თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-15(537)
მარიკა იმ ბეჯით მოსწავლეს ჰგავდა, რომელმაც მასწავლებლის დავალება შეასრულა და, ახლა, დამსახურებული შექების მოლოდინში, შესამჩნევად აღელვებული, ნერვიულად სცემდა ბოლთას პატარა ოთახში. სავარძლის კიდეზე ჩამომჯდარი ახალგაზრდა ქალიც ათრთოლებული თითებით ეწეოდა სიგარეტს, თან უკმაყოფილო მზერას არ აშორებდა მარიკას. იგი წამოსახტომად შემართული, გასაქცევად იყო მზად. მარიკამ შეატყო.
– ვერსად ვერ წახვალთ, სანამ გამომძიებელი არ მოვა, – უთხრა მოგონილი სიმშვიდით და საფერფლე ახლოს მიუჩოჩა.
– სულაც არ მეშინია იმ შენი გამომძიებლის და არც შენი. დიდი ვინმე არ უნდა იყო, რადგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია. ამას შენს გამომძიებელსაც ვეტყვი. მერე კი გიჩივლებთ უდანაშაულო ადამიანის დაკავების გამო.
– არავის დაუკავებიხართ, – მარიკა სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თქვენთან რამდენიმე კითხვა გვაქვს, სულ ეს არის.
– მერე, მკითხე, რას ელოდები?
– აუცილებლად, მაგრამ ჯერ გამომძიებელი მოვიდეს.
ქალმა გამომწვევად გაიცინა:
– აბა, შენ ვინ ხარ?
– გამომძიებლის თანაშემწე. თუ თქვენ ის პიროვნება ხართ, ვინც ჩვენ გვაინტერესებს, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ და გაგიშვებთ. არ ღირს ამისთვის პანიკის ატეხა.
– მე ვტეხ პანიკას? პირიქით, თქვენ მომივარდით. იმდენი საქმე მაქვს, რესტორანში უამრავი ხალხია, მე კი იძულებული ვარ, აქ ვიჯდე და რაღაც სისულელეებზე გელაპარაკოთ. მითხარით მაინც, რა გაინტერესებთ!
მარიკამ ჯიუტად გადააქნია თავი:
– მხოლოდ გამომძიებლის მოსვლის შემდეგ.
ქალმა კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა. ხარბად მოქაჩა და ამოიოხრა.
– ვერ ვიტან პოლიციას. ვერც პოლიციელებს, მით უმეტეს – მეტიჩარა ქალებს, რომლებიც გამომძიებლობანას თამაშობენ, მაშინ, როცა ისევ თოჯინა უნდა ეჭიროთ ხელში. შენ რამდენი წლის ხარ, გენაცვალე? – ჰკითხა მარიკას სარკასტული ღიმილით.
– ჩემს ასაკს, საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ცოტა ხანი კიდევ მოგიწევთ ჩემი საზოგადოების ატანა. რა ვუყოთ, ასეთი სამსახური მაქვს.
– სამსახური, – გამეორა ქალმა – სამსახური... არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს შენისთანა გოგოს მკვლელებთან და ბანდიტებთან საქმე. ეს რამე კომპლექსია თუ...
– თუ! – მოუჭრა მარიკამ, წამოდგა და ოთახში შემოსულ თემოს მიეგება:
– ბატონო თემურ...
თემოს ყურადღება არ მიუქცევია მარიკას მომლოდინე მზერისთვის, პირდაპირ ქალისკენ წავიდა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
– ნათია დეისაძე – ეს თქვენ ხართ, ხომ არ მეშლება?
– დიახ. მე ვარ ნათია დეისაძე, მაგრამ თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას? პოლიციასთან საქმე არასდროს მქონია. რესტორანში ყველაფერი წესრიგში მაქვს. არც უკმაყოფილო კლიენტი მყოლია, რომ მეფიქრა, ვინმემ მიჩივლა-მეთქი.
თემომ სიგარეტს მოუკიდა და ქალი ხელის მკვეთრი მოძრაობით აიძულა, გაჩუმებულიყო:
– ბევრ დროს არ წაგართმევთ. მხოლოდ რამდენიმე კითხვა და, თქვენზე იქნება დამოკიდებული, როდის წახვალთ.
ქალმა ავად შეხედა:
– გისმენთ.
– სად იყავით გუშინ, უფრო ზუსტად, გუშინ- წინ, შუაღამის პირველი საათიდან დილის ხუთ საათამდე?
– სახლში და მეძინა, – არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ქალმა.
– ვინმეს შეუძლია, თქვენი სიტყვები დაადასტუროს?
– მე მარტო ვცხოვრობ.
– გასაგებია. ანუ, ალიბი არ არსებობს. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს მიპასუხებდეთ: – იცნობთ, სერგი ბერაძეს? ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნებათ?
ქალმა სწრაფად და ენერგიულად გააქნია თავი.
– მე გითხარით, დაფიქრდით-მეთქი.
– არა, არ ვიცნობ. ვინ არის, ჩვენი რესტორნის კლიენტია? ასეთი არავინ მახსენდება.
