ხუთწლიანი პატიმრობა საყვარლის შვილთან ინტიმური კავშირისთვის
საყვარლის შვილის გაუპატიურებისთვის იოსებ ს-ს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. 46 წლის ბრალდებული აცხადებდა, რომ რეალურად მოძალადე არ არის და გოგონამ, რომლისთვისაც პირველი მამაკაცი არ ყოფილა, თავად გამოიწვია. თუმცა, სასამართლომ მისი ვერსია არ გაიზიარა – ჩათვალა, რომ სახეზე იყო დასრულებული დანაშაული, რის გამოც დამნაშავეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
საქმის მასალების მიხედვით, იოსებ ს-მ საყვარლის შვილის გაუპატიურება განიზრახა. ამისთვის ხელსაყრელ მომენტს – მასთან ერთად სახლში მარტო დარჩენას ელოდა და საძინებელში მაშინ შეეჭრა, როდესაც 16 წლის თამთა გ. ახალი ჩაძინებული იყო. მსხვერპლის მუდარის მიუხედავად, იოსებ ს-მ გოგონა გააუპატიურა. გაუპატიურების შემდეგ, მსხვერპლი გაქცევას შეეცადა, მაგრამ მოძალადისგან თავის დაღწევა ვერც მეორედ შეძლო. მომხდარის შემდეგ, განსასჯელმა მსხვერპლი გააფრთხილა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა, ეს „მათი საიდუმლო” უნდა ყოფილიყო. თუმცა, გამთენიისას, მას შემდეგ, რაც იოსებ ს-ს ჩაეძინა, გოგონამ სახლი დატოვა. ნათესავთან წავიდა და მოძალადე მასთან ამხილა, რომელმაც თავის მხრივ პოლიცია ჩააყენა საქმის კურსში. სამართალდამცველებმა დამნაშავე მეორე დღეს დააკავეს და უმძიმესი – არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს.
წინასწარი გამოძიების პერიოდში იოსებ ს-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად დამნაშავედ ცნო – თავი იმით იმართლა, რომ დანაშაული მთვრალმა ჩაიდინა.
განსასჯელის ჩვენებიდან: „.... ძალიან მთვრალი ვიყავი, როცა თამთასთან ოთახში შევედი, ეძინა. თუმცა, საწოლს რომ მივუახლოვდი, გაეღვიძა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ როდესაც მის საწოლზე ჩამოჯდომას ვაპირებდი, ადგომა სცადა. ამის საშუალება არ მივეცი. საცვალი გავხადე... ჩემგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ძლიერად მოვუჭირე ხელი... ვთხოვე, არავისთვის არაფერი ეთქვა და დამპირდა, რომ ასე მოიქცეოდა, მაგრამ მომატყუა. არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი...”
დაზარალებულმა გოგონამ, რომელმაც დედის საყვარელი ამხილა, პოლიცია დაარწმუნა, რომ მოძალადეს წინააღმდეგობას უწევდა, ყველანაირად ცდილობდა მისგან თავის დაღწევას, მაგრამ ვერ შეძლო.
16 წლის თამთას ჩვენებიდან: „იმ ღამეს სახლში გვიან მოვედი. დედაჩემი სოკოთი მოიწამლა, საავადმყოფოში წავიყვანეთ და ვინაიდან თავს ცუდად გრძნობდა აღარ გამოუშვეს. მეც და სოსოც (გულისხმობს იოსებ ს-ს) მასთან გვიანობამდე დავრჩით. ღამის, დაახლოებით, პირველის ნახევარი იქნებოდა დაწყებული, საავადმყოფოდან რომ წამოვედი. სოსომ წამომიყვანა, სახლში დამტოვა და თვითონ წავიდა. აღარ მეგონა იმ ღამეს თუ მოვიდოდა. მართალია, ჩვენთან ხშირად რჩებოდა, გასაღებიც ჰქონდა, მაგრამ რადგან დედაჩემი არ იყო, თანაც მე უკვე სახლში დამტოვა და თვითონ წავიდა, მეგონა, სხვაგან დარჩებოდა. ჩემს ოთახში რომ შემოვიდა, ძილღვიძილში ვიყავი. ვიფიქრე, შუქი დამრჩა ანთებული და ჩასაქრობად ჩამოვიდა-მეთქი. ასე დედაჩემი ხშირად იქცეოდა ხოლმე, მაგრამ სოსო საწოლზე ჩამომიჯდა. ღვინის სუნი ვიგრძენი, არ მესიამოვნა და ადგომა