კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30–15(537)

– კარგად შორენ, კარგად! – მიაძახა ჟუჟუნამ შორენას და იატაკს დააცქერდა, მერე კი მიმავალ გოგონას გახედა და დაუყვირა:

– შორენ! შორენ!

შორენა შეჩერდა, შეტრიალდა და ჟუჟუნას მიაჩერდა.

– ესე იგი, მიდიხარ, არა, აქედან?

– კი, მივდივარ, ჟუჟუნა, – სათნო გამომეტყველებით მიუგო შორენამ გიჟების ყოფილ რისხვას.

– ბედნიერი ხარ, გოგო, ბედნიერი, აქედან რომ მიდიხარ. მე კი ვრჩები და აქვე ამომხდება სული, როგორც ძაღლს.

შორენას ძალიან შეეცოდა ჟუჟუნა და გაუღიმა:

– ნუ გეშინია, ჩემო კარგო, ღმერთი მოწყალეა და უპატრონოდ არ დაგტოვებს. მომჯობინდები და ახლობლებს დაუბრუნდები.

– ეჰ, შორენ, შორენ, მთელი ცხოვრება ღმერთს დავცინოდი და ისეთ ცოდვებს ჩავდიოდი, რომ ამას არ მაპატიებს.

– გაპატიებს, გაპატიებს, ჩემო კარგო, ღმერთი ყველაფერს გაპატიებს, მთავარია მოინანიო. შენ კი ახლა, ჩემს წინ მოინანიე და, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაპატიებს. აი, ნახე, თუ სულ მალე არ დაუბრუნდე ახლობლებს.

– ეჰ, ჩემო შორენ, სად მყავს ახლობლები, ამქვეყნად სულ მარტო ვარ, ძაღლი ან კატაც კი არ მყოლია, რომ მეზრუნა. მთელი ცხოვრება აქ, საგიჟეთში გავატარე და აქვე ამომხდება სული.

– დამიჯერე, ჟუჟუნა დეიდა, ყველაფერი კარგად იქნება. მეც მთელი ცხოვრება მარტო ვიყავი და ღმერთმა მაინც არ გამწირა და დედ-მამა მაპოვნინა.

– მე კი, დედ-მამა ძალიან ადრე დავკარგე – ამოიხვნეშა ჟუჟუნამ, – ძალიან ცოდვილები იყვნენ ის უბედურები და მეც ამიტომ გამოვედი ასეთი. ცხოვრებაში არავინ მყვარებია, არავინ შემცოდებია და, რაც მთავარია, ღმერთს დავცინოდი. აი, ასე, ლოდივით ეგდო ჩემი გული საგულეში და სულ ვიღაცის ცემა და ფეხქვეშ გათელვა მინდოდა. თუმცა, ეს ხომ შენც კარგად იცი. გახსოვს, შენი ცემა რომ მინდოდა და პირიქით მოხდა?

– მაპატიე, ჟუჟუნა დეიდა, ასე რომ მოხდა, მომიტევე, რომ ამხელა ქალს ასე ცუდად მოგექეცი, ღვთის წინაშე მაპატიე, – უთხრა ჟუჟუნას შორენამ და თვალები აუცრემლდა.

– პირველი ადამიანი ხარ, ვინც დეიდა დამიძახა, – თქვა ჟუჟუნამ, შორენას ყურადღებით დააკვირდა და უთხრა: – ძალიან გეჩქარება?

– არც ისე, ჟუჟუნა დეიდა, მითხარი, რა გინდა? – ჰკითხა შორენამ.

– ნახევარი საათი გცალია?

– მცალია.

– მაშინ, კუთხეში დავსხდეთ, რაღაც მინდა, მოგიყვე და მომისმინე.

– კი ბატონო, – მიუგო შორენამ და ჟუჟუნასთან ერთად დერეფნის მარცხენა კუთხეში მდგარ ტახტზე ჩამოჯდა, – გისმენ, ჟუჟუნა დეიდა, მითხარი შენი სათქმელი.

ჟუჟუნამ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ხმადაბლა დაიწყო:

– ჩემი მშობლები და-ძმანი იყვნენ.

– და-ძმანი? – გაოცებით წამოიძახა შორენამ.

– ჰო, და-ძმანი, შორენ, მაგრამ, გთხოვ, არ შემაწყვეტინო, თორემ, აზრების მოკრება მიჭირს! – უთხრა ჟუჟუნამ.

– ბოდიში, ჟუჟუნა დეიდა.

– ჩემი მშობლების მშობლებიც და-ძმანი იყვნენ და, აი, ასეთი უღმერთო და ცოდვილი ხალხის შთამომავალი ვარ. ბაბუაჩემი, კოჭლი ზახარა „ენკავედეს” ცნობილი ჯალათი იყო და ასეულობით ადამიანი ჰყავს საკუთარი ხელით დახვრეტილი. ის რომ მოკვდა, მე ჯერ დაბადებული არ ვიყავი და ბაბუაჩემს არ ვიცნობდი, მაგრამ, მისი დიდი სურათი გვქონდა სახლში და გარეგნობა დამამახსოვრდა. მისი გამხდარი, ავადმყოფული სხეული, შავი პირისახე, წვრილი, ჩავარდნილი, ბოროტი შავი თვალები, წვეტიანი ცხვირი, თხელტუჩება პატარა პირი. ახლაც კი თვალწინ მიდგას. ის ცოდვილი ფანჯრიდან გადმოხტა და თუჯის სარზე წამოეგო ნიკაპით. ჰოდა, წუხელ დამესიზმრა: მოვიდა ჩემთან კოჭლობით და მითხრა:

– როგორ ხარ, ჟუჟუნ, როგორ?