– კარგი, ცოტას დაგეხმარებით და თქვენს მეხსიერებასაც გამოვაცოცხლებ. ცოტა შორეულ წარსულში უნდა დაგაბრუნოთ. გაიხსენეთ, თქვენ ამ კაცთან არცთუ სასიამოვნო ნაცნობობა გაკავშირებდათ.
ქალმა მაგრად მოკუმა ტუჩები:
– წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკებით.
გამომძიებელმა მარიკას გახედა, თითქოს ახლა აღმოაჩინა ოთახში მისი არსებობა.
– ცოტა ხანს გარეთ დამელოდე, დაგიძახებ.
მარიკამ უარის თქმა დააპირა, მაგრამ შინაგანმა ხმამ უკარნახა, რომ ამით მხოლოდ გაამწვავებდა სიტუაციას, ფეხათრეული, კოპებშეკრული გავიდა ოთახიდან და კარი ხმაურით გაიკეტა. თემურიც, ამას ელოდა. შესამჩნევად გამოცოცხლებულ ქალთან ახლოს მივიდა, მის წინ ჩამოჯდა და გაუღიმა:
– აჰა, ახლა ხელს არავინ გვიშლის.
ქალმა მხრები აიჩეჩა:
– თქვენ ფიქრობთ, რომ ის ღლაპი მიშლიდა რამეში ხელს? სასაცილოა.
– ახლა ისეთ რამეს გეტყვით, ნამდვილად არ გაგეცინებათ. სერგი ბერაძე გუშინ შუაღამის პირველი საათიდან დილის ხუთ საათამდე მონაკვეთში მოკლეს.
– მერე მე რა შუაში ვარ? ამ ქალაქში თითქმის ყოველდღე ვიღაცას კლავენ ან რამე უბედურება ხდება. მე საკმარისზე მეტი საქმე მაქვს, რომ იმით დავინტერესდე, რაც მე არ მეხება. ტყუილად შეწუხდით და დრო დაკარგეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ვწუხვარ, თუ ვერაფრით დაგეხმარეთ.
თემომ გაიღიმა და ქალის სიგარეტის კოლოფი საფერფლესთან ერთად თავისკენ მიიჩოჩა.
– სანთებელაც, თუ არ შეწუხდებით.
– გეუბნებით, ტყუილად ირჯებით-მეთქი.
– შეიძლება, მაგრამ ჯერ გეტყვით, რა მდგომარეობაში ხართ. ამ კაცმა, სერგი ბერაძემ, რამდენიმე წლის წინ გოგონა გააუპატიურა. საქმე ამავე მუხლით აღიძრა, მაგრამ მალე ბერაძეს ყველანაირი პასუხისმგებლობა მოუხსნეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. საინტერესო ფაქტია, არა?
ქალმა ისევ აიჩეჩა მხრები:
– გააჩნია, ვისთვის. მე ვერ დამაინტერესებთ.
– კარგი, უფრო გასაგებად აგიხსნით: ის გოგონა თქვენ ხართ და, რადგან ალიბიც არ გაგაჩნიათ, სრული საფუძველი მაქვს, ეჭვმიტანილის სტატუსით დაგაპატიმროთ!
– რა?! ნუ მაშინებთ, არ გამოგივათ.
– სულაც არ გაშინებთ და გამომივა კიდეც. მოტივიც მაქვს – შურისძიება. მე ჩემს მოსაზრებებს პროკურორს გავაცნობ და ვნახოთ, რას იტყვის. დანარჩენი კი, სასამართლოს საქმეა, გცნობენ თუ არა მკვლელობაში დამნაშავედ.
– გიჟი ხართ! – ქალს შეშლილივით აენთო თვალები, – დიახ, გიჟი! ეს ქვეყანა თქვენნაირების არ არის, რომ ჩემნაირი უდანაშაულო ადამიანები დაჩაგროთ!
– არ გჩაგრავთ. გეუბნებით იმას, რაც არის რეალურად. თუ ალაპარაკდებით და ძიებას დაეხმარებით, მდგომარეობას აშკარად შეიმსუბუქებთ და შეიძლება, საკუთარ უდანაშაულობაშიც დამარწმუნოთ.
ქალი გაჩუმდა. ცოტა ხანს თავდახრილი იდგა. მერე გამომძიებელს ჯიუტად მიაშტერდა. მის თვალებში ცრემლი გაკრთა:
– არაფერი მაქვს სათქმელი.
თემურმა ხელები გაშალა:
– ძალიან ცუდი. მე თქვენ შანსი მოგეცით.
მარიკა ისე იყო აღშფოთებული, უცერემონიოდ რომ მიაბრძანეს ოთახიდან და დაკითხვას არ დაასწრეს, თავი ვეღარ შეიკავა და პოლიციელს გაუბა საუბარი.
– ყოველთვის ასეთია, თუ მე არ მოვუდივარ თვალში?
პოლიციელმა პასუხად მხოლოდ გაუღიმა, თქმით კი არაფერი უთქვამს.
