როგორია თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრება რომში?

– ბუნებით საოცრად კომუნიკაბელური და მეგობრული ადამიანი ვარ. როდესაც რომში ჩავედი პირველად, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ინგლისურად ვლაპარაკობდი, მაინც ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მათგან უმეტესობა მუსიკოსია. რომშიც ძალიან დაძაბული გრაფიკი მაქვს, ყოველდღე აკადემიაში დავდივარ, მაგრამ, მაინც ვახერხებ მეგობრებთან ერთად გასეირნებას, კინოში სიარულს და ასე შემდეგ. რაც თბილისში ვარ, ყოველდღე მირეკავენ და მეკითხებიან, როდის ჩამოხვალო, მაგრამ ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს, რადგან იმედია, მალე ჩავალ ჩემთვის უსაყვარლეს ქალაქში.


скачать dle 11.3