კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინონ კაცებმა თეა დანელიასთან ურთიერთობისას და რატომ გახდა ის აუტანელი და საშინელი

გადაცემაში „ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად” ბენდის ერთადერთი მანდილოსანი გახლავთ ძალიან კარგი მომღერალი – თეა დანელია. ის ისეთივე საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, როგორიც მომღერალია. მან სიმღერა ჯერ კიდევ ბაღში დაიწყო. მერე კი, ამ საქმეს პროფესიონალურად დაეუფლა, თუმცა, 6 წელი პაუზა ჰქონდა და ახლა კვლავ განაგრძობს მისთვის ყველაზე საყვარელი საქმის კეთებას.

თეა დანელია: ბაღში სპექტაკლები რომ იდგმებოდა, მე წითელქუდა ვიყავი ან ფიფქია. მოკლედ, სულ ვმღეროდი. უფრო კომპლექსებიანი ბავშვი ვიყავი, ვიდრე აქტიური. სიმღერა რომ არ მცოდნოდა, ჩემთვის ვიქნებოდი და არავის ეცოდინებოდა ჩემი არსებობის შესახებ. იმ ასაკში, როცა გოგონები იპრანჭებიან, მე ეს ინტერესი საერთოდ არ მქონია. ამაში საჩემოს ვერაფერს ვხედავდი. გოგონებთან კი ვმეგობრობდი, მაგრამ ბიჭებთან უფრო ვპოულობდი საერთო ენას.

– როგორ განვითარდა შენი მუსიკალური კარიერა?

– ჩემებმა რომ ნახეს, სულ ვმღეროდი და ჩემი საშველი აღარ იყო, წამიყვანეს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სასწავლებელში. თავიდან საგუნდოზე შემიყვანეს. მაშინ 9 წლის ვიყავი. რომ მომისმინეს, გადაწყდა – ცოდოა ეს ბავშვი საგუნდოზე, დაიკარგება მისი ხმა და მოდი, ვოკალურ ფაკულტეტზე შევიყვანოთო. მიმაბარეს ძალიან კარგ მასწავლებელს, ნინო ბესტაევას, მესამე კლასში დამსვეს. შემდეგ ჩავაბარე პირველ მუსიკალურ სასწავლებელში. იქაც ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა, ბევრი რამ მასწავლა და ახლა აქ ვარ. ბენდიც ყველამ ერთად გავაკეთეთ. ჩვენი გიტარისტი სოსო – „გრიზლი“ და მე ბავშვობის მეგობრები ვართ. მან „ფარენგეიტში” მარტო დაკვრა დაიწყო, მერე ჩვენი ბასისტი – „მაჩვი“ დაიმატა. მაჩვს „მოძრაობის თეატრიდან” გასტროლები ჰქონდა და გრიზლიმ მე დამირეკა – სანამ მაჩვი ჩამოვა, იქნებ დამეხმარო და იმღეროო. 6 წელი არ მქონდა ნამღერი, მაგრამ ვუთხარი, მოვდივარ-მეთქი. როდესაც მაჩვი ჩამოვიდა, გავხდით სამნი. მერე სხვებიც დაგვემატნენ. მე პიანისტი არ ვარ, არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ კლავიშზე ვუკრავ, უბრალოდ, სხვა გზა არ არის და ვიტყუები. თუ დააკვირდები, როცა ვმღერი გადაცემაში, იმ დროს არ ვუკრავ. რაღაც მბოჭავს და ბოლომდე ვერ ვარ სიმღერაში. ანუ, ბენდში ბევრნი ვართ, მაგრამ სატელევიზიო ვერსიისთვის 5 ადამიანი გადაწყდა. მათ ფორმატს ეს ჟღერადობა უფრო შეეფერება.

– რატომ არ მღეროდი 6 წლის განმავლობაში?