– რა უფლებით გამომაგდო? მე რომ არ ვყოფილიყავი, ამ ქალს საერთოდ ვერც იპოვიდა. რამდენი ვიწვალე, რომ ასე მოკლე დროში მიმეგნო მისთვის, მან კი, იმის მაგივრად, რომ შევექე, გარეთ გამომაგდო. არა, არ შემიძლია ასეთ ადამიანთან მუშაობა. ბატონ გიორგის ვთხოვ, სხვა გამომძიებელთან გადამიყვანოს. დღესვე ვეტყვი.
– თემურ პაპავა პროფესიონალია. ძალიან მაგარი ვინმეა, მასთან ბევრს ისწავლით.
– რას ვისწავლი, თუ მოწმისა და ეჭვმიტანილის დაკითხვას არ დამასწრო? მაგარი უჟმური, უხეში და... და... – მარიკამ შესაფერისი სიტყვა ვეღარ მოძებნა და ბრაზით მომუშტა ლამაზი თითები...
თემო ისევე მოულოდნელად გამოჩნდა ვიწრო დერეფანში, როგორც ცოტა ხნის წინ ოთახში შევიდა.
– წამოიყვანეთ, ოღონდ, ხელბორკილის გარეშე და სამმართველოში მიიყვანეთ, – მიმართა პოლიციელს და აწკრიალებული მობილური ჯიბიდან ამოიღო.
– ჰო, ვიცი, რომ შენ ხარ, ვერა. გამორიცხულია. გითხარი ვერა-მეთქი. შენ წადი... ეგ არაფერ შუაშია... – თემო ნელ-ნელა იღუშებოდა, – ახლა დრო არ მაქვს. მოვალ და დავილაპარაკოთ. ალბათ გვიან... ჰო, ძალიან გვიან.
– ბატონო თემურ, მინდა, გითხრათ, რომ... – ხანმოკლე პაუზით ისარგებლა მარიკამ, სანამ გამომძიებელი მობილურზე ნომერს კრეფდა.
– ჰო, იმის თქმა მინდა, რომ მე...
– კარგია, რომ აქ ხარ – თემოს არც შეუხედავს გოგოსთვის, – შენ ახლა წახვალ, დევის ნახავ და ეტყვი, რომ სასწრაფოდ სამმართველოში მოვიდეს.
– მაგას ტელეფონითაც კარგად მოახერხებთ, – გაცხარდა მარიკა.
გამომძიებელმა ცნობისმოყვარედ შეხედა:
– კარგი, მაშინ, წადი სამმართველოში და ნახევარ საათში თბილისის ყველა პრესტიჟული ღამის კლუბის მისამართი და ტელეფონის ნომერი ჩამომიწერე, თავისი სტუმრების სიითა და მფლობელების ვინაობით.
– რა?! – გაშრა მარიკა.
– ნახევარი საათი გეცოტავება? ერთი საათი იყოს, მაგრამ, არც ერთი წუთით მეტი. სასწრაფოდ მჭირდება, – პასუხს აღარ დალოდებია, შებრუნდა და წავიდა. გაოგნებული მარიკა მაშინვე ეცა მობილურს.
***
ყველა ადამიანს შეუძლია, დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე, თუკი მას ოპონენტი არ ეყოლება, რადგან, ადამიანების უმრავლესობას სჯერა, რომ თვითონაა მართალი, ანუ, მათთვის სიმართლე ისაა, რისიც თავად სჯერათ. ამიტომ უჩნდებათ პრეტენზია სხვა ადამიანის მიმართ და ბრალს სდებენ იმაში, რაც, შესაძლოა, არც ჩაუდენიათ. ჩვენს ყოველდღიურობას ჩვენგან ალიბი არ სჭირდება. სანამ დინებას მივყვებით, მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში ვცდილობთ მეორე ადამიანის დანაშაულისა, თუ უდანაშაულობის დამტკიცებას. ამასაც იმიტომ ვაკეთებთ, რომ დავიჯეროთ ის, რისი დაჯერებაც მართლა გვინდა.
... ახალგაზრდა, სპორტული აღნაგობის მამაკაცმა, რომელსაც სახეზე ისევ შერჩენოდა ბავშვური იერი, არხეინად გადაიდო ფეხი ფეხზე და ზორბა მხრები შეათამაშა.
ქალმა ჩაწითლებულ თვალებზე ხელსახოცი მოისვა და პასუხის ნაცვლად უსაყვედურა:
– სად ხარ აქამდე, ორი საათის წინ დაგირეკე.
– ვარჯიშზე ვიყავი. ხომ არ გამოვიქცეოდი, რა ხდება?
– მჭირდები. რა სისულელეს მეკითხები? ალბათ, ხდება რაღაც.
– ჰოდა, სწორედ მაგას გეკითხები, ჩქარა მითხარი, ბიჭებს დავუბარე, მალე მოვალ-მეთქი.
