კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება “მომპარავი„ ეკა ჩხეიძე და როგორ გადარია დილაუთენია მისმა სიფხიზლემ პატრულები

მსახიობი ეკა ჩხეიძე ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და ხალისიანი მოსაუბრეა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ის ზედმეტად მოწესრიგებული, კომუნიკაბელური, მოსიყვარულე და თბილი ადამიანია. ამასთან ერთად, იუმორის გრძნობაც არ ღალატობს და თუ სასაცილო ამბებში ან გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა, იქიდან თავის დაძვრენას, იუმორით ოსტატურად და ადვილად ახერხებს.

ეკა ჩხეიძე: ჩემთვის გამოუვალი სიტუაცია, პრაქტიკულად, არ არსებობს, რადგან ასეთ სიტუაციაში იუმორი ძალიან მშველის. ჩემი აზრით, სასაცილო, კურიოზულ თუ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილმა, მსუბუქად უნდა შეხედო ვითარებას, რადგან ვერაფერს შეცვლი. უმჯობესია შექმნილ ვითარებას აჰყვე, ყველაფერი კარგად გააანალიზო და იუმორის წყალობით, ადვილად და მოხერხებულად დაიძვრენ თავს.

– როგორც შენი მეგობრები ამბობენ, საჭესთან ძალიან მოწესრიგებული ხარ, თუმცა პატრულთან გაუგებრობებს მაინც ვერ სცდები. ასეა?

– მართალია, ვცდილობ, მოწესრიგებული მძღოლი ვიყო, არც საგზაო წესები დავარღვიო და არც ნასვამმა ვმართო მანქანა, თუმცა ერთხელ ისეთ გაუგებრობაში აღმოვჩნდი და ისე გადავრიე პატრულის თანამშრომლები, ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება. ერთი სიტყვით, ჩემი და მოფრინავდა უცხოეთიდან და აეროპორტში დავხვდი. ალბათ, დილის ხუთი საათი იქნებოდა. მივიყვანე ის ვერაზე და მე სახლისკენ მშვიდად გავუდექი გზას. იმ დილაადრიან ისე ცარიელი იყო ქუჩები, მსიამოვნებდა მანქანის მართვა. თუმცა, წესები არ დამირღვევია, რაც მართალია, მართალია (იცინის). გავიხედე, პატრულის თანამშრომლებმა გამომხედეს მანქანიდან და გაჩერება მომთხოვეს. ეტყობა იფიქრეს, ამ შუაღამისას ქალი საჭესთან ზის, მშვიდად მოძრაობს, რაღაცაშია საქმეო. (იცინის). გავაჩერე მანქანა და ვკითხე, რაშია საქმე, საგზაო წესები არ დამირღვევია, შუქნიშანთანაც გავჩერდი და რა გნებავთ-მეთქი. ჩაეცინათ, გადმობრძანდი, გენაცვალე და აი, აქ ჩაბერე, სიმთვრალეზე შეგამოწმებთ და მერე ვისაუბროთ რისთვისაც გაგაჩერეთო. გადავირიე, რა მიგავს ნასვამს, საერთოდ არ მიყვარს დალევა და ამ დილის ხუთ საათზე სად უნდა დამელია-მეთქი. არ მომეშვნენ, გინდა თუ არა, ჩაბერეო. ჩავბერე და რომ არ აჩვენა ნასვამობა, ამაზე სულ გაოცდნენ. დაჭყიტეს თვალები, უყურეს, უყურეს აპარატს და მითხრეს, აბა, ერთიც ჩასუნთქე, გენაცვალე, იქნებ აპარატი ცდებაო.

– მერედა, ვერ აუხსენი, ჩემს დას დავხვდი აეროპორტში, მივიყვანე და ახლა შინ ვბრუნდებიო?

