კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოახლის შეცდომა

მსხვერპლს დრეპერი ერქვა. მას მძინარეს გამოსჭრეს ყელი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა გააკეთა ლეიტენანტმა მარკუსმა გვამის დათვალიერების შემდეგ. სერჟანტი ფულერი ყურადღებით ისმენდა მის განმარტებებს. მერე ჰკითხა:

– ცოლი ჰყავდა?

– დიახ.

– მერე, სად იყო იმ დროს, როცა მის ქმარს ყელს სჭრიდნენ?

– არაჩვეულებრივი შეკითხვაა, ფულერ. აი, რას შევეკითხებით მას, როცა ვნახავთ.

მოკლული მუდმივად ცხოვრობდა ძვირფას სასტუმრო „სუატოურტში“ – ამ ტიპის სასტუმროებში ხშირად ჰყავთ ასეთი მობინადრეები. 519 ნომერში, რომელშიც ცოლ-ქმარი დრეპერები ცხოვრობდნენ, ნახევარმეტრიანი დერეფანი ყოფდა სააბაზანოს საძინებლისგან. ნომერში შესული ადამიანი პატარა ჰოლიდან ჯერ ამ დერეფანში აღმოჩნდებოდა, მერე – საძინებელში. პატარა მისაღები ოთახი, თავისი ბარითა და სამზარეულოთი, ჰოლს მეორე მხრიდან ემიჯნებოდა. საძინებელ ოთახში, საწოლზე გულაღმა იწვა გამხდარი, შუა ხანს მიტანებული მამაკაცი. ყელში ისევ ჰქონდა გაჩრილი სამზარეულოს დანა და მისი ტარი საშინლად მოჩანდა სისხლის გუბეების ფონზე.

– თუ ეს ტიპი მოკლეს, როგორ შევიდა მკვლელი ოთახში? – იკითხა სერჟანტმა.

– სავარაუდოდ, კარიდან. მეთვრამეტე სართულია, ჩიტივით ფანჯრიდან ხომ ვერ შემოფრინდებოდა? მით უფრო, რომ ფანჯარაც დაკეტილია. დაახლოებით 9 საათისთვის უნდა მოეკლათ. არც ისე დიდი ხნით ადრე, სანამ სართულის მორიგე-დამლაგებელი მას აღმოაჩენდა.

მარკუსმა დანის ტარს ცხვირსახოცით მოჰკიდა ხელი და ჭრილობიდან ფრთხილად ამოაძრო. ასეთი დანები მრავლად იყიდებოდა საყოფაცხოვრებო ნივთებით მოვაჭრე ნებისმიერ მაღაზიაში. მარკუსი დარწმუნებული იყო, რომ ტარზე თითების ანაბეჭდებს ვერ იპოვიდა, მაგრამ მაინც აკურატულად გადადო გვერდზე.

რამდენიმე წუთში პოლიციელები სასტუმროს მმართველს – კლინტონ ჰარლანდს ელაპარაკებოდნენ. გვამი სართულის მორიგე-დამლაგებელმა აღმოაჩინა, რომელიც ნომერში პირსახოცების შესაცვლელად შევიდა. ქალმა კივილი ატეხა და ადმინისტრატორს დაუძახა, იმან კი პოლიციას გააგებინა.

– მისი ცოლი სად არის? – ჰკითხა მარკუსმა.

– არ ვიცი, სერ. ის აქ არ ყოფილა.

– ადმინისტრატორის ნახვა მინდა. მოსამსახურე ქალიც უნდა დავკითხო.

მმართველმა თავი დაუქნია და ადმინისტრატორისა და მოსამსახურე ქალის მოსაყვანად წავიდა.

– ფულერ, შენ აქ ყველაფერი შეამოწმე. მე გარეთ გავალ, იქნებ, რომელიმე მეზობელმა იცის რამე ამის შესახებ.

მარკუსი დერეფანში გავიდა. თითქმის მაშინვე გაიგონა შიშინის მსგავსი ხმა და მოპირდაპირე მხარეს მდგარი მოხუცი ქალი დაინახა, რომელსაც თავისი ნომრიდან გამოეყო თავი. მარკუსი მასთან მივიდა.

– მარკ დრეპერი მოკლეს? – ჰკითხა მოხუცმა ჩურჩულით.

– დიახ, თქვენ საიდან იცით?