– როგორ ვიქნები აქ, საგიჟეთში? – შევუღრინე ზახარას და ხელი წავატანე, რომ ყანყრატოში ვწვდომოდი, მაგრამ, ვერ ჩავავლე. მან კი საზიზღრად გადაიხარხარა და მითხრა:

– ვერ მოგართვი, ჟუჟუნ, ვერა, მე ხომ სული ვარ, სული და ვერ ჩამავლებ.

– ბოროტი სული ხარ.

– იცი, ვინ ვარ?

– კოჭლი ზახარა ხარ, ბილწი და საზიზღარი! – მივახალე ზახარას.

– ბაბუაზე ასე ნუ ლაპარაკობ, რაც არ უნდა იყოს, ნათესავები ვართ და ჩემი სისხლი შენს ძარღვებში ჩქეფს.

– ნეტა ასე არ იყოს და, თანახმა ვარ, ხე ვყოფილიყავი.

– სული ტკბილია, ხომ? ხესაც აქვს სული და სიცოცხლე გინდა, არა, შვილიშვილო? თორემ რატომ არ თქვი, მიწა ვიყო ან ქვაო?

– შენს ნათესაობას ყველაფერი მირჩევნია.

– კარგი, კარგი, შვილიშვილო, სისულელეებს მოეშვი. გინდა, აქედან გახვიდე და ისევ ნორმალური გახდე?

სიმართლე რომ გითხრა, შორენ, ნამდვილად არ მინდოდა არც აქედან გასვლა და არც მოჭკვიანება, ნორმალურობა თუ რაც გინდა დაარქვი. მით უმეტეს, რომ პათოლოგების შთამომავალი ნორმალური ვერ ვიქნები ბოლომდე და, ალბათ, ამიტომაც არ მომცა ღმერთმა ოჯახი და შვილი. მიუხედავად ამისა, ძალიან დამაინტერესა, რას მთხოვდა სანაცვლოდ ბილწი ბაბუაჩემის სული და ვუთხარი:

– მინდა, როგორ არ მინდა აქედან გასვლა და მოჭკვიანება. მეტიც – ისევ აქ მინდა სამუშაოდ დაბრუნება, რომ იმ ხალხზე ამოვიყარო ჯავრი, ვინც მაწყენინა და გიჟებთან გამათანაბრა-მეთქი.

ზახარამ ისევ გადაიხარხარა და მითხრა:

– გინდა და შეგისრულებ, ამაზე ადვილი რა არის, მაგრამ, ერთი სამსახური შენც უნდა გამიწიო.

– რა სამსახური? – ვკითხე ზახარას სულს.

– შორენა თუ გახსოვს? – მითხრა ზახარამ.

მივხვდი, რომ შენზე მეკითხებოდა, მაგრამ ვკითხე:

– რომელი შორენა?

– რომელი და წიხლქვეშ რომ გაგიგდო?

– კი, მახსოვს, მერე რა?

– რა და, უნდა მოკლა – ცივად მომიგო ზახარამ.

– უნდა მოვკლა?

– ჰო, უნდა მოკლა.

– რატომ?

– თუნდაც იმიტომ, რომ ამხელა ქალი ასეთ დღეში ჩაგაგდო.

– მარტო ცემისთვის ადამიანი როგორ მოვკლა?!

– მარტო ცემისთვის არა.

– აბა, კიდევ რისთვის?

ზახარა ჩემმა სიტყვებმა გააღიზიანა და ხმას აუწია:

– აქედან გასვლა გინდა თუ არა?

– მინდა.

– ჰოდა, თუ გინდა, მაშინ შორენა უნდა მოკლა.

– რაღაცას მატყუებ, ზახარა, შენი არ მჯერა – ვუთხარი ბაბუაჩემს.

– რა არ გჯერა? – აღშფოთდა ის ბილწი, – შენ რომ აქ მოგათავსეს, სწორედ შორენას ბრალია.

– შორენას ბრალი რატომაა?

– იმიტომ, რომ იმ ცემის შემდეგ შეგერყა ავტორიტეტი და არაფრად ჩაგაგდეს, გაგწირეს და გიჟებს გაგატოლეს.

– მაგრამ, ნემსი დიტო სულაბერიძემ გამიკეთა და აქ იმიტომ დამაწვინეს.

ჩემს სიტყვებზე კოჭლი ზახარა სულ მთლად გადაირია და იღრიალა:

– ბრიყვო! სულაბერიძე, შორენა და ჯაბა ერთი ბანდაა, რა ვერ გაიგე? სწორედ მაგათმა გაგიჩალიჩეს აქ გდება და ხელს აფარებ? კი ბატონო, დააფარე, მაგრამ, იცოდე, რომ აქ ჩაკვდები ძაღლივით უპატრონოდ და საფლავის ქვასაც კი არავინ დაგადებს გულზე.