– ბიჭები... ვარჯიში... საქმე... თამაში... მე ვარსებობ თუ არ ვარსებობ? – გაჭირვეულდა და ასლუკუნდა ქალი, – ცუდად ვარ და შენი თანადგომა მჭირდება. ვიღაცას ხომ უნდა ვუთხრა, რომ ცუდად ვარ?
ბიჭმა ამოიოხრა:
– დარწმუნებული ვარ, არაფერი არ მომხდარა და სულ ტყუილად იშლი ნერვებს.
– შენი აზრით, ტყუილად ვიტირე და, საერთოდაც, არანორმალური ვარ? ჩემს ქმარს საყვარელი უნდა ჰყავდეს, გესმის? მღალატობს, – ქალი უკვე ხმამაღლა ატირდა. ბიჭმა ამოიოხრა, მასთან მივიდა, მოეხვია და მისი თავი მხარზე მიიყრდნო.
– რა სულელი მყავხარ, რა სულელი. კარგი რა, ნუ ტირი. შენს ცრემლებს ვერ ვიტან, ეგრევე მუხლებში ვგრძნობ სისუსტეს. დამშვიდდი და მომიყევი, რა გაწუხებს. ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.
ქალს ესიამოვნა ბიჭის გაშლილი მკერდიდან წამოსული სითბო და მისი ძლიერი მკლავის ქვეშ პატარა, მიუსაფარი წიწილასავით შეიყუჟა.
***
ერთმანეთს დერეფანში შეხვდნენ. თემო თითქმის მირბოდა. გრძელი ნაბიჯებით მიიწევდა, დაცარიელებული დერეფნის ბოლოს მდებარე კარისკენ. დევი ძლივს დაეწია.
– ისევ თათბირზე გვეძახის? ამ შუაღამისას?
– ჯერ მხოლოდ ათი საათია – ნაჩქარევად უპასუხა თემომ, – გაცოფებულია, დამირეკა და ყვიროდა.
– ეტყობა, ძალიან მიაწვნენ, – დევიმ სათვალე შეისწორა, – საინტერესო რაღაც მაქვს შენთვის.
– მართლა? კარგია. მე კიდევ, დავალება მაქვს შენთვის.
– ოპერატიული ჯგუფი არ გყავს, მე რომ მიშვებ დავალებაზე?
– ოპერატიულ ჯგუფს ამას ვერ დავავალებ. მარიკას დაგახმარ.
– ჰმ, მე ექსპერტი ვარ, ჩემო კარგო, ძიძა კი არა, – იხუმრა დევიმ, თემო მოიღუშა:
– კარგი. უფლება გაქვს, უარი მითხრა. ეს მართლა არ არის შენი საქმე, მაგრამ, ძალიან დამეხმარები, თუ მარიკასთან ერთად ღამის კლუბებს შემოივლი და იმ ინფორმაციას მოიპოვებ, რასაც მე ან რომელიმე ოპერატიულ მუშაკს არასოდეს ეტყვიან.
– ჭორების შესაგროვებლად მიშვებ?
– ჰო. მარიკას ვუშვებ და გამყოლი ხომ სჭირდება. ეგ ჯერ კიდევ ვერ ერკვევა ნიუანსებში და შეიძლება, ყველაზე მნიშვნელოვანი „გაატაროს.”
დევიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სამმართველოს უფროსის კაბინეტის კარი პირველმა შეაღო. გიორგი ახვლედიანი გრძელი მაგიდის თავში იჯდა და ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა, უფრო სწორად, ის ვიღაც ლაპარაკობდა, ეს კი უსმენდა. გაფითრებული და სახეარეული, თან მოკლე ფრაზების ჩაკვეხებას ცდილობდა. – დიახ, მესმის... მესმის... დიახ... რა თქმა უნდა, მესმის... ყველაფერს ვაკეთებთ...
თემომ დევის გადახედა, თითქოს ეუბნებოდა, ახლა ნახე, ეს რას გვიზამსო. მართლაც, სამმართველოს უფროსმა ყურმილი გამეტებით დაახეთქა აპარატს და პირდაპირ ყვირილზე გადავიდა.
– ვერც ერთი ვერ გადამირჩებით, გესმით თქვენ? ვერც ერთი! მე თუ მომხსნეს, თან გაგიყოლებთ ყველას! დანარჩენები სად არიან? დაწანწალებენ ხომ, უსაქმურად! ან გასწავლით მუშაობას, ან ყველას გაგყრით აქედან. ფეხებზე მკიდია, ვიღაც-ვიღაცეების დამსახურებები.
თემო მიხვდა, ქარი მისკენ რომ „უბერავდა” და გაფითრდა. სიტყვა დევიმ წააშველა:
– არც ასეა საქმე, ბატონო გიორგი, ვმუშაობთ.
– მუშაობთ? რას მელაპარაკები! მერე, სად არის თქვენი მუშაობის შედეგი. იცი, ახლა ვის ველაპარაკებოდი? გეუბნები, არ გაპატიებთ, გაგიყოლებთ ყველას, ან, ჯერ თქვენ გაგიშვებთ! სასწრაფოდ მომახსენეთ საქმის მდგომარეობა. ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ, ხომ წინ?