– მოსალოდნელი იყო და ამიტომაც არ მიკვირს. ზოგიერთი იმისთვის იბადება, რომ მოკლან.

– რატომ იყო მოსალოდნელი?

– მე რაღაც-რაღაცეები ვიცი. კიდევ, ინტუიციაც მაქვს.

– მემ, ინტუიცია, რომელსაც ზურგს შესაფერისი დამამტკიცებელი გარემოებაც უმაგრებს, ძალიან შეიძლება გამოადგეს გამოძიებას. მომიყევით, თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება. მე ლეიტენანტი ჯოზეფ მარკუსი ვარ.

– ლუკრეცია ბრიჯისი. მობრძანდით, ჩაიზე დაგპატიჟებთ.

ლეიტენანტი სიამოვნებით დათანხმდა. ქალმა თხელი ფაიფურის ფინჯნებში დაასხა ჩაი და დაიწყო:

– მარკ დრეპერი ბევრს სვამდა, თამაშობდა კარტს საეჭვო საზოგადოებაში და ძალიან გვიან წვებოდა. მისი ცოლი კი მშვენივრად ერთობოდა ახალგაზრდა მეგობრებთან. ეს ქალი უნდა ნახოთ – ნამდვილი ბოროტებაა! მარკ დრეპერს დიდი მემკვიდრეობა ერგო ბიძებისგან, ისეთი დიდი, რომ, მიუხედავად ქარაფშუტული მფლანგველობისა, ნახევარიც ვერ დახარჯა.

– საინტერესოა, ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა, ქალბატონო. ხომ არ იცით, სად შეიძლება იყოს ქალბატონი დრეპერი?

– მეხუთე სართულზე მოძებნეთ, ლუის ვარნასთან. ძალიან ეკურკურებოდნენ ერთმანეთს.

ლეიტენანტი კმაყოფილი გამოვიდა მოხუცი ქალის ნომრიდან. ადმინისტრატორი და დამლაგებელი ქალი უკვე ელოდნენ. ადმინისტრატორი საკმაოდ შეშფოთებული ჩანდა.

– მკვლელობა ჩვენი სასტუმროსთვის ძალიან ცუდი რეკლამაა, ძალიან. ისეთი კარგი, წესიერი კლიენტები გვყავს...

– მისის გრიმ, – მიმართა დამლაგებელ ქალს ლეიტენანტმა, – გვამი ნომერში შესვლისთანავე დაინახეთ?

– დიახ, სერ. დერეფანს რომ ვალაგებდი, მისის დრეპერი შემხვდა და მთხოვა, რომ მათ აბაზანაში პირსახოცები შემეცვალა. თან, გამაფრთხილა, მისტერ დრეპერს ნაბახუსევზე თავი სტკიოდა, დამამშვიდებელი დავალევინე, სძინავს და, შეეცადეთ, არ გააღვიძოთო... ღმერთო, ეს ისეთი საშინელება იყო!.. – ქალმა სახეზე აიფარა ხელები.

მარკუსმა ყურადღებით შეათვალიერა დამლაგებელი ქალი და აღიარა, რომ საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა.

– მისის გრიმ, ნომერი თქვენი გასაღებით გააღეთ?

– დიახ, სერ, მისის დრეპერმა კარი გამოიხურა, ის კი ავტომატურად იკეტება.

– კარგი. დროა, მისის დრეპერი მოვინახულო. ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება მისი ნახვა?

– მისის დრეპერი ძალიან აღელდა, როცა ეს ამბავი შევატყობინეთ და, ბუნებრივია, ნომერში ვეღარ დაბრუნდა. თავის მეგობართან არის, მისტერ ლუის ვარნასთან.

მისის დრეპერი, როგორც მარკუსი ვარაუდობდა, საკმაოდ მომხიბვლელი არსება აღმოჩნდა. მისტერ ლუისი არც მალავდა მისადმი თავის დამოკიდებულებას და მზრუნველად დაჰფოფინებდა თავზე.

– დიახ, მე ძალიან მომწონს მისის დრეპერი და ვცდილობ კიდეც მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. იმ გარყვნილ დრეპერს კი ვერ ვიტანდი, საერთოდ არ იყო ლილიანის შესაფერისი.

მარკუსმა ქვრივისკენ გადაინაცვლა:

– მისის დრეპერ, თქვენც ფიქრობთ, რომ საშინელი ქმარი გყავდათ?