– შორენა რომ მოვკლა, აქედან ვინ გამიშვებს, ვის ატყუებ, შე ბილწო? – ვუღრიალე ბაბუაჩემს ანთებული თვალებით.

– აი, ახლა კი ნამდვილი ჟუჟუნა ხარ, – გადაიხარხარა ზახარამ, – შენ მოკალი და, ჩემს ბატონს ვფიცავ, რომ აქედან უვნებლად გაგიყვან. მეტიც, ყველა სურვილს შეგისრულებ.

– ვინ ბატონს მეფიცები?

– სატანას, – მომიგო ზახარამ და კისერზე ჩამოკიდებულ ჯაჭვზე მიმაგრებული თავის ქალა მიჩვენა, ეამბორა და თვალებანთებულმა მითხრა: – მერწმუნე, რომ სიმართლეს გეუბნები და არაფერს გატყუებ.

ზახარას მტკიცება სულაც არ მჭირდებოდა იმის მისახვედრად, რომ ბაბუაჩემი არ ტყუოდა და ვუთხარი:

– თანახმაც რომ ვიყო, აქ, საგიჟეთში, შორენას ვინ მომაკვლევინებს? ძალით მე მას ვერ მოვერევი, რომ დავახრჩო, თავშიც ვერაფერს ჩავარტყამ, რადგან აქ ისეთი არაფერია და, თანაც, სადაა შორენა? ერთი თვეა, აქ არ გამოჩენილა და როგორ მოვკლავ?

– ხვალ მოვა.

– ხვალ? – გავიმეორე მე.

– ჰო, ხვალ და ერთადერთი შანსი გექნება მის მოსაკლავად, ხელიდან არ უნდა გაუშვა და ზუსტად უნდა იმოქმედო.

– როგორ, რითი, ვერ გაიგე, რომ ჩემზე ძლიერია და ვერ მოვერევი? ასეც რომ არ იყოს, ვინ დაგახრჩობინებს ადამიანს? ვერ ხედავ, რა ზორბა სანიტრები არიან აქ და იმ წუთში გამაშველებენ. ასე რომ, შორენას მოკვლა არ გამოვა.

– გამოვა! – მტკიცედ მითხრა ზახარამ.

– როგორ?

– როგორ და, დანით.

– დანით?

– ჰო, დანით. გვერდით რომ ჩაგივლის ბასრ დანას ყელში გამოუსვამ და მალევე ამოხდება სული. შენ კი, სულ რაღაც, ერთ საათში აქედან გაგიყვან და თავისუფალი იქნები.

– დანა სად ვიშოვო?

– ტახტის მარჯვენა ფეხთან იდება.

– ტახტის?

– ჰო, ტახტის. დერეფნის კუთხეში რომ ტახტი დგას იქ, – მითხრა ზახარამ, – აი, ამ ტახტზე ამბობდა, ჩვენ რომ ახლა ვსხედვართ, – თქვა ჟუჟუნამ, ხელი ტახტის ქვეშ შეყო, სამართებლით ალესილი, მტკიცე ფოლადისგან დამზადებული დანა გამოიღო და შორენას ანახვა და უთხრა:

– აი, ეს დანა. თურმე, ყველაფერი მართალი ყოფილა, – ჟუჟუნამ დანა უკან დააბრუნა, თავი ჩაღუნა და იატაკს უხმოდ დააცქერდა.

დანის დანახვაზე თავდაპირველად შორენა შეკრთა, მაგრამ ჟუჟუნამ ის კვლავ ტახტის ქვეშ რომ შეაცურა, დამშვიდდა და ქალს უთხრა:

– კი მაგრამ, რატომ უნდა ზახარას ჩემი მოკვლა?

შორენას სიტყვებმა ჟუჟუნა გამოარკვია, თავი ასწია და მიუგო:

– მეც ეგ ვკითხე ზახარას, მაგრამ, მითხრა, შენი საქმე არ არისო. შენ ის გააკეთე, რასაც გეუბნები და ყველაფერი კარგად იქნება, არადა, იყავი აქ, დალპი და უპატრონოდ ჩაძაღლდიო.

– როგორც შენ ჩაძაღლდი, არა, შე ბილწო შენა? – არ დავუგვიანე პასუხი ბაბუაჩემს, მერე მისი ნაიარევი ყელისკენ გავიშვირე თითი და დავამატე: – შენსავით გალეშილი მაინც არ გადავხტები ფანჯრიდან და დამპალი ფორთოხალივით არ ჩამოვეცმევი თუჯის სარს-მეთქი.

– მერედა, ვინ გითხრა ეს?

– ხალხი ლაპარაკობს.

– ბოროტი ენების მოგონილია, ენას კი ძვალი არ აქვს. სულაც არ ვიყავი გალეშილი, – იწყინა ზახარამ.

– აბა, რა იყავი?

– რა და, ჩემს ბატონს გამოვეკიდე, ვერ მოვზომე და შემთხვევით სარზე წამოვეგე. აი, სულ ესაა, დიდი არაფერი.

– დიდი არაფერია ასე ძაღლურად სიკვდილი? – დავცინე ზახარას, იმან კი არ შეიმჩნია და მითხრა:

– სამაგიეროდ, ჩემმა ბატონმა მიპატრონა, თავის სამფლობელოში წამიყვანა და ღირსეულად მეპყრობა.