– ვმუშაობთ, – გამოსცრა თემომ და მაგიდის ქვეშ ხელი მომუშტა.
– არა, არ მუშაობთ! აი, ვინ მუშაობს! – იფეთქა ახვლედიანმა, გამომძიებელს ცხვირწინ ორად მოკეცილი გაზეთი აუფრიალა და მაგიდაზე დაახეთქა, – ისიც ვერ მოახერხეთ, ჟურნალისტების ყურამდე არ მისულიყო ეს ამბავი – „მკვლელობა სექსუალურ ნიადაგზე?!” – როგორ მოგწონთ? იცით, ამის გამო ტყავს რომ გამაძრობენ? პაპავა, არ გაინტერესებს ხომ, რასაც გელაპარაკები! არ გაპატიებთ, გეუბნებით, არ გაპატიებთ! ერთი ეჭვმიტანილი მაინც არ გყავთ? პაპავა, დამუნჯდი?
– გვყავს. თუმცა, მისთვის ბრალის წაყენება ჯერ ნაადრევად მიმაჩნია.
– შენ რა გეჩვენება თუ მიგაჩნია, ფეხებზე მკიდია, სასწრაფოდ დღესვე გააკეთებ ამას! დილით „მთავართან” ვარ დაბარებული და პასუხი უნდა მქონდეს.
– მოკლულის საცოლე უნდა დავკითხო და მამამისიც, – თქვა თემომ.
– პაპავა, კარგად ხარ? დიპლომატიური სკანდალი მოგინდა? – სამმართველოს უფროსი წამოხტა და მთელი ხმით აყვირდა: – ორი დღე გავიდა, ორი დღე და კიდევ ვერ მიხვდით, რა ქაქშიც ვართ? ვერ მიხვდით, მე რა დღეში მაგდებენ? მაშინ, სხვანაირად დაგელაპარაკებით: ერთ საათში, ყველა, ვინც ამ საქმეზე მუშაობთ, მთელი ოპერატიული ჯგუფი, ამ კაბინეტში იყოს. თანაშემწეებიან-პოლიციელებიანად. პირადად უნდა მივცე მითითება ყველას. შენ კიდევ, პაპავა, ეს ერთი საათი იმისთვის დაგჭირდება, ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება მომიტანო და მაგიდაზე დამიდო!
თემომ კბილები გააღრჭიალა, დევი მიხვდა და მაგიდის ქვეშ გამაფრთხილებლად მიჰკრა მუხლი.
– საცოლე აუცილებლად უნდა დავკითხო – ბრაზისგან ხმაში ხრინწი გამოერია გამომძიებელს, – მივალ და დაველაპარაკები, იქნებ, ურჩევნიათ, განყოფილებაში დავიბარო.
– გაგიჟდი, პაპავა? ვინ უნდა დაიბარო, სად? ჯანდაბა! ამის დედაც! ძალიან გინდათ, ხომ, რომ სამსახური დავკარგო? შეხვედრას მე მოგიწყობ, მხოლოდ საცოლესთან, მანამდე კი აღიარებითი ჩვენება მჭირდება. შენ უკეთესად იცი, ამას როგორ გააკეთებ. მე მოვრჩი, ერთ საათში აქ გელოდები!
კაბინეტიდან გამოსულმა თემომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კედელს შუბლით მიეყრდნო.
– ერთ საათში!.. ჯობდა, ახლავე დამეწერა განცხადება წასვლაზე და ამ შტერი ნაბიჭვრისთვის სახეში მიმეგდო!
– ნუ გიჟდები, რა განცხადება, მოიცა, დამშვიდდი და მის მდგომარეობაშიც შედი. ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ჰყავთ, საწყალი. ყველა მხრიდან ჟიმავენ საცოდავს. ჰოდა, ისღა დარჩენია, იყვიროს. ეჭვმიტანილი ის ქალია?
– ჰო, მაგრამ, მეეჭვება, მკვლელი იყოს.
– ინტუიციით გრძნობ?
– ინტუიცია არაფერ შუაშია. ქალს საკუთარი რესტორანი აქვს, ნუ, მთლად საკუთარიც არა. ფორმალურად, ის მხოლოდ მენეჯერია, მაგრამ ფაქტია, რომ მომხდარი ბიზნესის აწყობაში დაეხმარა. ალბათ, ფული გადაუხადეს და საქმეც დაიხურა. ამიტომ, არაფერს იტყვის, ჩვენ კი ვერაფერს დავუპირისპირებთ.
– ჰო, მართლა, შენთვის ერთი საინტერესო ფაქტი მაქვს მკვლელობასთან დაკავშირებით. მხიარული საწამლავის შესახებ რამე გსმენია?
თემომ თავი გადააქნია.
– მართალია, შენ საიდან უნდა იცოდე. მოკლედ გეტყვი: არსებობს საწამლავი, რომელიც ადამიანში თავისი მოქმედების საწყის ეტაპზე საკმაოდ უცნაურ რეაქციებს იწვევს: ჰალუცინაციებს, ბოდვას, არაადეკვატურ ქმედებებს...