– როგორ არა. მკითხეს, სად იყავი, საიდან მოდიხარო? დაკითხვა მომიწყვეს. მეც ვუთხარი, ჩემს დას დავხვდი და აეროპორტიდან მოვდივარ-მეთქი. ამაზე სულ „გაჭედეს” (იცინის). იფიქრეს, მანქანაში ამის მეტი არავინ ზის – რის და, რა დაო. თანაც, იფიქრეს, აეროპორტიდან თუ მოდის, აქ როგორ მოხვდა, გზა ხომ არ აერიაო. მოკლედ, იფიქრეს და დარწმუნდნენ, ისეთი მთვრალია, გზას ვეღარ არჩევსო (იცინის). ის აღარ მითქვამს და „აჩოტები“ არ ჩამიბარებია, სახლამდე რომ მივიყვანე ჩემი და და ვერიდან დავბრუნდი უკან. მითხრეს, ქალბატონო, აეროპორტი იქით არის, თქვენ აქეთ მოდიოდით და აბა, თავიდან ჩაბერეთო. ისევ ჩამაბერინეს. ისევ ფხიზლობა აჩვენა და სახეზე აილეწნენ. ერთმა გადაულაპარაკა მეორეს, ბიჭო, არ არის მთვრალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნასვამია და აქ არ გვიჩვენებსო. ეს რომ გავიგე, ახლა მე გადავირიე. გაბრაზებულმა ვუთხარი, რაებს მაკადრებთ, ახლავე მომიბოდიშეთ – რის ნასვამი, რა მთვრალი, საიდან მოიტანეთ-მეთქი. აი, ასეთ შარშიც გავბმულვარ. იმას კი არ ვამბობ, საერთოდ არ დამილევია-მეთქი, მაგრამ ისე რა დამალევინებს, რომ ვერ გავარჩიო აეროპორტი საითაა და სად მივდივარ (იცინის).

– გამიკვირდა, რომ ვერ გიცნეს. საკმაოდ ცნობილი სახე ხარ. თეატრში მაინც არ დადიან?

– რა გითხრათ. ეს ერთი შემთხვევა იყო და ამის გამოძიება არ დამიწყია. მთავარია, მშვიდობიანად გამიშვეს და არ დამაჯარიმეს იმის გამო, რომ ღამით დავდივარ ქუჩაში, თანაც ჩემთვის წყნარად და სრული წესების დაცვით. ერთხელ კი, პატრულმა რომ გამაჩერა, მეორემ უთხრა, ეს გაუშვი, უშანგი ჩხეიძის შვილიაო (იცინის). არადა, თქვენ წარმოიდგინეთ, მასთან ნათესაური კავშირიც კი არ მაქვს, თან ბაბუის მამად მეკუთვნის (იცინის). პირველმა უშანგი ჩხეიძე მაინც იცოდა... მეორემ კი, არც კი იცოდა ვინ იყო უშანგი ჩხეიძე და მე მიცნობდა? კი გამიღიმა და გამიშვა და რაღას დავეძებდი მის ცნობა-არცნობას. (იცინის). ცნობაზე გამახსენდა ერთი ამბავიც... ხომ იცით, ცოდვა გამხელილი ჯობიაო და ახლა ერთ ამბავსაც მოგიყვებით. დღეს ბევრი დარბის მკითხავთან, ჰგონიათ, ისინი მოუხსნიან ფინანსურ თუ პირად პრობლემებს. მიდიან და ისეთ რამეს ეუბნებიან მკითხავს, მიმართულებას თავად აძლევენ, რაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება. ისიც კარგი ფსიქოლოგია, ხვდება რასთან დაკავშირებით უნდა ესაუბროს და ლაპარაკით „აბამს” კლიენტს. თავად, მკითხავების არასდროს მჯეროდა და არც ახლა მჯერა. გართობა მგონია და, გამოგიტყდებით, მკითხაობის პროცესიც სახალისოდ მეჩვენება (იცინის). მოკლედ, ჩემი მეგობრები იყვნენ ისეთ მკითხავთან, რომელიც ასტროლოგიური მეთოდით მკითხაობს. ვერ გეტყვით პლანეტებს უკავშირდება თუ უცხოპლანეტელებს, მაგრამ ეს ჩემი დაქალები კი გადარია (იცინის). ჩემთან მოვიდნენ და ისეთი აჟიტირებულები იყვნენ, ძლივს დავაშოშმინე. რომ მიყვებოდნენ, ისე დამაინტერესა, დედაჩემს გამოვკითხე ჩემი დაბადების დრო, საათი და ჩავეწერე იმ კაცთან მიღებაზე. რაღა ბევრი გავაგრძელო, მივედი მასთან და რომ შემომხედა, ეტყობა იფიქრა, ამას ან გათხოვება უნდა, ან შვილი, ან ბევრი ფულიო. კარგად დამაკვირდა, გამომკითხა დაბადების დღე, რიცხვი, საათი და დაიწყო მკითხაობა: შენ, ჩემო ბატონო, უნდა გათხოვილიყავი ოცდახუთი წლის ასაკში, ახლა დაგვიანებულია, ასე მაცნობებენ ვარსკვლავები. პლანეტები კი მეუბნებიან, რომ სიყვარულისა და საერთოდ, ემოციის გამოხატვის უნარი არ გაგაჩნია. კიდევ კარგი, არ გათხოვდი და შვილი არ გააჩინე, თორემ, არ არის გამორიცხული, ეს ტრაგედიით დასრულებულიყოო.