– აქაც იმან გამოგგზავნა?

– რა თქმა უნდა, – ამაყად მომიგო ზახარამ და დაამატა: – მას მერე ჩემი ბატონის გარეშე ნაბიჯსაც არ ვდგამ, აქაც მან გამომგზავნა და მისი სახელით გელაპარაკები.

– ვისი სახელითაც არ უნდა მელაპარაკებოდე, – ვუთხარი ზახარას, – თუკი არ მეტყვი, შორენას რატომ მაკვლევინებ, თითსაც არ გავანძრევ.

– ამის თქმა არ შემიძლია.

– არ შეგიძლია და წაეთრიე, შენ – შენთვის, მე ჩემთვის. მეძინება.

– შენ ხომ ისედაც გძინავს, – არადამაჯერებლად მითხრა ზახარამ.

– მაშინ, ძილს ნუ მიფრთხობ. მოკლედ, აქედან წაეთრიე! – ვუღრიალე ზახარას და მარჯვენა ხელის სამი თითი შევაერთე, ზემოთ ავწიე და ვუთხარი: – წადი, თორემ, ჯვარს გამოვსახავ და გაგაქრობ-მეთქი.

– მოიცა, მოიცა! – ჯვარის ხსენებაზე აღრიალდა შეშინებული ზახარა, – არ გამაქრო, თორემ, ჩემს ბატონთან ნდობა დამეკარგება და დამაქვეითებს.

– რა გინდა, რატომ არ მიდიხარ?

– ჟუჟუნ, შვილო – დაიწყო ზახარამ შემპარავად, – რაც არ უნდა იყოს, ნათესავები ვართ, ახლო ნათესავები და ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ.

– ნათესავები არ ვიცი მე, – სიტყვა გავაწყვეტინე ბაბუაჩემს და თითები კვლავ აღვმართე, – ან სრულ სიმართლეს მეტყვი, ან გაგაქრობ და შენს ბატონს გაეცი პასუხი.

– მოიცა, მოიცა! – აყვირდა ისევ ზახარა და ხელი რომ ჩამოვუშვი, მითხრა, – ჟუჟუნ, შვილო, ადრე თუ გვიან, შენც ხომ აქ, ჯოჯოხეთში უნდა მოხვიდე და, მეც რომ ასე მოგექცე, მოგეწონება?

– როგორ – ასე?

– სასტიკად.

– თვით ჯოჯოხეთია სასტიკი და, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მომექცევი? – ვუთხარი ზახარას.

– ასე ნუ იტყვი, – გაეცინა ზახარას, – სისასტიკე – სისასტიკეა, მაგრამ, ყველაფერს ეჩვევა კაცი, მათ შორის – ჯოჯოხეთსაც და ამასაც შეჩვევა სჭირდება, ასე ვთქვათ, ადაპტაცია. ახლობლისა და გულშემატკივრის გარეშე კი ეს ძალიან ძნელია და სწორედ მაგას ვგულისხმობ.

– რომელი ჩემი გულშემატკივარი და ახლობელი შენ ხარ? – მივახალე ზახარას.

– რატომ არ ვარ? ვარ და, უფრო მეტი ვიქნები, თუ ჩემს თხოვნას შეასრულებ და შორენას ყელს გამოსჭრი, თანაც, აქედან გაგიყვან და მეტი რა გინდა?

– ან მიზეზს მეტყვი, ან აქედან ახლავე გაგაქრობ, – მივუგე ზახარას და ხელი ისევ აღვმართე, მან კი ხელის მოძრაობით გამაჩერა და მითხრა:

– კარგი, კარგი, გეტყვი, მაგრამ, თუ ვინმეს ეტყვი, ან, უკან დაიხევ და შორენას არ მოკლავ, ისეთი საშინელი სიკვდილით განადგურდები, რომ ჩემი სარზე ჩამოცმა უწყინარ ხუმრობად მოგეჩვენება.

– ან თქვი, ან აქედან გაქრი.

– გეტყვი, მაგრამ, ერთი პირობით.

– რა პირობით?

ზახარამ კისერზე ჩამოკიდებული თავის ქალა დამანახა და მითხრა:

– აი, ამის წინაშე შემომფიცე, რომ შორენას აუცილებლად გამოსჭრი ყელს და ჩვენი საუბრის შინაარსს არავის მოუყვები.

მე ისე ძლიერ მაინტერესებდა შენი მკვლელობის მიზეზი, რომ ზახარას კისერზე ჩამოკიდებული თავის ქალის წინაშე ვთქვი:

– ვფიცავ, რომ შორენას ყელს გამოვჭრი და რაც აქ ვილაპარაკეთ, არავისთან მოვყვები.

– ძალიან კარგი, – თქვა ზახარამ, როდესაც ფიცი დავასრულე, – ახლა შენ უკვე ბოლომდე ჩვენიანი ხარ და ჩემს ბატონს შენზე სრული ძალაუფლება აქვს მოპოვებული. ახლა სულ მცირე – სისხლის დაღვრაღა დაგრჩა, ამის შემდეგ კი ბოლომდე შეგვეკრები და მოჯადოებულ წრეში შემოხვალ. ხოლო, თუკი ფიცს გატეხ, მაშინ შენი სისხლი დაიღვრება და უსაშინლესი სიკვდილით მოკვდები. ასე რომ, სისხლი ყველა შემთხვევაში იქნება.