– ო, არა. მარკთან არ მოიწყენდით, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. კონფლიქტი მხოლოდ იმის გამო მოგვდიოდა, რომ საეჭვო რეპუტაციის ხალხთან ჰქონდა საქმე. მე კი მეშინოდა და, მართლაც, აი, რა მოხდა...

– მისის დრეპერ, როგორ შევიდოდა მკვლელი ნომერში?

– ალბათ მარკმა თავად გაუღო კარი, სანამ დაიძინებდა. მე მას დამამშვიდებელი კი მივეცი, მაგრამ წამალი ხომ მაშინვე არ იმოქმედებდა! შეეძლო, თავისი რომელიმე უზნეო მეგობარი მიეღო და მასთან ლოგინში ჩაწოლილს ელაპარაკა – ეს მის ხასიათში ძალიან ჩვეულებრივად „ჯდებოდა“.

– კარგი, მისის დრეპერ, შეიძლება, კიდევ შეგაწუხოთ.

ლეიტენანტი მარკუსი სერჟანტთან ერთად განყოფილებაში დაბრუნდა.

– ძალიან რთული საქმე ჩანს, ძალიან... – თქვა სერჟანტმა.

– არც ისე, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება, მოგეჩვენოს. შენ ეს მითხარი, ნომერში პირსახოცები გამოცვლილი იყო?

– რა თქმა უნდა, არა და ეს სრულიად ბუნებრივიც არის – გვამს რომ დაინახავდა, დამლაგებელ ქალს პირსახოცები სადღა გაახსენდებოდა!

– საქმეც ეგაა. ნამდვილად არ გაახსენდებოდა... შენ ის მითხარი, როგორ მოიქცევა, ქალი, რომელიც მოულოდნელად ყელში დანაგაჩრილ მიცვალებულს გადააწყდება?

– თუ რკინის არ არის, კივილს დაიწყებს და...

– და, რაც ხელში უჭირავს, ყველაფერს აქეთ-იქით მიყრი-მოყრის, – დაამთავრა სერჟანტის სათქმელი ლეიტენანტმა, – თანაც, გახსოვს ოთახების განლაგება? დამლაგებელი ქალი გვამს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავდა, თუ საძინებელში შევიდოდა. პირსახოცები კი მას მანამდე უნდა გამოეცვალა. მით უმეტეს, რომ გააფრთხილეს, ბატონი არ გაეღვიძებინა.

– ამით რისი თქმა გინდათ?

– ორი-სამი დღე მჭირდება და გეტყვი.

ლეიტენანტი სამი დღე საერთოდ არ გამოჩენილა განყოფილებაში. მეოთხე დღეს კი გაბრწყინებული სახით დაბრუნდა და განაცხადა:

– მკვლელი დამლაგებელი ქალი, მისის გრიმია. მისის დრეპერი კი – მისი ქალიშვილია.

სერჟანტმა ფულერმა პირი გააღო გაკვირვებისგან:

– კი მაგრამ, საიდან მიხვდით? როგორ?

– მკვლელების დუეტი – დედა და ქალიშვილი. მათთვის ეს პირველი საქმე არ არის. ექვსი წლის წინ მსგავსი მკვლელობა აღმოსავლეთ სანაპიროზეც მოხდა. მძარცველმა მდიდრულ ვილაში მის პატრონს გამოსჭრა ყელი. სახლში იმ დროს მოსამსახურის გარდა არავინ იყო. ქალს ვერაფერი დაუმტკიცეს. მთელი მემკვიდრეობა ახალგაზრდა ქვრივს ერგო. ორი წლის წინ კი, გაზეთები ჩრდილოეთში წერდნენ ყელგამოჭრილი ბანკირის ამბავს. გაზეთებიდან ამონაჭრები აქ მაქვს. შესანიშნავი ტანდემია. ახალგაზრდა ქალი ცოლად მიჰყვება ხანში შესულ მდიდარ ბატონს, შეაყვარებს თავს; მერე მოახლედ საკუთარ დედას აიყვანს და... საქმე მოგვარებულია. უბრალოდ, ამჯერად არ გაუმართლათ. მე დედა-შვილს შორის დიდი ფიზიკური მსგავსება აღმოვაჩინე, თან, გამოცვლილი პირსახოცებიც არსად დამინახავს...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3