– მერე, ვერ შეაჩერე? გეთქვა, რომ გათხოვილიც იყავი და შვილიც გყავდა.

– ვიფიქრე, ან ახლა გაეხსნება მესამე თვალი, ან ახლა-მეთქი და ვიჯექი ასე მშვიდად, სახეზე ემოციის გარეშე (იცინის). თან, ისეთი ტიპი იყო, რამეს რომ შეუსწორებდი ან შეეკამათებოდი, აგრესიული ხდებოდა. აი, ბოლოს რომ მითხრა, კიდევ კარგი მსახიობობა არ აირჩიე პროფესიად, გადარჩენილი ხარო, აქ კი „გავჭედე“ (იცინის). ავფეთქდი და მივახალე: იცით, რას გეტყვით? ადრეულ ასაკშიც გავთხოვდი, შვილიც მყავს, მსახიობიც ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ-მეთქი. წამოხტა ფეხზე და აფეთქდა, მაგრამ რა აფეთქდა... შენ, ალბათ, დაბადების დრო მომატყუე, თორემ პლანეტებსა და ვარსკვლავებს შენ ასწავლი, რა და როგორ იყო და იქნებაო (იცინის)? მოდი ახლა და ენდე მათ რჩევა-დარიგებას. არადა, ჩემი დაქალები ისე დაარწმუნა, თითქოს, თვით ნოსტრადამუსი იჯდა მათ წინ.

– შენმა დაქალებმა ერთი საიდუმლო გამიმხილეს...

– რა საიდუმლო?

– რა და, კარგი მომპარავიც ყოფილხარ. ასეა?

– კარგი კი არა – დიდოსტატი, მაგრამ, მარტო მცენარეებს ვიპარავ, სხვა რამეს არ ვეტანები (იცინის). თანაც, ხომ გაგიგიათ, მოპარული მცენარე უფრო კარგად ხარობს. ეს ჩემი მოგონილი კი არ არის. მოკლედ, თუ სადმე ვარ და მცენარე მომეწონა, მივეპარები და მერე რომ გავახარო, ფოთოლს ისე ოსტატურად მოვწყვეტ, ვერავინ ამჩნევს.

– რომ უთხრა, არ მოგცემენ?

– ერთი დაქალი მყავს. ულამაზესი მცენარე ჰქონდა და ვეხვეწე, ახალ ბინაში გადავდივარ, მომიწყვიტე ერთი ფოთოლი, წყალში ჩავდებ და გავახარებ-მეთქი. ხან რა მოიმიზეზა, ხან რა, ერთი სიტყვით, არ მომცა. ავდექი და მის უკითხავად და მალულად, მოვტეხე ერთი ტოტი და ისე წამოვიღე სახლში. მგონი, დღესაც არ იცის (იცინის). წინასწარ რომ არ ინერვიულოს, ჯერ კარგად გავახარებ გავზრდი და მერე ვაჩვენებ დედობილს. თანაც, რომ ვუთხარი, ეს ყვავილი როგორ მომწონს, რა კარგად ყვავის შენთან-მეთქი, მითხრა, იმიტომ ყვავის, ბატონო, კარგად, ტოტი მოვიპარე, წამოვიღე და გავახარე, ვერ ხედავ, როგორ შვილივით ვუვლიო. ჰოდა, მეც მოვიპარე და გაფურჩქნულ-გაყვავებულს რომ დაინახავს, მერე ხომ მაპატიებს ქურდობას? (იცინის).


скачать dle 11.3