– მორჩი ლაყბობას და მითხარი რა ხდება! – შევუღრინე ზახარას.

– კარგი, კარგი, გეტყვი, – მომიგო ბაბუაჩემმა, – ხვალ აქ შორენა მოვა და იმიტომ უნდა მოკლა, რომ საღამოს ცხრა საათზე თავის საქმროს ვერ შეხვდეს. გაიგე ახლა?

– ვინ საქმროს, რა ვერ შეხვდეს, რას ბოდავ, გარკვევით მითხარი ყველაფერი! – ვუღრიალე ზახარას.

– ვის და, ჯაბას. აქ რომ იწვა და სიმულანტობდა, ედუარდ შევარდნაძე ვარო. მან ის საღამოს ცხრა საათამდე ვერ უნდა ნახოს და სწორედ ამიტომ უნდა მოკლა. როგორც მოგეხსენება, მკვდრები ვერავის ხვდებიან. ახლა გაიგე?

– ვერა, ვერ გავიგე.

– რა ვერ გაიგე? – აღშფოთდა ზახარა, – ჯაბას რომ ვერ შეხვდეს, იმიტომ უნდა მოკლა ის გოგო.

– რატომ ვერ უნდა შეხვდეს?

– იმიტომ, რომ ის არ შეაჩეროს.

– არ შეაჩეროს?

– ჰო, არ შეაჩეროს. ისინი რომ ერთმანეთს შეხვდნენ, ჯაბა არ წავა და ცოცხალი გადარჩება. ჯაბამ კი არ უნდა იცოცხლოს და, თუ წავა, აუცილებლად დაიღუპება.

– სად თუ წავა, გარკვევით მითხარი!

– ეს კი უკვე მეც არ ვიცი – მითხრა ზახარამ – ჩემმა ბატონმა მითხრა, ასე და მე მას კითხვას ვერ დავუსვამ.

– მაინც, როგორ ჯობია?

– როგორ და, თუკი ჯაბა ხვალ, საღამოს ცხრა საათზე, სახლიდან გავა, აუცილებლად დაიღუპება და თავის მისიას ვერ შეასრულებსო, მაგრამ, რა მისიაზეა ლაპარაკი, ნამდვილად არ ვიცი.

– მატყუებ, იცი და არ მეუბნები! – ვუღრიალე ბაბუაჩემს.

– მართლა არ ვიცი, გეფიცები, არ ვიცი, – მითხრა ზახარამ, თავის ქალის წინაშე გაიმეორა ეს სიტყვები, ეამბორა და დაამატა, – მის წინაშე მე არასოდეს ვცრუობ.

– კარგი, გასაგებია. ახლა კი წადი და გამომაძინე, რომ პირობა შევასრულო, – ვუთხარი ზახარას.

– რა თქმა უნდა, წავალ, მაგრამ, კარგად დაიმახსოვრე, ჟუჟუნ. ფიცი რომ გატეხო, ისეთი არნახული საშინელება დაგატყდება თავს, რომ ჯოჯოხეთშიც კი გაუკვირდებათ და ღალატის შემთხვევაში თვით ჩემი ბატონი იზრუნებს შენზე და სატანური შურისძიება არ აგცდება, – მომიგო ზახარამ და გაქრა. აი, სულ ეს იყო, რისი მოყოლაც მინდოდა, ჩემო შორენ, და სიმართლე რომ გითხრა, გავიღვიძე თუ არა, გადამავიწყდა. შენ რომ დაგინახე, მხოლოდ მაშინ მომაგონდა ჩემი პირობა და შესრულებაც კი დავაპირე, მაგრამ, ისე გულთბილად მომექეცი, თან, ჟუჟუნა დეიდაც რომ დამიძახე, ხელი ვეღარ აღვმართე შენზე და ყველაფერი მოგიყევი.

შორენა გაოგნებული უსმენდა ჟუჟუნას და მას მერეც მიშტერებოდა ქალს, როდესაც მან თხრობა დაასრულა. ჟუჟუნამ ერთხანს უხმოდ უყურა შორენას და ბოლოს უთხრა:

– რა ვიცი, აბა, შეიძლება, ჩემი მონათხრობი სიგიჟე და უაზრობაა, მაგრამ, ტახტის ქვეშ ხომ მართლა დევს დანა, როგორც იმ ეშმაკის მოციქულმა კოჭლმა ზახარამ მითხრა. მეშინია, მისი სხვა ნათქვამიც არ ასრულდეს. ცხრის ნახევარია და იჩქარე, შვილო, რა იცი, არ გაგიგონია, ეშმაკი არ ხუმრობსო?

შორენა მოულოდნელად გამოერკვა და მაჯის საათს დახედა, რომელზეც უკვე ცხრას ოცდარვა წუთი აკლდა. ფეხზე წამოხტა, ჟუჟუნას ჯერ ლოყებზე აკოცა, შემდეგ შუბლზე ეამბორა და სანამ სწრაფი ნაბიჯებით გაეცლებოდა იქაურობას, ყოფილ თანამშრომელს უთხრა:

– დიდი მადლობა, ჟუჟუნა დეიდა! გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება. მე და ჯაბა აუცილებლად მოვალთ და გინახულებთ. ახლა კი უნდა გავიქცე, ნახვამდის!