– უფრო გასაგებად მითხარი, – მოთმინება დაკარგა თემომ.
– უფრო გასაგებად ისაა, რომ, შეიძლება, ჩვენს გმირს სწორედ ეს საწამლავი ჩაუყარეს სასმელში და გარეთ ტრუსისამარა თვითონვე გამოვარდა.
– მოიცა, ეგ როგორ?
– ხომ გითხარი, არაადეკვატურ ქმედებებს იწვევს-მეთქი. ისიც შეიძლებოდა, ფანჯარაზე ასულიყო და სიმღერით დახეთქებოდა ქვაფენილს, ან, საერთოდ, ტიტველს დაეწყო ცეკვა სახურავზე. მკვლელს, შესაძლოა, არც სცოდნოდა საწამლავის „გვერდითი მოვლენების” შესახებ.
– რომ სცოდნოდა?! – თემო დაფიქრდა.
– ვერ გეტყვი, აქ უკვე მიჭირს დასკვნის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე შეიძლება, ვივარაუდოთ, როგორ აღმოჩნდა გვამი ქუჩაში.
– და, კიდევ ის, რომ მკვლელი მარტო მოქმედებდა.
დევიმ თანხმობის ნიშნად გაუღიმა.
– ხედავ? არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სად არის ის გოგო? – ექსპერტმა საათზე დაიხედა. შენი წყალობით, მხიარული ღამე მექნება. დაურეკე და უთხარი, რომ ველოდები.
– არ სჭირდება დარეკვა, მოდის.
მარიკა მოსაუბრეებს მიუახლოვდა:
– მე ყველაფერი მზად მაქვს, მაგრამ ჯერ სახლში უნდა გავიარო და ტანსაცმელი გამოვიცვალო.
– თუ გინდა, მე წაგიყვან და დაგელოდები, – შესთავაზა დევიმ და ტანზე დაიხედა, – ისე, ტანსაცმლის გამოცვლა არც მე მაწყენდა. მოდი, ასე ვქნათ: სახლში დაგტოვებ და ერთ საათში მოგაკითხავ.
მარიკამ თავი დაუქნია.
– ბატონო თემურ, კიდევ, რამე დავალება ხომ არ გაქვთ ჩემთვის?
– სიგარეტი დამიტოვე, – დევის მიმართა თემომ და მხოლოდ ამის მერე შეხედა პასუხის მომლოდინე გოგოს, – მაქვს. უნდა გაიგო, ვინ დაწერა დასკვნა გაუპატიურების შესახებ, რომელიც მერე საქმიდან გაქრა. იმ ექიმის გვარი მჭირდება, რომელსაც მომჩივანმა მიმართა და, კიდევ, უნდა გავიგოთ, ხომ არ იყო სერგი ბერაძის წარსულში კიდევ რაიმე მსგავსი ფაქტი.
ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში გამაყრუებლად გრიალებდა მუსიკა, რომლის უცნაურ რიტმზე ირწეოდნენ და ხტოდნენ სასმლითა, თუ ექსტაზით გაბრუებული სახეები. ნახევრად შიშველი გოგონები ფერადი ნათურების შუქზე გამაღიზიანებლად იკლაკნებოდნენ. სიგარეტის კვამლით დამძიმებული ჰაერი იქაურობას მიუჩვეველი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის კიდევ უფრო აუტანელი ხდებოდა.
– კიდევ რამდენი კლუბი დაგვრჩა? – ჩასძახა ყურში მარიკას დევიმ და ოფლით დანამული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა, – მეტი აღარ შემიძლია.
– ბოლოა, ყოველ შემთხვევაში, დღეისთვის. აქ მაინც უნდა გაგვიმართლოს. ისე, არც მე ვარ თქვენზე უკეთეს დღეში. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცხოა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ხმის იოგები ისეთ მდგომარეობაში მაქვს, ხვალ, ალბათ, ვერ ვილაპარაკებ.
– ნუ გეშინია, წამალს მე გასწავლი – წამოდი, რამე დავლიოთ, – დევიმ მხარზე მოხვია ხელი გოგოს და ბართან მიიყვანა, – შენ, ალბათ, მარტინი გირჩევნია.
მარიკამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ძლიერმა ბიძგმა ბარის დახლს მიახეთქა. მოულოდნელობისგან გულგახეთქილ გოგონას ექსტრავაგანტური გარეგნობის არსება ზურგიდან მოეხვია და რამდენიმე წუთი მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული.
– მარუსია, საყვარელო, არ მჯერა... გამოხვედი დღის სინათლეზე? საუკუნე გავიდა, არ მინახიხარ. შენზე ამბობენ, სწავლას გადაჰყვაო. არაჩვეულებრივად კი გამოიყურები. ვაიმე, მომენატრე, გიჟო, მომენატრე! უი, მარტო არ ხარ? ეს სიმპო-ბაბუ ვინ არის?
მარიკამ ძლივს გაითავისუფლა თავი „თავდამსხმელის” მარწუხებისგან, თვალებზე ჩამოფხატული თმა გაისწორა და უცნაურ არსებას დააკვირდა.