დავაპირე, მაგრამ ამის უფლება არ მომცა. მთელი ძალით ვუძალიანდებოდი, ვემუდარებოდი გავეშვი, მაგრამ მარწმუნებდა, რომ რეალურად, დედაჩემი კი არა, მე ვუყვარდი და თავისკენ მიმიზიდა... რას აკეთებ-მეთქი, ვუთხარი და შევეცადე ხელიდან დავსხლტომოდი, მაგრამ გამაუპატიურა. ყვირილს აზრი არ ჰქონდა, პირზე ხელი ჰქონდა აფარებული და ყვირილის საშუალებას არ მაძლევდა. მივხვდი, წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევდი, მთვრალი და გამხეცებული იყო. მომხდარის შემდეგ ხელიდან დავუსხლტი და ოთახიდან გაქცევა ვცადე, მაგრამ დამიჭირა და ისევ ლოგინზე დამაგდო. მეორედაც გამაუპატიურა და ამის შემდეგ დამემუქრა, რომ თუ ამას ვინმეს ვეტყოდი, საქმე ძალიან ცუდად დამთავრდებოდა... რამდენჯერმე დამემუქრა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, ვტიროდი. ის კი ჩემს საწოლზე წამოწვა და დაიძინა. თენდებოდა, სახლიდან რომ გამოვიპარე და ნათესავთან მივედი. ვუთხარი, რაც მოხდა, პოლიციას მან შეატყობინა... ადრე ასეთი რამ არასოდეს უცდია, არ ვიცი იმ დღეს რა დაემართა”.
ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა, რომ დასახელებულ პერიოდში თამთას სქესობრივი კავშირი მართლა ჰქონდა, სხეულზე აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი, სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. პარალელურად, ექსპერტიზა ჩაუტარდა დანაშაულში მხილებულ განსასჯელსაც, რითაც დადასტურდა, რომ სქესობრივი აქტი მასაც ნამდვილად ჰქონდა.
რა მოხდა რეალურად? ბევრ კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია, რადგან განსასჯელმა, რომელმაც პირველ ეტაპზე დანაშაული მთლიანად აღიარა, მოგვიანებით, ჩვენება რადიკალურად შეცვალა და თავი უდანაშაულოდ ცნო. ირწმუნებოდა, რომ მისი სიმთვრალე არაფერ შუაშია და გოგონას გამომწვევი საქციელის გამო, თავი ვეღარ გააკონტროლა...
იოსებ ს-ს სასამართლოზე მიცემული ჩვენებიდან: „19 წლის ვიყავი ცოლი რომ მოვიყვანე. მასთან ერთი შვილი შემეძინა, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენს ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა. ცოლმა თავად მიმატოვა და ბავშვიც წაიყვანა. რაღაც პერიოდის შემდეგ, მათ გარეშე გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლის ღალატში ეჭვი არ მეპარებოდა, მასთან შერიგება მაინც გადავწყვიტე. ყოფილი ცოლი, რომელსაც მშობლების სახლში ხშირად ვაკითხავდი, თითქმის არასდროს მხვდებოდა. ცუდი არაფერი მიფიქრია. ბოლოს, როდესაც ვთხოვე, დაბრუნებულიყო, კატეგორიულ უარზე იყო, თუმცა, მოულოდნელად, თვითონვე დამირეკა – შევრიგდეთო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ამის მიზეზი 6 თვეში გავიგე – სხვა მამაკაცისგან იყო ფეხმძიმედ, მაგრამ ამ ამბავსაც შევეგუე. არავისთვის მითქვამს, რომ გოგონა, რომელიც ჩემს ცოლს შეეძინა ჩემი არ იყო, ის საკუთარ შვილად გავასაღე. ბავშვს გვარიც მივეცი. რაღაც პერიოდი ასე ვცხოვრობდით, სანამ ჩემი ცოლი ისე არ გათავხედდა, რომ საყვარლების მოყვანა სახლში დაიწყო. ყოველგვარი აყალმაყალის გარეშე, ბინა დავუტოვე და საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან გადავედი. თუმცა, არც იქ იყო ნორმალური სიტუაცია. გარდა იმისა, რომ ვიწროდ ვცხოვრობდით, ჩემს ძმასა და მის ცოლსაც არანორმალური ურთიერთობა ჰქონდათ.