– მშვიდობით, მშვიდობით, შორენ! – მიაძახა ჟუჟუნამ შორენას და მარჯვენა ხელი ასწია, რომ ჯვარი გამოესახა, მაგრამ, ხელი ტყვიასავით დაუმძიმდა და ქვევით ჩამოუვარდა.

შორენა გავარდა ქუჩაში, რომ ტაქსი გაეჩერებინა და ჯაბასთან წასულიყო სახლში, მაგრამ, მის ჯინაზე ქუჩაზე არამცთუ ტაქსი, საერთოდ, არანაირი მანქანა არ ჩანდა.

„რა ჯანდაბა დაემართათ ნეტა”! – ჩაილაპარაკა შორენამ და ქვევით ჩაირბინა, რომ უკვე პროსპექტზე გაეჩერებინა მანქანა და ჯაბასთვის მიესწრო, რადგან უკვე ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა.

პროსპექტზე მანქანის გაჩერებას კიდევ ხუთი წუთი დასჭირდა და, ტაქსიში რომ ჩაჯდა, ცხრას უკვე ათი წუთი აკლდა. გოგონამ ტაქსისტს ჯაბას მისამართი უთხრა და დაამატა:

– ჩქარა, თუ შეიძლება, ძალიან ჩქარა, თორემ, ვერ მივუსწრებთ, არადა, ცხრას არ უნდა გადასცდეს.

– რა, გამაზული გაქვს, დაიკო? – ჰკითხა ახალგაზრდა ტაქსისტმა შორენას.

– არა, უბრალოდ, სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, – მიუგო შორენამ.

– მაზიანიც იგივეა, რა, თავანიც სიკვდილ-სიცოცხლე არაა, მაშ რაა? – ჩაილაპარაკა ტაქსისტმა და კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ შორენამ მას სიტყვა გააწყვეტინა და შეევედრა:

– გემუდარები, რაც შეიძლება ჩქარა, თორემ ვერ მივუსწრებ და დავიღუპები!

– ნუ გეშინია, ძველი გონშჩიკი ვარ და ადგილზე ხუთ წუთში ვიქნებით, – თქვა ტაქსისტმა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.

ტაქსი რომ დაიძრა, შორენამ განწირული ადამიანის ღრიალი გაიგო, საგიჟეთიდან, თუმცა, ვერ გაარკვია, ქალი იყო თუ კაცი, თანაც სულ სხვა პრობლემაზე იყო გადართული და მხოლოდ ის გაიფიქრა, ალბათ, რომელიმე გიჟს შეტევა აქვს და ღრიალებსო.

მართალია, ღრიალი მართლაც ბუინებიდან მოდიოდა, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ავადმყოფს ისტერიკა დაემართა, არამედ, ბუინების განყოფილებაში ნახევარი საუკუნის წინ გაყვანილი, მსხვილი კაბელი ჩამოვარდა, მისი დამდნარი, გავარვარებული შიშველი სადენები იქვე მდგარ ჟუჟუნას დახვეული პითონივით ჩამოეცვა სხეულზე და ყოფილი სანიტარი იქვე დაანახშირა. სწორედ ჟუჟუნას ღრიალი გაიგონა შორენამ, როდესაც ტაქსისტი ადგილიდან დაიძრა.

კაბელშემოხვეული ჟუჟუნა ხუთიოდე წამს იყო გონზე და სანამ დანახშირდებოდა, მას ბაბუამისის, კოჭლი ზახარა გამოეცხადა, რომელიც ხითხითებდა და ეუბნებოდა: „ხომ გაგაფრთხილე, პირობა არ გატეხო-მეთქი? ხედავ, რა ყოფილა სატანური შურისძიება? სულ მალე, ჯოჯოხეთში მოხვალ და დანარჩენი იქ ვილაპარაკოთ“.

ტაქსისტმა პირობა შეასრულა და მანქანა რომ ჯაბას სადარბაზოსთან დაამუხრუჭა, ცხრას ხუთი წუთი აკლდა.

– მოვედით, დაიკო, შენზე ათი ლარია, – უთხრა ტაქსისტმა გოგონას და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.

შორენამ მძღოლს ოცლარიანი შეაჩეჩა, მადლობა გადაუხადა, ტაქსიდან გადახტა და სადარბაზოს მიაშურა. შემდეგ ლიფტისკენ არც გაუხედავს, კიბეებზე ავარდა, ხუთი სართული ერთი ამოსუნთქვით აირბინა და ონიანების ბინის ზარს თითი მიაჭირა. კარი ახალგაზრდა ქალმა გააღო, რომელიც ძალიან ჰქავდა ჯაბას და შორენა მიხვდა, რომ ის ჯაბას დედა იყო.

– გამარჯობა, – მიესალმა გოგონა ქალს.

– გაგიმარჯოს, – მიუგო ქალმა.

– ჯაბა სახლშია?

– არა, ჩემო კარგო.

– არაა?! – წამოიძახა შორენამ.

– არა, – გაიმეორა ქალმა – თქვენ ვინ ბრძანდებით?

– თქვენ, ალბათ, ჯაბას დედა ხართ?

– დიახ, თქვენ?