– არ მითხრა, რომ ვერ მიცანი, თორემ, ჩემი სუსტი გული ამას ვერ გაუძლებს და თავს ჩამოვიხრჩობ! – მკერდზე მიიდო მოვლილ-ნალოლიავები ხელის მტევანი უცნაურმა არსებამ და დევი მომაჯადოებელი ღიმილით დაასაჩუქრა.
მარიკამ რამდენიმე წუთი იფიქრა და უცებ, რამდენადაც ხმაური ამის საშუალებას აძლევდა, იყვირა:
– უი, მართლა ვერ გიცანი, ზვიად, გეფიცები!
ზვიადად წოდებულმა არსებამ ორივე ხელი აიქნია აღშფოთების ნიშნად და მარიკას სახელოზე დაქაჩა:
– ქალოო! ეგ მეორედ აღარ თქვა. რა დროს ზვიადია, საყვარელო?!
– მოიცა, ვერ გავიგე... ზვიადი ხომ ხარ, შენ ჩვენი ზვიადი?..
– ვაიმე, ქალოო!.. შენი კი ვარ, მაგრამ, ზეა დამიძახე, მე ზეა ვარ, სიხარულო. უკვე რამდენი ხანია. ეგ სახელი კი მეც დამავიწყდა და, თუ გიყვარვარ, შენც დაივიწყე, ძალიან გთხოვ. ზეა – ხომ რაღაცნაირად ჟღერს? აი, ისე, ამაღელვებლად...
მარიკამ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გასცინებოდა და დევის გახედა, რომელიც სერიოზული სახით წრუპავდა კოქტეილს, მარიკას თვალი ჩაუკრა და მიახვედრა, მგონი, სწორ გზაზე ვართო.
– კარგი, მოსულა, რატომაც არა, იყოს ზეა... მართლა ეგზოტიკურად ჟღერს, ხომ იცი?!
არსებამ აღფრთოვანებით დაახამხამა წამწამები და გაიბადრა:
– როგორ თქვი, ეგზოტიკურადო?! ჩემო ძალიან ჭკვიანოოო, ძალიან მაგაროო... ახლა შენი სიმპათიური მეგობარი გამაცანი. ვგიჟდები ჭაღარებზე. აი, ასეთი, ცოტათი ჭაღარათმიანები რომ არიან. „ტონკი” ვერცხლისფერში. გამარჯობაა! მე ზეა ვარ.
– ძალიან კარგი, ზეა... კოქტეილს დალევთ?
– ვაუ, რა საყვარელი ხარ! დავლევ. ოღონდ, ბარმენს უთხარი, ზეას საყვარელი კოქტეილი-თქო და მიხვდება. მარუსინკა, ცოტა შენზეც მელაპარაკე რა! ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. იცი, როგორ მომბეზრდა? აქ სულ ერთი და იგივე სახეებია... დაიღლები რა, კარგიც რომ არაფერი ხდება?! შენ ისევ სულ სწავლობ და სწავლობ? სიხარულო, ისე, მაგრად კი გამოიყურები, მაგრამ, ჩემი ხელი გაკლია. ეს რა გაცვია, ქალო, შარშან გადავიდა მოდიდან. მოდი, ჩემთან გადმოდი.
მარიკას გაეცინა:
– რა ძალიან შეცვლილხარ, ზვი... ბოდიში, ზეა... შენ ჩვენკენ აღარ ცხოვრობ?
– არა მამი, რაღა დროსია, – ზეა მარიკასკენ დაიხარა და ხმადაბლა ჩაულაპარაკა: – ერთ მეგობართან ერთად საბურთალოზე ვქირაობ ბინას. ეს დროებით. სანამ ვიყიდი საკუთარს, მაგრამ შენ მაინც არ თქვა, რომ ნაქირავებში ვარ. ხომ არავის ეტყვი, ჩემო გოგო?
– არა, არა. მართლა გამიხარდა შენი ნახვა.
– აბა რა, მამა, აბა რა! ქალო, მოდი, რა, დავსხდეთ, ასე რატომ ვდგავართ, კლუბში, პირველად შემოსული ქაჯებივით? თან, ჩემს მეგობარსაც გაგაცნობთ. ძალიან საყვარელი ვინმეა, ენცო ჰქვია.
– ოჰო, უცხოელია? ენცო იტალიური სახელია, არა?
ზეამ ჩაიცინა:
– რა უცხოელი!.. თუმცა, თავად ნახავ. ოღონდ, ახლა ცოტა ვერ გვყავს ხასიათზე – ახლობელი გარდაეცვალა. რას ერჩოდნენ? ქაჯებით გაივსო ქალაქი, საყვარელო, ქაჯებით!
მარიკას თავისი ექსტრავაგანტური მეგობრის ბოლო სიტყვები აღარ გაუგონია, თითქმის აღარც უსმენდა. ინტუიციამ უკარნახა, რომ ის იპოვა, რასაც ეძებდა. დევის შეუმჩნევლად მოჰკიდა მკლავზე ხელი და მოუჭირა. ამანაც მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით უპასუხა. ზეა კეკლუცი, მოზომილი ნაბიჯით გაემართა დარბაზის ჩაბნელებული კუთხისკენ და თავისი სტუმრებიც გაიყოლა.