– საერთოდ არ ვმღეროდი, არც ჩემთვის და არც სხვისთვის. ერთადერთი, ჩემი შვილისთვის ვმღეროდი ძილის წინ „იავნანას”. კონსერვატორიის ბოლო კურსზე ვსწავლობდი, როდესაც გავთხოვდი. მალევე დავორსულდი. საკმაოდ რთული ორსულობა მქონდა, ძლივს დავამთავრე კონსერვატორია. შემდეგ, საკეისროს გაკეთება დამჭირდა ნარკოზით. ამან კატარი გამიჩინა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ვერ ვლაპარაკობდი, სიმღერაზე, ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ბავშვი მეყოლა და სანამ წამოიზარდა სულ სხვა მიმართულებით წავედი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვიყავი. ნოსტალგია სულ მქონდა, რადგან შინაგანად ყოველთვის მემღერება. როდესაც ქმარს დავშორდი, დავრჩი მარტო. თუმცა, მარტო არასდროს ვყოფილვარ, ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა. შენი შვილი, უპირველეს ყოვლისა, შენი გასაზრდელია. რა უნდა მეკეთებინა? უნდა მემღერა. საოპერო კარიერაზე ერთი წამით ვიფიქრე, და ეს აზრი ჩანასახშივე მოვკალი. 6 წლის განმავლობაში ყელი ფორმიდან იყო ამოვარდნილი და მის საოპეროდ მომზადებას დრო სჭირდებოდა. სწორედ ამ დროს დამირეკა სოსომ. მეც ვიფიქრე, ვცდი-მეთქი. ვცადე და შევრჩი კიდეც.

– რატომ გეძახიან „ბიგ დედას”?

– ეს სახელი ჯერ კიდევ „მოძრაობის თეატრში” დამარქვეს. სპექტაკლისთვის მზადება რომ გვქონდა რეპეტიციების შუალედში, ბიჭები მიდიოდნენ ბაზარში, რაღაცეებს იყიდიდნენ – შამფური, მწვადები და მთელი ამბავი იყო. მსახიობები შედარებით პატარები იყვნენ, გოგო – მარტო მე ვიყავი და ვდიასახლისობდი. დედა-დედაო – მეძახდნენ. მერე კახა ბაკურაძემ თქვა, ეს დედა კი არა, „ბიგ დედააო” და იმის მერე, სულ ასე მეძახიან.

– შვილის მარტო გაზრდა არცთუ ისე ადვილია.

– არ არის ადვილი, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ უყურებ იმ ფაქტს, შენს ცხოვრებაში რომ დგება. როდესაც ადამიანი ქორწინდება, ის იმ მომენტში ფიქრობს, რომ ეს სამუდამოა – დაბერდებიან და მოკვდებიან ერთად ბუხართან სარწეველაში. მაგრამ, ხან ისე ხდება, ხან – ასე. როდესაც მეუღლეს შორდები, მთავარია, როგორ წარმართავ საკუთარ ფიქრებს – სახლში ჩაჯდები, დეპრესია დაგემართება თუ უფრო აქტიური გახდები. მე საშინლად ვერ ვიტან, როდესაც ცუდად ვარ და ამას ვინმე მამჩნევს. პრინციპში, მოდუნების მომენტი არც მქონია. დავშორდი ქმარს და ზუსტად 2 კვირაში, დავიწყე მუშაობა. მეგობრები მეუბნებოდნენ – გიჟი ხარ, არ გაგვიგია, ქალი ქმარს დაშორდეს და სიმღერა დაიწყოს, რა გემღერებაო. თან, იცოდნენ, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. მე ამ ეტაპზე, ჩემი ცხოვრებით, კმაყოფილი ვარ. კარგად ვგრძნობ თავს. არის რაღაცეები, რაც ძალიან მინდა, მაგალითად, წითელი „ფერარი“, იბიცაზე წასვლა, მაგრამ სად არის? თუმცა, არც იმაზე ვფიქრობ. ვაიმე, რატომ არ მაქვს-მეთქი. მთავარია, ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და თან, მეგობრებთან ერთად. ჩემი შვილი 7 წლის რომ გახდა, დაბადების დღე გადავიხადეთ. ზუკას კლასელების მშობლები მოვიდნენ ბარში. იმ დღეს ვმღეროდი და მათ ნახეს, კარგად რომ ვარ. ზოგი ადამიანი, სვამს და ამაში პოულობს ცხოვრებისეულ „კაიფს“, ან სხვა რამეს. მე ყველაზე მეტად მუსიკა „მაკაიფებს“.

– ხშირად ქალები შვილების გამო, პირად ბედნიერებაზე უარს ამბობენ.