– მე, მე, მე მეგობარი ვარ, სად არის ჯაბა?

– ერთი ფეხით გაგასწროთ, ამ წუთას ჩავიდა ლიფტით.

– მე კი ფეხით ამოვედი, – ჩაილაპარაკა შორენამ და სადარბაზოს ფანჯრიდან ეზოში გადაიხედა და ქუჩის განათების შუქზე ჯაბას მოჰკრა თვალი, რომელიც იმ ტაქსიში ჯდებოდა, რომლითაც შორენა მოვიდა.

– ჯაბა! ჯაბა! – მთელი ძალით იღრიალა შორენამ, რომ საქმრო გაეჩერებინა, მაგრამ, ვერ გააგონა და ტაქსისტმა მანქანა ადგილიდან დაძრა.

– ღმერთო, ნუ დამღუპავ! – წამოიძახა აგზნებულმა შორენამ და ორკილოგრამიან ჰანტელს დასტაცა ხელი, რომელიც ფანჯრის ქვეშ შენიშნა. შემდეგ მთელი ძალით მოიქნია და ნელი სვლით მიმავალი ტაქსის მიმართულებით სტყორცნა.

ჰანტელმა მეხუთე სართულის ფანჯრიდან ტაქსის მიმართულებით რამდენიმე მეტრი იფრინა, წინა სალონის მარჯვენა შუშა ჩაამსხვრია და მანქანაში შევარდა.

ტაქსი გაჩერდა, აქეთ-იქიდან ჯაბა და ტაქსისტი გადმოხტნენ და ფანჯრების თვალიერება დაიწყეს. შორენა კი ფანჯარაში გადაეყუდა, მთელი ძალები მოიკრიბა და იღრიალა:

– ჯა-ბაააა! ჯა-ბაააა!

ჯაბა მარცხნივ შეტრიალდა, ზევით აიხედა და, შორენას რომ მოჰკრა თვალი, ჯერ შეცბა, შემდეგ კი ხელით ანიშნა, რა მოხდაო.

– მანდ იდექი, არსად წახვიდე, ახლავე ჩამოვალ, გაიგე? – ჩასძახა შორენამ საქმროს და, როდესაც დადებითი პასუხი მიიღო, ჯაბას დედის თვალწინ რაკეტასავით ჩაიქროლა და კიბეებზე შლეგიანივით დაეშვა.

შორენა თვალის დახამხამებაში ეზოში გაჩნდა, ჯაბასთან მიიჭრა, კისერზე ჩამოეკიდა და უთხრა:

– როგორ ხარ, საყვარელო?

– კარგად ვარ, შორენა, რა იყო, მოხდა რამე?

– სად მიდიოდი?

– ჩემს მეგობართან.

– ვისთან?

– გივისთან. რატომ მეკითხები?

– არსადაც არ გაგიშვებ, წამოდი, შენთან ავიდეთ.

– რატომ, რა მოხდა?

– წამოდი და გეტყვი.

– აღარ მოდიხარ, ძმაო? – ჰკითხა ტაქსისტმა ჯაბას, როდესაც დაინახა, რომ გოგონა მას არ უშვებდა.

– არა, წადი, – მიუგო ჯაბამ.

– ერთი მანახა, ჰანტელი ვინ მესროლა! – კბილებში გამოსცრა ტაქსისტს.

– მე გესროლე, – მიუგო შორენამ და გაუღიმა.

– შენ?! – ლამის თვალები გადმოსცვივდა ტაქსისტს.

– ჰო, მე და, კიდევ კარგი, რომ მოვარტყი მანქანას, – ღიმილით მიუგო შორენამ ტაქსისტს და ჯაბას უფრო მაგრად შემოხვია კისერზე ხელები.

„ეს, მე მგონი, მაგრად აფრენს”, – გაიფიქრა მძღოლმა, რომელიც დიდი სიამოვნებით შეაგინებდა, მაგრამ ჯაბასთან კონფლიქტს აარიდა თავი, თუმცა, მაინც ჰკითხა:

– კი მაგრამ, რატომ, რა დაგიშავე?

– რა უნდა დაგეშავებინა, პირიქით, შენი დიდი მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მომიყვანე აქ, მაგრამ, ჯაბა მიგყავდა და ჰანტელი იმიტომ გესროლე, რომ გამეჩერებინე.

ჯაბას ძალიან უცნაურად მოეჩვენა შორენას ლაპარაკი, თან ტაქსისტის შერცხვა და საცოლეს უთხრა:

– მობილურზე ვერ დამირეკე?

– დაგირეკე, მაგრამ, გამორთული გაქვს.

– გამორთული? – თქვა ჯაბამ, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და შორენას უჩვენა, – რა გამორთული, ხომ ხედავ, ჩართულია.

– მე გირეკავდი და მპასუხობდა, გამორთულიაო, – მიუგო შორენამ.

– აბა, ერთი დამირეკე, თქვა ჯაბამ და ტელეფონს დააცქერდა.

შორენამ ჯაბას ნომერი აკრიფა და ყურზე მიიდო, შემდეგ ჯაბას მიაწოდა და უთხრა:

– აი, თვითონ მოუსმინე.

– ალბათ, სხვაგან რეკავ, – იხტიბარი არ გაიტეხა ჯაბამ.