***
თემომ საათზე დაიხედა. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ქალს წინ დაუდო. ქალი არც განძრეულა. ხელებში სახეჩარგული იჯდა და დუმდა. გამომძიებელმა ამოიოხრა და თავისი სიმშვიდის გაუკვირდა. სამსახურმა მოთმინება ასწავლა, მაგრამ დაძაბული რეჟიმი და უარყოფითი ემოციები მაინც თავისას შვრებოდა.
– რამდენ ხანს ვისხდებით ასე, ვათენებთ? ასე მოგეწონათ ჩვენთან ყოფნა? აი, მე კი ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდება. მოდი, შევთანხმდეთ: თქვენ მე დამეხმარეთ, მე კი, პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქედან გაგიშვათ.
ქალს ირონიულად ჩაეცინა:
– თქვენი პირობა... ადვოკატს როდის შემახვედრებთ?
– ეგეც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. პირდაპირ გეტყვით: ერთადერთი ეჭვმიტანილი, რომელიც ამ საქმეში გვყავს, თქვენ ხართ. ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერაფრით დაგეხმარებით. ტყუილად ჯიუტობთ. თავადაც ხვდებით, რომ უმიზეზოდ არ მოგიყვანდით. მოყევით ის, რაც თქვენსა და მოკლულს შორის რამდენიმე წლის წინ მოხდა. რა თანხა შემოგთავაზეს, რომ საჩივარი უკანვე გამოგეტანათ და საქმე დაეხურათ? მიხვდით, ხომ, რომ ყველაფერი ვიცით?
– გეშლებათ, მე არ ვიცნობდი მოკლულს.
– ნათია, მე მესმის, რომ იმ ამბის გახსენება არ გინდათ; მესმის, რომ ეს თქვენთვის, ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ პატიმრობა, მით უმეტეს, თუ არც მოგიკლავთ, კიდევ უფრო საშინელი იქნება.
– ეს ჩემი პრობლემაა.
– მართალია, თქვენი პრობლემაა, მაგრამ შემიძლია, დაგეხმაროთ, თუ თქვენც დამეხმარებით პრობლემების მოგვარებაში. ეს ძალიან სერიოზული საქმეა, ძალიან.
– მესმის, მაგრამ...
თემო ადგა, ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო.
– ნუ მაიძულებთ, რადიკალურ ზომებს მივმართო.
ქალმა მხრები აიჩეჩა:
– აშკარად ვიღაცაში გეშლებით.
– ნათია დეისაძე – მეშლება?
– იქნებ, სხვა ნათია დეისაძეც არის? შეამოწმეთ.
თემომ ხელები გაშალა:
– ხვალ, ბრალს ოფიციალურად წაგიყენებენ. ჩემზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთე.
– მაინც ვერაფერს დამიმტკიცებთ.
– დაგიმტკიცებთ და თქვენ ეს იცით. რატომ ინგრევთ ძლივს აწყობილ ცხოვრებას? მეცოდებით!
ქალს არაფერი უთქვამს, აკანკალებული ხელით სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა – აშკარად თავს ებრძოდა.
– მომისმინეთ... – დაიწყო თემურმა და აწკრიალებულ მობილურს უკმაყოფილოდ დახედა, მაგრამ სახეზე გამომეტყველება სწრაფად შეეცვალა, დერეფანში გავიდა და უპასუხა:
– რა?! შეუძლებელია! როდის? ახლავე მოვდივარ, ახლავე! დევის უკვე დაურეკეთ? რას ნიშნავს, არ იღებს? მოიცა, მე დავურეკავ!
თემომ შეიგინა. კართან მდგარ პოლიციელს რამდენიმე მითითება მისცა და გასასვლელისკენ გაქანდა. გზაში დევის ნომერი აკრიფა. სანამ მანქანამდე მივიდა, რამდენჯერმე მოუწია აბონენტის ხელახალი გამოძახება. რამდენჯერმე უხეშად შეიგინა. ბოლოს, როგორც იქნა, დევიმ ტელეფონი აიღო.
– სად ხარ? რატომ არ პასუხობ? არ გესმოდა? უნდა გესმოდეს. გაგახარო? – კიდევ ერთი გვამი! ჰო, ახლა დამირეკეს და მომახსენეს. ჯერ მეტი არაფერი ვიცი. სისულელეს ნუ მეკითხები. ახლავე უნდა წამოხვიდე, თუ მარიკაც შენთან ერთად არის, წამოიყვანე. ორ წუთში გადმოგირეკავ და ზუსტად გეტყვი, სად უნდა მოხვიდეთ. მაგის დედაც, სწორედ ეს გვაკლდა! კიდევ ერთი გვამი, ისევ ღამით და ისევ ქალაქის ხალხმრავალ უბანში!
გაგრძელება შემდეგ ნომერში