– დაახლოებით, 15 წლის შემდეგ, 22 წლისას აბსოლუტურად დამოუკიდებელი ცხოვრება ექნება, არანაირი სურვილი არ მაქვს, ვუთხრა – იცი, რა, მე შენ გამო ყველაფერზე უარი ვთქვი. ჩემი შვილი მე ამას არ მთხოვს. ცხოვრების რამდენიმე ხაზი მაქვს: პირველი – ჩემი შვილი, მეორე – პროფესია და მესამე – ეს არის თეა დანელია, ცალკე აღებული. ჩემი ცხოვრების ამ ერთ ხაზში არის ვიღაცეებისა და რაღაცეების ადგილი. მე თუ ვინმესთან მომინდება ყოფნა, ესე იგი, ის იმის ღირსი იქნება, რომ ჩემს შვილთან ერთად იყოს. „ღირსი” ცოტა ცუდი სიტყვაა, უბრალოდ, მე მასთან მინდა ყოფნა. ესე იგი, მასაც ავტომატურად უნდა ჩემთან ყოფნა და მე „დვა ვ ოდნომ ვარ”. მე და ჩემს შვილს ამ თემაზე ბევრჯერ გვილაპარაკია. ვალენტინობის წინ „ფეისბუქიდან“ ჩემი მეგობრებისგან, ვისაც კი იცნობდა, სია გააკეთა, გული მიახატა და ქვევით მიაწერა – ჩაწერე შენი რჩეულის სახელი. ვკითხე, ეს რა არის-მეთქი. მეუბნება, დედა, ამდენი ძმაკაცი გყავს, ვინმე იშოვე და დაცოლქმარდით, თორემ მომწყინდაო. დავსხედით და ერთად განვიხილეთ სია. ავუხსენი, ესენი ჩემი მეგობრები არიან-მეთქი, მოკლედ, ყველა გადაიხაზა და მეუბნება – ე, დედა, ყველასთან ძმაკაცობა არ გამოგადგებაო.

– დღეს თუ არსებობს ასეთი ვინმე შენს ცხოვრებაში?

– ამ კონკრეტულ მომენტში არ არის ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვისთანაც მე ვიქნებოდი. ყვავილი მაჩუქა, ორჯერ მითხრა, მიყვარხარ, როგორი კარგი ხარო და მეც დავდნი – ასეთი არც ადრე ვყოფილვარ, მაგრამ ადრინდელთან შედარებით, ახლა ძალიან აუტანელი ვარ. ბიჭები ამბობენ ხოლმე, ერთი კარგი მამინაცვალი გვინდა, მაგრამ ამისთვის ვინ გავიმეტოთო. მეც სულ ვამბობ, ძალიან დიდი გამძლეობა დასჭირდება კაცს, ჩემთან რომ იყოს-მეთქი. არც ადრე ვიყავი ანგელოზი, მაგრამ იმ რაღაცეებმა, რაც ცხოვრებაში მქონდა, მასწავლა, უპირველეს ყოვლისა, არავის არაფერი დავუთმო. დათმობაში იმას ვგულისხმობ, რომ თუ საპატიებლად არ მიგაჩნია, ის არც ერთხელ არ უნდა აპატიო. მოკლედ, „ჰიტლერთან” ცხოვრება არავის მოუნდება.

– ერთი „სტალინი” გინდა.

– კი. როგორც კი საქმე იქამდე მიდის – ბიჭო, ე, – მაშინვე ბრჭყალები ამომდის. საშინელება ვხდები და მერე გარბიან. საერთოდ, ყოველთვის ქალი აკეთებს არჩევანს, კაცებს კი ჰგონიათ, ისინი გვირჩევენ. სინამდვილეში ქალი ირჩევს. მე რომ ამერჩია, რაღაც პერიოდი ვიქნებოდით ერთად, მაგრამ როგორც კი რაღაც არ მომწონს, მაშინვე „მიკეტავს”. მეუბნებიან, არა უშავს, სამაგიეროდ ხომ კარგი ბუნება აქვსო. მე კი მაშინვე მახსენდება, რომ ბუნება ბორჯომშიც კარგია, წავალ და იქ დავისვენებ. ისეთი არაფერი ყოფილა, თორემ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩემი შვილი სხვა კაცთან ერთად ვერ წარმომიდგენია. თუ ისეთი კაცი დამიდგება გვერდით, რომელიც ჩემს შვილს რაღაცას ასწავლის, მისთვის სამაგალითო ადამიანი იქნება, რატომაც არა?!


скачать dle 11.3