სწორედ ამ პერიოდში შევხვდი ინგა გ-ს. ის შემთხვევით, გაჩერებაზე გავიცანი. გარდაბნიდან თბილისში წამოვიყვანე. მას შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით. ბოლოს კი სახლში წამიყვანა. ინგა ჩემზე 6 წლით უფროსი იყო. როგორც მითხრა, ქმართან გაცილებული გახლდათ და ორი შვილი – ბიჭი და გოგონა სხვადასხვა კაცისგან ჰყავდა. ბიჭს დედა უზრდიდა სოფელში, ხოლო უფროსი გოგონა – მის ყოფილ ქმართან, რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში იზრდებოდა. ფოტოები რომ დავათვალიერე, თამთა მაშინვე მომეწონა... ინგასთან დაახლოებით წელიწად-ნახევარი მქონდა ურთიერთობა. მასთან სისტემატურად ვრჩებოდი, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდი.
ერთ დღეს მითხრა, რომ მისი ყოფილი ქმარი რუსეთში ნარკოტიკებისთვის დააკავეს. ამის გამო, მისი გოგონა საქართველოში ჩამოდიოდა. თამთას ორივე ერთად დავხვდით აეროპორტში. ქართულად ლაპარაკი უჭირდა. ასაკთან შედარებით გაცილებით დიდს ჰგავდა. ყურადღებას იმითაც იქცევდა, რომ გამომწვევად იცვამდა. მოურიდებელი გოგო იყო. შიშველი ისე გაივლიდა, ჩემი არ ერიდებოდა. მართალია, მე მის გამო დამაპატიმრეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მსხვერპლია.
იმ საღამოს რესტორანში სამივე ერთად ვიყავით. მოგვიანებით, ინგამ თავი ძალიან ცუდად იგრძნო. მივხვდით, რომ მოიწამლა და საავადმყოფოში წავიყვანეთ. თამთა ჯერ კიდევ რესტორანში იქცეოდა ცუდად, ეს დედამისსაც არ გამოჰპარვია და შენიშვნა მისცა. საავადმყოფოდან რომ წამოვედით, გზიდან მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, ღამეს გავათევ-მეთქი. ძალიან გაუხარდა, რადგან ბიჭები ქეიფობდნენ. თამთამ ეს რომ გაიგო, მთხოვდა, წამეყვანა – სახლში მარტო ყოფნა მეშინიაო. მისი წაყვანა არ მინდოდა. ამიტომ, ვუთხარი რომ წავიდოდი, მაგრამ გვიან ღამით დავბრუნდებოდი.
მის ოთახში რომ შევედი, ნახევრად შიშველი საწოლზე წამოჯდა და მისაყვედურა, რატომ დააგვიანეო... თავი ვეღარ შევიკავე... წინააღმდეგობა, ფაქტობრივად, არ გაუწევია, არც უყვირია. ამის მიუხედავად, ძალიან განვიცდი, გეფიცებით, მან გამომიწვია და მეც მთვრალმა თავი ვეღარ შევიკავე. ის ქალიშვილი არ ყოფილა...” – აცხადებდა განსასჯელი.
ნათესავის ჩვენებიდან: „დილის 7-8 საათი იქნებოდა, თამთა რომ მოვიდა. ტიროდა, დედაჩემს რა ვუთხრაო. ვეხვეწებოდი ეთქვა, რა შეემთხვა, მაგრამ ასეთ საშინელებას როგორ წარმოვიდგენდი. მეგონა, სახლიდან დედამისმა გამოაგდო. სილურჯეები ემჩნეოდა. ბოლოს მითხრა, რომ დედამისის საყვარელმა გააუპატიურა. პოლიციას ყველაფერი დაწვრილებით უამბო... ყველაზე დიდი დამნაშავე დედამისია...”
რაც შეეხება დაზარალებულის დედას, ის ყოფილი საყვარლის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა. მისი ჩვენების თანახმად, მართალია, იოსებ ს-სთან წელიწადზე მეტი ხნის ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მის მიმართ გულგრილი გახდა. ქალი ხვდებოდა, რომ იოსებ ს. მის შვილს სხვანაირად უყურებდა, მაგრამ, როგორც განაცხადა, ვერ წარმოიდგენდა, ასეთ რამეს თუ გაბედავდა.
მოსამართლის კითხვაზე, რატომ არ აუკრძალა საყვარელს მასთან მისვლა და საერთოდ, რატომ არ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა – განაცხადა, რომ იოსებ ს-სთან დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა და მის გარეშე გაუჭირდებოდა...
„ვნანობ მომხდარს. თამთას გამომწვევი ქცევის მიუხედავად, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი”, – განაცხადა მოძალადემ საბოლოო სიტყვაში. პროკურატურამ მისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. რაც შეეხება სასამართლოს, დადასტურებულად მიიჩნია, რომ გაუპატიურება წინასწარი განზრახვით მოხდა, თუმცა, პროკურორის მოთხოვნილ 6 წელს, ერთი წელი, ჩამოუკლო და იოსებ ს. 5 წლით ციხეში გაამწესა...