– სხვაგან, ხომ? შენი ნომერი დამავიწყდა, არა? – იწყინა შორენამ.

– აბა, რაშია საქმე? – თქვა გაბრაზებულმა ჯაბამ და ტელეფონს დახედა.

ტაქსისტი უხმოდ ისმენდა ქალ-ვაჟის დიალოგს და ფიქრობდა, ესენი ვერ არიანო. შემდეგ ჯაბას უთხრა:

– სხვა კარტა ხომ არ გიდევს ტელეფონში?

– სხვა კარტა? – გაიმეორა ჯაბამ, შორენას ნომერი აკრიფა და უთხრა:

– ტელეფონი მანახე.

შორენამ ჯაბას ტელეფონი მიაწოდა და ჯაბამ ნომერს რომ დახედა, თქვა:

– შეცდომით დედაჩემის კარტა ჩამიდევს.

– გაიასნდა? – უთხრა ქალ-ვაჟს ტაქსისტმა, – შუშის ფულს ვინ გადამიხდის?

– მე გადაგიხდი, – მიუგო ჯაბამ, – რა ღირს?

– ასი ლარი.

– მაშინ, უნდა დამელოდო, სახლში ავალ და ფულს ჩამოგიტან.

– დაგელოდები, – მიუგო ტაქსისტმა, – მერე შუშის ნამსხვრევებიანი პარკით ოციოდე მეტრში მდგარი ურნისკენ გაემართა.

ტაქსისტმა მანქანა გაასუფთავა. ჯაბამ კი შორენას მხარზე გადახვია ხელი, სადარბაზოსკენ წაიყვანა და ჰკითხა:

– ჩემი შეჩერება რაღაში გჭირდებოდა?

– რაღაში და... – დაიწყო შორენამ, მაგრამ უცებ ტაქსი აფეთქდა, ჰაერში ცეცხლწაკიდებული აიწია, მერე მთელი ძალით დაეშვა ქვევით და ასფალტზე დაენარცხა.

– აი, რაში მჭირდებოდა შენი შეჩერება – მიუგო საქმროს შორენამ და გაქვავებულ, გაფითრებულ ტაქსისტს გახედა, რომელიც გაოგნებული უყურებდა ცეცხლწაკიდებულ მანქანას და ჩურჩულებდა: კიდევ კარგი, რომ შიგნით არ ვიჯექი, თორემ ჩემგან ნახშირიღა დარჩებოდაო.

ჯაბას ეზოში მეზობლები შეიკრიბნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა საპატრულო პოლიცია და ანტიტერორისტული სამსახური. ტერიტორია ლენტებით შემოსაზღვრეს და ექსპერტ-კრიმინალისტებმა ნამსხვრევების შეგროვება დაიწყეს შემდგომი გამოკვლევებისთვის. ერთ-ერთმა ხანში შესულმა კრიმინალისტმა კი ხის ძირას დაგდებული, ლითონისგან დამზადებული, შუაზე გახლეჩილი ციფერბლატი შეათვალიერა და თავის კოლეგას უთხრა:

– მანქანაში საათის მექანიზმიანი ბომბი იყო ჩამონტაჟებული და აფეთქება იმან გამოიწვია.

– ამას ვინღა ხმარობს? – გაუკვირდა მეორე კრიმინალისტს.

– არ ვიცი, მეც მიკვირს. მაგრამ, ფაქტია. თანაც, არა ელექტრონული, არამედ მექანიკურია და თანაც „666”-ე საფირმო დამღა ადევს, რომელიც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ამოიღეს ხმარებიდან სიძველის გამო.

– მდაა... – თავი გააქნია მეორე კრიმინალისტმა, – ბავშვების ბოროტ ხუმრობას უფრო წააგავს, ვიდრე სერიოზული ხალხის ნამოქმედარს. თუმცა, სახუმარო ეფექტი ნამდვილად არ ჰქონდა და, სასწაულია, მსხვერპლი რომ არ მოჰყვა.

– სასწაულებრივად რომ გადარჩა ხალხი, ეს ფაქტია და გეთანხმები, მაგრამ, არა მგონია, რომ ვინმემ იხუმრა და ძველი ბომბი იმიტომ დაამონტაჟა მანქანაში. ჩემი აზრით, აქ რაღაც ჩანაფიქრი იყო და ამის გარკვევა გამომძიებლებს მოუწევს დაკითხვებზე, – მიუგო კოლეგას კრიმინალისტმა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ტაქსისტს მანქანა იჯარით ჰქონდა აღებული და აფეთქება მის პირველსავე სამუშაო დღეს მოხდა. ამიტომ, გამოძიებამ კომპლექსური მოკვლევა დაიწყო, თან ექსპერტიზის პასუხებს ელოდებოდა. სინამდვილეში კი ბომბი ტაქსიში მანქანის მფლობელის ძმამ ჩაამონტაჟა, რომელმაც საათის მექანიზმიანი მოწყობილობა სარდაფში იპოვა, ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ სიზმარში მას კოჭლი ზახარა გამოეცხადა და ბომბის ჩამონტაჟება უბრძანა. მანქანის მფლობელის ძმა ფსიქიკურად დაავადებული იყო და სწორედ იმ დროს დააწვინეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, როდესაც ჯაბას ეზოში მანქანა აფეთქდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3